RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

“საქართველოში წიგნის სიყვარულით არც ტვინი ეკეტებათ
“... ადამიანი ბრძენი უნდა იყოს, უნდა აიტანოს, უნდა ათრიოს, უნდა გაუძლოს, უნდა უყვარდეს, უნდა იფხიზლოს, უნდა ივაჟკაცოს, უნდა იცინოს, უნდა შეიჭმუხნოს, უნდა დათესოს, უნდა მოიმკას, უნდა იჩხუბოს, ფული უნდა იშოვოს და ასეეე... მგონი ეს უნდა” ქმნის აუტანელ, დამთრგუნველ გარემოს, რომელსაც გაურბის ადამიანი და სამწუხაროდ, ძირიანფესვიანად იკარგება ხავსმოდებულ ჭაობში. ზოგი პირიქით, ფიქრობს, “უნდა” ძლიერ სიტყვად წარმოუდგება, “უნდა” გვაკეთებინებს ყველაფერს ადამიანებსო. ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა რთული არაფერი არ არის, თუ არ გაართულე.
ადამიანს თვითონ აქვს სული და ეს სული ცაში ადის, დაბლა უფსკრულში ეშვება, ხეზე ვაშლს წყვეტს, სტაფილოსფერ მზეს ეცხუნება, მთვარეს შემოივლის, ვარსკვლავს თვალს ჩაუკრავს, თბილისს გააღვიძებს, ყველგან წამოგვყვება, საფლავის გარდა. მძულს, ხოლმე, სული ასეთი ღალატისთვის, თუმცა რაც არ გინდა, ის არ გინდა და ამას ვერაფერს ვუზამთ. “უნდა” ამოსაშლელია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ცხოვრებიდან, რადგან ყოველთვის, უნდა” არ მინდად გადამქცევია. _ ეს სიტყვები ახალგაზრდა მწერალს თორნიკე გურჯინთახს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ხელს არაფერი უშლის საინტერესო რომანი დაწეროს. თავისი პირველ წიგნს “ბუხარი” დაარქვა. დღევანდელ ნომერში სწორედ თორნიკე გურჯინთახის და მისი რომანის შესახებ გაიგებთ!
_ როგორია თორნიკე გურჯინთახის ცხოვრების “ბუხარი”?
_ ჩემი “ბუხარი” ჩემი ცხოვრებაა. ის წარსული დღეების არქივი და მომავლის დღეებზე ოცნებაა. როგორც ბუხარმა იცის ოჯახის ყველა საიდუმლო, ასევე ყოვლისმცოდნეა ჩვენი უხილავი ბუხარი. უნდა აღინიშნოს, რომ ბუხარს სამშობლოსთან და ტვინთანაც მჭიდრო კავშირი აქვს.
_ თორნიკე, როგორია შორიდან დანახული საქართველო, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან გენატრებათ, ან თუნდაც _ თბილისი, “ყველაზე უდროო ქალაქი დედამიწაზე”?
_ შორიდან დანახული საქართველო? გააჩნია, ვისი თვალით დანახულს გულისხმობთ. იმ საქართველოში ნაცხოვრებ ემიგრანტებს, ვისაც მოქმედ რეჟიმთან ჰქონდა ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ, თუ ჯანსაღად აზროვნებენ, სამშობლო აყვავებული ნამდვილად არ უნდა ეჩვენებოდეთ. დღეს ჩემთვის საქართველო მონატრება და ღირსების შელახვისგან როგორმე თავის დაღწევაა. სამშობლოში კი იმის შიში არ უნდა გქონდეს, რომ ვიღაც გამოწკეპილი “არამზადა” სულში ჩაგაფურთხებს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამის საშიშროებაა.
როგორია ემიგრანტის ცხოვრება? რა ვიცი... ჩემთვის ასატანი და ხანდახან მოსაწყენია, თუმცა, ზოგჯერ მოსაწყენი რომ არ იყოს, მხიარულიც ვერასდროს იქნება.
_ მაინც რა არის სამშობლო, სიყვარული და ცხოვრება?
_ სამშობლო? _ განცდა, მონატრება, სიყვარული და პასუხისმგებლობაა. სიყვარული რა არის? ხომ ვამბობ, “ბუხარში,” არ ვიციმეთქი. ფრომი ამბობს: “ყველაზე დიდი გრძნობაა, რომელსაც დაპირება სჭირდება, ოღონდ პასუხისმგებლობით დაპირებაო.” მე, სიყვარულის შესახებ, მისი სიტყვების მწამს, სრულიად ვეთანხმები. ასე რომ, ამ საკითხში წამხედურა ვარ. ცხოვრება გამოცდაა, რომელიც, მგონი, ჩაწყობით არ ბარდება. გამოცდა, არა მარტო ღმერთთან, საკუთარ თავთან, მეგობართან, ყველასთან.
