RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

პირისპირ ნანული და მანანა დუმბაძეები
"ნოდარი ცოცხალია, ვიდრე მის წიგნებს ბეჭდავენ"
 

ვსაუბრობდით წარსულზე, რომელიც დიდი სიხარულიც იყო, სიყვარულიც და დიდი სევდაც. და ვსაუბრობდით უამრავი ტრაგედიის გადამტან ადამიანზე, 56 წლის განმავლობაში ტკივილთან ერთად სიცოცხლის დიდი სიყვარული, ხალისი და იუმორი რომ დაიტია. ჩვენს რუბრიკაში წარსულისა და აწმყოს პირისპირ ამჯერად ყველა თაობის უსაყვარლესი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მეუღლე და ქალიშვილი _ ქალბატონები ნანული და მანანა დუმბაძეები აღმოჩდნენ.
მანანა დუმბაძე: _ მამას თავისი ტრაგიზმი საყოველთაო სევდაში გადაჰქონდა, ანუ ისეთ სევდაში, რომელიც ჩვეულებრივია ყველა ადამიანისთვის. ეს კი არავის ამძიმებდა, ყველა ითავისებდა, რადგან ყველაფერს _ შვილის სიკვდილსაც კი, თავის ნაწარმოებებში აღწერდა. ხშირად საკუთარ თავს იუმორის მამად აღიარებულ მწერალს, მარკ ტვენს ადარებდა. არა მარტო იმით, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა, ცხოვრებითაც ძალიან ჰგავდა.
_ და მაინც, როგორი იყო თქვენთვის მამა?
_ დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი დიდი და გენიალური არის ძალიან უბრალო და მარტივი, რასაკვირველია, კარგი გაგებით. ასევეა ადამიანიც. ბევრს მოვესწარი, მთაწმინდაზე რომ არიან დაკრძალულები, ვიცნობდი რუსებსაც და უცხოელებსაც და ყველა დიდი ადამიანი ძალიან უბრალო იყო. მათ შორის _ მამაც. ხანდახან გვეხუმრებოდა: კიდევ არ იცით, ვისთან გაქვთ საქმეო (იცინის).
ნანული დუმბაძე: _ ერთხელ გამოგვიცხადა, ჭკუა რომ გქონდეთ, მე რომ ქაღალდებს ვყრი, შეინახავდით, ჩემს ყველა ფრაზას კი ჩაიწერდითო (იცინის). სხვათა შორის, ის რომ ქაღალდებს ყრიდა, ჩუმად ვიპარავდით, მერე რომ არ დაეხია. ხანდახან ისე დაჭმუჭნიდა, ვეღარც გახსნიდი. ბევრი ასეთი ქაღალდი გვაქვს შემონახული, თუმცა თვითონ არაფერი იცოდა ამის შესახებ. სიცილით იტყოდა ხოლმე: თქვენ რა იცით ჩემი ფასიო (იცინის).
მანანა დუმბაძე: _ რა თქმა უნდა, არ ვიცოდით მისი ფასი! წარმოიდგინეთ, ჯერ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით მე, დედა, ჩემი ძმა, შიგადაშიგ _ ბებია და ლამის ყოველდღე უამრავი სტუმარი გვყავდა. მამის პირველი ნაწარმოებიც _ `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~ იქ დაიწერა. მერე გადავედით 3-ოთახიან ბინაში და იქაც ვერ ეღირსა მამას სამუშაო ოთახი: მის კაბინეტში მე მეძინა, გაკვეთილებსაც იქ ვამზადებდი, ანუ ჩემი სამუშაო ოთახი გახდა. მამას თუ წერა მოუნდებოდა, სასტუმრო ოთახის მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე. ერთადერთი, `ჩემი კაბინეტის~ მაგიდის უჯრებში მამის ნივთები ეწყო. ვგიჟდებოდი იმ უჯრებზე. მამა ყოველთვის კეტავდა, მაგრამ ზოგჯერ გასაღები რომ ჩარჩებოდა შიგ, სასწრაფოდ ვაღებდით მე და ქეთინო და ვათვალიერებდით. ძალიან საინტერესო ნივთებს ინახავდა იქ, მათ შორის _ ბლოკნოტებსაც, სადაც ფუნაგორიები ეწერა. მას არ გვაკითხებდა, რადგან უმეტესობაში უწმაწური სიტყვები იყო (იცინის).
