RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ზოგადი სტატიები

ეს ერთადერთია, რაზეც წერა ღირს
გია არგანაშვილი
2005

ჯემალ თოფურიძის მოთხრობების დღემდე გამოცემული ყველა კრებული მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობის, \"დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია\" სათაურით დაიბეჭდა. დიოსკურია მართლაც ზღვაში ჩაძირული ქალაქია, თუმცა ანტიკური დასახლების სახელწოდება ისე ბუნებრივად გაერთდა მწერლის სახელთან, ვინმეს რომ ეთქვა დიოსკურიას ვეძებო, დარწმუნებულნი ვიყავით, ჯემარ თოფურიძის წიგნს გულისხმობდა და არა ათასექვსასი წლის წინ კოლხეთის შავ ზღვაში ჩაძირულ ციხე-ქალაქს.

ახლა გამოვიდა მწერლის მოთხრობების სრული კრებული \"გამოუსწორებელი\".
\"გამოუსწორებელი\" ჯემალ თოფურიძის ერთ-ერთი მოთხრობაა ენვერა ჯიჯავაძეზე.

ენვერას არც დედა ჰყავდა, არც მამა, არც ცოლ-შვილი. ბებია ჰყავდა და ისიც ენვერას დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ენვერა ქურდი არ იყო, უბრალოდ საშინელი ძალა ჰქონდა და უსამართლობას ვერ იტანდა.

ბებია სთხოვდა - ნუ გამოესარჩლები ყველას, უსამართლობაზე თვალს ნუ დახუჭავ, მარა, ნურც გადაირევი, ხომ ხედავ, რა გიქნა მაგ ამბავმაო.
ენვერა უსამართლობას ვერ იტანდა, ენვერა გამოუსწორებელი იყო.
ენვერა ციხეში მოკლეს.

წიგნის შემდგენლებმა ენვერას ხასიათი რომ ამოწიეს და მწერლის სხვა მოთხრობების პერსონაჟებს დაამჯობინეს, ამას უთუოდ ჰქონდა მათი მხრიდან გამართლება. ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ - მოთხრობის მხატვრულ-იდეურმა სრულყოფილებამ განსაზღვრა ეს არჩევანი თუ მწერლის შემოქმედებითი პორტრეტისთვის ახალი მეტაფორული სახის ძიების სურვილმა.
მე \"დიოსკურიაზე\" დამწყდა გული. მგონია, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა, ჩაძირული ქალაქი. ჯემალ თოფურიძე კი არა უბრალოდ ქალაქელი ან თბილისელი, არამედ სწორედ დიოსკურელი მწერალია. ამ ქალაქში ბევრად უფრო საშინელი ამბები ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ ტოტალიტარულ გარემოში. აქ ყველა კაცი უბედურია (\"დიოსკურია\", \"მარტო\", \"გოგია\", \"ლექსო\"). ბავშვები უმამოდ იზრდებიან (\"გამოუსწორებელი\", \"დიოსკურია\", \"მათთვის, ვინც მამამ მიატოვა\"), ნამუსწართმეული ქალები ქმრებს ატყუებენ... (\"გოგია\", \"ლექსო\", \"დიოსკურია\"), ადამიანები ხოცავენ, სპობენ ერთმანეთს, ანგრევენ საკუთარ ოჯახებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიეთ.

