RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მოთხრობები

გისოსებს მიღმა დარჩენილი მამა
„თქვე სულელებო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, სანამ ცოცხალი ვარ, და თქვენ კი წერა შეგიძლიათ, მკითხეთ, ჩაიწერეთ, ვერა ხედავთ, რომ მამათქვენზე თქვენს გარდა ყველა „მემუარებს“ წერს ათასი ტყუილ-მართლითო?“ - დღემდე ასე გვეჯუჯღუნება დედაჩემი მე და ქეთინოს. 83 წლისაა და ეშინია, ძვირფასი მოგონებებით სავსე გუდა გაუხსნელად არ წაჰყვეს უკეთეს სამყაროში, თუმცა მის შემხედვარეს, იოტისოდენი ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ჩემი დედა გარსია მარკესის ურსულასავით საიდუმლოებით მოსილი და მარადიულია.
არადა არც ისეა საქმე, პირადად მე, ამ ხნის განმავლობაში არაერთი ესსეის ფორმის ნარკვევი მაქვს მამაჩემზე დაწერილი, თუმცა მიმაჩნია, რომ მან საკუთარი ბიოგრაფია თავად ამოწურა თავის ნაწარმოებებში და იქ დამატებით ხელის ფათური, თუნდაც შვილებისაგან, საერთოდ არ არის საჭირო.
ახლა ისეთი ამბის მოყოლას ვაპირებ, რომელიც თვითონ თითქმის დოკუმენტური სიზუსტით ასახა „თეთრ ბაირაღებში“. მაშ რაღას ირჯებიო, მკითხავთ ალბათ, საქმე კი ისაა, რომ გუშინ „პროფილიდან“ დამირეკეს და მითხრეს, სტუდიაში „თეთრი ბაირაღების“ სპექტაკლსა და ფილმს დაბადების დღეს ვუხდით და რეჟისორებს, მსახიობებს, ასევე, ამ ნაწარმოებთან დაკავშირებულ სხვა ადამიანებსაც ვიწვევთ სტუდიაშიო. ოჯახის წევრები, რომელ კატეგორიას მიგვაკუთვნეს არ ვიცი, მაგრამ მაინც დაგვპატიჟეს.
დედაჩემი უკვე რამდენიმე წელია უარს ამბობს ტელეგადაცემებში მონაწილეობაზე, ქეთინო ქალაქიდან იყო გასული და საბოლოო ჯამში ქართლული ხელოვნებისა და კულტურის ნამდვილი თანავერსკვლავედის შინაშე სრუიად მარტოდ-მრტო აღმოვჩნდი. ამას ისიც დაემატა, რომ მამაჩემის ციხის ამბებზე, როგორც „თვითმხილველსა“ და „მოწმეს“, მე უნდა მესაუბრა.
და, აი ასრულდა დედაჩემის ოცნება, ავიღე ხელში ბლოკნოტი და კალამი და მის „დაკითხვასა“ და ჩაწერას შევუდექი.
- აბა ერთი მითხარი რა მოხდა მაშინ რესტორან „გემოში“ ისეთი, რაც „თეთრ ბაირაღებში“ არ წერია. ამბობენ ეგ ამბავი ბოლომზე მაინც ვერ გამოიძიესო, - ვამზადებ დედაჩემს საოცრებების მოსაყოლად და ისიც ყვება ზუსტად იმ ფაქტებს, რაც წიგნში, მორძალებულად რომ ვთქვათ, ბევრად უფრო“შთამბეჭდავადაა“აღწერილი. გადავწყვიტე ჩავკითხებოდი.
- როდის დაიჭირეს?
- 14 აპრილს
- 14 ივლისს დაიბადა...
- 14 სექტემბერს გარდაიცვალა და 14 ოქტომბერს მოვაწერეთ ხელი.
- რა საბედისწერო რიცხვია!
- ჰო, ასე გამოვიდა, მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ რიცხვში ხდებოდა.
- როსტომ ბარათაშვილს (წიგნში - როსტომ ამილახვარი) საიდან იცნობდა?
- ქალაქიდან, უბნიდან, ბავშვობაში ერთ სკოლაში სწაავლობდნენ. რეპრესიების დროს, ნოდარს მამა დაუხვრიტეს, დედა ყაზახეთში გადაუსახლეს, ბავშვები სოხუმში წაიყვანეს დეიდებთან, მერე ნოდარი გურიაში გადაიყვანეს ბაბუამისთან. ასე, რომ სტუდენტობამდე მამაშენს და როსტომს ერთმანეთი აღარ უნახავთ. სწორედ იმ დაწყევლილ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს და როსტომმა ნოდარი რესტორანში დაპატიჟა.
