RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

თედოს ოცნება
ჯემალ თოფურიძე

ცოლს ეძინა, თედო რომ შინ დაბრუნდა. პატარა გოგოსაც ეძინა. თედომ იმ ოთახის კარი შეაღო, სადაც ბიჭი ეგულებოდა. სინათლე აანთო. ლოგინი ცარიელი იყო, ფანჯრის რაფაზე ტრანზისტორი იდგა. მაგიდაზე ორი წიგნი იდო.
—ნეტა სად დაწოწიალობს ეგ ბიჭი, — ხმამაღლა გაიფიქრა თედომ და ის-ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ ბალიშის ქვეშ რაღაც ფერადი დაინახა. ბალიში ასწია, ჟურნალის ყდა იყო, რომლიდანაც თედოს წითელპომადიანი, ცისფერთვალება ქერა ქალი უცინოდა. ზევით რაღაც ეწერა. რუსული არ იყო. რუსული რომ ყოფილიყო, ცოტას მაინც წაიკითხავდა. ქართული ხო არ იყო და არა. მეტი კი თედოს, აბა საიდან უნდა სცოდნოდა?
ეგეთი ფერადი და ლამაზი თედოს არაფერი ენახა. კარგა ხანს უყურა ქალს, მერე გაუღიმა, ისე, რომ თვითონაც ვერ შეამჩნია. ბოლოს, დიდი მოწიწებით შეავლო ხელი. მაგიდასთან მიიტანა ჟურნალი. სკამზე ისეჩამოჯდა, რომ თვალი არ მოუშორებია. დაჯდა და ქალიც წინ დაიდო. გადაფურცლა და უკეთესი შეხვდა მეორე გვერდზე. შავგვრემანი იყო, შავი თვალები ჰქონდა. შავი ჯემპრე ეცვა, ნაქსოვი, პატარა, წითელი გული ჰქონდა ამოქარგული. გაპრიალებულ მანქანასთან იდგა დაყველაზე მეტად რაც თვალში მოხვდა თედოს, ის იყო, რომ შარვალში იყო გამოწყობილი.
—ნწ, ნწ, ნწო,— რამდენიმეჯერ დაუწრუპუნა თედომ, მაგრამ ისე კი, მოეწონა. გაახსენდა კიდეც, ერთ კვირა დღეს თელავში რომ იყო წასული და იქ ვანუას გოგო, ნელი რომ ნახაშარვალში; რო სთხოვა, მამაჩემს ნუ ეტყვი, შარვალში რომ მნახე, ძია თედოო. ისიც გაახსენდა, რომ ნელის ეგეთი შარვალი არ ეცვა. იცნო კიდევაც მაშინ, ვანუასი იყო, ძველი, გახუნებული და გადაკეთებული. ამის მოგონებაზე თედოს კიდევ გაეღიმა. ოღონდ, ახლა იგრძნო, რომ იღიმებოდა. ისიც გაიფიქრა, —„აბა,მაგას მამამისს როგორ ვეტყოდი, ხო გული გაუსკდებოდაო", — უცებ დაიხსნა ფიქრებიდან თავი და ისევ ჟურნალს დაუწყო ფურცვლა. გადაშალა და ნამდვილი ზღაპარი ნახა. მის წინ წყალი იყო, მწვანე, ძალიან მწვანე. წყალში - ნავი. ნავში რამდენიმე კაცი და ქალი იჯდა. იმ გოგოებივით ჩაცმულები, წინა ფურცლებზე რომ ნახა.
ნავის თავში მაღალი კაცი იდგა (ის ისე კარგად ჩაცმული არ იყო) და ნიჩაბი ეჭირა ერთი.
მთავარი ის იყო, რომ წყალს აქეთ-იქით მიწის ნაპირი კი არჰქონდა, სახლები ედგა ნაპირებად,
ნაპირებად კი არა, ეს სახლებიც შიგ წყალში იდგნენ. ძალიან ლამაზები კი იყვნენ. თედომ თბილისი გაიხსენა უცებ და „არა,ეს სახლები სჯობიაო,"— გაიფიქრა.
