RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

ირი
ჯემალ თოფურიძე

ორმოცი წლის კაცი, გრძელი პალტოთი, ხიდზე იდგა და რკინის ჩუქურთმიან მოაჯირს დაყრდნობოდა. წყალს უყურებდა. ბნელდებოდა. ხალხი არ იყო. დროგამოშვებით, ვინმე ჩქარი ნაბიჯით თუ ჩაუვლიდა. ნაბიჯებს დაითვლიდა. კარგა ხანს იდგა ასე, მოაჯირს დაყრდნობილი. ვიღაც მოდიოდა, ოღონდ, ჩქარი ნაბიჯით არა. ნაბიჯების ხმა მის უკან შეწყდა. ცოტა ხანს არ შეხედა. მერე ცნობისმოყვარეობამ დასძლია და მოტრიალდა. მის წინ ქალი იდგა. ზურგი აქცია და წადიო, — უთხრა. ხიდზე ისევ ახმაურდა ნაბიჯები, ისევე ნელა. „ ეგღა მაკლდაო", — გაიფიქრა და გოგოს თვალები გაახსენდა უცებ. სწრაფად გახედა ნაბიჯებს. დაუძახა. ის დაბრუნდა. ახლოს მივიდა. მამაკაცი წელში გაიმართა. მაშინ შენიშნა, რომ ახალგაზრდა იყო გოგო და ძალიან კარგი. „ რატო ასეთი კარგიო", —გაიფიქრა.
—თქვენ დამიძახეთ თუ მომეჩვენა? — ჰკითხა გოგომ.
— ჰო, მე დაგიძახეთ. თქვენ?
—თუ წამიყვანთ სადმე, კარგი იქნება. — უპასუხა გოგომ და გაუღიმა. თეთრი კბილები გამოუჩნდა. ღიმილის დროს ორი წერტილი გაუჩნდა ლოყებზე. ღიმილმა უფრო დააკლო წლები.
ხიდს გადავიდნენ ისე, რომ არცერთს უთქვამს რაიმე.
გოგომ ფრთხილად გაუყარა მკლავში ხელი.
—თქვენ გაბრაზებული ხართ რაღაცაზე. — უთხრა გოგომ და გაიღიმა ისევ.
—მე, ანდრეი მქვია და გაბრაზებული არა ვარ. — უპასუხა კაცმა.
—მე, ირი.
—ირი, ირი, — ორჯერ თქვა კაცმა.
—თქვენ რუსი ხართ?..
—ადვილი გამოსაცნობია. ჰო, მე რუსი ვარ. ვგავარ რუსს?! მარტო ვდგავარ პარიზში, ხიდზე, მოწყენილი და სამოქალაქო ომი მთავრდება რუსეთში.
ქარმა ძლიერად დაუბერა. ირი აიბუზა და მკლავში გაყრილი ხელი მამაკაცის ჯიბეში ჩააცურა. ხელი, ხელს მოხვდა. კაცმა გაყინულ ხელს თავისი დიდი მტევანი შემოავლო.
—სულ გაყინულხარ... — გაიფიქრა კაცმა.
—მცივა ძალიან.
—სად წავიდეთ?
—მე მშია კიდეც!
კაცმა შეხედა ფერმკრთალ სახეს.
—მეც მშია! მალე შევჭამთ.
კაცმა ხელი უფრო მაგრად მოჰკიდა და ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ადრეც იცნობდა ამ პატარა გოგოს.
სასტუმროს სინათლე ქუჩასაც ანათებდა.
—თქვენ აქ ცხოვრობთ?
—პატარა ნომერი მაქვს აღებული.
—აქ არასოდეს ვყოფილვარ.
კაცმაშეხედა. გოგომ გაუცინა.
—ლამაზი თვალები გაქვს ირი, — ხმადაბლა უთხრა. —როცა იცინი, თვალები ციცინიან.
—ჰო, მამა სულ მაგას მეუბნებოდა.