- მარტო იყვნენ? თუ არ ვცდები, მათთან ერთად სხვებიც დაიჭირეს, მაგრამ ეს წიგნში არ წერია.
- ჰო, მალხაზ ეგანოვი, ჩიჩიკა - ანდრო ჭიჭინაძე, ეგენი როსტომის და ნოდარის ამხანაგები იყვნენ, მაგრამ ცალკე ქეიფობდნენ, როცა ესენი „გემოში“ ჩავიდნენ. ჩიჩიკა მოგვიანებით აიყვანეს, მალხაზ ეგანოვის ჩვენების შემდეგ.
- რომელი პერსონაჟია ნამდვილი და რომელი მოგონილი „ბაირაღებში?
- მოგონილია, მაგალითად, ძია ისიდორე, შოშია, მაგრამ რეალურია ტიგრანა, ჭიჭიკო გოგოლი, გამომძიებელი გაგუა ...გახსოვს ჭიჭიკო გოგოლი მამაშენის დამკრძალავ მანქანაში რომ ჩაჯდა და მიაცილა მწერალთა კავშირამდე? ტიგრანა რომ მოვიდა ჩვენთან სახლში, გახსოვს?
- როგორ არ მახსოვს, ტიგრანამ რომ გითხრა „სესტრიჩკაო“ - ამას რა დამავიწყებს, იმდენი ვიცინე მაშინ.
- ჰო, ნოდარს უთხრა „ ზდაროვა ბრატ!“, მერე ნოდარმა კაბინეტში შეიყვანა, მე მოგვიანებით ჩაი შევუტანე. მაშინ ტიგრანამ გვითხრა, ქურდობას შევეშვი, განათლებული შვილი მყავს, კარგ ადგილზე მუშობს და არ მინდა ვინმემემ წამოაძახოს, მამაშენი ქურდიაო.
- ლიმონა ნამდვილია?
- კი, ნამდვილია, მთწმინდაზე ცხოვრობდა ძალიან ცნობილი ქურდი, ილო დევდარიანი. ის მამაშენთან ერთადარ საკანში არ მჯდარა, იცნობდა ამ ადამიანს და ლიმონას პროტოტიპად აირჩა. „მარადისობის კანონშიც“ ჰყავს გამოყვანილი დაახლოებით ეგეთივე ტიპის პერსონაჟი -- სიმპატიური ქურდი, რომელსაც ბაჩანა რამიშვილისთვის იშვიათი წამლები მოაქვს და ეუბნება მამა იორამს გაუყავიო, როგორც „პალატის მეგობარს“. იმის პროტოტიპიც ცნობილი მთაწმინდელი ქურდია, კაკო ამბოკაძე.
- როგორ ექცეოდნენ ციხეში, ხომ არ უთქვამს გვცემდნენ ან გვაწამებდნენო?
- არა, მაშინ ეგეთი რამეები აკრძალული იყო, - ძალიან დამაჯერებლად მიპასუხა
- ეგებ გითხრა და არ გახსოვს, ან არ გინდა რომ თქვა? - არ მოვეშვი.
- არა ბატონო, არ უთქვამს და ხომ არ დავაბრალებ, არც წერილში მოუწერია მსგავსი რამე, აი გამომძიებელი გაგუა კი მე მაგრა მაწვებოდა, უთხარი აღიაროს დანაშაული და სასჯელი შეუმსუბუქდებაო.
- შენ რატომ გაწვებოდა? - ახლა სხვა კუთხით მოვუტრიალე კითხვა.
- იმიტომ, რომ ნოდარისგან ვერავითარი აღიარება ვერ მიიღო და საქმე უჭიანურდებოდა. მე მარწმუნებდა, თუ აღიარებს, პირველი პატიმრობაა, სასჯელს შეუმსუბუქებენ, მალე გამოვა, ახალგაზრდები ხართ და მთელი ცხოვრება წინა გაქვთო.
- სულ ეს იყო?
- არა, კიდევ მეუბნებოდა, წერილი მიწერე შენ ქმარს და ურჩიე აღიაროს დანაშაულიო. მე ჭკუა ვიხმარე და დავთანხმდი, - განსაკუთრებული სიამაყით წარმოთქვა ეს წინადადება დედაჩემმა.
- რა ამბობ!
- დიახ, დავთანხმდი და ისეთი ეშმაკური წერილი დავწერე, იმ გაგუამ თავისი ხელით დახია.
