RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ჩემი საყვარელი მოთხრობა
ჟურნალი "XX საუკუნე" პირადად მე იმ სათნოების სახლს მაგონებს, რომელიც ზღაპრული ქოხივით სწორედ მაშინ ამოიზარდა დამეწყრილი ნიადაგიდან, როცა ყველაფერ უბედურებასთან ერთად ჯერ სტიქიამ, და შემდეგ ადამიანთა ავბედითმა გულგრილობამ მიწასთან გაასწორა ჩვენი საუკუნოვანი ქვიტკირის კოშკები და სასახლეები. 

პოკიტიკური ამბიციებისგან, ლიტერატურული დივიდენტების მოპოვებისგან და ანგარებისგან სრულიად თავისუფალი "მეოცე საუკუნე" სწორედ მაშინ ამოუდგა გვერდში წიგნიერ ქარველ კაცს, როცა ამ უკანასკნელს პირდაპირი და ფარული ხრიკებით ხელიდან ქართულ წიგნს ღლეტდნენ, როცა თითქმის ყველა ქართულ წმინდა ლიტერატურულ გამოცემას მეთოდურად სწოვდნენ სისხლს, ისე, რომ კარგა ხნით კომიდან ვერ გამოსულიყო. ხელოვნებითა და ლიტერატურული მოღვაწეობით ოჯახის რჩენა, ლუკმაპურის შოვნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ათწლეულებით გადაიდო, სიამოვნება კი ფუფუნებად გადაიქცა. მე ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

ხელოვნების არაერთმა მსახურმა და არაერთმა ლიტერატურულმა გამოცემამ სხვა პრობლემების მეტი აქტუალობის მომიზეზებით თავი პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებს და ეგრეთ წოდებულ დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობის იდეას შეაფარა, კულტურა კი იმ შერეკილი ფანატიკოსების ამარა დატოვა, რომლებსაც თურმე არაფერი გაეგებათ მიმდინარე პროცესების და, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე მაღალი ტრიბუნიდან, "პრიორიტეტების" თაობაზე.

 90 -იან წლებში "XX საუკუნე" ერთადერთ მოქმედ წმინდა ლიტერატურულ ჟურნალად მოგვევლინა. იმ ამღვრეულ ოთხმოცდაათიან წლებში ფინანსური, იდეოლოგიური, სულიერი თუ სხვა მრავალი კრიზისების ქაოსში მას საკუთარი მრწამსისთვის და აღებული გეზისთვის არ უღალატნია, არც ნომერი ჩაუგდია და არც ხელი ჩაუქნევია მაშინ, როცა საერთოდ კითხვის ქვეშ დადგა საზოგადოებისთვის თანამედროვე ლიტერატურის ცნობის საჭიროება. დასაწყისში ჯურნალი ფაქტობრივად მკითხველთა უმცირესი წრისათვის გამოდიოდა, თუმცა დაჯინებით კი მიიკვლევდა გზას სხვადასხვა მიმართულებით გადახვეწილი და გადაკარგული მკითხველისაკენ ანგრეული, მაგრამ მაინც ერთადერთი და ყველაზე ტკბილი, მშობლიური კერისკენ მოსაბრუნებლად. 

ვფიქრობ, სწორედ ამ კეთილმა მისიამ დაბადა ჯურნალში "ჩემი საყვარელი მოთხრობის" რუბრიკის გახსნის და მისთვის ხანგრძლივი ნოსტალგიის დინჯი და მიზანდასახული მკურნალის მოვალეობის დაკისრების იდეა. ამ რუბრიკით "XX საუკუნემ" მკითხველს მივიწყებული სახელები, ნაწარმოებები და ვიტყოდი, მივიწყებული მთელი თაობა შეახსენა.

