RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

“ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიძულვილისა...”
ახალნერგნო, მომავალნო საქართველოისა, თქვენთან საუბარს ვიწყებ უწმინდესისა და უნეტარესის მეტად მნიშვნელოვანი გაფრთხილებით: “სრულყოფილად რომ ვფლობდეთ ქართულ ენას, უნდა ვიკითხოთ ქართული წიგნები. გეძლევათ ლოცვაკურთხევა, არც ერთმა დღემ არ განვლოს ისე, რომ რაიმე არ წაიკითხოთ ქართული ლიტერატურიდან, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ ქართული კლასიკა _ ამ წიგნებში არის დიდი სიღრმე.”

ვერ უარვყოფთ, ამ მხრივ, ამჟამად მეტად გვიჭირს. მოგაგონებთ იერემიას გოდებას: “მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე, როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე?” ეს, მართლაც, გოდებაა!
დაგვავიწყდა, უფალმა _ ყოვლის შემძლემ ადამის მოდგმას წიგნი მოგვცა ცხოვრების წინამძღვრად _ “ბიბლია”. ჩვენ კი კომპიუტერებსა და ინტერნეტებს მივუსხედით და რით ვკმაყოფილდებით? განა, ადამიანის შექმნილი უნდა დავუპირისპიროთ უფლის ნაბოძებს?

არ დამწამოთ ინტერნეტისა და კომპიუტერის უარყოფა, რომ არ მესმის მისი მნიშვნელობა. არა და არა, მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ საუკუნეში: საკითხთა მოძიების თვალსაზრისით, უნიკალური არის. მაგრამ წიგნი? წიგნი უარყოფითი არაა! წიგნია ცოდნის, განათლების, მეცნიერების დაუფლების საფუძველთა საფუძველი.
ეკლესიასტე ბრძანებს: “ყოველივეს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში და ყველაფერს თავისი _ ჟამი.”

იქნებ კატეგორიულია სათაური ამ წერილისა, მაგრამ სინამდვილეს ვერსად გავექცევით.დარიგებებით თავს არ შეგაწყენთ, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, თორნიკე გურჯინთახის ექვსას გვერდიან რომანზე “ბუხარი”. ამჟამად ეს ნაწარმოები ნაკლებ პოპულარულია. თავისი ჟამი კი მას აუცილებლად დაუდგება და კუთვნილ ადგილს დაიჭერს ქართულ კლასიკაში. მინდა, რომანიდან ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა გაგაცნოთ. ლიტერატურა ხელოვნების ის დარგია, რომელიც ცხოვრებას გვასწავლის და გზის მკვლევიცაა. სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო ეს რომანი. ნახეთ, წაიკითხეთ და დამერწმუნეთ, თქვენს ბევრ პრობლემას გასცემს პასუხს. თორნიკე გურჯინთახი გვამცნობს, რომ “ბუხარი” მის ბაბუას უნდა დაეწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოასწრო. თორნიკემ მისი “ბუხარი” დაწერა. მართლაც ასეა. სტილი, ხედვა სულ სხვაა. მე არ მინდა, ჩემი შეხედულებები მოგახვიოთ თავს. მხოლოდ რამდენიმე პრობლემაზე შევჩერდები და შემდეგ თვითონ განსაჯეთ...

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მოწამეთა, ქრისტესთვის წამებულთა რიცხვით მეტად მდიდარია. ბევრიც დაწერილა მათზე. თქვენ აქ გაეცნობით თანამედროვე მოწამეთა სახეებს, ისე გამოკვეთილსა და გამოძერწილს, რომ მკითხველს არასოდეს დაავიწყდება. ეს ახალი ხედვაა თორნიკე გურჯინთახისა.

განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ ჩვენი ეპოქის უმწვავეს ტკივილზე, თორნიკე გიხატავთ იმ ვაიქართველებს, რომლებიც სამშობლოშიც უსამშობლონი არიან და იმათაც, რომლებმაც გულგრილად დატოვეს სამშობლო და უცხო ცის ქვეშ შეხიზნულნი, არხეინად ცხოვრობენ. ამ საშინელ ტრაგედიას ერისას ავტორი უდიდესი გულისტკივილით გადმოგვცემს. მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო ჩვენს ლიტერატურაში კარგად ცნობილ პრობლემას დედაშვილობისას. მიტოვებულ დედათა ტრაგედიას. რომანში ნახავთ, როგორი სიფაქიზითა და სიღრმით აშუქებს ამ მეტად მტკივნეულ, ფსიქოლოგიურადაც რთულ საკითხს ახალგაზრდა (ოცდაექვსი წლისაა) თორნიკე გურჯინთახი.