- მაინც რა დაწერე ასეთი?
- დავწერე: „ნოდარ, დაუჯერე გამომძიებელს, ჩვენი კაცია!“
- აუ, რა მაგარი ხარ?!
- არა ბიჭო, სად გამოაჩენდა ამ წერილს, გაგუა კი მოვიშორე, მაგრამ მთავარი მერე მოხდა, სწორედ მაშინ ჩამოვიდა საქართველოში გოლსტი და ყველა საქმე შესასწავლად გამოითხოვა.
- გოლსტი ვინაა?
- ამიეკავკასიის მთავარი პროკურორი. „გემოს“ საქმეს რომ გაეცნო, ყველა სათითაოდ დაჰკითხა, ეგანოვის დედა, როსტომის ცოლი... ყველაზე ბოლოს მე დამკითხა და იცი რა მითხრა? თქვენს ქმარს უთხარით, რესტორნებში სიარულს მოეშვასო. სერთოდ კი უკითხავს, თურმე, ეს კაცი რატომ ზისო?
- ეგ რას ნიშშნავს?
- მაშინ მეც ვერ მივხვდი, ისე გავოგნდი, დიახ, აუცილებლად გადავცემმეთქი, ვუთხარი და ასე გონებადაბინდული გამოვედი დაკითხვიდან.
- რა ჰქონდა მისჯილი?
- მისჯილი არა, მაგრამ დახვრეტის მუხლი ჰქონდათ მიყენებული ნოდარსაც და როსტომსაც.
- და ასეთი მუხლის პატიმარს შეუთვალა, რესტორანში სიარულს მოეშვიო? ეს რა ცინიზმია?
- მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც რაღაც ხავსს ვეჭიდებოდი, რაღაც იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. გარეთ მამია ბიძია მიცდიდა, ტროტუარზე იჯდა მუხლებში თავჩარგული. შიშით თვალს ვერ მისწორებდა. მამია ბიძია რატომღაც მგონია, რომ ნოდარს მალე გამოუშვებენმეთქი, ვუთხარი მე, თავადაც ვერ მივხვდი, როგორ აღმომხდა ეს სიტყვები. მამიამ თავი ასწია და საიდან იციო, მკითხა.
- რესტორანში სიარულს მოეშვასო, ასე მითხრა იმ კაცმა და რა ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს! - სახლამდე ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია.
- ბებიაჩემი?
- რა ბებიაშენი? ბებიაშენი ეთხელაც არ მისულა ციხეში, გამოაცხადა, ჩემი შვილი პატიმარია და დღეიდან მეც პატიმარი უნდა ვიყოო, დაჯდა კუთხეში და ფეხს არ იცვლიდა იქიდან, ჭკუიდან გადავყავდი... ყველაფერზე მე დავრბოდი: საბუთები გინდა, ხელმოწერები, დახასიათებები, ვექილები, „პერედაჩები“. მოკლედ რაც წიგნში დედაზე წერია, სულ ჩემი ნამოქმედარია. წიგნი რომ დაიბეჭდა, გულიკო ბახტაძე ხუმრობდა, ეს რა მოგსვლია ნოდარ, ცოლი დედაში აგერიაო! - სულ სხაპასხუპით ჩამიკაკლა დედაჩემმა.
- რა მერე, გიკვირს? ბებიაჩემს ქმარი დაუხვრიტეს, თვითონ ათწლიანი „სროკი“ მიოხადა ყაზახეთის ბანაკებში, მეტს რას ელოდი მისგან, ვისი ან რისი იმედი უნდა ჰქონოდა, რა აზრი ჰქონდა მისთვის სირბილს და ხელის განძრრევას, ამაზე არ გიფიქრია? ციხე, რომ მისი მოდგმის ბედისწერად მიაჩნდა... ჩაუსვეს ციხეში შვილი და თავადაც „ციხეში ჩაჯდა“ ... ამაზე არ დაფიქრებულხარ?
- ფიქრის დრო არ მქონდა, 23 წლის გოგო ციხის კარზე ვიყავი ატუზული და რაც უნდა დამჯდომოდა ქმარი უნდა გადამერჩინა. ღამ-ღამობით კერვით თვალებს ვითხრიდი, მამაშენისთვის ნორმალური „პერედაჩა“ რომ შემეგზავნა. რა დროს ფიქრი იყო, 24 საათი ციბრუტივით ვტრიალებდი.