"არაფერი ისეთი სიმძაფრით არ გამოხატავს დროს, როგორც რომელიმე პიროვნება, ადამიანთა გარკვეული ჯგუფისა ან თაობის სახელი" _ წერს სამოციანელთა ერთ-ერთი თავკაცის, იოტია პაჭკორიას ერთი წიგნის გამო დაწერილ სტატიაში თამაზ ჩხენკელი და იქვე თაობის ცნების ოტია პაჭკორიასეულ განმარტებასაც იმოწმებს: "თაობა ყველაზე მცირე და კონკრეტული ქრონოლოგიური ერთეულია. იგი გულისხმობს იმ აუცილებელ ფენომენს, როცა გარკვეული პერიოდის ლიტერატურულ პროცესში აშკარავდება რამე ახალი მნიშვნელობით აღბეჭდილი რიცხობრივი დაგროვება და ინტენსიფიკაცია. ეს არის ადამიანთა ახალი ფენა, თანაასაკოვანი, ერთნაირი გამოცდილებისა და რეაქციის მქონე ადამიანთა ჯგუფი. ყოველ ადამიანს სწამს რაიმე თავის თაობასთან ერთად, ყოველ თაობას აქვს თავისი ლეგენდა, რომელიც გამოხატავს მის ოცნებებსა და ხასიათს".

მაშინ, როცა სამოცდაათიანი წლების დამწყები მწერლები მწერლობაში პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგამდნენ, და სიმწიფის ხანამდე კიდევ დიდი გამოცდა ჰქონდათ გასავლელი, მთელი საბჭოური და, გნებავთ, ევროპული ლიტერატურათმცოდნეობა ლიტერატურათა ტიპოლოგიურ კვლევაზე გადაერთო. სოც-რეალიზმის აგონიისა და რკინი ფარდის ახდის ნელ პროცესში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა ლიტერატურის ექსპერტთა ხელში ჩავარდნილი ის აკრძალული და ტკბილი ხილი გამოდგა, რომელმაც დადებითთან ერთად ერთგვარი უარყოფითი როლიც შეასრულა მცირე ერების ლიტერატურის ინტეგრირების საქმეში მსოფლიო ლიტერატურასთან. საქმე იმაშია, რომ დასავლურ გამოცდილებას დაწაფებული ლიტერატუტათმცოდნეები ქართული თანამედროვე ლიტერატურის ყველაზე ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებში ჩატეულ ნაწარმოებსაც კი, იძლეოდა თუ არა მასალა ამის საშუალებას, ევროპული ან ამერიკული ცნობილი მოდელების ან მოდური ფილოსოფიური მიმდინარეობების პრიზმაში ატარებდნენ. არა ერთი მწერლის შემოქმედება, ზოგის დამსახურებულად და ზოგისაც სავსებით დაუმსახურებლად უკეთეს შემთხვევაში უცხოური ლიტერატურის გავლენის პროდუქტად და უარეს შემთხვევაში - პირდაპირ გადმოქაჩულ-გადმოწერილად და ეპიგონურად, მოიხსენიებოდა.

ასეთ დღეში აღმოჩნდმნენ უკვე სახელმოხვეჭილი სამოციანელებიც და ახლად ფეხადგმული სამოცდაათიანელებიც, რომელთა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ შემოქმედებით მეთოდსა და ხასიათს მეორე უკიდურესობა - ახლადაგორებულ ეროვნულ მოძრაობასთან შესამამისობაში მოყვანილი რადიკალურად ქართული და ყოველივე უცხოურის კატეგორიულად უარმყოფელი მსოფლმხედველობის პროპაგანდა დაუპირისპირდა. "საქართველო ქართველებისათვისო" დაიძახეს და გასაოცარი ვნებით ჩაებღაუჭნენ ამ უცხო კლიშეზე აწყობილ აშკარად არაქართულ ფრაზას, თანაც საფუძველშივე შერყვნეს და დააავადეს ამ ფრაზის ის რამდენიმე კეთილშობილი მარცვალი, რომელსაც ქართულ ნიადაგზე გაღვივება ისედაც ან ეწერა - ან არა.

და სწორედ ამ დროს, კერძოდ, სამოცდაათიანი წლების მიწურულს ჯემალ თოფურიძე თავის დაუმთავრებელ რომანს ეპიგრაფად ასეთ სიტყვებს აწერს: "საქართველო თბილისში ასფალტდაგებულ ეზოებს მაგონებს, იმ პატარა გადარჩენილ მიწას, ეზოს კედელს და ასფალტს შორის რომ არის მოქცეული, მომწყვდეული, ვიღაცას რომ დაურგავს ამ გადარჩენილ მიწაზე ცოტაოდენი მწვანე."

