RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

შევედ შენ კიდობნად!
ზენობნელებმა "მე ვხედავ მზეს” რომ წაიკითხეს, "ი ბრმაი ციცე ვინ იყოო” იკითხეს, დანარჩენი პერსონაჟების პროტოტიპი მაშინათვე ამოიცნეს. ასე კითხულობდნენ უნივერსიტეტელი ძმაკაცებიც "მზიანი ღამის” წაკითხვის შემდეგ, ის ვინ არის და ის ვინო. ასე ვკითხყლობდი მეც "თეთრი ბაირაღების” ხელნაწერის კითხვის დროს: შოშია ვინ არის? ჭიჭიკო გოგოლი რეალური ტიპია, თუ გამოგონილი? ლიმონას პროტოტიპი მართლა ილო დევდარიანია, თუ ვინმე სხვა? ისიც მპასუხობდა და მოთმინებით ელოდა, როდის დავსვამდი იმ მთავარ კითხვას, რისთვისაც, ჩემი აზრით, დაიწერა "თეთრი ბაირაღები”. და ეს დრო დადგა ზუსტად მაშინ, როცა რომანის ბოლო თავს მივადექი: 

"ნაკაშიძე სვეშჩამი, ნაკაშიძე სვეშჩამი, _ დაირხა ექო ცარიელ საკანში. საკანი ვარდისფერი ბურუსით აივსო._ გათავდა წყლით რღუნა ქვეყანასა ზედა, _ ჩამესმა ყურში ნაცნობი მოხუცის ხავერდოვანი, მოალერსე და თბილი ხმა. _ გამოვედ კიდობნისაგან და აღუშენე საკურთხეველი უფალსა, _ აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და ეუფლეთ მას! ".
"თეთრი ბაირაღები” ნოეს გამოცხადებით იწყება და მთავრდება. საკანში შესვლისას ზაზა ნაკაშიძეს ვიღაცამ მხარზე ხელი შეახო და უთხრა: "_ შევედ შენ კიდობნად”. გაიღო ბნელი და შავი სახლის დახშული რკინის კარი და ზაზა შევიდა კიდობნად. და მერე შვიდი თვე, ვითარცა წარღვნის ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ატივტივა კიდობანმა ზაზას უცოდველი სული ცოდვათა მორევში. საკანში ათი პატიმარი დახვდა. ათი სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის გასასამართლებელი პატიმარი. კიდობნის კარი კი მხოლოდ მაშინ გაიღო, როცა ციხეში კარანტინი დამთავრდა და საკანში ათი მცნების დამრღვევი არცერთი სულიერი აღარ იყო. შემდეგ ისევ გაიღო ბნელი და შავი სახლის დახშული რკინის კარი და ვიდრე ზაზა ნაკაშიძე ცარიელი "კამერიდან” გამოვიდოდა, იქ ახალი პატიმარი შეიყვანეს.

ადამიანი დამნაშავედ არ იბადება. იბადება დანაშაული ადამიანის სულში, ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს არასრულწლოვანმაც და ზრდასრულმაც, პატიოსნად განვლილი ცხოვრების უკანასკნელ წამშიც კი, თუ სასოწარვვეთის ჟამს სულისა და გონის გადასარჩენად ნოე არ მოევლინა კიდობნით.

გულწრფელად აღმაფრთოვანებს ყველა იმ ადამიანის ძალისხმევა, რომელიც ცდილობს, საკუთარი ზურგით ზიდოს ნოეს ტვირთი და ადამიანთა სულებში დანაშაულს ჩაბუდებამდე შეერკინოს. ამ ტვირთის ზიდვა კი ერთობ ძნელი და საფრთხილო საქმეა. მეტად საფრთხილო საქმე.

 მახსოვს, დეპუტატობის დროს მამაჩემმა ერთ ახალგაზრდა პატიმარ გოგონას უშუამდგომლა და იგი ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვეს. ერთი წლის შემდეგ ეს გოგონა გვესტუმრა უზომოდ ბედნიერი, ახალგაზრდა, ლამაზი მეუღლითა და ჩვილი ბავშვით. კოცნიდა მამაჩენს და ეუბნებოდა, თქვენმა ნდობამ ახალი ცხოვრება დამაწყებინაო. მაგრამ იყო მეორე შემთხვევაც _ სრულიად საპირისპირო. ერთი ყმაწვილი მთელი წელი ციხიდან იწერებოდა უბედურება შეემთხვა, გაუგებრობაში მოვყევი და მკვლელობას მაბრალებენო. ძალიან გაუძნელდა მამაჩემს დახმარება, მაგრამ როგორც იქნა გაჭრა მისმა ავტორიტეტმა და ის ყმაწვილიც ვადაზე ადრე გამოუშვეს ციხიდან. სამი თვის შემდეგ მისი და მოვიდა და მამაჩემს ტირილით ძმის წერილი გადასცა. თურმე იმას სიმთვრალეში ვიღაც მოუკლავს, შემდეგ გონს როცა მოსულა თავად ჩაბარებია მილიციას. ჩემგან ეტყობა ადამიანი არ დადგება და თუ შეგიძლიათ მაპატიეთ, ასეთ შეცდომაში რომ შეგიყვანეთო, წერდა იგი წერილში. მამაჩემი იმ ღამეს დარდს კინაღამ გადაჰყვა. 

ერთმა პატიმარმა მითხრა, შენ არც კი იცი, რა კაცის შვილი ხარ, მამაშენის "თეთრი ბაირაღები” კამერიდან კამერაში გადადისო. ბევრი ვიცინე მაშინ. ვერ გეტყვით, რამდენად დადებით ზეგავლენას ახდენს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება კრიმინალურ სამყაროზე (ამაზე სხვადასხვა დროს არაერთგვარი მოსაზრებები გამოითქვა), მაგრამ ერთი უეჭველია: ბედნიერია ის მწერალი, ვისი სიტყვაც ბნელი და შავი სახლის დახშულ რკინის კარს მიღმა ადამიანს გაყინულ სულსა და სხეულს გაუთბობს.

თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გისურვებთ, მრავალი ასეთი სიტყვა გეთქვათ იმ ადამიანებისათვის, ვისი სულების გადარჩენაც ჯერ კიდევ არ არის გვიან, ვინც გზის გასაყარზეა, იმედი დაუკარგავს და ისღა დარჩენია, თავის წილ წარღვნას დაელოდოს. გაუღეთ მათ კარი და უთხარით _ შევედ შენ კიდობნად!

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-02-08)
ნანახია: 1997 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 maiko jmukhadze  
0 Spam
zalian didi bednierebaa eseti mwerali rom gvyavs qartvel ers da albat udidesi bednierebaa roca is sheni mama!!!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]