თუმცა, ყველა ეს ცოდვა დიდი ხანია ქალაქთან ერთად ჩაიძირა, ხალხმა დაივიწყა დიოსკურია. ხალხმა ახალი სახლების შენება, ახალი ოჯახების შექმნა დაიწყო. მწერალს ამ წიგნით ახალი თაობის მკითხველთან მოუწევს შეხვედრა, მათ კი ჩაძირული ქალაქის (\"დიოსკურია\") მითოლოგიზებულ სიმბოლოებზე მეტად, უსამართლობასთან მებრძოლი, საშინელი ძალის პატრონი, გამოუსწორებელი გმირი უფრო იზიდავს.
საერთოდ, ლიტერატურული მემკვიდრეობის შედარებით ზუსტი და პირუთვნელი შეფასება მწერლის გარდაცვალებიდან ოცი-ოცდახუთი წლის შემდეგაა შესაძლებელი, დროის ამ მონაკვეთში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩნდება ახალი კრიტიკულ-ესთეტიკური აზრი, დავიწყებას ეძლევა მწერლის სოციალური სტატუსი, პიროვნული თვისებები, რაც ამა თუ იმ ფორმით, ყოველთვის რეპრესიულად მოქმედებს მკითხველზე, არღვევს მხატვრული ტექსტის აღქმის აუცილებელ პირობას, რომელიც პირობითად უძრავი ათვლის წერტილის, ზუსტი ფოკუსური მანძილის მოძებნას და დაცვას გულისხმობს.
ჯემალ თოფურიძის გარდაცვალებიდან ოცდაექვსი წლის, შემდეგ მწერლის შემოქმედება თავისუფალია მსოფლმხედველური, იდეოლოგიური, სოციალური და პიროვნული მეურვეობისგან.

კრიტიკაც თავისუფალია და თუ უნდა ჯემალ თოფურიძეს XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ანტიტოტალიტარულ მწერლად, გურამ რჩეულიშვილის პირდაპირ მემკვიდრედ გამოაცხადებს, უნდა დაეთანხმება იმ აზრს, რომ მწერლის შემოქმედებითი მრწამსის საუკეთესო გამომხატველი მაინცდამაინც გამოუსწორებელი ენვერა ჯიჯავაძეა.

მე შემიძლია რამდენიმე ინდივიდუალური ხაზი კიდევ შევმატო მის შემოქმედებით პორტრეტს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამორჩეულ ნიშანთა სიუხვე ისევე ცუდად ახასიათებს მწერალს, როგორც მათი ნაკლებობა, ნამდვილი ინდივიდუალიზმი კი მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი სხვებთან მსგავსების, დაკვირვების საფუძველზე პიროვნულ სრულყოფილებას აღწევს.

ამიტომ ჩვენთვის უფრო საინტერესოა გასული საუკუნის 80-იანი წლების ლიტერატურული თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თავისი დროის საერთო ნიშნის მატარებელი, მწერალი ჯემალ თოფურიძე.

ამ პერიოდის ქართულ მწერლობაში შემთხვევითი ადამიანების სიმრავლე იგრძნობა. მათ, ვინც არსებითი გავლენა მოახდინეს ლიტერატურულ პროცესებზე, შემოქმედად არ დაბადებულან, უმრავლესობა თავიდან სულ სხვა პროფესიით, სხვა საქმიანობით იყო გატაცებული (ჯემალ თოფურიძემ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ერთხანს ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში მუშაობდა). ამიტომ მათი ლიტერატურული მოღვაწეობა წინასწარი ვალდებულებების გარეშე დაიწყო, ასეთ დროს კი ყოველთვის თვალშისაცემია ენთუზიაზმი და პროდუქტიულობა. მართალია, მათ არ ჰქონდათ ელემენტარული პროფესიული ჩვევები, ლიტერატურული ცხოვრების ტრადიცია, წინასწარ შეგულებული თემატიკა, მაგრამ მათ ჰქონდათ ბევრი სათქმელი, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ფორმის თავისუფლება. ისინი დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთგულად გაჰყვებოდნენ ამ გზას და ამიტომ ჩქარობდნენ (ახლა ზოგიერთ მათგანზე ვამბობთ, რომ ეს იყო მისი საბედისწერო წინათგრძნობა), გადარბოდნენ თემიდან თემაზე, ტოვებდნენ მასზე სანიშნო ნაჭდევებს (ასეთი ნაჭდევებით ტყისმჭრელები ხეებს ზეზეურად ისაკუთრებენ), გზადაგზა რჩებოდა სანახევროდ გათლილი, ხშირად მხოლოდ უხეშად გაჩორკნილი მხატვრული სახეები, ხორცშეუსხმელი სქემები, დაუსრულებელი ესკიზები.
ახალი სუბიექტური რეალობის შექმნის მცდელობის თუ გამომსახველობითი საშუალებების ძიების გამო, მათი შემოქმედება მოდერნიზმისფრად გვეჩვენება, ალბათ გვეჩვენება, რადგან ხშირ შემთხვევაში ძალზე დაბალია საშემსრულებლო ტექნიკა, მხატვრული სტილი ზედაპირულია და არ იგრძნობა ქვემოდინებები, ეპიკური თხრობა რემარკამდეა დაყვანილი, მთელი სიმძაფრე გადატანილია პირად განცდაზე, ლიტერატურაში შემოდის მოაზროვნე, არჩევანისა და ნების თავისუფლების მქონე არსება, რომელსაც ტრადიციული გაგებით, გმირსაც ვეღარ ვუწოდებთ.