1975 წლის "ცისკრის" მე-4 ნომერში გურამ ასათიანი ქართულ მწერლობაში ახლად გამოჩენილი მერბ აბაშიძის მოთხრობების გამო წერს წერილს სათაურით "გზის დასალოცად" (იმეორებს მერაბ აბაშიძის მოთხრობის სათაურს). აი, პატარა ნაწყვეტი იმ წერილიდან, რომელიც მერაბ აბაშიძეს კი ეძღვნება, მაგრამ თავისუფლად შეიძლება მთელი თაობაზე განზოგადდეს.

"..მივხვდი, რომ რაღას (კიდევ ერთხელ) შეიცვალა ჩემს წარმოდგენაში იმის შესახებ, რასაც დღევანდელი ლიტერატურული ახალგაზრდობა ჰქვია. ასეთ ცვლილებებს სიხარული არ მოაქვთ ყოველთვის;ნ განსაკუთრებით მაშინ, როცა ასაკი უკვე მყარი შეხედულებებისკენ გიბიძგებს და კალამიც გამოცდილების (ყოველთვის ნაადრევ) შეჯამებას ეტანება.

ახალი, ნამდვილად საინტერესო პიროვნების შემოსვლა ლიტერატურაში მძაფრად აღიქმება დამხვდურთა მიერ. დაახლოებით ისეთი გრძნობაა, როცა კარგად მილაგებული ოთახის კარიები გაიღება და ვიღაცა წვიმაში გაწუწული შემოაბიჯებს ტალახიანი ფეხებით, რომელიღაც ძვირფას ნივთს გამოედება, ყველაფერს ააწრიალებს ირგვლივ და უცერემონიოდ, სულ სხვა კილოთი ჩაებმება ოთახში მყოფთა საუბარში". ასეთი "დისკომფორტი"'სამოციან წლებში ქართულ პროზაში გურამ რჩეულიშვილმა შემოიტანა, ხოლო ამ პერიოდის ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში მსგავსი "დისკომფორტის შემმომტანთა შორის ერთერთი თავადავ იყო. გურამ ასათიანი. ოტია პაჭკორია, ნოდარ ჩხეიძე და იმპერიოდის ახალგაზრდა მწერალთა საუკეთესო ნაწილი ლიტერატურული კრიტიკის ის პროფესიონალები იყვნენ, რომელთაც არასდროს დაუკარგავთ სურვილი "დალაგებულ" ცხოვრებაში "დისკომფორტის" შემტანთა აღმოჩჰენისა და მათი "უზნეო" საქციელის სტიმულირებისა. თანაც კარგად უწყოდნენ, მათ ავტორიტეტულ სიტყვას, როგორი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო საზოგადოებრივ აზრსა და თავად დამწყებ ავტორზე. მე ერ ერთხელ მამაჩემს შევუსწარი დილის ექვს საათზე კაბინეტში, ტელეფონის ყურმილი ეჭირა და ახალგაზრდა მწერალს ეუბნებოდა, ნეტავ ეგ მოთხრობა მე დამეწერაო.
გათენებას არ დაელოდა, უთენია გააღვიძა ის მწერალი და გულიც გაუხეთქა ალბათ. მე ამ ეპიზოდს უფროსი კოლეგას თავისებურ რეაქციას დვარქმევდი ახალგაზრდა მწერლის წარმატებით გამოწვეულ ტკბილ დისკომფორტზე

სამოციან წლებში ქართულმა ლიტერატუტამ და კერძოდ კი, პროზამ, ისე გაითქვა სახელი, რომ საკავშირო ლიტერატურათმცოდნეობაში მას განსაკუთრებული სამუშაო ტერმინით "ქართული პროზის ფენომენით" მოიხსენიენდნენ. სამოც-სამოცდაათიან წლებში ერთმანეთის მიყოლებით იბეჭდებოდა საქვეყნოდ ცნობილი, დღეს უკვე ეროვნულ საუნჯედ ქცეული ნაწარმოებები და საქართველო ამ პერიოდში მთელ საბჭოურ სივრცეში ლიტერატურის მექად აღიქმებოდა.

