RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

რაა უფრო გულდამწყვეტი?!
მე და ინდოელი მწერალი ამარენდრა ჩაკრავორტი, რომელიც ამ არეულ დროს ჩვენთან მხოლოდ რუსთაველის საქართველოს ნახვის ნატვრამ ჩამოიყვანა, ოქტომბრის ერთ მზიან დღეს ფილარმონიის წინ, ვერის პარკთან, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდქით და მერაბ ბერძენიშვილის “მუზის” მშვენიერებით ვტკბებოდით. შემდეგ ჩვენი ყურადღება ერთმა ჭაღარა, სუფთად ჩაცმულმა, სანდომიანი გარეგნობის, შუახნის ქალბატონმა მიიპყრო: იგი ბოლთას სცემდა, იქით-აქეთ ნერვიულად იყურებოდა და თავისთვის ბუტბუტებდა. ვიფიქრე, რაღაც უჭირს, ალბათ ეჩქარება და “მარშრუტკა” იგვიანებსმეთქი. ცოტა ხანში ქალმა ხმას აუწია და ნაბიჯსაც აუჩქარა. მისი მოუსვენრობა გადმომედო, შევწუხდი, წავიწიე მისკენ, იქნებ გზა აერია და დავეხმარომეთქი, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდი და თვალი გავუსწორე, მივხვდი, რომ ვეღარაფრით დავეხმარებოდი – მას უკვე აღარსად ეჩქარებოდა, გზა და ყველაფერი ერთმანეთში ჰქონდა არეული, მისი მღვრიე, ცისფერი თვალები სულ სხვა სივრცეებს ჭვრეტდნენ და აღარაფერი ჰქონდა საერთი იმასთან, რაც გარშემო ხდებოდა. სტუმარს მივუბრუნდი და საქმეზე დავუწყე საუბარი, თითქოს სხვა რამ საინტერესო არც არაფერი დამენახოს.
_ რაო, რას ბუტბუტებს ის ქალი? – მკითხა უცებ ჩაკრავორტიმ.
_ არაფერს, ავად არის, უბედური.
_ მაინც რას ამბობს, გიჟს ნამდვილად არა გავს?
_ გიჟი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი არაფერი უკლია. ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ თბილისის ქუჩებში სუფთა ძველმანებში “გამოწკეპილი”, სანდომიანი გარეგნობის, ასაკოვანი ინტელიგენტები. მოდიან და ასე, ხმამაღლა ელაპარაკებიან საკუთარ თავს. ეს ის ხალხია, ვინც დროზე ვერ “გარდაიქმნა” და თანამედროვე ცხოვრების ფერხულში დროზე ვერ ჩაება. ჩვენმა სახელმწიფომ დემოკრატიიის შენება, რატომღაც, მის ფუნდამენტში ასეთი ინტელიგენტების ჩაშენებით დაიწყო. შემდეგ, საშენმასალადაც რომ აღარ მოუნდა, ადგა და, საერთოდ დაივიწყა მათი არსებობა. ამათი მდინარე კარგა ხანია დაშრა, ახალ კალაპოტში ჩასახტომად კი ფხა და მარიფათი არ ყოფნით. დღეს არავის სჭირდება მათი ცოდნა, გამოცდილება, არ ანიტერესებთ მათი სახელები, საზოგადოების “ჯანმრთელმა” და აქტიურმა ნაწილმა მათ ერთი საერთო იარლიყი – “კომუნისტური გადმონაშთი” _ მიაწება და როგორც ბალასტი, ნაგავსაყრელზე მოისროლა. ჰოდა, ამ გადმონაშთის ნახევარს დარდით გული გაუსკდა და მოკვდა, დარჩენილმა ნახევარმა კი, აი ასე, გარეკა.
_ მაინც რას ამბობს, მითარგმნე! – არ მომეშვა ჩაკრავორტი.
ქალი ესევ ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავის თავს, მოვუსმინე და მექანიკურად დავიწყე თარგმნა: “არა, ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ჩემი ლამაზი საქართველო, ჩემი ლამაზი ქვეყანა, სად არის ჩემი ლამაზი ქვეყანა, ეს არ არის საქართველო ...” - არ ჩერდებოდა ქალი და მასთან ერთად იგივეს გავიძახოდი მეც, ოღონდ ინგლისურად. ბოლოს გავჩერდი,
_ ჩემს წიგნს საქართველოზე ამ სიტყვებით დავიწყებ – თქვა ჩაკრავორტიმ.
_ არ გინდა, ამაზე უკეთესად მაინც არ გამოგივა _ ვუთხარი მე და გალაკტიონის ეს სტროფი ვუთარგმნე:
“რაა უფრო გულდამწყვეტი მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო,
არის რკინიგზების ხლართი, არის ავტო-მოტო-ველო,
არის ოჯახებიც, მაგრამ, ეს არ არის საქართველო”
ამარენდრას გაეღიმა და კარგი, ეგრე იყოსო, მითხრა. შებინდებისას მამადავითიდან ჯერ კიდევ განათებულ თბილისს რომ გადმოვხედეთ, ჩაკრავორტიმ გაშლილი მკლავები ვარსკვლავებით მოჭედილ ცისკენ აზიდა და ქართულად შესძახა _ აქ არის ჩემი ლამაზი საქართველო!
_ რა ადვილია მოკეთედ მოსულ სტუმარს დიადი წარსულითა და თვალწარმტაცი ბუნებით თვალში ნაცარი შეაყარო და რა ძნელი _ მასთან ერთად სინამდვილეს თვალებში უყურო – გავიფიქრე მე.

მანანა დუმბაძე
1999

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-31)
ნანახია: 783 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]