თვალის ერთი გადავლებით ასეც შეიძლება შეფასდეს 80-იანელთა თაობის მწერალთა ერთი ჯგუფის, მათ შორის ჯემალ თოფურიძის შემოქმედება.
მათ არ შეუქმნიათ საკუთარი ლიტერატურული მანიფესტი. თუმცა, მხატვრულ ტექსტებში კარგად ჩანს საერთო ტენდენციის ხასიათი, საერთო აზრი, რომელიც ამ მონოლოგშია გამოხატული.

\"ორიოდე სიტყვა ჩემი ნაწარმოებების შესახებ. მე იქ, ე.ი. ნაწერებში, ვცდილობ ვწერო ჩემ თავზე; ეს ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ღირს საერთოდ წერა ან ლაპარაკი\" (გურამ რჩეულიშვილი, \"ბატონო ტელემაყურებლებო\").
ზოგიერთი კრიტიკოსი გურამ რჩეულიშვილის ამ გამოსვლაში თვითირონიას ხედავს. მე ვერ შევნიშნე. ღირებულებათა ნგრევის პროცესში პერსონალიზმი - ადამიანის ხსნის ერთადერთი გზა ჯერ კიდევ ადრე გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში გამოიკვეთა (\"ვიცი, ერთადერთი ვარ\") და გადმოეცა შემდგომ ლიტერატურულ თაობებს.

გაცნობიერებული და თავის თავში დარწმუნებული \"მე\", რომლის აქტივობის საფუძველი მის პიროვნულ ერთიან საწყისშია, ჯემალ თოფურიძის შემოქმედებაში გარკვეული თეორიული ორიენტაციის სახეს იძენს, ადამიანის თვისებების ერთადერთობას აღიარებს და დასავლური საზოგადოების დემოკრატიულ პრინციპებს ეხმაურება, რომელმაც ამგვარი ფსიქოლოგიური თეორიების და სკოლების შექმნას შეუწყო ხელი.

\"დიოსკურიაში\" მწერალი წერს საკუთარ თავზე (ეს ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ღირს საერთოდ წერა...). დასაწყისიდანვე თხრობის პირველ და მესამე პირში მონაცვლეობა ავტორს საშუალებას აძლევს, ერთდროულად შიგნიდან და გარედან შეაფასოს საკუთარი პიროვნება. ეს ლიტერატურული ხერხია. ზუსტად გვიხატავს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას, რომელიც ზოგადი სიტყვებით - დაძაბულობა, უსიამოვნება, უკმაყოფილება, სევდა, შფოთი, შიში გადმოიცემა, სინამდვილეში კი ესაა მძიმე სტრესი, დეპრესია, რომელსაც \"მე\"-სთან შეუთავსებელი და კონფლიქტში მყოფი მორალური ცნობიერებით ნაკარნახევი შეხედულებების მქონე ინდივიდები განიცდიან.