კარგად იცით, და კიდევ უკეთესად წარმოგიდგენიათ, ამ საოცარი ბუმის დროს რა ძნელი იქნებოდა მწერლობაში მყარად შემოსვლა და მერე იქ საკუთარი ადგილის შენარჩუნება. მას შემდეგ მეოთხედი საუკუნეა გასული, თანაც ისეთი მეოთხედი საუკუნე, როცა ყოფითმა დისკომფორტმა ტალღასავით გადაუარა და თითქმის მთლიანად შთანთქა სულიერი ამბოხების, იდეოლოგიური დაპირისპირების, ახალი თავგადასავლის ძიებისა და გრძნობადაბლაგვებული საზოგადოების შეფუცხუნების სტიმული. და ათასნაირ კრიზის თავდატეხილი საქართველო მართლა ბეტონის კედელსა და ასფალტს შორის მოქცეულ იმ პატარა მიწას დაემსგავსა, სადაც ვიღაცას ცოტაოდენი მწვანე გაუხარებია. 70 წლებში დაწერილი ეს პატარა ეპიგრაფი მთელი ამ თაობის მწერალთა გულისტკივილს გამოხატავს. იგივე თქვეს სხვებმაც, ზოგმა უკეთესად, ზოგმა უარესად, ზოგმა უფრო ბუნდოვნად, მაგრამ საქმე ის არის, რომ ახალი, ეკონომიკური ტალღის წნევას საქართველოში ზედ ქვემეხების გრიალიც დაერთო, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით და თაობის გულის სიღრმიდან ამონთხეული მწარე ამოძახილი ისე უგზო უკვლოდ გაიფანტა ავბედითი დროის მომწამვლელ გამონაბოლქვში, დღეის ამას იქით ათეული წლები დაგვჭირდება ამ ამოძახილის ბგერა-ბგერა, მარცვალ-მარცვალ შესაკოწიწებლად. კიდევ ამდენივე იმის ამოსაკითხად, თუ რას უწინასწარმეტყველებდნენ თავიანთ დასნეულებულ სამშობლოს საქართველოს დაკარგული, ანუ დავიწყებული თაობის ნიჭიერი ახალგაზრდა მწერლები, რომელთაგან ბევრს შემოქმედებითი სიმწიფის ასაკამდეც კი არ მიუღწევია.

გურამ გეგეშიძე ერთ თავის საკმაოდ გახმაურებულ სტატიაში წერს: ახალგაზრდა მწერალთაგან დიდი გულისტკივილით უნდა დავასახელო ნაადრევად დაღყპული ჯემალ თოფურიძე, რომლის ნაწარმოების ტრაგიზმმა სულისშემძვრელი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და ვიგრძენი დიდი სინანული, რომ ახალგაზრდას არ ვიცნობდი. ახლახან, ასევე მისი სიკვდილის შემდეგ, გავეცანი ძალზე ნიჭიერი ახალგაზრდის, თამაზ ბაძაღუას შემოქმედებას" და სამი წერტილი. მე ამ სიას კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მწერლის, გრდაცვლილის და ცოცხლის სახელს დავამატებდი, მაგრამ ამაზე ცოტე ქვემოთ. თანაც ვიდრე მე მათი სახელების ჩამოთვლას დავიწყებდი, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენით, რომ ეს ძალზე მოწიწებით, ტაქტითა და ზედმეტი კომენტარების გარეშე მშვენივრად განახორციელა "XX საუკუნეში" "ჩემი საყვარელი მოთხრობის" სერიით რუბრიკის ავტორმა ლაშა თაბუკაშვილმა.