ნანული დუმბაძე: _ გარდაცვალებამდე ის ფუნაგორიებიც დახია: ჩემ შემდეგ ეს არავინ უნდა წაიკითხოსო _ სხვადასხვა ადამიანებზე ქილიკობდა იმ ფუნაგორიებში და მისი სიკვდილის შემდეგ რომ ვინმე ნაწყენი არ დარჩენილიყო, ასე არჩია.
მანანა დუმბაძე: _ ჩუმად ყველა ფუნაგორია წაკითხული გვქონდა, მაგრამ რომც გაეგო, მის უჯრებში როგორ ვიჩხრიკებოდით, არც ეგ გააბრაზებდა. მგონი, საგანგებოდაც ტოვებდა ხანდახან უჯრაში გასაღებს (იცინის). საერთოდ, არასდროს გვიბრაზდებოდა. დაახლოებით 34 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ გვითხრა `არა~ რაღაცაზე და არც შევკამათებივართ, რადგან კედლებიც რომ გვენგრია, სიტყვიდან არ გადავიდოდა.
ნანული დუმბაძე: _ იშვიათად, მაგრამ კატეგორიულიც იყო ხოლმე. საერთოდ კი, ნოდარს რომ არ მოსწონდა, ისეთს არასდროს გავაკეთებდი. როცა მატერიალური მდგომარეობა გამოგვისწორდა, მის ფინანსებს მე განვკარგავდი. თვითონ ერთხელაც არ მისულა შემნახველ სალაროში ფულის გამოსატანად. ძალიან მენდობოდა და იცოდა, რაც არ სიამოვნებდა, იმას არასდროს გავაკეთებდი. ძალიან მინდოდა ძვირფასი საყურის შეძენა _ ჩემს ყველა ახლობელს ბრილიანტის საყურე ეკეთა. ერთხელაც დავიჩივლე, არც შვილებს, არც მე საყურეები არ გვაქვს-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? _ ნანული, მე უსაყუროდ მომწონხარ და თუ სხვას გინდა, მოეწონო, ფული შენს ხელშია და იყიდე ის საყურეო. ამის შემდეგ წავიდოდი საყიდლად და ბრილიანტის გამო ნოდარს ვაწყენინებდი?
_ ეჭვიანი იყო?
_ არა. რა ჰქონდა საეჭვიანო? მე შენ გეტყვი და, სადმე მის გარეშე დავდიოდი! არც მე ვეჭვიანობდი. ერთი ქალიც ვერ დადებს თავს, რომ მისი ქმარი სხვა ქალს არ გაარშიყებია. 35 წელიწადს ვიცხოვრეთ ერთად და არც მაშინ, არც დღემდე მსგავსი არაფერი გამიგია ნოდარზე და არც მაინტერესებს. ისე იცხოვრა, არაფერი უგრძნობინებია, არასდროს შეურაცხვუყვივარ და ვის აქვს უფლება, რამე მითხრას?! ვინმემ რომ რამის თქმა გამიბედოს, `მოვკლავ~!
_ როგორი იყო სევდიანი ნოდარ დუმბაძე? თუნდაც მაშინ, 5 წლის ვაჟი, ზაზა რომ გარდაიცვალა?
ნანული დუმბაძე: _ ზაზაზე არასდროს ლაპარაკობდა. ეგ კი არა, მე რომ საქეიფოდ მეგონა, თურმე ზაზას საფლავზე ათენებდა ხოლმე. ჩვენთან არაფერს ამბობდა, სხვებისგან ვიგებდით, რადგან საფლავი სულ სიგარეტის ნამწვავებით სავსე ხვდებოდათ.