—სხვა არ გეუბნებოდა?
—კი, ყველა, მაგრამ თქვენ მამას გავხართ, ოღონდ, უფრო ახალგაზრდა ხართ.
სასტუმროში თბილოდა. კიბეებს აუყვნენ. ირი აქეთ- იქით იყურებოდა. ოთახში შევიდნენ. კაცმა ხელით მოძებნა ჩამრთველი და ოთახი გაანათა. ირი შუა ოთახში იდგა.
—რა კარგია თქვენთან.
—რა არის კარგი?
—თქვენი ოთახი. მე მიყვარს ასეთი პატარა ოთახები და ამდენი შუქი.
—იშვიათად გიწევს კაცებთან ასეთ ოთახში ყოფნა? — გაბრაზებით თქვა კაცმა და გაუკვირდა,
რატო მეწყინაო.
ირი ფანჯარასთან მივიდა.
—მე კაცები არ მიგულისხმია. საერთოდ, ასეთი ოთახი მიყვარს-მეთქი! — არ გამოუხედავს,
ისე თქვა.
—პალტო გაიხადე და დაჯექი. — უთხრა კაცმა. თვითონ დივანზე ჩამოჯდა.
—თქვენ რატომ არ იხდით პალტოს?
—კარგი, ამ „თქვენს" ნუღარ მეძახი. ან სახელი დამიძახე, ან შენობით მომმართე.
ირიმ ნელა დაიწყო ღილების გახსნა.
—მე საჭმელს ამოვიტან რესტორნიდან. თუ გინდა, ქვევით ჩავიდეთ.
—არა, არა, რესტორანში არ მინდა, აქ ჯობია.
ირიმ პალტო სავარძელზე გადასდო, ქუდიც მოიხად. თმები აწეული ჰქონდა. სამაგრი ამოიღო თმებიდან და უცებ, გრძელმა თმამ მხრები დაუფარა. კაცის წინ იდგა ოცი წლის გოგო, გრძელი კაბით და გრძელი ფეხებით, ახალგაზრდა მკერდით და უფრო ლამაზი თვალებით.
—რა ლამაზი ყოფილხარ!..
გოგომ ხმამაღლა გაიცინა: — ვიცოდი, რომ ამას მეტყოდით; — ისევ იცინოდა.
—რა გაცინებს?
—ყველა მაგას მეუბნება, როდესაც ვიხდი და თმებს ვიშლი.
—გააწყალე შენ, ამ ყველათი საქმე!
—მე ხომვთქვი, გაბრაზებული ხართ-მეთქი.
—„თქვენ", კი არა, „შენ"! ირი, მოდი ჩემთან. — ირი მივიდა და გვერდით დაჯდა.
—მართლა გავხართ მამას, ოღონდ, უფრო ახალგაზრდა ხართ.
—მე საჭმელს ამოვიტან.
—ძალიან კარგი იქნება. მთელი დღეა, არაფერი მიჭამია.
კაცი ოთახიდან გავიდა. ირი დივნის ზურგს მიეყრდნო. ოთახს თვალი მოავლო. დივნის პირდაპირ ერთი საწოლი იდგა. გვერდით, კარადა. კარადის კარი ღია იყო და იქიდან მამაკაცის პერანგები და სამხედრო ფორმა მოჩანდა. ირი წამოდგა და კარადასთან მივიდა. ნაჭერი მოეწონა. ფორმას ხელი აუსვა. მერე შემოტრიალდა. საწოლთან, პატარა, მრგვალ მაგიდაზე წიგნი დაინახა გადაშლილი, ხელში აიღო და ვერ წაიკითხა რუსულად. მერე ფურცვლა დაუწყო, იქნებ, ნახატები იყოსო. რომ ვერ ნახა, ისევ ადგილზე დადო და დივანს დაუბრუნდა.
ცოტა ხანში მადიანად შეექცეოდნენ.