სოციალურ-ფსიქოლოგიური გარემო, რა თქმა უნდა, ამძიმებს პერსონაჟის (პერსონაჟების) სულიერ მდგომარეობას, მაგრამ ვერც სტერეოტიპების მსხვრევა, ტოტალიტარული სახელმწიფოს დემონტაჟი მოჰგვრის შვებას, მათი \"ბედნიერება შემოდგომის მზიანი დღეებივითაა. გეშინია, ცა არ მოიღრუბლოს, არ განაცრისფერდეს ყველაფერი გარშემო, არ ჩამობნელდეს მიწაზე; იმიტომ, რომ იცი, შემოდგომაზე მალე უნდა მოკვდეს მზე\" (\"დიოსკურია\").

სიცოცხლე კი ისეთი მოკლეა, თემურმა ერთი წამით, ალბათ, უფრო ნაკლებითაც, თავის თავს რომ მოჰკრა თვალი მატარებლის ფანჯარაში, ხელით სცადა ჩაბღაუჭება და იღრიალა სიმწრისგან.
... გაჩერებული მატარებელიც კიოდა, თითქოს, მთელი ქვეყნისათვის უნდოდა გაეგებინებინა ეს ამბავი.

\"დიოსკურია\" იმითაც დაამახსოვრებს თავს მკითხველს, რომ ამ მოთხრობაში ძალზე გამძაფრებულია სიკვდილის განცდა (ბევრად უფრო უჩვეულოა სიკვდილის ნატურალური წარმოსახვა ჯემალ თოფურიძის სხვა მოთხრობაში \"გარდაცვალება\"), ეს არის საკმაოდ გაცნობიერებული გრძნობა, რომელიც თემურის (მთავარი პერსონაჟი) მამის ხსოვნას, მის სიკვდილს უკავშირდება, თუმცა ეს არ არის დამთრგუნველი შიში, რომელიც ლიტერატურაში ჩვეულებრივ შავ ფერშია გამოხატული. \"მამას თეთრი პერანგი ეცვა\", თემურის სიკვდილის შემდეგ დედამიწამაც თეთრი პერანგი ჩაიცვა. აქ უფრო მოწიწება იგრძნობა, რადგან თემურისათვის სიკვდილი ცივი აბსტრაქცია როდია, ის თოკზე ჩამოკიდებული მამის სხეულია, რომელთან ერთად თვითონაც ქანაობდა, ამიტომ სძულს გულგრილი დამოკიდებულება სიკვდილისადმი. საშინელებაა - ამბობს თემური, როდესაც უყურებს, როგორი სიმშვიდით იწყებს ოთახის დალაგებას ქურთის ქალი, \"გურამი ხო მოკვდება, ხალხი ხო მოვა, ზუბთა უნდა იყოზ\", როგორი სიმშვიდით თხოულობს ქერათმიანი ექიმი ბინტს, რომლითაც გურამს სახე უნდა აუკრას.

თუმცა, თემურს უკვე გამომუშავებული აქვს სიკვდილისგან დაცვის ალტრუისტული მექანიზმი, ზრუნავს მათზე, ვინც ახლა კვდება, კოტიკა ისე უნდა მოკვდეს, რომ არ უნდა ეტკინოს, ოღონდ კოტიკას არ ეტკინოს...
ეს მისი შინაგანი რწმენაა, რომელიც აუცილებლად მიიღებს საზღაურს - ფიქრობს მკითხველი და უხარია, როცა თემური ვიღაც უცნობის მხარზე თავმიდებული კვდება.

