RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

თორნიკე გურჯინთახი მოთხრობა
პატიოსნება, სიურპრიზი და კიდევ ათასი უბედურება

ამ ბოლო დროს ჩემს თავზე ვარ აღრენილი. ვერაფრით მოვახერხე და ენას კბილი ვერ დავაჭირე, უფრო სწორად, ამბის მოკლედ მოყოლა ვერ ვისწავლე. საშინელებაა წლების განმავლობაში რომ წვალობ და ნაწვალებზე რომ გეტყვიან, ცოტა გაწელილიაო. სიტყვა "ცოტას" კი იმიტომ ხმარობენ, რომ მძიმე განაჩენი ოდნავ შეამსუბუქონ.
მე და ჯიჯო კლასელები ვიყავით. მუდამ ერთ მერხზე ვისხედით. მხოლოდ ინფორმატიკის გაკვეთილზე გვსვამდნენ ცალ-ცალკე. ჯიჯოს დიდი შავი თვალები ჰქონდა. ყოველთვის მოწყენილი იყურებოდა. ძალიან მორცხვი იყო, ქუჩაში გამვლელს, სიგარეტი ხომ არა გაქვთო, ვერ ჰკითხავდა. ჩემგან განსხვავებით, შესანიშნავად სწავლობდა. თუ არ ვცდები, მხოლოდ ქიმიაში გამოყვა სამიანი, არადა, დედ-მამა ფიზიკოს-ქიმიკოსი ჰყავდა. მორწმუნე იყო, მეხუთე კლასიდან მკაცრად იცავდა მარხვას. ძალიან ერთგული ძმაკაცი და მიამიტი გულის ბიჭი იყო. თუმცა, მყრალი ენა ჰქონდა, სულ უწმაწურ სიტყვებს გაიძახოდა, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ყველაზე ზრდილობიანი ეგონათ. ბებია და ბაბუაც ცოცხალი ჰყავდა. ბაბუამისი მაგარი ექიმი იყო, "სპეც-ოპერაციებზე" იძახებდნენ მოსკოვსა და მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორიდან. განსაკუთრებით, მონღოლეთში უხდიდნენ ბევრ ფულს.
მე და ჯიჯო უნივერსიტეტშიც ერთ ფაკულტეტზე მოვხვდით, ეკონომიკური გეოგრაფია. აქაც გამოირჩეოდა ნიჭით, აკადემიური მოსწრებით და დახვეწილი ჩაცმის სტილით, თუმცა, ბევრი არაფერი ებადა. მართალი გითხრათ, მე ერთი საათითაც არ დავმჯდარვარ სტუდენტობის პერიოდში სამეცადინოდ, ის კი ერთ საათში ყველაფრის მომზადებას ასწრებდა. აი, სიმთვრალე კი საშინელი ჰქონდა და ამიტომ ალკოჰოლს არასდროს ეტანებოდა.
ერთ დღეს არყით გამოთვრა და "გაიშნიკს" შესთავაზა ტანგო მეცეკვეო. ისე გვცემეს, ტომრებივით გამოგვიტანეს პოლიციის განყოფილებიდან. ინსტიტუტი, უფრო სწორად, უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, მამამისმა "ნოლ-ცხრა" აჩუქა და ამერიკიდან ჩამოტანილი "რეიბანები". მე გამწარებული ვეძებდი სამუშაოს, მაგრამ ვერაფერს მივაგენი, ჯიჯოს კი ხან ვინ დასდევდა და ხან ვინ, და ათასგვარ სამსახურს სთავაზობდნენ. ბოლოს ეკონომიკის სამინისტროზე შეაჩერა არჩევანი და ყოველდღე დილის რვა საათზე დგებოდა. ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით ნაცრისფერი კოსტუმის ჩაცმა უყვარდა, არა და საშინლად არ უხდებოდა. ბებიამისი ნერვებს მიშლიდა, როდესაც ჩაცმის ამ სტილს უქებდა და სახლიდან გასვლის წინ თმას თავისი ხელით უვარცხნიდა.
_ აღარ გაიზარდე, შეჩემა?
_ რა გინდა?
_ რა, რა მინდა?! თმებს მაინც ნუ ავარცხნინებ, ტო.
