RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » თარგმანები

მხურვალე მასპინძლობა
ყველაფერი ხურს, ვარვარებს და ხმაურობს ელიფსის ფორმის ამ გიგანტურ, ჯოჯოხეთურ ტაფაში, რომელსაც მოცისფერო, გამჭვირვალე ოხშივარი ასდის. მწვანე ბალახით მოფენილ, ზღვასავით მღელვარე მოედანზე თეთრ და ლურჯ სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები დაქრიან. მათ გადაადგილებას მოედნის ერთი ნახევრიდან მეორეზე ხან ჩასაფრებული და მომლოდინე სიჩუმე, ხან სულისშემძვრელი ღრიალი მოსდევს. ტაფის შიდა გვერდითი კედლები კიდემდე გაჭვარტლულა სამოციათასი მწეველი ქართველის შავი პიჯაკებით, შავი თმებითა და შავი თვალებით. მათ ხელებსა და ფეხებში ჩემი უსუსური ძვლები უგზოუკვლოდაა ჩაკარგული. ყველაფერი ლღვება პაპანაქება სიცხეში: ატმისფერი ნაყინი ჩემს მარჯვენა ხელში, ფოტოაპარატი – მარცხენაში, შავი პერანგი ჩემს გვერდით მჯდომ ნოდარის ტანზე, ბეტონის ბილიკები, ჰაერი. გავარვარებულ სკამებზე სხებიან მხოლიდ მაშინ, როცა თბილისის თავდამსხმელები მოსკოველების კარიდან მოედნის საკუთარ ნახევარზე ბრუნდებიან.
_ ვაშააა! ვა-შააა! (ეს ქართულად "ურას” ნიშნავს). გაისმის სტატიონზე. სტადიონი კვლავ ფეზე დგას და კვლავ გრიალებს. თბილისელები უტევენ. წარუმატებლობის დროს ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას, ხარხარებენ, როცა თბილისელები მოწინააღმედეს მოატყუებენ. ყურები ხმაურისგან მისკდება. ნოდარი ცოტა არ იყოს გულისწყრომით მიცქერის, როგორ ვლოკავ აუღელვებლად ჩემს ნაყინს და გარეგნულად არავითარ ემოციას არ გამოვხატავ მაშინ, როცა უეცრად ჩამოვარდნილ სიჩუმეს სულისშემძვრელი შეყვირება არღვევს.

უცბად კვლავ გაისმის გამყრუებელი "ვაშააა!”, ვაშააა! სტატიონის თავზე თითქოს მეხი გავარდაო. გეგონებოდა, რაღაც გიგანტური ზამბარა გაწყდა ან კოსმოსური ხომალდის ძრავა ჩაირთო, მთელი სტადიონი ფეხზე წამოხტა.
_გოოოოოლ! გოოოოლ! გოოოოლ! ღრიალებენ და ხელებს იქნევენ – ვა-შააა!
კაცები გულში იკრავენ ერთმანეთს, ჩემი ნაყინის ვაფლი ვიღაცის შავ პერანგზე ეცემა. ცაში მიფრინავენ კეპები და ფეტრის შლაპები, კიჯაკები და ჩემი ფოტოაპარატიც, რაწამს ამ მომენტის გადაღებას ვცდილობ.
_ ვაშაააა!
ეშმაკმა დალახვროს! მაგარ შეხვედრას მიმზადებს თბილისი! არა და ჯერ სამი საათიც არაა რაც საქართველოში ჩამოვედი, სტუმართმოყვარეობით საქვეყნოდ განთქმულ ქვეყანაში, რომელზეც ვოცნებობ მას შემდეგ, რაც ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს” ვთარგმნე გერმანულად...

