RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

ჯემალ თოფურიძე "ლექსო"
ზაფხულის შუადღე იყო, კვირა დღე. მიწასაც სცხელოდა. წესით, სოფელში, ასეთი სიცხის დროს, გარეთ არავინ გამოდიოდა. ახალგაზრდები თუ შეიკრიბებოდნენ კანტორასთან, „ბირჟაზე", ახალი, არაბული ჯინსებით და გულზე გადაღეღილი პერანგებით. ისინიც მზეზე დიდხანს არ ჩერდებოდნენ. რომელიმე ღვინოს გამოიტანდა სახლიდან, ზოგიც რამე მისაყოლებელს და წყაროსთან, ხეების ჩრდილში ჩამოჯდებოდნენ აგრილებამდის. იმ დღეს არავინ წასულა საქეიფოდ. უფროსებიც დილიდან ემზადებოდნენ. ზოგი ფულს სესხულობდა „ იქ" დასადებად, ზოგი ახალ კაბას იუთოვებდა, ზოგიც ერთი კვირის წვერს იპარსავდა, ქალაქიდან შეიძლება ვინმე ჩამოვიდესო. იმ დღეს ზატიკაანთ ლექსოს ცოლის დასაფლავება იყო. 

ორმოცდაათს მიღწეული, ჯმუხი, მოკლედშეჭრილი, თეთრთმიანი კაცი ოთახის შუაში იდგა კუბოსთან. თვალები დაწითლებული ჰქონდა. წვერი მოეშვა. კოსტუმზე, მარცხენა მხარეს, გულთან, ახალგაზრდა ქალის პატარა სურათს ქინძისთავი იჭერდა. მარცხენა სახელოზე ფართო შავი ლენტი ხშირხშირად უვარდებოდა და ყოველ წუთს ზევით იწევდა. 

ცოლი ლექსოზე თხუთმეტი წლით უმცროსი იყო. ჯანმრთელი და „მოუსვენარი", როგორც მეზობლები იძახდნენ. სამი გოგო ჰყავდათ. მეოთხე, ბიჭი უნდოდა ორივეს. ბიჭიც გაუჩნდათ, მაგრამ ლექსოს ცოლი ვეღარ გადარჩა. ქალი რომ მიხვდა, ამ ქვეყნის აღარა ვარო, ლექსოს დამიძახეთო, ითხოვა. ლექსო ატუზული შევიდა ოთახში. მოდიო, უთხრა. ლექსო საწოლთან მივიდა და თვალებში შეაცქერდა. ქალმა გაუღიმა, მერე, ხელი მომეციო, თხოვა. სურვილი შეუსრულა. რაც ძალა შერჩენოდა, იმითი მოუჭირა ხელზე ხელი, აბა, შენ იცი, ბავშვებს მიხედე, მე ვკვდები, ბიჭოო, — უთხრა და გათავდა კიდეც.
ლექსო ოცდაშვიდი წლის იქნებოდა, თავისივე სოფელში მიქელაანთ მარო რო დანიშნა,
მსუქანი, შავთვალა გოგო. მალე იქორწინეს კიდეც. ქორწილის მერე, მეორე დილას ლექსო ლოგინში სიგარეტს ეწეოდა, მძინარე მაროს უყურებდა და რათ დაჭირდა ჩემი მოტყუებაო,
ფიქრობდა. რომ გაიღვიძა, უთხრა კიდეც ლექსომ, ოღონდ თვალებში ვერ შეხედა. — გოგო, მე რა მოსატყუებელი კაცი მნახე, გეთქვა და ხომ არ მოგკლავდი, გეთქვა და უსინდისო კაცი ვიყო, მაინც მოგიყვანდი, ოღონდაც, რას მატყუებდიო. მარომ ტირილი დაიწყო. ის ოხერი ქალაქელი მასწავლებელი ისე შემიჩნდა, გასაქანი არ მომცა, მეც შემიყვარდა და ერთხელაც, წყაროსთან... —
აღარ დაამთავრა.

