RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

ჯემალ თოფურიძის ლექსები
***
რამხელა გზას დავადექი
სულ მარტო, ფეხით,
ქალაქის ქუჩებს დილის ნისლი დაჰკრავს ლაქებად,
გადაუარა გრიგალმა ქალაქს
და კედლები გრიგალისფერ მტვერმა დაფერა.

ჯერ სძინავთ ალბათ გადარჩენილ უცოდველ ასულთ
და ესიზმრებათ ვარდისფერი ცისფრად სიზმრები,
რომ ათხოვებენ და უზადო ხვდება დედოფალს
ფარჩით მორთული სპილოსძვლისფერი პალანტინები.

სძინავს მთელ ქალაქს
მხოლოდ ჩემი ცოდვილი სული
დაძრწის ქუჩებში და სევდიან პრინცესას ეძებს,
თუ გაიღება სადმე კარი ხავერდდაკრული
და სასწაული გააშიშვლებს უხორცო ხელებს.

სძინავს მთელ ქალაქს
იმედია, ბედის ბორბალი
თავის უხმო ღმერთს ამ ქუჩებშიც შემოახედებს.

***
გათენებულა
სუსხი მისდევს გადაღლილ ლოთებს
აჰა, სარდაფი და საშველი ღამის სიზმრების
მეზობლის ძაღლი რა ხანია ნაცნობ ლოთს მისდევს
რომ ეჩხუბება საკუთარ თავს უცხო სიტყვებით.

გათენებულა
ბეღურები კივიან ერთხმად
მეზობლის ძაღლსაც ასე უაზრო მოსწყინდა დევნა
და ზეცის კიდე უსაშველოდ ნელა ფითრდება
გამხდარი ლოთი ხომ არაფერს არა ჰპირდება.

გათენებულა
შეწყდა სიზმარი და მოპარული საამო კოცნა
დღე ამუშავებს სათავისოდ საჭირო ფიქრებს
სინამდვილემ ხომ არასოდეს არ იცის მოცდა.

გათენებულა,
ლოთი აღარ უყურებს მიწას
ზეცას უყურებს
და თავის დარდს თვალებში ადნობს
ფიქრობს ოჯახზე, ფიქრობს ცოლზე რომ მიატოვა
ფიქრობს არაყზე, ძველებურად რომ აღარ ათრობს.

გათენებულა
დღე დააკვდა ქალაქის ქუჩებს
დღე იბადება _ ზეცა ამცნობს ხალხს ამ სიხარულს
დღე იბადება _ რეკავს სხივი ცისფერი ციდან
გზა მიეცით, დაუკოცნეთ ხელი სიყვარულს!

***
დაიღალა მთვარე
თხელი ღრუბლის კოცნით
ღრუბელს ეჩქარება
დრო არა აქვს მოცდის
მთვარე უკვე ვნებით
თაფლის სიტყვებს ღვენთავს
ღრუბელს ეჩქარება
მაგრამ მაინც ფეთქავს
გაიხარა მთვარემ
და გულისხმით უსმენს
ვეღარ ხედავს ვნებით
უკვე გამქრალ ღრუბელს

***
კვლავ შემხვდი დღეს
ნაცნობმა სევდამ დასერა მკერდი
ესეც ამიხდა
ისევ ხდები ფიქრების ღმერთი
რომ არ ვიცოდე
არა გშველის
ხარ ერთადერთი
ვერ დავივიწყებ ახალ ღიმილს
ვიხსენებ ძველსაც
ვიცი, რომ მითხრა
შეიძლება, დავტოვო ცოლი
არ მეუბნები
ოქროს ჯაჭვი გიჭირავს ხელით
ისევ მაგიჟებ ლერწამივით მოქნილი წელით
ისევ მახსენებ, რომ შენს სიცილს
არა აქვს ბადალი
ის ღამეები
ამქვეყნიური სიტკბო და ტანჯვა
სხეულის ბრძოლა
ღამენატეხის ვნების ნისლი
ნათალი მკერდი
იწყება ღმერთით
თავდება სიზმრით
ღამის წამება
კვლავ შემხვდი დღეს
და ნაცნობმა მზერამ დასერა მკერდი
თვალს ვერ გაშორებ
ერთადერთი ხარ
სიტკბოს ზღვა ხარ
ვიცი რომ მღუპავ
უკვე მაგიჟებს ახალი ვნება
მაგონებს ძველსაც.

კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-19)
ნანახია: 700 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]