ჯემალ თოფურიძეს საკუთარი თემები აქვს. გარემო, სადაც მისი პერსონაჟები მოქმედებენ, მისთვის ძალზე ნაცნობია. მწერალი არ ცდილობს, ზედმეტად დაუახლოვდეს ან დაიახლოვოს საკვლევი ობიექტი. ფეხმოუცვლელად დგას პიროვნულ და სოციალურ საზღვრებში და თავისი სიმაღლიდან დაჰყურებს უბანს, სადაც გოგია ტაქსისტი თვეში ერთხელ ცოლსა სცემს, ლოთი ყოველ ღამე გრიშას ფანჯარაზე აკაკუნებს, ცისანას პატარა ბიჭებიც სტუმრობენ, სადაც კედელსა და ასფალტს შორის ცოტაოდენი მწვანე ხარობს...

ჯემალ თოფურიძისთვის სოფლის თემა უცხოა. თავისთავად ეს არც ნაკლია მწერლისთვის და არც უპირატესობა. ის კი კარგია, რომ ამ მოთხრობაში \"თედოს ოცნება\" არ იგრძნობა ქართული პროზისთვის დამახასიათებელი აღფრთოვანება პატრიარქალური ყოფის წიაღისადმი (თუმცა, სადაა პატრიარქალური ყოფა?), სადაც ჯერ კიდევ არ შეჭრილა ქალაქური ცხოვრების ფორმები. მწერალს ურბანიზმის მავნე გავლენისგან გასათავისუფლებლად სოფლისკენ არ გაურბის თვალი, პირიქით, თედო (\"თედოს ოცნება\") თვითონაა შეპყრობილი ქვეყნიერების, დიდი ქალაქის ნახვის სურვილით. იქით კიდევ ვანო აქეზებს, ბიჭი ახარბებს ლერწამივით აშოლტილ გოგოებს, ყ-ს მაგივრად კ-ს რომ იძახიან და ძალიან სასაცილოდ რომ გამოსდით.

ასეთია სოფლის ერთფეროვნებას მიჯაჭვული დღევანდელი გლეხის ცხოვრება, სადღაც ძალიან ახლოს მსოფლიო ფუსფუსებს, იქ ნამდვილი ზღაპარია. თედომ ჟურნალში ნახა მათი ბედნიერი სახეები, შეშურდა. ასეთ დროს უფრო მატულობს წარმავლობის შიში, ფიქრი იმაზე, რომ მხოლოდ ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და ისიც ასე, სახლიდან გაუსვლელად... \"ის\" კი (თედოს მისი სახელი არ ახსოვდა) მაინც შემოდის მასთან და თედო ხელჩაკიდებული მიჰყავს ქვეყნიერების სანახავად.
ნაწარმოების ფინალში მწერალი მაინც ვერ თმობს ნაცნობ სტერეოტიპს. სასიკვდილო სარეცელზე თედო იმის სახელის გახსენებას ლამობს _ ჰო, ვაზი, ვაზი, ვაზი! იმას ვენაცვალე, მეტი არაფერი მინდა.

`ჰო, მეტი არაფერი უნდა ქართველ გლეხს, ოდენ ვაზი (\"ვაზო, შვილივით ნაზარდო...\", \"ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი...\") და კიდევ \"სამშობლო ხევსურისა\".

ჩვენს ლიტერატურაში ლოთი ერთგვარი რომანტიკული ხიბლის მატარებელია, თითქმის ყველა შემთხვევაში ის არის შემოქმედებითი ბუნების ადამიანი, რომელიც სოციალური გარემოს მსხვერპლი ხდება, უცვლელია მისი ირონიული, გაღიზიანებული დამოკიდებულება საზოგადოებისადმი, უცვლელია მისი ფიზიონომია, ხასიათი და ისიც, რომ ლოთი ერთგვარ სავალდებულო, ჩასათვლელ თემად იქცა ქართული მწერლობისთვის. საკმარისია გავიხსენოთ გურამ რჩეულიშვილის \"ნიაზი\", რომ დავრწმუნდეთ, ჯემალ თოფურიძის ლოთიც (\"მარტო\") ჩვეულებრივი ლოთია (უკვე ჩვეულებრივი). პორტრეტი კი მართლაც შესანიშნავია. მით უფრო, რომ მწერლისთვის და საზოგადოებისთვის ძალზე ახლობელი ადამიანის ლიტერატურული სახე კარგი სახსოვარია არა მარტო საოჯახო ალბომისთვის.