ქართველ მწერალთა მოთხრობების სერია ამ რუბრიკით ჟურნალის მეორე ნომრიდან დაიწყო, მაშინ რედაქციამ პირველად აუწყა მკითხველს, რომ იწყებდა უახლოეს წარსულში შექმნილი ქართული პროზის ბეჭდვას. "ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ახალ თაობას თანამედროვე ქართული ლიტერატურის ის ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებისთანავე იქცევდნენ მკითხველისა და კრიტიკის ყურადღებას".

რუბრიკა ბადრი ჭოხონელიძის მოთხრობით გაიხსნა. მოთხრობას ძმა ჰქვია და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მჯდომთ მისი შინაარსის შეხსენება ნამდვილად არ სჭირდება. ერთს აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ეს მოთხრობა არის უმცროსი, შვილის თვალით აღქმული საკუთარი ოჯახი, რომელიც პრონციპში თავისი ყოველდღიური პრობლემებითა და თავსატეხებით არაფრით გამოირჩევა ერთი ჩვეულებრივი ოჯახისგან, მაგრამ ტრაგიკულია "მარგინალური ადამიანის" - გარდამავალი ასაკის ყმაწვილის _ აღქმით, რომელიც თავისი სისხლიდა ხორცისგან მხოლოდ ერთი გამჭვირვალე კედლით აღმოჩდა გამოყოფილი და ვერაფრით უსადაგებდაა კედლის იქით დარჩენილებს იმ მივიწყებულ ნორმებს, რომელიც თავად რატომღაც გულის ფიცარზე აღმოაჩნდა ამოტვიფრული: სიყვარული, სინაზე, მიმტევებლობა, ურთიერთანგარიშგაწება და ერთურთის მოფრთხილება, დანდობა, სილაღე და გულწრფელობა. გარემო სამყაროში ამ ფასეულობების დეფიციტი პატარა ბიჭის გულის ფიზიკურ უკმარისობას იწვევს და რაც უფრო ჯიუტად გრძელდება გარშემო ცრუ სიყვარულზე, ცრუ ურთიერთობებზე აგებული ცრუ უბედურება და თუნდაც ბედნიერება, იმდენად მტკივნეული ხდება ჭეშმარიტ შეგრძნებებს დანატრებული პატარა მარგინალის გულის კვდომის პროცესი. ბადრი ჭოხონელიძემ ძალიან ადრე თავად შეიგრძნო ამ გლობალური უკმარისობის ტკივილის ძალა და დაწერა: "მკერდში, მარცხნივ ღმუოდა ტკივილი. ღრმად ისუნთქავსდა და ეს ცოტათი შველოდა. მერე უეცრად შეწყდა მანქანების ხმა, შეშფოთებული ხალხის ყაყანი და ბიჭი სამუდამოდ დაამდა, დამშვიდდა." (1977წ).

ოთხი ნოველა და ერთი მოთხრობა სამოცდაათიანი წლების ციკლიდან. ასეთი საერთო სათაურით გამოქვეყნდა "ჩემი საყვარელი მოღხრობის" სერიაში ლაშა თაბუკაშვილის ადრეული ნაწარმოებები - "მოკლეს ბიჭი, "მშვიდობით ქალბატონო", "სიყვარული ჩუმათელეთში", "გასეირნება ვერის ბაზართან" და "ტერანგი". პირადად მე და ალბათ ბევრ სხვას ამ დარბაზიდან კარგად ახსოვს, რომ ამ მოთხრობებმა კრიტიკაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს ლიტერატურის ყველაზე უტყუარ ბარომეტრზე, იმ თაობის ახალგაზრობაზე.

მამაჩემს დროდადრო ერთი რუსული გამოთქმის მოშველიება უყვარდა ხოლმე. ქართულად ცოტა უხერხულად ჟრერს, მაგრამ ლაშა თაბუკაშვილის ბოლო პიესის ლექციკის შემდეგ ამის ფართე ასპარეზი მეძლევა, მოკლედ ეს გამონათქვამი ქართულად ასე ჟრერს "გლანდების ოპერაცის უკანალიდან". კრიტიკას უფერო ხშირად ასეთი ქირურგიული ხერხით შექმნილი ნაწარმოების შეფასება უფრო ეადვილება, ვიდრე უბრად, ლარნაკზე დალაგებულად მორთმეულისა. თითიდან ძალით გამოწოვილი და განზრახ აწეწილი პრობლემის გაბურდვა უფრო უადვილდება, აზრის ამოსაცნობად ტრეპანაციის ჩატარება უფრო ეხერხება. ამ პატარა მოთხრობებით კი ლაშა თაბუკაშვილმა და სხვათა შორის მისმა ერთგულმა მკითხველმა ერთხელ კიდევ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ყავლი არ გასდის მძლავრ ვნებებს, ჩამუხტულს თხრობის გარეგნულ სისადავეში, სიყვარულსა და სიკვდილზე მოკლედ წერას.