_ თქვენ როგორ შეიყვარებთ მამაპაპათა ძვალსისხლით გაპოხილ მამულს, როგორ დაიცავთ, რას გამოიყენებთ ფარად? რა არის ამისთვის საჭირო?
_ რა თქმა უნდა, დავიცავ, თან, ყველანაირი ხერხით, ფორმით და საშუალებით, ფარად კი აქაც პასუხისმგებლობას გამოვიყენებდი, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას, რომლითაც ადამიანი იბადება, მერე კი შენზეა, რას უზამ ამ გრძნობას, ჩაკლავ თუ რწმენამდე აიყვან. საჭირო კი ის არის, უმადური და დაუნახავი არ იყო, არაფერი დაამადლო და იმაზე კი არ იფიქრო, რას მოგცემს, არამედ _ შენ რისი გაცემა შეგიძლია მისთვის.
_ რადგან წიგნით გაგიცანით, მაინტერესებს, რას გვეტყოდით ახალგაზრდა მწერლებზე, ჰყავს თუ არა მათ მკითხველი, თქვენს წიგნს თუ ჰქონდა რეზონანსი?
_ ახალგაზრდა მწერლები, რა თქმა უნდა, საქართველოში, ძალიან ბევრია. როგორც ყველგან და ყველაფერში კარგი, აქაც ცოტაა, მათ ჰყავთ მკითხველი, ზოგს _ როგორ, ზოგს _ როგორ... ისე, დღევანდელ საქართველოში წიგნი არ სძულთ, მაგრამ არც “ტვინი ეკეტებათ” მისი სიყვარულით, ანუ გამოდის, რომ ფეხებზე ჰკიდიათ. მე თანამედროვე მწერლებიდან ბესო ხვედელიძეს, დათო ტურაშვილს და გიგი სულაკაურს გამოვარჩევდი, თუმცა, ბევრი მკითხველი არცერთ მწერალს არ ჰყავს, დღეს მოღვაწე მწერლებს ვგულისხმობ... არა! ყველას ვგულისხმობ, გასულ საუკუნეში და იმის წინათ მოღვაწე მწერლებსაც. ჩემი რომანის რეზონანსს რაც შეეხება, დიდი არაფერი, ხუთასი წიგნიდან ორასი გაიყიდა, გამოცემიდან კი ხუთი თვე გავიდა. სხვათა შორის, რაც ჩემთვის მთავარია, ისეთმა ადამიანებმა წაიკითხეს, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. რა ვიცი, ცუდიაო, არავის უთქვამს, პირიქით.
_ რა და ვინ გენატრებათ?
_ მენატრება ძველი დღეები და იმ დღეებიდან კონკრეტული ეპიზოდები. მენატრება ყველა, ვინც მიყვარს და ახლა ჩემს გვერდით არ არის.
_ რადგან უცხოეთში ხართ, საინტერესოა, რა არის თქვენი ცხოვრების არსი. გარდა იმისა რომ წერთ, რას საქმიანობთ?
_ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ვსწავლობ ცხოვრებას, დავსეირნობ ქუჩებში, მუზეუმებში და ვწერ, ვწერ, ვწერ... ძალიან მინდა, ნავთობის ბიზნესის ბოსი ვიყო, მაგრამ ბიზნესი არ მეხერხება. სამწუხაროა, არა?
_ ალბათ, გირჩევნია, საინტერესო წიგნები წეროთ. დაბოლოს, კიდევ რას ეტყოდით თქვენ მკითხველს და ქართველებს?
_ მკითხველს რა უნდა უთხრას, კაცმა? სჯობს, არამკითხველებს ვუთხრათ, მარკ ტვენის მოთხრობები წაიკითხონ. ქართველებს კი გამბედაობას და სიმართლის თქმის ვაჟკაცობას ვუსურვებ.
გმადლობთ ყურადღებისთვის. მიხარია, რომ ჩვენი გაცნობის მიზეზი “ბუხარი” გახდა, იმედი მაქვს, დამეგობრების საბაბიც გახდება.
კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-25)
ნანახია: 625 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]