კიდევ რამდენიმე მოთხრობა და მათ შორის აუცილებლად \"გოგია\" უნდა წაიკითხოთ, რომ სრულად გაეცნოთ ჯემალ თოფურიძის ლიტერატურულ მემკვიდრეობას.
\"გოგია\" უფრო ფსიქოლოგიური ნოველაა. ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ისტორია და გოგია ტაქსისტის თავისებური სიყვარულის ამბავი (\"სიყვარულში ყველა თავისებურია\" _ ბრძენს უთქვამს).
გოგია თვეში ერთხელ თავის ცოლს, ჯუმბერას ნაკოცნ მარინას სცემდა. სცემდა აფო-ჯუმბერასთვის ერთი კოცნის გამო. სცემდა გოგია და ტიროდა მარინა. ცხოვრობდნენ ასე.

გოგიას სიყვარულის თავისებურება კი ის იყო, რომ საზოგადოდ, როცა ქმრები ცოლებს სცემენ (ან პირიქით), ჰპირდებიან კიდევ გცემო, გოგია კი ბალიშზე დაემხობოდა და ჩუმად ტიროდა. მერე ერთი თვე მარინას ხელისგულზე ატარებდა. თვეში ერთხელ კი სცემდა.
თავისებური იყო გოგია სიყვარულში.
გოგია რომ მოკლეს, სწორედ ერთი თვე იყო გასული. გოგიას მოფერებას მოკლებულ მარინას სურვილმა მოუარა. დაემხო იატაკზე. ორივე ხელით მაგიდის ფეხს მოეჭიდა (თითქოს გოგიას ფეხები ყოფილიყო) და დაიწყო ჩურჩული: - \"მცემე, გოგია, შენი ჭირიმე, ბიჭო მცემე!\"
* * *
თუ ლიტერატურას კონკრეტული დროის და გარემოს აღდგენის ვალდებულებაც აკისრია, ვთქვათ და მომავალმა ჩაძირული ქალაქის (დიოსკურია) ყოფის ამსახველი სურათების აღდგენა მოიწადინა, მაშინ ამ ქალაქში ტაქსისტად უთუოდ გოგია იმუშავებს. მისი ბინიდან, თვეში ერთხელ, მეზობლები მარინას კივილსაც გაიგონებენ:
_ უსამართლოდა, გოგია, უსამართლოდა!

_ მცემე, შენი ჭირიმე, ბიჭო მცემე!

კატეგორია: ზოგადი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-19)
ნანახია: 1925 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 cnobismokvare  
0 Spam
თუ ლიტერატურას კონკრეტული დროის და გარემოს აღდგენის ვალდებულებაც აკისრია, ვთქვათ და მომავალმა ჩაძირული ქალაქის (დიოსკურია) ყოფის ამსახველი სურათების აღდგენა მოიწადინა, მაშინ ამ ქალაქში ტაქსისტად უთუოდ გოგია იმუშავებს. მისი ბინიდან, თვეში ერთხელ, მეზობლები მარინას კივილსაც გაიგონებენ:
_ უსამართლოდა, გოგია, უსამართლოდა!

_ მცემე, შენი ჭირიმე, ბიჭო მცემე!

ugrmesi madloba baton gia arganaSvils am cerilisTvis, jemal tofuridZe ''chemi'' mceralia. martals brZanebt jemali piradi gancdebis mceralia da swored amitomaa igi mcerali. gashalashinebuli mcerlebisgan gansxvavebit misi emociebi imdenad gulcrfelia, imdenad adamianuri, kactmoyvare, zneobrivi rom siyalbisa da mxolod ''kalmis ostatobaze'' anu ``weris codnaze`` da izmebze fiqric ki ar gekareba.


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]