ნოდარი საოცრად გულთბილად შემთხვდა, მაშინათვე დამაპურა და მატჩზე გამაქანა. ბილეთები წინასწარ ჰქონდა აღებული. მაგრამ ამ წუთას არც კი ვახსოვარ, საერთოდ არ ზრუნავს ჩემზე, თავიდან ფეხებამდეა ჩართული ამ საერთო მღელვარებაში და ვერც ხედავს როგორ გამოვიტაცე მუხლებისა და ჩანთების ლაბირინთიდან ჩემი ფოტოაპარატი.

მგონი არც არავინ მითვალთვალებს, მაგრამ როგორც კი ტრიბუნებზე გრიალი წყდება და მე როგორღაც ვახერხებ ფეხზე წამოგომას, შორიახლოს თავშეკავებული ხითხითი გაისმის. თავს უხერხულად ვგრძნობ და ცოტა არ იყოს მწყინს კიდეც, ვტრიალდები და ვხედავ, რომ აშკარად დამცინავი დიდი, შავი თვალები მიყურებენ. ჩემგან მარჯვნიც სამი-ოთხი რიგით ზემოთ ზის ახალგაზრდა ქალი, ვითარცა ცეცხლის შავ ფონზე. მას ალივით წითელი კაბა აცვია, ხორბლისფერ სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს, აშკარად მაკვირდება.
_ ღმერთო ჩემო! ეს რა მოსვლია თქვენს აპარატს! – უცებ შეჰყვირა ნოდარმა.
აღფრთოვანების ტალღამ ჩემსკენ გადმოინაცვლა. ხელიდან ფოტოაპარატი ფგამომართცა, შეატრიალ-შემოატრიალა და საკუთარი პერანგის სახელოთი მის გაწნებდას შეუდგა.
_ ძალიან გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ აპარატი ძალით გამოგგლიჯეს ხელიდან, ეს შემთხვევით მოხდა. მგონი, ჩემი თანამემამუეების სახელით ბიდიში უნდა მოგიხადოთ. საშინელი ხალხი ვართ ქართველები, აუტანელი! ერთ სიტყვასაც ვერ წარმოვთქვამთ ისე, რომ ზედ ხელი, ხელს რას ვჩივი, ფეხი და მთელი ტანი არ მივაყოლოთ. ჟესტების გარეშე ლაპარაკი არ შეგვიძლია, განსაკუთრებით თუ რაიმე დღესასწაულია _ ქორწილი, ნათლობა... ჰოდა, ფეხბურთზე რა ხდება, ამას თავადაც ხედავთ. შემთხვევით, უნებლიეთ შეიძლება, მაგრამ, განგებ? _ გამორიცხულია!

ნოდარი გულამაჩუყებლად ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მაგრამ სახეზე როცა დამაკვირდა, გაოცებით წარმოთქვა:
_ სახე ისე გიბრწყინავთ, გეგონება, ვიღაცამ საჩუქარი მოგართვათო!
_ იქნებ ასეც არის... _ ვუპასუხე მე და ორივეს გაგვეცინა.
_ იცით, არის ასეთი ქართული ანდაზა: "თუ ერთი იცინის _ თავს დასცინის, თუ ორი _ ერთმანეთს დასცინიან, მაგრამ თუ სამი იცინის, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა სასაცილოა”. ხედავთ, ახლა ჩვენ ორნი ვიცინით! _ თქვა ნოდარმა და სიცილისგან ჩაბჟირდა, თან ხელს ბარძაყზე იხათქუნებდა, _ ორნი ვიცინით!
აქ დამთავრდა ჩემი გაღიზიანებაც. ნოდარი ვერც ამჩნევს, რომ ორი კი არა, სამნი ვიცინით. ანდა, ეგებ მაინც...