ე არ მაქვს პრეტენზია, ვისაუბრო რომანში გამოძერწილი, მეტად საინტერესო ტიპაჟის შესახებ. ეს ცალკე კვლევის საგანია, იქნებ აღმოჩნდეს თქვენში ვინმე, ვინც დაინტერესდება და შეისწავლის ამ ტიპებს. ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, იგი აქაც განუმეორებელია.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რუსეთის ორასწლიანმა ბატონობამ, როგორ ავნო ჩვენს ბედკრულ ქვეყანას. ვინც წაიკითხავთ რომანს, დააკვირდით _ რა ორიგინალურად არის გადაწყვეტილი, ეს მუდამ სადაო საკითხი. ავტორმა დაგვანახა, რომ მათშიც არიან სიკვდილზე გამარჯვებულნი, სულით ამაღლებული პიროვნებები. რომანში თუ უდიდესი გულისტკივილთაა ვაიქართველთა მრწამსი გადმოცემული: “რის ქართველობა, რა ქართველობა, ვითომ, რას გვავნებს უცხო ტომობა?”
ნახეთ, როგორი კრძალულობით, ნატიფი სიფაქიზით ციმციმებენ ჩაუმქრალი ვარსკვლავები ჩვენი წარსულისა, მუდმივ ცოცხალნი თავიანთი უკვდავი საქმეებით. ავტორი ღრმად იცნობს მათ ღვაწლს...

ახალგაზრდა გურჯინთახი საოცრად განათლებულია, საბედნიეროდ, შესწავლილი აქვს ქართული კლასიკა, უცხოური ლიტერატურა, რაც დიდი დამაჯერებლობით ჩანს რომანში. ამ მხრივაც, იგი მისაბაძია ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის.
ეკლესიასტე გვასწავლის: “მართალი იღუპება თავის სიმართლეში, ბოროტეული დღეგრძელობს თავის ბოროტებაში.” ეს ცხოვრების უმკაცრესი კანონია. რომანში ეს რთული პრობლემა ორიგინალურად და დიდი დამაჯერებლობით არის გადმოცემული, გადაჭრილი.

თვითონ საოცრად განათლებულ ქართველს, გულით სწადია ახალგაზრდების განათლება, წიგნის სიყვარული. ჩვენი ღვთიური ენაც ხომ საოცრად განსაზღრავს ამ ტკივილს: წიგნიერი და უწიგნური.

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ეს ნაწარმოების “ბრალია”, ძნელია, საკითხთა ამოკრება. თორნიკეს რომანში არის თავი “სამშობლო”, აქ მხოლოდ ერთხელაა თანხვედრა ბაბუასა და შვილიშვილის ნააზრევებში. თორნიკე გურჯინთახი ამბობს, რომ სამშობლო “იგი შეუშრობელი ცრემლია.” თავის დასასრულს ავტორი პირობას დებს, რომ “ახალგაზრდა ვეზიარები პატრიოტობის ბედნიერებას”, რომ “სამშობლო მისთვის განცდაა, მონატრება, სიყვარული, პასუხისმგებლობა იმ მიწის მიმართ, რომელზედაც დავდივარ და რომელსაც ულამაზესი სახელი _ საქართველო ჰქვია.”

ის არის უკვე პატრიოტი და თავის სამშობლოზე შეყვარებული. თქვენ როგორ შეიყვარებთ მამაპაპათა ძვალსისხლით გაპოხიერებულ მამულს, როგორ დაიცავთ, რას გამოიყენებთ ფარად? დაიცავთ? ამისთვის ცოდნაა საჭირო, განათლებაა აუცილებელი, როგორიც რომანის ავტორს აქვს. არც მოგიწოდებთ, არც გაწონებთ, უბრალოდ, გირჩევთ ახალგაზრდა ქართველებო, წაიკითხეთ, დაუკვირდით, გაითავისეთ თორნიკე გურჯინთახის რომანი...დაე, სიძულვილზე გაიმარჯვოს სიყვარულმა.

კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-27)
ნანახია: 806 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]