—მე ძალიან ბევრი მომივიდა. — თქვა ირიმ, როცა ყველაფერი მთავრდებოდა.
—მეც მომშიებია. — თქვა კაცმა.
—ამ ღვინომ დამათრო. იცით, მე სულ ვერა ვსვამ. თქვენთან, რუსეთში სვამენ ქალები?
—მერე როგორ! — ცოტა ხნის შემდეგ თქვა კაცმა.
—გამოიქეცით?
—წამოვედი, მაგრამ...
—რა მაგრამ?
—არაფერი.
—მითხარით რა, რა მაგრამ? .......
ირი ისევ მიეყრდნო სავარძლის ზურგს და ოთახში ჩამოკიდებულ ჭაღს ახედა. კაცმა სიგარეტს მოუკიდა და ირის მიაწოდა. ირიმ არ გამოართვა. კაცი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
—დავწვე უკვე? — ჰკითხა ირიმ.
—არაფერი საჩქარო არ არის. — თქვა კაცმა.
—მე სულ არ მინდა.
კაცი მოტრიალდა.
—მაშინ, მე დივანზე დამიგე, შენ, ლოგინში დაწექი. დაღლილი ხარ ალბათ, თანაც, გვიანია უკვე.
ირიმ გაკვირვებით შეხედა.
— ჰო, ჰო, მე დივანზე დამიგე. — გაიმეორა კაცმა.
ირი წამოდგა და ლოყაზე აკოცა ისე, როგორც პატარა გოგოებმა იციან. კაცმა ხელიმოისვა.
—თქვენ კარგი ხართ. — უთხრა ირიმ.
დივანზე ჩამოჯდნენ. გოგო მკერდზე მიეყრდნო. კაცმა თმებზე მოჰკიდა ხელი.
—ნუ ხართ ასე მოწყენილი. — უთხრა გოგომ და თვალებში შეხედა. კაცი დაიხარა და პატარა ტუჩებს აკოცა. ირი წამოდგა, კაციც, და მაგრად მიიზიდა თავისკენ; მკვრივი ტანი მთელ სხეულზე ედებოდა. ხელები წელზე მოხვია და ძალიან მოუნდა მასთან ყოფნა.
—მე სინათლეს ჩავაქრობ. — ჩუმად თქვა გოგომ.

***
ფანჯრიდან მთვარის შუქი ეცემოდა საწოლს. ირისკაცის მკლავზე ედო თავი და ფანჯარას უყურებდა.
—ნეტა თოვლი მოდიოდეს— თქვა გოგომ.
—რად გინდა თოვლი?
—რა ვიცი! ახლა ძლაიან მომინდა, რომ თოვლის ფიფქებს ვხედავდე. აი, ასე ვიწვე თქვენთან ერთად და ფიფქებს ვუყურებდე.
—კიდევ თქვენობით მელაპარაკები?
—მეც მიკვირს, რატომ.
—ალბათ, ძალიან უცხოდ მთვლი მაინც და იმიტომ.
—არა, არა, არა, პირიქით! შენ; აი, ვთქვი. — შენ ყველაზე ახლობელი ხარ.
—აიასე. ახლა დაიძინე.
—შენ დაიძინე. მე სულ არ მეძინება.
—მეც არ მეძინება.
—სად ისწავლეთ ასე კარგად ფრანგული?
—რუსეთში.
—ის რა წიგნია, მაგიდაზე რომ დევს?
—ის კარგი წიგნია ძალიან.
—ფრანგულად კითხულობ?
—კი.
—მაინც, ის რა წიგნია?
—ბიბლიაა.
—რა საინტერესოა. მამასაც ჰქონდა ბიბლია, ოღონდ მაშინ პატარა ვიყავი.
—მამა სადაა?
—მამა აღარაა, არც არავინ აღარაა. დედა რომ მოკვდა, მამა გალოთდა.
—ახლა სად ცხოვრობ?