ნოდარ დუმბაძე საქართველოს მწერალთა საშუალო თაობის წარმომადგენელია, და მათ შორის _ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული. თავისი რომანებითა და პიესებით მან არა მარტო საქართველოს, არამედ შორს კავკასიის მთებს იქით ყველაზე ავტორიტეტულ მკითხველთა აღიარება მოიპოვა. თან ისე კი არა, როგორც ლიტერატურის ზოგიერთი ეკვილიბრისტი, რომელიც მკითხველის გაოგნებას სულისშემძვრელი სიუჟეტებით ცდილობს, შემოქმედებით მწვერვალებისკენ მიილტვის და იმ სიმაღლეებიდან ადამიანებს ან ბუნდოვნად ან საერთოდ ვერ ხედავენ. დუმბაძეწ სხვა ცომისგან არის მოზელლილი. ეს არის დიდი, თბილი გულის მწერალი, რომელსაც სხვისი ტკივილი ესმის და გულწრფელად განიცდის. მე ეს მისი წიგნის თარგმნის დროს ვიგრძენი. ეს არის საოცრად დახვეწილი ამბავი ბავშვური სიყვარულისა: პატარა, გამბედავი გოგონა ხატია მზისა და თავისი მეგობარი ვაჟის სოსოიას გარდა ვერაფერს ხედავს. სოსო საიმედოდ უდგას ხატიას გვერში და იმედით აღავსებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად თვალი აეხილება. ასთი პოეტურობით, ამავე დროს ყოველგვარი სანტიმენტალობის გარეშე და ცოცხალი იუმორით წერა შეუძლია მხოლოდ ისეთ მწერალს, რომელიც ხალხის წიაღიდანაა არმოცენებული, რომელიც ზედმიწევნით იქნობს ადამიანს და ცხოვრობს მის საუკეთესო ნაწილთან.

ამ ფიქრებით ვარ გატაცებული, როცა ფეხბურთის იმ დაუვიწყარი მატჩის შემდეგ სტადიონს ვტოვებთ. თბილისის "დინამომ” ის თამაში მოიგო. ჩაფსკვნილი აღნაგობის ნოდარ დუმბაძე წინ მიმიძღვის. მეც და მასაც იქიდან და აქედან გვეჯახებიან, მხარს გვკრავენ, მაგრამ ეს ნოდარს სულაც არ აწუხებს. პირიქით, მგონი, სწორედ ამ მღელვარე მასის შუაგულში გრძნობს იგი თავს ყველაზე კარგად: ესალმება ნაცნობ-მეგობრებს, თავებს ზემოთ ვიღაცეებს მხიარულად ეხმიანება, ხელს ართმევს გამვლელებს და გულშიც იკრავს ხოლმე. განა ასეთი წარმომედგინა საწერ მაგიდასთან? ძნელი სათქმელია.

ხატიასა და სოსოზე მისი წიგნი რომ არ მქონოდა წაკითხული ამ სიცოხლით სავსე მამაკაცის ნაწარმოებებში ალბათ ყველა სხვა ღირსების ძიებას დავიწყებდი, გარდა იმ უნაზესი პოეზიისა, რომელიც მის ნაწარმოებში ვიპოვნე. ალბათ დავუწყებდი იმ გრძნობათა ძიებას, რომელიც ნაწარმოების გმირებს გამრუდებული ცხოვრების წინაშე უშიშარს ხდის, მათი რაინდული თავდანწირვისა და გამბედაობის გრძნობათა სათავეებს.