- კომკავშირის მდივანმა რომ დახასიათება არ დაგიწერა, მართალია?
- კი, მართალია, მაგრამ სამაგიეროდ, მაგალი თოდუა მივიდა ნიკო კეცხოველთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი) და უთხრა, ნოდარი დაიჭირეს და უშველეთო. იმას თავში წაუშენია ხელი და უყვირია, პოლიტიკურზეო? და როცა მაგალიმ აუხსნა, მკვლელობისთვიო, შვებით ამოუსუნთქავს,ნოდარი მკვლელი არ არის, ტყუილი იქნება და მალე ყველაფერი გაირკვევაო. ძალიან გვეხმარებოდა ძია ნიკო, ბესო ჟღენტი... ის მაშინ უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ხელმძღანელი იყო და ძალიან უყვარდა ნოდარი.
- ჟესტებით , მუნჯური ლაპარაკი როდის ისწავლე? სულ 7 თვე არ იჯდა მამა ციხეში?
- ეგეც მაშინ ვისწავლე, ეჰ, არ დაგჭირდეს თორემ...ხუთიდან რვა საათთამდე პატიმრები ტუალეტში გაჰყავდათ, დერეფანში ერთ სარკმელთან უნდა გაევლოთ და იმ სარკმლიდან ცხვირსახოცს მიქნევდა ხოლმე, ხან რაღაცეებს მანიშნებდა ხელებით. ის სამი საათი გაუნძრევლად ვიდექი და ველოდი, როდის მოადგებოდა ნოდარი სარკმელს. ერთხელ გისოსებს ჩაებღაუჭა და ტანით სარკმელს აეკრა, ამის დანახვაზე, გული წამივიდა. მალხაზ ეგანოვის ცოლმა მომაბრუნა, ის თავისი ქმრისგან ელოდა ნიშანს. ერთხელ წერილი გადმომიგდო და დაცვამ დაინახა. მე წერილის უბეში ჩაკუჭვა მოვასწარი. დაცვამ ხელი დამავლო და მოსაცდელში შემათრია. მე ვყვიროდი, უბრალო გამვლელი ვარ, აქ რა მინდა, მე აქ არავინ მყავსმეთქი. არ მიჯერებდნენ. ამ დროს მოსაცდელში გურამ დოჩანაშვილის მამა, ბატონი პეტრე შემოვიდა, იქ მუშაობდა ციხის საავადმყოფოში. ბატონმა პეტრემ ტუჩზე თითის მიდებით მანიშნა, გაჩუმდიო. მისი დახმარებით, როგორც იქნა იქაურობას თავი დავაღწიე, ნოდარი კი მეორე დღეს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ძალიან დიდი შვება იყო ყველასთვის.
- საავადმყოფოში რანდენი ხანი იყო?
- ცოტა, თირკმელები ტკიოდა და შეტევების დროს გადაჰყავდათ ხოლმე. თავის დაბადების დღეზეც იქ აღმოჩნდა. ძვირფასი „პერედაჩა“ გავუკეთე, ღვინისგან კისელი მოვხარშე და ისე შევუგზავნე. ღმერთო, რას არ ვაკეთებდი, ოღონდ მისთვის ტანჯვა შემემსუბუქებინა. მერე და რისთვის იტანჯებოდა, სულ უდანაშაულო!
- ძვირფასი „პერედაჩა“ როგორ მოახერხე?
- მშობლები დამეხმარნენ, თან შეკვეთებს ვიღებდი, დღე და ღამე ვკერავდი. შევფუთე ეს „პერედაჩა“, წავიღე ციხეში და არ მიიღეს... დილით, თურმე ბიცოლამისს შეუგზავნია სადილი, კატლეტი და პიურე. კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა.
- აუ, წარმომიდგენია, მერე რა უქენი იმ ძვირფას პროდუქტს?
- რა ვუქენი და არ დაიჯერებ: ჩვენს სახლში რომ შისახკომელი შუქურა ჯოჯუა ცხოვრობდა ხომ გახსოვს? მაშინ ძალიან დიდი თანამდებობა ეკავა, იმას მივადექი და ვუთხარი, გაუგებრობა მოხდა, „პერედაჩს“ არ ღებულობენ და დამეხმარემეთქი. შუქურამ ტელეფონის ნომერი აკრიფა. მე დავიმახსოვრე. ჩემზე უთხრა, ესა და ეს ქალი მოვა ხვალ და სადილი შეატანინეო. ამის მერე მე კვირაში ერთხელ ვრეკავდი იმ დამახსოვრებულ ნომერზე და მდივან ქალს ვეუბნებოდი, ისა ვარ, ვისზეც შუქურიმ გთხოვათ და დამეხმარეთთქო...