როგორ არ ეშინიათ ამ სახლებში ცხოვრება, ან როგორ დადის ეს ხალხი ან როგორ არ იძირება ყველაფერიო, ფიქრობდა თედო, მაგრამ ნავში მსხდომთ ისეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ, რომ თედომაც ბევრი არ იდარდა და ისიც გადაფურცლა.
ახალზე ქალი და კაცი შეხვდა. ქალს მკერდი თითქმის მოეტიტვლებინა,
კაცს უღიმოდა ულვაშებში. კაცს სანთებელა ეჭირა ხელში,ისიც უღიმოდა და სიგარეტს უკიდებდა. სიგარეტსა და სანთებელას შორის რაღა ცეწერა. როგორ უნდოდა თედოს, გამოეცნო,
რას ნიშნავდა ეს წარწერა. ისე უნდოდა, რომ გაბრაზდა კიდეც, სკოლაში გერმანულს რომ მასწავლიდნენ, რათ არ ვისწავლეო. მერე იმდროინდემა მისმა გაჭირვებებმაც ჩაუქროლეს და თავი გაიმართლა. ცოტა ხანს კიდევ უყურა წარწერას და ის-ის იყო, უნდა გადაეშალა შემდეგი გვერდი, კიბის ჭრაჭუნი მოესმა. სასწრაფოდ აიღო ჟურნალი, ძველ ადგილს დაუბრუნა და ოთახიდან გავიდა.
კარი ბიჭმა შემოაღო. საშუალო სიმაღლისამ, შავთვალებამ და ჯმუხმა. პერანგის საყელო სპეციალურად ჰქონდა აწეული უკან. თმა ოდნავ მოეშვა. მარცხენა ხელზე საათი ეკეთა, რომელიც დღეებსაც აჩვენებდა. იმავე ხელის ნეკზე ფრჩხილიც ოდნავ ჰქონდა მოზრდილი. რომ შემოვიდა, თედო დაინახა. არ ელოდა, ეგონა, რომ ეძინებოდა თედოს. შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია,
რაც იმით იგულისხმებოდა, რომ „პრივეტ მამიო," — უთხრა.
—პრივეტ კი არა, სადა ხარ აქამდის? — მშვიდად უთხრა თედომ.
—კლუბში ვიყავი, მამი, სად ვიქნებოდი, — უპასუხა ბიჭმა. პირველადაც და მეორედაც „მამი"
იმიტომ დააყოლა ნათქვამს, რომ იცოდა, „მამის" თქმა და თედოს მოლბობა ერთი იყო. ბიჭმა საათი ხელიდან შეიხსნა და თავის ოთახში შეიტანა. მერე დაიბანა ხელ-პირი და ისევ თედოსთან დაბრუნდა, ისიც მაგიდას მიუჯდა.
—რაგადიოდა?— ჰკითხა თედომ.
—არ იცი, ჩვენი მეხანიკის და სოფლის ამბავი?! ან „ჩაპაევი" იქნებოდა, ან „მუჟჩინა ი ჟენშჩინა",
ანაც კიდევ, „ოთარაანთ ქვრივი". — ღიმილით უპასუხა ბიჭმა და ესიამოვნა, თედოსაც რომ გაეღიმა.
—კი მაგრამ, დღეს რაიყო? —„მუჟჩინა ი ჟენშჩინა".
—დდაა ნიჩევოოო, — გააგრძელა თედომ, — ოღონდაც, ეგ მანქანების ღრიანცელი რომ არ იყოს წამდაუწუმ.
—რათა მამი, ცუდი მანქანებია? — კიდევ „მამი" თქვა ბიჭმა, ოღონდ ახლა ჩვეულებრივად, როგორც სხვა დროს ეუბნებოდა ხოლმე.
—მანქანები კი კარგია, მაგრამ ხმაურია ძალზედ.
—რა ქალია! — მორიდებით თქვა ბიჭმა.
—კარგი ქალია, კი. — მორიდებითვე დაუდასტურა თედომ.