—არსად. უფრო სწორად, ერთ პატარა ოთახში, თუ ოთახი შეიძლება იმას ერქვას. მამა რომ გალოთდა, მაშინ გაიტანა სახლიდან ის ბიბლიაც, სხვა წიგნებთან ერთად. ბოლოს, არაფერი რომ არ დარჩა გასაყიდი, წიგნებს მიადგა. მაგრამ მე მაინც მიყვარდა მამა. ეს სულ ორ წელიწადში მოხდა. შარშან დავასაფლავე. ახლა რომ ვფიქრობ მამაზე, ცუდი არაფერი მაგონდება, არც იმ ორი წლის ლოთობა მაგონდება. ადრე როგორიც იყო, ისეთს ვხედავ: — ლამაზი, ჯანმრთელი, აი ისეთი, შენ რომ ხარ, ოღონდ, იმას მაშინ მოწყენილი არ ჰქონდა თვალები... ერთი წელია დავიწყე.
—რამ დაგაწყებინა?
—შენ გიშიმშილია როდისმე?! — გაბრაზებით თქვა გოგომ.
—არა, არასოდეს.
—მაშინ ცუდს ნურაფერს მეტყვი. მე ძალიან კარგად ვიცი, რაც არის. ნურც იფიქრებ ჩემზე ცუდად, იმიტომ, რომ მე, გამოვისყიდი. ცოტა ხანს ვაცლი და თუ ასე გაგრძელდა, თავს მოვიკლავ.
—ბავშვი ხარ.
—ვიყო, გამოვისყიდი ამით.
—ერთ ცოდვასაც მიამატებ.
—არა, მე ასე არ ვფიქრობ.
გაჩუმდნენ. ირი ისევ ფანჯარას უყურებდა. კაცი ირიზე ფიქრობდა.
—შენ ძალიან კარგი ხარ. — უთხრა ირიმ და მკლავზე აკოცა.
—რატომ გგონია?
—მამას გავხარ... ხვალ გაგაღვიძო ადრე?
—არა, არსად არ მეჩქარება.
—აბა, მე წავიდე ადრე?
—როგორც გინდა. თუ შენც არ გეჩქარება, იყავი.
—ჩემზე ნუ ფიქრობ. მე გაგდებასაც ვარ მიჩვეული.
—არა, მე ჩემზე ვფიქრობ... ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ.
—ანდრეი!
—რაიყო?
—კარგია რუსეთი?
—ძალიან! ყველაფერზე კარგია!
—არ ჩაგესვლება?
—არა, ირი!
—ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვობაში, გავიგონებდი რამეს რუსეთზე და მერე, მამას ავიკლებდი კითხვებით. —შიშველ მკლავზე აკოცა.
—ირი!
—რა იყო?
—ყველაზე კარგი სასტუმრო რომელია აქ?
—აქვეა, ახლოს; რა იყო?
—არაფერი; ახლა გამახსენდა, რომ არც მიკითხავს, პირდაპირ აქ მოვედი.
—სასტუმროზე გამახსენდა...
—ირი, იცი, რა კარგი თვალები გაქვს?! — შეაწყვეტინა კაცმა.
—მოიცა! სასტუმროზე გამახსენდა-მეთქი. დღეს დილით სასტუმროდან გამოვდიოდი. კარებში ახალგაზრდა კაცი შემეფეთა, გზა დამითმო; მე გავიარე, გამომეკიდა და მკითხა, რა გქვიაო. ირი მეთქი, — ვუთხარი. ჩემს ხელს მოკიდა ხელი და იცი, რა ქნა?
—რა, ირი?