ერთი წელი ერთად იყვნენ. იფიქრა, დავივიწყებ ამ გაწბილებასო. ვერა და ვერ დაივიწყა მასწავლებელი. ბავშვი არ გააჩენინა, ცოდვააო, ფიქრობდა. ნამუსი შეუნახა და ერთი წლის მერე სახლში გაუშვა. ლექსოს რომ ჰკითხავდნენ, ქალი რად გაუშვიო, თავს ჩაღუნავდა და „ხასიათში ვერ შევეწყვეთო", — იტყოდა. ერთხელ ქალაქში წავიდა ლექსო, წავიდა და ვიღაცას „ გადაეყარა", — როგორც სოფლელები იძახდნენ. კვირაში ორჯერ ქალაქში გარბოდა თავის „გადაყრილთან". ერთხელაც, იმის კიბეებზე გულის ფანცქალით რომ ავიდა და კარები შეაღო, მისი „გადაყრილი" ვიღაცის მუხლებზე მჯდარი დაინახა. მაგიდაზე ღვინის ბოთლი იდგა, ნახევრამდე ჩაყვანილი. ლექსო დაიბნა. „ Что стоишь как истукан!"- ო, ქალმა უთხრა. ლექსომ ვერაფერი გაიგო. სილის გარტყმა მოუნდა. მიუახლოვდა კიდეც სწრაფად, მაგრამ აღარ გაარტყა, გატრიალდა და წავიდა. იმის მერე ქალაქისაკენ აღარ გაუხედავს. წლები გადიოდა. ლექსოს ცოლის მოყვანაზე რამეს რომ ეტყოდნენ, მოიღუშებოდა და ქალის ჯილაგი გაწყდაო, იტყოდა. ოცდაათი წლის იქნებოდა ლექსო, ერთ კვირა დღეს პატარა ბიჭებს რომ გაჰყვა გაღმა სოფელში. ბიჭები საჭიდაოდ წავიდნენ და ლექსოს თხოვეს, გამოგვყევი „სუდიათაო". აქ რა გავაკეთოო, —იფიქრა და გაჰყვა. რო ბრუნდებოდნენ, გაწვიმდა. გზაზე გოგო შეხვდა. სავსე ტანზე და თეძოებზე სველი კაბა მიკრობოდა. გვერდით ჩაუარა ლექსოს. ლოყები წითელი ჰქონდა, მკერდი — მსუქანი. ლექსომ თვალი გააყოლა და ვერდაივიწყა. მერე გაიგო, ვინც იყო. ერთი კვირის შემდეგ ძმა და ძმის ამხანაგი გააგზავნა იმსოფელში. მე იმის მეტს არავის მოვიყვანო. ძმა რომ დაბრუნდა, უთხრა, იმ გოგოს ვიღაც ჰყვარებია, ექვსი თვის წინ დაღუპულა. გოგო გაბრაზდა, ხელის სათხოვნელად რომ მივედით. ასე შემოთვალა, თუ ძალიან უნდა ჩემი ცოლობა, დაიცადოს, იქნებ როდისმე კი გავთხოვდეო. 

—მასწავლებელი ხომ არ იყო ისცხონებულიო, — იკითხა ლექსომ. ძმამ გაკვირვებით შეხედა. ვითომ რათა მასწავლებელიო და არა ყოფილაო, უთხრა. —ჰო, ისევ თქვი. მასწავლებელი თუ არ იყო, დავიცდიო, — თქვა ლექსომ და მართლაც სამი წელი დაიცადა. სამიწლის შემდეგ კიდევ გაგზავნა ძმა იმ სოფელში და მალე სახლში ჰყავდა ის წითელლოყებ აგოგო.
თხუთმეტი წელი ერთად იყვნენ ლექსო და ი სგოგო, თხუთმეტი წელი უხაროდა ლექსოს სამუშაოდან შინ დაბრუნება და ყოველი ღამის მოსვლა...

იდგა ლექსო შუა ოთახში, სამი ღამის უძილო და აქეთ-იქით იყურებოდა. ცოლი რომ მოკვდა, იმ დღესვე ჩააცვეს კოსტუმი. ადრე არასდროს ცმოდა, მაგრამ რას იზამდა, მაგას კიდევ შეეჩვეოდა, მაგრამ მერე, ვიღაცამ რომ თქვა, გალსტუკი გავუკეთოთ, ქალაქიდან საწყალი თამროს ბიძაშვილები ჩამოვლენო, იფიქრა, „გავგიჟდები ნამდვილადო". ბევრი იუარა. ბოლოს მაინც გაუკეთეს. ჰოდა, იმ დღის მერე იყო ასე გამოწყობილი შავ კოსტუმში, შავ „საროჩქაში"და მუქ მწვანე გალსტუკში. 