_ ნეტავი, შენ.
_ ეს პიჯაკი არ გიხდება!
_ ბებიაჩემი ამბობს გიხდებაო.
_ კაროჩე, რაც გინდა ის გიქნია.
_ მადლობა ღმერთს, ნეტავ ადრე გეთქვა ეს წინადადება.
მოკლედ, ჯიუტი იყო. სხვათა შორის, ეს თვისება, რაც უნდა უცნაური იყოს, ახლა შევატყვე. ჯიჯომ, როგორც იქნა, სამსახური მიშოვნა, ოღონდ სანამ მინისტრად არ დანიშნეს ვერაფერი მომიხერხა. სულ მიკვირდა და სულ ვეუბნებოდი, ასეთმა მორიდებულმა კაცმა ამდენს როგორ მიაღწიე-მეთქი. სამინისტროში ზუსტად რა თანამდებობაზე ვმუშაობდი ვერაფრით გავერკვიე და დაბნეულს რომ არ მევლო ქუჩა-ქუჩა, გადავწყვიტე ჯიჯოსთვის მეთხოვნა საშუალო სკოლის მასწავლებლად მოწყობაში დამხმარებოდა.
_ შენ სულ გააფრინე?
_ რატომ?
_ აბა რა მასწავლებლობა აგიტყდა, ასი წელია წიგნი არ გადაგიშლია! _ ამ სიტყვებზე ისე გავბრაზდი, სათათბირო მაგიდასთან კედელზე გაკრულ რუკას ვეცი.
_ მიდი აბა, შემამოწმე!
ნერვები მოეშალა და ხელი ჩაიქნია. მეორე დღეს ორმოცდამეცამეტეში გადავედი სამუშაოდ, მაგრამ ხელფასით უკმაყოფილო ვიყავი. აბა რა იქნებოდა, თვეში ორმოცდაათ ლარს მაძლევდნენ, ოღონ, მაშინ ოთხმოცდათხუთმეტი წელი იყო.
ჯიჯოსთან მაინც ხშირად მივდიოდი სამინისტროში. ერთხელ ისეთი ცხვირჩამოშვებული დამხვდა. შემეშინდა, ხომ არ იჭერენ-მეთქი. საქართველოში ხომ ყოველთვის მოდაში იყო მინისტრების და პოლიტიკოსების ციხეში ჩასმა. თურმე მეზობლებს დაუწყევლიათ. ასე უთქვამთ, შენისთანა კორუმპირებულ გაიძვერებს მალე მოეღებათ ბოლოო. ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. იმ ღამეს ვერ დაიძინა და გამთენიისას დამირეკა, რა ვქნა, სამსახურიდან წამოსვლაზე განცხადება ხომ არ დავწეროო.
_ კარგი, თუ ჩემი ძმა ხარ, ქართველების ამბავი არ იცი? შურიანები არიან რა!
_ ვერაფრით დავამშვიდე. ერთ საათში ისევ გადმომირეკა, _ რა ვქნა, არ შეიძლება დაცვის გარეშე რომ ვიარო და ამ ხალხს ჰგონია, რომ დავიჯგიმებიო. რა აღარ მოვუყევი, ბოლოს ანეგდოტებზეც კი გადავედი. მგონი ოდნავ დაშოშმინდა. ჯიჯოს კორუმპირებულობა არ გაიშვას, ორ ოჯახს არჩენდა, ხელფასი ოთხ-ხუთ დღეს თუ ყოფნიდა ხოლმე, დანარჩენი ჯიბეგამოღლეტილი დადიოდა.
ცოტა ხანში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და გადაწყვიტა ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად ეყარა კენჭი. თუ გავიმარჯვე ხალხს დავანახებ, რომ ფული არასდროს მომიხვეტავს და მზრუნველობასაც ვაგრძნობინებო. დიდხანს ვეჩიჩინე ნუ იზამ მაგ საქმეს, ამ ქვეყანას შენ ვერ გამოასწორებ-მეთქი, მაგრამ ვირზე შეჯდა.