"ნუდისტები გვინდა ახლა ჩვენ?" გადაულაპარაკებს ვერის ბაზართან მოსეირნე შიშველი შეშლილის დანახვაზე ნასვამი კაცი ტაქსის მძღოლს, რომელსაც არც სიტყვა ნუდისტი ესმის რას ნიშნავს და არც იმის ოფსილა აქვს გიჟის საქციელს რაიმე ფსიქოლოგიური სარჩული დაუდოს. არც მოეთხოვება. საქმე იმაშია რომ "ნუდისტები" მაშინაც გვჭირდებოდა და ახლაც არ გვაწყენენ. ლაშა თაბუკაშვილის მარგინალური გმირი არც ბავშვია და არც მახინჯი სხეულით ულამაზესი სულისა და ანგელოსის ფრთების მატარებელი. ის გიჟია, თავისუფალი, საკუთარი სხეულივით ლამაზი, ჩამოქნილი და მიმზიდველი, დიჯნგი აუღელვებელი და ღირსეული. კაცი, რომელიც "არ გრძნობდა სირცხვილს საკუთარი სიტიტვლის გამო, მაგრამ არც ბუნებრივად მიაჩნდა უტანსაცმლობა, თუმცა არც სიცივე აწუხებდა და არც ბოღმიანი ქარი. ერთადერთი, რაც აწვალებდა, იყო გაურკვეველი მდგომარეობა სულისა, მან არ იცოდა სიზმარი იყო ეს თუ ცხადი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ თავისუფლად შეეძლო ტიტველს ესეირნა ქუჩაში, ხოლო სანთლის ლოლუები, აჯაგრულ მკერდს რომ უწიწკნიდნენ, მეტ სხივოსნებასა და დამაჯერებლობას შემატებდნენ მის წმიდა მისიას - გამოეფხიზლებინა დაღლილი და საქმიანი ადამიანები.

78 წლის "ცისკრის" მაისის ნომერში დაიბეჭდა ჯემალ თოფურიძის "დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია". უკვე აპრილში ჯემალი ცოცხალი აღარ იყო. მოთხრობა ცისკარში გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მიიტანა და რამდენიმე დღით ადრე კი მიაკითხა იმის გასაგებად, იბეჭდება თუ არაო. იქ, სარედაქციო კოლეგიაში, ისეთი რამეები უთხრეს, სიხარულით სამი დღე აღარ გამოფხიზლებულა. საკუთარი ამბავი მოყვა იმ მოთხრობაში ჯემალ თოფურიძემ და ფინალში აღწერილი საკუთარი გარდაცვალება სულ მალე ზედმიწევნითი სიზუსტით გაიმეორა. რაც მის აფორიაქებულ სულს სხეულში ვერ ატევდა ის დაუდო ხელისგულზე თავის მკითხველს და ისე ახლოს მიუტანა თვალებთან, რომ ამ უკანასკნელმა კარგად ვერც კი გაარჩია, საკუთარი გარდაცვალების გარდა ასე დაჯინებით კიდევ რას უწინასწარმეტყველებდა გულგრილობითა და სრული უდარდელობით გაბრუებულ საზოგადოებას. სულ ათიოდე წლის წინ საქართველომ მწერლის გარდაცვალების სიზუსტით დატრიალდა საქართველოში ის საშინელი წინასწარმეტყველება, რომელსაც თურმე ასე დაჟინებით ღაღადებდა მწერალი. "მაშინ სულ მოშორდა ზღვა დიოსკურიას, ზღვა აღარაფერს ერჩოდა, მაგრამ, ახლა ადამიანები დაერივნენ ერთმანეთს, ხოცავდნე, ჟლეტდნენ, აუპატიურებდნენ, სპობდნენ, ადამიანები საკუთარ ოჯახებს ამგრევდნენ და სპობდნე ფიზიკურად და მორალურად, შეგნებულად და შეუგნებლად, ნებით და უნებლიედ.
- გესმის?! - ოჯახებს კლავენ განზრახ, ნებით და უნებლიედ
საშინელება ტრიალებდა დიოსკურიაში. გაბრაზდა დიდი ზღვა, ისევ მოვარდა ქალაქში და მთლიანად ჩაძირა ის.