მანანა დუმბაძე: _ 30 წლის მეუღლე, მწერალი ჯემალ თოფურიძე რომ გარდამეცვალა, არც მის სიკვდილზე გვილაპარაკია. მხოლოდ ცოცხლად მოვიხსენიებდით. ჩემი ვაჟი, ნოდარიკო 2 წლის იყო და მამის საფლავს კარგა ხანს, ლამაზ ბაღად აღიქვამდა და არასდროს კითხულობდა, სად წავიდა მამამისი. ვფიქრობ, ასე ჯობია, რადგან ჩემს შვილს უმამობის კომპლექსი არასდროს გასჩენია. მასზე ყველაფერი იცის, ისიც კი, ფეხსაცმლის თასმებს რომ ვერ იკრავდა, რადგან 4 წლისამ თასმები რომ შეიკრა, ვუთხარი, ზუსტად მამაშენივით ხარ-მეთქი.
_ ბატონ ნოდარს სიკვდილთან უჩვეულო დამოკიდებულება ჰქონდა.
_ ხუმრობდა ხოლმე, ისე მივეჩვიე სიკვდილს, იმდენჯერ მოვხვდი `იქით~, საიქიოს გზას თვალდახუჭული ვაგნებო. ალბათ, მაინც ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ არც ამაზე ლაპარაკობდა.
ნანული დუმბაძე: _ ოღონდ, მე რომ ძალიან ცუდად ვიყავი, მაშინ ჰქონია დიდი განცდა, თუმცა არაფერს მაგრძნობინებდა. ერთხელ მახსოვს, შევნიშნე, ფარდასთან ზურგით იდგა და ტიროდა. მახსოვს კიდევ, მისაღებ ოთახში, დივანზე წამოწოლა უყვარდა, მე სავარძელში ვიჯექი ხოლმე. სამივე კედელზე ზაზას ფოტო გვეკიდა და ხშირად შემინიშნავს: ერთ ფოტოს მე ვუყურებდი, ერთს _ ნოდარი. თითქოს თვალებით ჭრიდა სურათს, მაგრამ ბავშვზე არასდროს ვლაპარაკობდით. ეს ისეთი საშინელება იყო (ცრემლი მოერია)...
_ პარალელურად კი, როგორი ხალისიანი, ოხუნჯი, სიცოცხლით სავსე იყო.
მანანა დუმბაძე: _ ძალიან მხიარული და ენამოსწრებული. იმიტომაც უყვარდა ბავშვსაც და დიდსაც. არადა, რა ცხოვრება გაიარა! დაიბადა და პატარას მამა დაუხვრიტეს და 8 წლისას დედაც დაუჭირეს. მერე ბიძები დაუჭირეს და დაუხვრიტეს. მერე, ბებიასთან იზრდებოდა და საყვარელი ბაბუა მოუკვდა... ხშირად ამბობდა: რა არის ჩემი ცხოვრება? მომცემენ ორდენს, პრემიას, მიკვდება უახლოესი ადამიანი, კიდევ რაღაც დიდ წარმატებას მივაღწევ, უახლოესი ადამიანი აღმოჩნდება უმძიმესი ავადმყოფი, სასიკვდილო სარეცელზეო... წარმოგიდგენიათ, საბჭოთა ეპოქაში მისი დარი წარმატება ერთ მწერალსაც არ ჰქონია და პარალელურად, რა ტრაგედიები დაჰყვებოდა! 1968 წელს მისი `მზიანი ღამე~ ამერიკაში გამოსცეს, ევროპაზე აღარაფერს ვამბობ და, აფრიკაშიც კი დაიბეჭდა მამის წიგნები, ჩინეთში, ინდოეთსა და იაპონიაშიც.
_ ბუნებით თქვენ უფრო ჰგავხართ მამას თუ ქეთი?
_ ჩემი და მეტისმეტად მაკვარანცხია, მაგრამ (იცინის)...
ნანული დუმბაძე: _ ნოდარისნაირი არც ერთი არის. საერთოდაც, მისნაირს ბარე ორსაც ვერ შეხვდებით. სხვაგვარად გამორჩეული იყო ნათესავებთანაც, ოჯახშიც. უწესიერესი კაცი იყო.
_ თუმცა აუგის მთქმელი ყოველთვის მოიძებნებოდა. თუნდაც ედუარდ შევარნაძესთან კარგი ურთიერთობის გამოც კიცხავდნენ.