კიდევილაპარაკეს. მერე ბიჭი გავიდა თავის ოთახში. თედო დაწვა, ფრთხილად გადასწია საბანი, ისე, რომ ცოლმა ვერც გაიგო. გასწორდა ლოგინში, ხელები თავქვეშ ამოიდო და სიბნელეს შეხედა. „საიდან მოიტანა მაგ მამაძაღლმა"? — ჟურნალზე გაიფიქრა და თავისი ძმაკაცის, ვანუას მონაყოლი გაახსენდა, მოსკოვში რომ იყო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე:
—თედო! — ჩუმად და აღტაცებით დაიწყო ვანომ. სახლის კიბეზე ისხდნენ ორივენი.
—ისეთი რამეები ვნახე, სიზმარშიც არ მინახავს ეგეთი ცხოვრება. ეგეთი დიდი არაფერი მინახია,
მოსკოვი რომ არის —უზარმაზარი, ნაცრისფერი და წითელი. ერთი ასი მეტრის ფარგლებში იმდენი ხალხი ირევა, დეზერტირების ბაზარშიც არ მინახია, არც ალავერდობაზე, თანაც, ყველა გარბის სადღაცა. პირდაპირ სასტუმროში გაგვაქანეს მანქანებითა. ნომერს ნუ იტყვი. ორი ოთახი,
გაწყობილი ტელევიზორითა და მაცივრითა. კედელზე რაღაცა ღილაკები იყო წარწერებით, მაგრამ მოგეხსენებათ ჩემი რუსული. ოთახის ფანჯრები, წითელი მოედანი რომ ჰქვია, იმას გა ჰყურებდნენ. მეორე დღეს კრემლში წაგვიყვანეს. ეგ, რა ვნახე, თედო, მართლა ზღაპარი! მერე,
როგორი მოპირკეთებული, რა ჭაღები! ისეთი კი არა, თანდილამ რომ ჩამოიტანა მოსკოვიდან,
უზარმაზარი და ბრწყინვალე. იქიდან სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წაგვიყვანეს. რა ტრაქტორები, ბიჭო, რა კომბაინები. ელექტრო ჰესები სათამაშოებს ჰგვანან, ისეთი კოხტები არიან. მერე ღორებთან მიგვიყვანეს. ისე, ჩვენი ღორები დიდად არ ჩამოუვარდებიან. ბოლოს ჩვენს ქართულ პავილიონს მივადექით. გაგიხარია, იქ თავმომწონედ დავდიოდი. ყურძენთან შევჩერდი. ჩვენებური იყო. ვიღაცა ქალი მიდგას გვერდით, თეთრი და ჩასუქებული. რომ შევხედე, გამიღიმა. თვალი თვალში გავუყარე. იმანაც გამიყარა. გავეცანით ერთმანეთს. ტანია ერქვა. მოკლედ, მერე მე და ტანიამ კარუსელზედაც ვიტრიალეთ, საღამოს კი რესტორანში წავედი. განათებული იყო იქაურობა, დიდი ჟრიამული გაჰქონდათ. კაცო, ზოგიერთები პირდაპირ ცეკვის დროსა ჰკოცნიდნენ ერთმანეთს. კარგა დავლიეთ. თვითონ ჩემსავით ჩამოსული იყო გამოფენაზე დონეცკიდან. მისი მხარეც ვადღეგრძელე; მერე სასტუმრომდე მიმაცილა. მე მიგაცილებმეთქი, ვუთხარი და არაო... ნომერი შევაღე. შემობრძანდითმეთქი.
შემოვიდა და ერთთავად მაკოცა. ბევრისათვის არ მიკოცნია მართალია, მაგრამ ეგ მაინც სულ
სხვა იყო, მოულოდნელი და მსუყე. მერე მოგეხსენება... — აღარ დაამთავრა ვანომ.
არ წავიდა თედო იმ წელს გამოფენაზე. რაც იმან იშრომა, მაგრამ მაინც არ წავიდა.
იმიტომ, რომ თედოს და ვანოს შორის ვინმე ერთი უნდა გამგზავრებულიყო. კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი საქმეო, უთხრა და თედომაც ვანოს დაუთმო.
უსმენდა ძმაკაცის მონაყოლს და პირველად ცხოვრებაში შურდა მისი.