ახლა მისმინე, არავინ იცის პირველად რატომ მოვიდა ქალაქთან ზღვა, რატომ მოშორდა და მოლოს რატომ ჩაძირა სულ. მე ვიცი მხოლოდ და შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ვუმხელ…."

ახლა ისევ თაობის უნიკალობასა და ზოგად თვისებას მინდა მივურბრუნდე და შეგახსენოთ, რომ ყოველ ადამიანს სწამს რაიმე თავის თაობასთან ერთად, ყოველ თაობას აქვს თავისი ლეგენდა, რომელიც გამოხატავს მის ოცნებას და ხასიათს. მიკა ალექსიძე სამოცდაათიანი მწერლების ის წარმომადგენელია, რომლმაც იმ ერთადერთ მოთხრობაში, რომელიც მე "XX საუკუნის" ჩემი საყვარელი მოთხრობის სერიით წავიკითხე ("ბაბუში"), მხოლოდ ახალგაზრდა შემოქმედისთვის დამახასიათებელი მაქსიმალიზმით, უკომპრომისობითა და "სითავხედით", მთელი თავისი თაობის სახელით შეძლო კატეგორიული უარი განეცხადებიბა იმ სამყაროზე, რომელსაც ხედავდა, გაემხილა ოცნება იმ დაკარგულ თავისუფლებაზე, რომელიც ადამიანებმა ნებით თუ უნებლიედ თავად გამოამწყვდიეს ათასი მავთულხლართითა თუ ღობით გამმიჯნავი სამყაროს მეორე მხარეს.

"XX საუკუნის" ათ ნომერში ჩემი საყვარელი მოთხრობის რუბრიკით დაიბეჭდა სამოციანი წლების იმ მწერალთა თითო მოთხრობა, რომელთაც შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე დიდი ოჯახის ცალკე შტოდ არჩიეს ცხოვრება და ბილომდე არცერთი თაობის ტიპურ წარმომადგენდად არ უღირებიათ საკუთარი თავი.
მე დღეს ნამდვილად არა ვარ მზად ამ მწერლების შემოქმედების თუნდაც ზერელედ გასაანალიზებლად, მაგრამ საოცრად მაინტერესებს ის მიზანი, რომლის გამოც "XX საუკუნემ" ამ მწერალთა შემოქმედების საუკეთესო ნომუშები სამოცდაათიანელების გვერდით, გვერდით კი არა და ქრონოლოგიის სრული დარღვევით "ჩემი საყვარელი მოთხრობის სერიაში მიმიფანტა.

30 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ვოვა სიხარულიძის მეათე მოწმე დაიბეჭდა "ცისკარში". დაიბეჭდა, და ჯერ კიდევ მაშინ, უხვი შემოქმედებითი მოსავლიანობით განებივრებული ქართული მწერლობა კარგა მაგრა შეაჯანჯღარა. "რა თქმა უნდა ზღაპრულია, რა თქმა უნდა უცნაურია, მაგრამ ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბების ერთობლიობა, კლასიკურ, რტადიციულ მოთხრობაზე არანაკლებ დამაჯერებელია, მწერალი "ახალ რეალობას" ქმნის. ამ მოთხრობის გამოქვეყნებიდან ორი თუ სამი წლის შემდეგ უნდა გასცნობოდა მკითხველი "ასწლიან სიმარტოვეს" ზეცაში ზეწრებს აყოლილ მშვენიერ რემედიოსსა და ყოვლისმცოდნე მელკიადესს… როგორც ჩანს ჰაერი უკვე გაჟღენტილი იყო "მაგიური რეალიზმის" ვირუსით. აი, "XX საუკუნელების" ის მოკლე და საფუძვლიანი შეფასება ვოვა სიხარულიძის მართლაც უნიკალური
მოთხრობის, რომელიც საბოლოო ჯამში კიდეც იქცა ამ ძალხე თავისებური მწერლის საფლავის ქვადაც და ეპითაპითაც ამ ქვაზე.