მაგრამ, როგორც იტყვიან, გარეგნობა მატყუარაა, ხშირად თანამემამულეთა გარეგნობაც კი. როგორც მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელმა მე კარგად ვიცი: თუ გინდა რომ უცხოელზე წარმოდგენა შეიქმნა _ შეფასების დროს ნუ აჩქარდები. თუ ადამიანი დაიბადა "სხვა ცის ქვეშ”, სხვა სამყაროში, სხვა ტრადიციებზეა გაზრდილი, თუ განსხვავებულ ისტორიულ და საზოგადოებრივ პირობებში ცხოვრებს და მუშაობს, როგორ უნდა განვსაჯო იგი ან გავუგო მას თუ არაფერი ვიცი მისი ხალხის გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი დღის შესახებ? თითქმის 30 წელია, რაც ვთარგმნი ძველ და ახალ რუსულ და უკრაინულ პროზას და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობ ამ ლიტერატურის შემქმნელ ხალხთან, ხალხთან რომელთა გონმა, გრძნობებმა და მისწრაფებებმა ამ ლიტერატურას სული შთაბერა, მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიო. განა ეს დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა არ მამოძრავებს, როცა სამჭოთა კავშირში ვმოგზაურობ? ნევაზე ლენინგრადში, ოდესის უშველებელ პორტში, ვოლგაზე ყაზანში, დნეპრზე კიევში, ხარკოვში, პოლტავაში, სოფელ კანდიბინოში და უთვალაც სხვა სოფლებში, უილიანოვსკში, ნოვოსიბირსკში., ლიცკში და კვლავ და კვლავ – მოსკოვში? უდავოდ _ ცნობისმოყვარეობა ადამიანების, ხალხების მიმართ, მათი კულტურის, ადათ-ჩვევების მიმართ, რუსი, უკრაინელი, თათარი...

და ახლა საქართველო მაინტერესებს. და ბრალი ამაში ნოდარ დუმბაძეს მიუძღვის, მიუხედავად იმისა, რომ ვიდრე მისი ნაწარმოების თარგმნას შევუდგებოდი, ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის საკმაოდ დიდ მასალას გავეცანი. ისე გამიტაცა საქართველომ, ისეთი აღმოჩენები გავაკეთე ჩემთვის ამ ლიტერატურის გაცნობის პროცესში, რომ კითხვას ვეღარ მოვწყდი, სულ უფრო მეტის და მეტის გაგება მომინდა საქართველოზე და გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი, წყნარად დამეთვალიერებინა ეს ქვეყანა. წყნარად...

მაგრამ, როგორც ეს შემდგომ აღმოვაჩინე საქართველო და სიმშვიდე ეს იგივეა, რაც ცეცხლი და წყალი. გონზე ვერ მოვდივარ. სტადიონიდან გამოვედით თუ არა, ნოდარმა ხელი აწია, ხმამაღლა დაიძახა "ხე, ამიგო ნიკოლო” და ასე გააჩერა ტაქსი. გზად ხან იქით გაიხედავდა, ხან აქეთ, რაც გზაზე გვხვდებოდა, ყველაფრის ჩვენებას ცდილობდა.

_ ხედავთ გარშემო მთების ჯაჭვს, თბილისი ერთ დიდ ტაფობშია მოქცეული. ამიტომ აქ იშვიათად ცივა და თითქმის არა თოვს. თბილისი თბილს ნიშნავს. ჩვენი დედაქალაქის სახელი მისი თბილი გოგირდის წლებიდან მომდინარეობს... ხედავთ მთაზე ნანგრევებს? _ ეს ძველი ციხესიმაგრე ნარიყალაა. უდავოდ გეცოდინებათ რამდენი წლისაა თბილისი!

_ათასხუთასი, _ სხაპასხუპით ვუპასუხე მე. სწორედ ახლახან მქონდა ეს ამოკითხული.
_ დიახ, მეხუთე საუკუნეში ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა დააარსა და მას მერე თბილისი ორმოცჯერ განადგურდა და აღორძინდა. _ ამას რომ ამბობდა, ნოდარი მრავალმნიშვნელოვნად წევდა წარბებს _ სიციცხლის რა ჟინია არა? ტროასგან, ბაბილონისგან, მილეთისა და კართაგენისგან მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა!

მტკვრის სანაპიროს მივუყვებით. ნოდარი ძველ ეკლესიაზე მიმითითებს, რომელიც მტკვრის მეორე ნაპირზე კლდეზეა შემოსკუპული. ამ ტაძარს მეტეხი ქვია. მის უკან ერთ დროს თამარ დედოფლის სასახლე მდებარეობდა, დედოფლის, რომლის სახელიც საქართველოს აყვავების ხანასთან და დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანთანაა” დაკავშირებული.