ერთი წლის წინ იყო ეს. სულ ახსოვდა თედოს ვანოს მონაყოლი, სულ უნდოდა საქართველოს გარდა კიდევ სხვა რამე ენახა (თუმცა ნანახი ჰქონდა რაღაც ქალაქები, ოღონდ ომის დროს დანგრეული, ნაცრად ქცეულები). მოსკოვში მოხვედრა ბოლოს ოცნებად გადაექცა. ოცნებას უფრო ისიც უმძაფრებდა, რომ სულ პატარა ბიჭმა ომში ვალია ნახა. ისიც მოსკოვიდან იყო. ჩასუქებული არა ყოფილა, გამხდარი იყო, გალეული. სწრაფად დადიოდა, ცხვირი ცისკენ ჰქონდა აწეული.
დაბომბილი ქალაქის იმ დანგრეულ სასადილოში მუშაობდა მზარეულად, სადაც თედოს ოცეული გააჩერეს რამდენიმე დღით. ის და კიდევ ერთი მზარეული ჰყავდა სასადილოს.
დამშეული ჯარისკაცები ჭამას რომ მორჩებოდნენ, იმ ორს მიაშტერდებოდნენ. ზოგი რას ეუბნებოდა, ზოგი რას. ისინიც სიცილითვე პასუხობდნენ. ვერ აცილებდა თედო თვალს პატარა გოგოს სიცილს. ერთ საღამოს, გოგო სამუშაოდან რომ ბრუნდებოდა, „დობრი ვეჩერო" — უთხრა.
იმანაც უპასუხა. თედო გვერდით გაჰყვა და ფიქრობდა, ახლა რაღა ჯანდაბა ვუთხრაო. ხის ბარაკამდე ასე უხმოდ მიჰყვებოდა. გოგო ლაპარაკობდა მხოლოდ და თანაც სულ თავის ამბებს
ჰყვებოდა. ბოლოს, „მი პაბედიმო", — უთხრა თედომ და ესიამოვნა თავისივე ნათქვამი.
„ Объязательно"!—თქვა გოგომ და შევიდა ბარაკში. მერე იქაურობა ისევ დაბომბეს. ვინ სად წავიდა, ვინ საით გააქანეს. „Прошай Валя"! —დაუძახა თედომ მანქანიდან ქუჩაში მდგარ
გოგოს. იმანაც შეხედა. არც გაუღიმა, არც არაფერი უპასუხა. უბრალოდ გააყოლა თვალი გზაზე მიმავალ მანქანას. სადღა ნახავდა თედო მერე იმ გოგოს. სახელი კი ახსოვდა, მისი სიცილიც ახსოვდა და ისიც, რომ მოსკოვში ცხოვრობდა.
ვანოს მონაყოლის შემდეგ თედომ ცოტ-ცოტა ფულის შეგროვება დაიწყო. იცოდა,
იმასაც მოუწევდა მოსკოვში წასვლა. თანაც, ცოლმა ერთხელ უთხრა, შენც წადი იმ ქალაქში და თანდილას რო ავეჯი აქვს, იქნებ ისეთიც იყიდოო. ისეთს ვერ იყიდდა თედო, მაგრამ ცოლს და ბავშვებს ჩამოუტანდა რამეს. ახლა იწვა სიბნელეში, იგონებდა ყველაფერს ამას, ოცნებობდა და ნელ-ნელა ძილი ეკიდებოდა.
თედომ გვიან მოიყვანა ცოლი თავის ტოლებთან შედარებით. თავისივე მეზობელი, ნატო,
რომელიც ადრე დაქვრივდა და ბიჭი ჰყავდა პირველი ქმრისაგან. ყოველ დილით, სამუშაოზე რომ მიდიოდა თედო, ხედავდა, ახალგაზრდა ქვრივი როგორ მოათრევდა მდინარიდან წყლით სავსე კასრებს. ძალიან უნდოდა მიხმარებოდა, მაგრამ ნატო ზედ არ უყურებდა და ესეც ვერ უბედავდა მოხმარებას. ერთი-ორი წელი გავიდა ამ ქალის ყურებაში და ერთ დილას იმანაც გამოხედა. დალია იმ ღამეს თედომ ვანოსთან ერთად და გაუმხილა კიდეც ყველაფერი. „რაღა შვილიანიო"? — ვანომ ერთი კი უთხრა, მაგრამ რომ შეხედა თედოს თვალებს, ინანა. — თვითონ მივიდა ნატოსთან და თედოს მაგივრად სიყვარულიც აუხსნა.