- არა მართლა მაგარი ხარ, ღმერთმანი?! ესე იგი, გაამართლა?
- გაამართლა აბა რა, ვინ მეტყოდა უარს, ისეთი კაცის სახელით ვრეკავდი - გაეცინა დედაჩემს.
- რა ქვია მერე შენს საქციელს?
- რა ქვია? რა ვიცი რა ქვია, რაში მაინტერესებს, მაშინ 23 წლის ვიყავი, უდანაშაულო პატიმრის ცოლი... რა ქვია და - სიყვარული, ჰო, ამას ქვია სიყვარული! - თვალები აუცრემლიანდა დედაჩემს -- ერთ დღესაც შეტყობინება მივიღე ციხიდან - გამოცხადდითო. მარტო წასვლა შემეშინდა და ჩვენი მეჯვარე, ციალა კიღურაძე წავიყვანე. ტროტუარზე ველოდით. უცებ რკინის კარი მძიმედ, რიხინ-რიხინის გაიხსნა და იქიდან გამოვიდა ნოდარი, თავგადაპარსული, ფერმკრთალი, ხელში დახვეული და თოკით გადაკოჭილი საბანი ეჭირა. სამი წელი პირობითი მიუსაჯეს!

* * *
ცარიელ ოთახში ძალიან ცივა, დედამ ფართო მოაჯირზე შემომაყენა. ჩემს წინ წვრილი ბადეა გადაჭიმული. ბადის იქით სიცარიელეა, ნაცრისფერი ცარიელი ოთახის კუთხეში ვიწრო, ნაცრისფერი, რკინის კარი მოსჩანს. ორივე ხელით ბადეზე ვარ ჩაბღაუჭებული და იმ კარს მივჩერებივარ. კარი მძიმედ და ღრჭიალთ იღება. იქიდან ვიღაც კაცი გამოდის, ძალიან გამხდარი, მხრებში მოხრილი, თავგადაპარსული, წვერგაუპარსავი, არ ვიცი ვინ, რაღაც ნაცრისფერი, ფართხუნა ტანსაცმელი აცვია, თვითონაც სულ ნაცრისფერია, მიახლოვდება, ისიც ბადეს ებღაუჭება და თბილი, თაფლისფერი, წყლიანი თვალებით მეფერება. თვალები ისეთი სველი აქვს, სინათლეზე უბრწყინავს, ქვედა ტუჩი და ყბა უკანკალებს.
- მა... - ჩამესმის ყურში - მააა...
- მამააააა ... მამა აქედან ვერ გამოეტევაააა ... მამა ამ კლეტკიდან ვერ გამოძვრებაააა... - ვკივი - ამ კლეტკიდან ვერ გამოძვრებაააა....
- წაიყვანეთ, წაიყვანეთ! - ღრიალებს მამაჩემი ბადის იქით და კარისკენ გარბის, თან ხელს იქნევს, - წაიყვანეთ აქედან, რატომ მოიყვანეთ!
მერე კარი ისეთი ჯახუნით იკეტება, ის ხმა ახლაც მზარავს.

* * *

- ორწლინახევრის იყავი მამასთან „პაემანზე“ რომ მიგიყვანე - მეუბნება დედაჩემი.
- მახსოვს
- ნუ სულელობ, რა გახსოვს, ისეთი ღრიალი მორთეთ ორივემ, პაემანი წამიც არ გაგრძელებულა.
- გინდა გითხრა რას ვღრიალებდი?... „მამა იმ კლეტკიდან ვერ გამოეტევა!“, ყველაფერი მახსოვს, სულ დეტალებში!
- ნუ სულელობ, ეტყობა მე მოგიყევი და გგონია, რომ გახსოვს, - მარწმუნებს დედა.
- არა, არ მოგიყოლია. სხვა არაფერი მახსოვს იმ პერიოდიდან - მარტო ეგ. მამას ხმაც მახსოვს და ჩემიც, ახლაც მესმის.... წაიყვანეთ აქადან, წაიყვანეეეეეეეეეეეეთ! მამა ამ კლეტკიდან ვერ გამოეტევააააააააააააა.
კატეგორია: მოთხრობები | დაამატა: მანანა (2013-03-11)
ნანახია: 3217 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 მამუკა  
0 Spam
მანანა ჯიგარი ხარ! ამატირე ხომ?!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]