უეცრად ნოდარმა თხრობა შეწყვიტა
_უფ, მე ჯერ ჩვენი მძღოლიც კი არ გაგაცანით. იგიც თბილისის ერთგვარი ღირსშესანიშნაობაა _ ნიკოლოზ გიორგაძე.
მძღოლმა თავი შემოატრიალა. უბრალო, მზით გარუჯული სახე ჰქონდა თეთრი წარბებითა და ულვაშით.
_ მე ამიგო ნიკოლოს მეძახიან, _ ჩაიცინა მან და ახალგაზრდა, გაბრწყინებული თვალები შემომანათა.
_ საიდან გაქვთ იტალიური სახელი?
_ ოჰ, ეს გრძელი ამბავია, _ მორიდებით მპასუხობს იგი და ჩუმდება. ამ ამბავს ნოდარისგან ვიგებ: ომის დროს, მძიმედ დაჭრილი გიორგაძე ტყვედ ჩავარდნილა და გერმანელების ერთ-ერთ კონცენტრაციულ ბანაკში მოხვედრილა, გამოჯანსაღების შემდეგ ბანაკიდან გაქცეულა და იტალიელ პარტიზნებს შეერთებია ტურინის გარეუბნებში. ერთ-ერთი თავდასხმის დროს ტყვედ გერმანელი გენერალი აუყვანია თავისი იტალიური ავტომობილი "ლანციათი”. ამ ავტომობილით შემდეგ იგი თავის მეთაურს, იტალიის მომავალ სენატორს, ჯოვანი ბურლანდოს ატარებდა და რაზმთან ერთად ბრძოლით იხევდა უკან ვიდრე ალპები არ გადალახეს და ფრანგ "მაკიებს” არ შეუერთდნენ. ყოველივე ამის შემდეგ გიორგაძე კვლავ მიუჯდა ტაქსის საჭეს და შეუყვა თბილისის ქუჩებს აღმა-დაღმა. ასეთი იყო ამიგო ნიკოლო, ერთი ქართველი ტაქსის მძღოლი, რომელიც თავისი მანქანით დღეში ათასობით კილომეტრს აკეთებდა, საბჭოთა მოქალაქე, ნიკოლოზ გიორგაძე, რომელსაც ომის შემდეგ ლუიჯი ლონგომ საკუთარი ხელით ჩამოჰკიდა მკერდზე მედალი ქალაქი ტურინასათვის და ჰარიბალდის ვარსკვლავი.

მთის ქვეშ განლაგებულ ახალმშენებლობათა დიდი კვარტალი გავიარეთ და მანქანიდან გადმოვედით. მე მაგრად ჩამოვართვი ხელი ამ საოცრად შთამბეჭდავ, კეთილ ადამიანს და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმა მოვინდომე, მაგრამ სათანადო სიტყვების მოძებნა გამიჭირდა, არ მინდოდა გაცვეთილი და მაღალფარდოვანი ფრაზებით დავმშვიდობებოდი. გიორგაძე მიმიხვდა და ძალზე ტაქტიანად, ისე რომ, ვითომც არაფერიაო, ბედნიერი დროსტარება მისურვა საქართველოში: "უპირველეს ყოვლისა, გისურვებთ ბევრ მეგობარს, თუნდაც ერთ კარგ მეგობარს, რა საჭიროა დამშვიდობება, ადამიანები ხომ მუდამ თავიდან ვხვდებით ერთმანეთს, ნახვამდის” – თქვა მან.

ვიდრე აზრზე მოვიდოდი, ნოდარმა ჩემი თავი იქვე მდგომ წარმოსადეგ კაცებს წარუდგინა. მივხვდი, რომ ეს ხალხი ჩვენ გველოდებოდა. ნოდარმა მათ ჩემი თავი გადააბარა, მერე ამიგო ნოკოლოს ტაქსში ჩაუხტა და "ნახვამდისო” გამოგვძახა.

კატეგორია: თარგმანები | დაამატა: მანანა (2011-02-09)
ნანახია: 1941 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]