რამდენიმე ხანში ნატომ თედოს შეუთვალა, ჩემს ბიჭს მე ვერავის დავუტოვებო. — თედომ იწყინადა „ ეგ როგორ იფიქრეთ თქვენ, ნატოო", — ვანოს დააბარა. გადავიდა ნატო თავის ბიჭიანად და კიდევ ერთი ძველი ზანდუკიანად პირდაპირ ეზოში და გოგოც გაუჩინა თედოს.
დრო გადიოდა. ბავშვები იზრდებოდნენ. ის, რაღაც აღტაცების გრძნობა, რაც ადრე თედოს ნატოსადმი ჰქონდა, სადღაც გაქრა. წუხდა მაგაზე თედო, მაგრამ მერე გაიხედ-გამოიხედა და რომ ნახა, ყველა ცოლ-ქმარი ასე იყო, ცოტა დაწყნარდა.
იმ დღის მერე, რაც თედო ბიჭის ჟურნალს წააწყდა, კიდევ ერთი წელიწადი გავიდა. ბიჭმა სკოლა დაამთავრა. თბილისში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მოეწყო. ერთხელ ნაწვიმარი იყო, თედოს ვაზის ძირი უნდა შემოებარა. ბარი სად შეინახა, დაავიწყდა და ვანოს გადასძახა—
„ის მომეციო".
—რა, თედო?
—ის, კაცო! — დაუფიქრებლად უპასუხა თედომ.
—გამაგებინე, რა გინდა, ბიჭო?
თედო დაფიქრდა. იცოდა, რაც უნდოდა და სახელს ვერ იხსენებდა. ვანო მიუახლოვდა.
—რაგინდა, კაცო?!
—ამას, — ხელი ვაზის ძირს მოკიდა, — გარშემო რომ იმას უშვებიან, — დაბნეულად უთხრა.
—ბარი გინდა?
—როგორა?
—ბარი.
— ჰო,ბარი, ბარი!
ვანო წავიდა და მალე დაბრუნდა. თედო ნაღვლიანად იდგა ვაზთან.
—აჰა,— გაუწოდა ვანომ ბარი.
—როგორ დამავიწყდა, ბიჭო, ამის სახელი.
—მერე რა იყო, შე კაი კაცოო, და წავიდა.
—მოიცა! — განწირული ხმით თქვა თედომ, — ამის სახელიც დამავიწყდა.
—რისი, ბიჭო?
—ამისა, — თედომ ისევ ვაზს მოკიდახელი.
—ვაზისა?
—როგორა?
—ვაზისა?
—ხო, ხო, ვაზისა, ვაზისა!
—შაქარი გაკლია, — მოუჭრა ვანომ.
—რაშაქარი?
—ტკბილი გაკლია. აი, ჩემი ქალის ძალუასაც ჰქონდა ეგრე და ექიმმა უთხრა, შაქარი უნდა ჭამოო.
—ხოო?
—ხო.
—მაშ, შაქარი ვჭამო?
—ხო, რა მოგივიდა, შე კაი კაცო, ისე შეშინებულხარ, თითქოს...
—არა, კაცო, — შერცხვა თედოს, — კი არ შემეშინდა, უბრალოდ, როგორ დამავიწყდა? — ვანო წავიდა. მეორე დილას ისევ შეხვდა ვანოს...
—ჭამე, ბიჭო, შაქარი? — ჰკითხა ვანომ.
—შაქარი, არა, — გაბრწყინებული ჰქონდა თედოს თვალები, —ყველაფერიც მახსოვს.
შრომობდა თედო, რაც შეეძლო. ცოტას ბიჭს უგზავნიდა თბილისში, ცოტას ოჯახს ახმარდა და ცოტასაც ინახავდა თავისი ოცნების შესასრულებლად. ზოგჯერ რცხვენოდა, რაღა დროს ჩემი სადმე წასვლაა, სტუდენტი ბიჭი მყავსო, მაგრამ თავს იმით იმართლებდა თუ იტყუებდა, ხომ მაგათთვისაც მივდივარო.