ყველაზე მეტად რაც აწუხებდა ლექსოს, იმაზე ვერავის ვერაფერს ეუბნებოდა. ისე რცხვენოდა და სძულდა თავის თავი, რომ ვერც ეტყოდა ვერავის. თამრო რომ მოკვდა, დიდი ტირილი ატყდა. ლექსო გაშტერებული თვალებით უყურებდა ხან მომტირალებს, ხან ახლადგარდაცვლილ თამროს და არაფერი არაწუხებდა. ისეიდგა, ვითომ ვიღაცა გადამთიელის მისასამძიმრებლად იყო მისული. იმ ღამეს სკამზე იჯდა გარეთ და მხოლოდ იმიტომ ვერ იძინებდა, რომ წუხდა ასეთ გულგრილობაზე, მეორე დღის იმედი ჰქონდა. მეორე დილასაც ისევე ჩვეულებრივ შეეგება, როგორც საერთოდ. ცას ახედა, „რა კარგი დილააო," — გაიფიქრა.

იმ ოთახში შევიდა, სადაც თამრო ესვენა. ჯერ სურათს შეხედა, კედელზე მიკრულს, მერე — ქალს. ერთ ბეწოზეც არ შეწუხებულა. ხის აივანზე გავიდა ისევ და სოფელს დაუწყო ყურება. იმ დღემაც ისე ჩაიარა, მეორე დღემაც. გასვენების დილას თამროს ნათესავები ჩამოვიდნენ და მოხუცი ბებია, გაღმა სოფლიდან. ლექსომ იფიქრა, — ახლა კი მეშველა, ამათი ტირილი მაინც მაგრძნობინებს რამესო. დაჯდა ბებია კუბოსთან და მოჰყვატირილს. ბებიის ტირილის გაგონებაზე შეცვივდნენ ოთახში და საშინელება დატრიალდა. ლექსო ხედავდა, როგორ იშენდა თავში ხელს მოხუცი. შენ უნდა დაგეყარა მიწა ჩემთვის და მე როგორ დაგაყაროო?!—იძახდა. ხედავდა, როგორ ტიროდა თავისი სამი გოგო დედის სარეცელთან. ეს რა უგულო კაცი ვყოფილვარო— ფიქრობდა. გასვენებამდე ორი საათი იყო დარჩენილი, ეზოში რომ ჩავიდა და სეფისაკენ გაემართა. სეფაში ქალები იყვნენ. თეფშებს გრძელ მაგიდაზე ალაგებდნენ, ჭიქებს გვერდით უდგამდნენ, ღვინით სავსე დოქებს მაგიდის შუაში ამწკრივებდნენ. ლექსომ ერთი დოქი აიღო, იქაურობას თვალი მოავლო და მეზობელი მიტო დაინახა, ხაშლამის შემზადებაში რომ ეხმარებოდა მზარეულს. დაუძახა. მაგიდის თავში დასხდნენ ორივენი. ლექსომ გათლილი ორი ჭიქა შეავსო და „ჩემს თამროს გაუმარჯოს იმ ქვეყანაზეო", ჩუმად უთხრა. დალიეს. თქვა და მიხვდა, რომ ამ სიტყვებსაც ისე იძახდა. იცოდა, რომ უნდა ეთქვა და იმიტომ. კიდევ ჩამოასხა და კიდევ დალიეს. მერე ზედიზედ რამდენიმე ჭიქა მიაყოლეს. მიტო უკვე ენას უკიდებდა, დოქი რომ დაიცალა. სეფაში ბავშვი შემოვიდა და— „მოდი, მამი, ქალაქიდან არიან ვიღაცეებიო," —უთხრა. ლექსო ადგა, თავისი ადგილი დაიკავა ოთახშიდა „ამანაც არ მიშველაო," — ღვინოზე გაიფიქრა. 