_ მაგ ურთიერთობით ნოდარმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. მაგას რატომ არ ამბობდნენ? ელგუჯა ამაშუკელმა `დედა ენა~ რომ გამოაქანდაკა, ნოდარს თხოვა, არავინ დამადგმევინებს და შევარდნაძეს შენ უნდა უთხრაო. ნოდარმა უთხრა ედუარდს: მსოფლიოში არავის დაუდგამთ ძეგლი დედაენისთვის და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთო და მანაც დაუჯერა. მერეც ბევრ რამეს უჯერებდა ნოდარს და ითვალისწინებდა მის აზრს, შესაბამისად, კარგი საქმეებიც კეთდებოდა ქვეყნისთვის და ერისთვის. სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძეს ძალიან კარგი თვისება ჰქონდა: დიდ პატივს სცემდა შემოქმედ ადამიანებსა და მეცნიერებს...
_ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა მოხუცი ნოდარ დუმბაძე?
მანანა დუმბაძე: _ ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მოხუცი მარკ ტვენი (იცინის). მხიარული და უბერებელი მოხუცი იქნებოდა.
ნანული დუმბაძე: _ ახლა ცოცხალი რომ იყოს, ორივენი ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. ძალიან მიჭირს უმისოდ (ცრემლი მოერია). ჩემი ცხოვრება ნოდარის გარეშე არ არსებობს. დღე არ გავა, მასზე და ზაზაზე არ ვფიქრობდე და მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არ ვგრძნობდე. ხალხს უკვირს, რომ არ ვმღერი. ერთ წვეულებაზე ვიღაცას უთქვამს, რა მოწყენილი ქალიაო. 26 წელიწადია, არც მიმღერია, არც მიცეკვია. არ მაქვს სამაგისოდ საქმე.
_ ეს ბატონ ნოდარს მოეწონებოდა?
_ მახსოვს, ნოდარს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოში ქვრივი ქალი ეწვია, ტუჩზე პომადითა და ფერადი ტანსაცმლით. ის ქალი რომ წავიდა, ნოდარი მომიბრუნდა და, _ შენც ამას იზამო! დღემდე, ფაქტობრივად, შავი სამოსი მაცვია. სურვილიც არ მაქვს, სხვა ფერის შევიძინო. პომადაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არასდროს ვაკეთებდი იმას, რაც არ უყვარდა. ერთადერთი, რაკი დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარდა, ჩუმად ვამზადებდი ხოლმე რაღაცებს და ვმალავდი. მერე, ხალხი მაინც რომ მოდიოდა მოსალოცად, ნეტავ გენახათ, როგორ ნერვიულობდა: რა ვქნათ, ნანული, რაღაც გააკეთეო. რომ გამოვაწყობდი გამზადებულ კერძებს, იცოცხლეთ, კარგად ილხენდა სტუმრებთან ერთად. ახლაც ყოველთვის ვუხდი დაბადების დღეს. უამრავი ხალხი იკრიბება, მაგრამ ვერ ავიტან, ვინმემ რომ იმღეროს _ ისე მიჭირავს თავი, ვერავინ გამიბედავს! ერთადერთხელ, ქეთინომ მოიყვანა მგალობლები და საგალობლებს როგორ დავუშლიდი!.. იცით, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ნოდარი ცოცხალია _ ვიდრე ახსოვთ და მის წიგნებს ბეჭდავენ, ასეც იქნება. ახლა, მით უმეტეს, მთაწმინდაზეა, ასე რომ, არასდროს მოკვდება. მხოლოდ იმას განვიცდი, რომ ერთად ვერ ვიქნებით: მე ვინ დამასაფლავებს მის გვერდით! `მზიურში~ კი მქონდა მის გვერდით ადგილი, მაგრამ იმის გამო რომ, მასთან ერთად ვყოფილიყავი, მთაწმინდაზე დასაფლავებაზე უარი მეთქვა? ამიტომ ჩემი შვილის, ზაზას გვერდით დავსაფლავდები (კვლავ ცრემლი ერევა)...

ესაუბრა ირმა ხარშილაძე

კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-02-02)
ნანახია: 786 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]