—ხელზე მაკოცა. ღმერთო ჩემო, რამდენი ხანია, არავის უკოცნია ჩემთვის ხელზე. ისე უჩვეულო იყო, რომ სასწრაფოდ გამოვტაცე ხელი. მერე შევწუხდი, ასე უხეშად რომ გავაკეთე და გავუღიმე. მერე მითხრა, მაპატიეთ თავხედობისთვის და იქნებ გამაბედნიეროთ და შემხვდეთ სადმეო. თუნდაც ნახევარი საათითო. მე უარი ვუთხარი. შუადღისას ჩემი ერთი ნაცნობი ბიჭი მოვიდა. არა, ანდრეი, საყვარელი არა, ფული მიაქვს ხოლმე ჩემგან; ვინმე მდიდარს გამირიგებს და ნახევარი მიაქვს. ყველაზე ცუდი ადამიანია, ვინც კი შემხვედრია ცხოვრებაში. მოვიდა და მითხრა: ერთი ძალიან მდიდარი კაცია ჩამოსული და ლამაზი ქალი უნდაო. თანაც, ძალიან ისეთი არაო, ნუ, ხომ გესმის? გავყევი და შორიდან დამანახე-მეთქი, ვუთხარი. ყოველთვის ასე ვაკეთებ. იმ სასტუმროსთან მიმიყვანა, საიდანაც დილით გამოვედი. ხეს მოვეფარე.= მალე დაბრუნდა დ აკარებში შემა ხედა. აი, ის არისო. ის კაცი იყო, ანდრეი, დილით რომ შემხვდა.
რაც არ უნდა მოეცათ, არ წავიდოდი. იმიტომ დავრჩი მშიერი.
ირი გაჩუმდა. თვალები დახუჭა.
—ირი,— ჩუმად უთხრა ცოტა ხნის შემდეგ, — ხომ არ გძინავს?
—არა. არც მინდა დავიძინო, ისე კარგად ვარ შენთან.
—შენ ნურსად ნუ წახვალხვალ.
—როგორ?
—ისე, არსად არ წახვიდე. დასაერთოდ, მარტო ჩემთან იყავი. ხომ გირჩევნია?
— რას ამბობ?
—რასაც ვამბობ. მეც მარტო ვარ.
—და არ გამაგდებ? — საწოლზე წამოჯდა ირი.
—დაწექი!— ირი ისევ გვერდით მიუწვა და მოიხარა ლოგინში.
—არ გამაგდებ?
—დაიძინე შენი ჭირიმე. როგორ გაგაგდებ?
—მე უკვევიცი, როგორც მეყვარები...
—არასოდეს არ იციან, როგორ ეყვარებათ.
—მე ვიცი.

***
ზამთარი იყო. ნამდვილი, ციმბირული. ხის ბარაკში პატიმარი ქალები ერთ პურს პატარა ნაჭრებად ჭრიდნენ.
—საწყალი ფრანგი, როგორ მკვდარივით სძინავს. — თქვაერთმა, სხვებთან შედარებით, მსუქანმა ქალმა.
—ეგ ვინღაა? — იკითხა სხვამ.
—გუშინ ღამე მოიყვანეს. — თქვა ისევ მსუქანმა. — სიცხისგან მთელი ტანით კანკალებდა, ჩემი... დავახურე.
—სულელი! — დააყოლა მეორემ. მეფის ოფიცერს გამოჰყოლია საფრანგეთიდან; ყოფილიყო თავის ქვეყანაში; შეუყვარდა! — ცინიკურად დაამთავრა.
—გააღვიძე, ცოდოა! — თქვა ისევ მსუქანმა. — ერთი პატარა ნაჭერი იმასაც ერგება.
—რა ჰქვია?
—ირი, მე მგონი.
გამხდარი ქალი ნარებთან მივიდა.
—ეი, ირი, გაიღვიძე! პური არ გინდა?
—არ იღვიძებს. — მოუტრიალდა ქალებს.
—ეი, ფრანგო!— ხელით შეანჯღრია. სწრაფად მოტრიალდა. — მკვდარია, გოგოებო!
ხის ბარაკებს ქარი კივილით იკლებდა.

კატეგორია: წიგნები | დაამატა: მანანა (2011-04-22)
ნანახია: 809 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]