სამოცდაათიან წლებში დაიბეჭდა ასევე გიორგი ბაქანიძის " ორმოცი დღე და ორმოცი ღამე". ფაქტობრივად ამ მოთხრობისადმი მიძღვნილ წერილს ტარიელ ჭანტურიამ "სხვისი ნაშრომით გახარება" დაარქვა, ხოლო XX საუკუნემ კი საყვარელი მოღხრობის სტატუსით 25 წლის შემდეგ
ეს პატარა მარგალიტი კვლავ მზის შუქზე გამოუტანა.

და განა მარტო ეს, ვაჟა გიგაშვილის "დღე და ჟამი", "ცარიელი სიბრტყე" და "სიზმარი". ამ მოთხრობებმა დაბადებიდან გამოქვეყნებამდე 40 წლიანი ლეტარგიული ძილით იცოცხლეს და როცა მოგვევლინენ აღმოჩნდა, რომ არცერთი მათგანი წამითაც არ ჩამორჩენია თანამედროვე მკითხველის გემონნებასა და ინტელექტუალური ზრდის ტემპს.

"ჩემი საყვარელი მოთხრობა" საფუძველშივე მოიცავს იმ აზტს, რომ ამ რუბრიკის ნიშნით გამოქვეყნებული ნაწარმოები მარადიულ ფასეულობებს უნდა ემსახურებინნენ უფრო, ვიდრე რომელიმე კონკრეტული აქტუალური მოვლების მხატვრულად ასავხას. მე იმ აქტუალურ მოვლენებზე მაქვს საუბარი, რომელთაც ისევე მალე გასდით ყავლი, როგორც მათ ძალით და ხელოვნურად შემქმნელებს, თორემ პრობლემის აქტყალობა მისი საუკეთესო გაგებით თავად ძევს მარადიულ ცნებების იმ სიღრმეში, რომელთაც თავის დროზე ადამიანს ადამიანობის ხოლო ხელოვანს კი ზეკაცის ძალა განუსაზღვრეს. ამიტომ ის, რაც საყვარელი და დაუვიწყარი იყო გუშინ მაში არის ჭეშმარიტად ფასეული, როცა საყვარელი და სანატრელი გახდება ხვალაც. სწორედ ამ სასწორზე შემოდო XX საუკუნემ მე-9 ნომერში თენგიზ ჩალაურის "ლომი, ალკოჰოლიკი, მანეთიანი და კლეპტომანი". ამ მოთხრობამ უკვე გაუძლო ნახევარსაუკუნოვან გამოცდას და დღეს ახალი ცხოვრება დაიწყო ძველ და ახალ მკითხველთან ერთად.

ვინაიდან რუბრიკა "ჩემი საყვარელი მოთრობა" ხელოვანთა იდეაა, თანაც მწერლის და არავითარ შემთხვევაში ლიტერატურის კრიტიკოსისა, მაშინ შერჩეული მოთხრობების მიხედვით მიახლოვებით მაინც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რუბრიკის ავტორის მრწამსი, გემოვმნება და განვსაზღვროთ მისი ჟურნალის თანამედროვე კონცეფცია. საბედნიეროდ, წინ კიდევ დიდ ლიტერატურული ცხოვრება და არჩევანია, ჟურნალში ახალი თაობა მოდის. მალე ისინი განსაზღვრავენ საყვარელი მოთხრობის შერჩევის ახალ კრიტერიუმებს, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, კარგად დავიწყებული ძველი იქნება.

1999წელი

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-14)
ნანახია: 3272 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]