არჩევნებზე თითქმის მთელმა უბანმა ჯიჯოს მისცა ხმა. მორცხვად გამოვიდა ტრიბუნაზე და მორცხვად გადაუხადა ხალხს მადლობა მხარდაჭერისთვის. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მოსახლეობა ჯიჯოს თავდადებას უფასებდა. მერე, როგორც მუდამ ხდება საქართველოში, მონასტერი აირია და ვაკეში უშუქობის ხანა დაიწყო. ჯიჯოს სახლთან მიტინგებს მართავდნენ და იუდას ომახიანად ეძახდნენ. ფანჯრებიც კი ჩაულეწეს ქვებით. გაზეთებში სტატიები გაჩნდა ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი უყურადღებოდ გვექცევაო.
_ ფულის მონა! ფულის მონა! _ გაჰყვიროდა მისი სახლის ფანჯრების ქვეშ ხალხი.
ჯიჯოს გულის შეტევები დაეწყო. ვალიდოლს ვალიდოლზე სვამდა და ნიტროგლიცერინს აყოლებდა. ვამშვიდებდი, ხალხი ყველა ქვეყანაში უმადურია-მეთქი, მაგრამ ცრემლიან თვალებზე, იმედგაცრუებულ მზერაზე ვატყობდი, სულ სხვაგან დაფრინავდა და არ მისმენდა. ლანძღავდნენ, მაგრამ სათხოვარზე ჩუმ-ჩუმად ის ხალხი დადიოდა, რომლებიც მიტინგებზე იდგა.
ჯიჯო მალე გადადგა, უფრო სწორად, პარლამენტარის მანდატი საჯაროდ დახია. დრო, ხან ჩქარა გადიოდა, ხან _ ნელა. ხან რომელ მინისტრს იჭერდნენ, ხან _ რომელ ნამინისტრალს. ჯიჯოს საჭმლის ფული აღარ ჰქონდა. ხშირად ავდიოდი მასთან და ბორჯომის და სიგარეტის ფულს ვუტოვებდი. ორი რამ იყო, რის გარეშეც, მოგეკლათ და სიცოცხლე არ შეეძლო. ხმები მომდიოდა, ჯიჯოზე ხალხი ლაპარაკობდა, ეს რა პატიოსანი ბიჭი ყოფილაო.
სტუმრობითაც არავინ სტუმრობდა, მხოლოდ მე და ჩვენი ბავშვობის მეგობარი ზაზუნა ვნახულობდით ხოლმე. ერთხელ, რომელიღაც არხზე, რომელიღაც თალკ სჰოწ-ში ვიღაც პედაგოგმა და ყოფილმა პარლამენტარმა თქვა, ნეტავ ჯიჯოსნაირი ადამიანები ბევრი გვყავდეს პოლიტიკაშიო.
ჯიჯო ოთხ სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა ინფარქტით. როგორც იციან ხოლმე თბილისში, მთელი ვაკე ტიროდა. ხელით ატარეს ბარნოვიდან ვერის სასაფლაომდე. ბარნოვის ერთ-ერთ ჩიხს ჯიჯოს სახელი უწოდეს. ასე ეწერა: ჯიჯოს ჩიხი.
ერთნი იძახდნენ, ჯიჯოს მინისტრად რომ არ ემუშავა, ეს ამბავი არ დაემართებოდაო, მეორენი ამბობდნენ პარლამენტი ნაღდად არ იყო მისი საქმეო, მესამენი ამბობდნენ, ყველაფერი გულთან ახლოს რომ არ მიეტანა, გული არ გაუსკდებოდაო, მეოთხენი იუწყებოდნენ, ნამეტანი მიამიტი, მორცხვი და მორიდებული რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაზე უფრო მსუბუქად ივლიდაო. ცოლ-შვილი რომ ჰყოლოდა ისინი გადაატანინებდნენ მარტოობას და დარდსო. მე კი ასეთი მოსაზრებების მოსმენის დროს, მუდამ ის გამოთქმა მახსენდება: "ბებიაჩემს ყვ...ბი რომ ჰქონოდა, ბაბუაჩემი იქნებოდაო."
26 სექტემბერი, 2010 წელი[size=13]
კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-03-16)
ნანახია: 910 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 2
1 reona  
0 Spam
dzalian momewona tqveni motxroba. gaixaret.

2 devi  
0 Spam
samwuxaro sinamdvile. scenebi chveni realobidan. momewona.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]