გამოსვენების დრო დადგა. მთელი სოფელი შეიკრიბა ზატიკაანთ ლექსოს ეზოში. ქალები ტიროდნენ, კაცები სიგარეტს ეწეოდნენ და ხმას არ იღებდნენ.
—აბა, ლექსო, შენ იცი, გამაგრდიო! — ვიღაცამ უთხრა. მერე სხვამ,— მიდი, აკოცეო! არ უნდოდა ლექსოს. კიდევ უთხრეს, აქაც აკოცე და იქაც, სასაფლაოზეო. როგორ არ უნდოდა ლექსოს, რომ სცოდნოდათ, არ ეტყოდნენ. დაიხარა და მაგარ შუბლს აკოცა. ეგონა, ხეს აკოცა. ქალები აკივლდნენ, მაგრამ ლექსოს მაინც არაფერი უგრძვნია.

სასაფლაოზეც აკოცნინეს. ლექსომ გაიგონა ვიღაც ქალის მწარე ნათქვამი: „დახეთ, ქალო, მარწყვივით გოგოს მიწაში დებს და ვითომც აქ არაფერია"! რომ გაიგონა, უფრო გაბრაზდა თავის თავზე და რატომღაც, თამროზეც... საღამოს აგრილდა. გვიანობამდე გაგრძელდა ქელეხი. ლექსომ ბევრი დალია. სკამის ზურგს მიეყრდნო და ესიამოვნა, ნიავმა რო დაჰბერა. ხალხი იშლებოდა. წასვლის წინ ლექსოსთან მიდიოდა ყველა და გამაგრდიო, ეუბნებოდნენ. ლექსოს სულ იმის თქმა უნდოდა, ჩემისთანა მაგარი და ძაღლი, უგულო და ღორი არც არავინ ყოფილაო, 

მაგრამ ვერავის ეუბნებოდა სათქმელს. მხოლოდ ბოლოს უთხრა მიტოს: „მე არა ვარ კარგი კაციო".
დაღამდა. ბავშვები ბებიას გაჰყვნენ გაღმა სოფელში. მიტოს ცოლმა ლექსო ანუგეშა, ჩემთან იქნება შენი პატარაო. ლექსო მარტო დარჩა ეზოში. წამოდგა და ნელა აუყვა სახლის კიბეებს, ოთახში შევიდა, გალსტუკი მოიგლიჯა კისრიდან. კოსტუმი სკამზე მიაგდო, დანარჩენი სწრაფად გაიხადა და პირველად დაწვა ლოგინში თამროს სიკვდილის შემდეგ. მალე ჩაეძინა. შუაღამეზე მეტი იქნებოდა, რომ გამოეღვიძა, თითქოს ვიღაცამ ძალით გააღვიძა. სიბნელეს შეხედა, მხარი იცვალა, ბალიში პირზე მიიკრა. ბალიშს თამროს სუნი შერჩენოდა. ღრმად ჩაისუნთქა ლექსომ და უფრო ჩაიხუტა ბალიში. ცოტა ხანს ასე იყო, მერე კიდევ უფრო ღრმად შეისუნთქა და სულ ჩაეკრა ნაჭერს.
—მიტო! მიტო! შე არგამოსაღვიძებელო! — ანჯღრევდა მიტოს ცოლი ლოგინში. მიტო სწრაფად წამოჯდა. „რა იყო, ვინ არის"?!—შეშინებულმა თქვა. მერე, რომ მიხვდა, ყველაფერი რიგზეაო,
ისევ დააპირა ბალიშზე თავის დადება.
—მიტო! გესმის, ბიჭო?!
—რა იყო, დედაკაცო?!
—გესმის, ბიჭო?! რაღაცა ყმუის, მგელი არ იყოს.
—მგელს ამ შუა ზაფხულში რა უნდა, შე ოჯახაშენებულო!— უპასუხა ქმარმა. მაინც წამოდგა და აივანზე ფეხშიშველი გავიდა. მალე დაბრუნდა.
—რაარის, მიტო?! — შეშინებულმა ჰკითხა ქალმა.
—ლექსოა, ეგ უბედური, დაჭრილ ხარივითა ბღავის.
ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ.
—იქნება გადახვიდე, ბიჭო, მარტოა.
—რო გადავიდე, რა ვუთხრა, რით ვანუგეშო, მოვა და ისევ გვერდით დაგიწვებამე-თქი?!
კატეგორია: წიგნები | დაამატა: მანანა (2011-03-15)
ნანახია: 1073 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]