უკვე შეგროვილი ჰქონდა წასასვლელ იფული, ბიჭი რომ ჩამოვიდა თბილისიდან ზამთრის არდადეგებზე.
—მამი! — იმ საღამოსვე უთხრა ბიჭმა.
—რაიყო? — ჰკითხა თედომ.
—იცი, რა?
—რა, ბიჭო?
—არაფერი.
თედომ ბიჭისაკენ გაიხედა.
—როგორ თუ არაფერი?
—ერთი სათხოვარი მაქვს შენთან.
—მითხარი, შენი ჭირიმე, რას მიმალავ?
—იქ, თბილისში, კიდევ ორი მეგობარი მყავს, ჩემს ჯგუფში სწავლობენ. იმათ გადაწყვიტეს,
არდადეგებზე მოსკოვის სანახავად წასვლა. მეც მითხრეს, თუ თქვენები გამოგიშვებენ, ჩვენთან
ერთად წამოდიო. თუშეგიძლია, გამიშვი, — ძლივს დაამთავრა სიტყვა ბიჭმა და მხოლოდ მაშინ შეხედა თედოს თვალებში.
ყველაფერს ელოდებოდა თედო, მაგ თხოვნის გარდა. ეგსათხოვარი მარტო თავისი ეგონა ამ დედამიწის ზურგზე. ჩუმად იყო. ოღონდ, იმიტომ კიარა, რომ ორჭოფობდა, ბიჭი წავიდეს თუ მეო. ეგ უკვე გადაწყვეტილი იყო. უბრალოდ, ყველაფერი აგონდებოდა თავის ოცნებასთან დაკავშირებით, სწრაფად, თავისდა უნებურად...
—ჰა,მამი? ამ კითხვამ გამოაფხიზლა.
—წადი მარა; წადი, თუ ისინიც მიდიან.
ბიჭი კისერზე მოეხვია და აკოცა.
მეორე დღეს თედომ თავისი შეგროვილი ფული ბიჭს ჩაუთვა-
ლა. რომ ჩამოხვალ, სოფელში მოდია უცილებლადო, — სთხოვა.
ერთი კვირის შემდეგ მართლაც დაბრუნდა ბიჭი, უფრო გამხდარი და ფერმკრთალი,
ვიდრე წასვლამდე. ბიჭმა თედოს ჩექმები ჩამოუტანა, შავები, პრიალები, მაღალყელიანები,
გვერდზე „ზმეიკით" იკვრებოდა. დედას თავშალი, შავი, წითელი ყვავილებით, პატარა დასაც ფეხსაცმელი, წითელი.
თედო ისეთი სიხარულით შეხვდა, გინდამც თვითონ ყოფილიყო წასული. იმ წუთშივე ფეხი გაუყარა ჩექმებში. სიამოვნებდა, იქიდან რომ იყო.
მოსაღამოვდა. ერთიორჯერ, ისე, ვითომ სხვათაშორის ჰკითხა ბიჭს, როგორი კმაყოფილი ხარო.
—ძალიანაო, — თქვა ბიჭმა და აღარ გააგრძელა. ეგეთი პასუხი არ უნდოდა თედოს.
დედა და პატარა თამრო დაწვნენ დასაძინებლად.
თედო ბიჭის ოთახში შევიდა. ლოგინზე ისე იყო წამოწოლილი. თედო რომ დაინახა, სწრაფად წამოჯდა.
—არ გეძინება? — ჰკითხა თედომ.
—არა. — უპასუხა ბიჭმა.
—დაიძინე, შვილო, ნამგზავრი ხარ.
—რავი, არ მეძინება.
—ანდა რა დაგაძინებს, იმხელა ქალაქის მერე, არა?!
—ეჰ, მამი, თვითონ რომ ნახავ სხვა ქვეყანას, სულ სხვაა. — გამოცდილი სახით თქვა ბიჭმა.
თედომ, „მეშველაო", —გაიფიქრა და სკამზე კარგად მოკალათდა.
—კარგია, არა, შვილო?
—რას ამბობ, არასოდეს დამავიწყდება. ამხელა სახლები, ამდენი გოგოები, ერთად ჯერ არ მინახავს— შეაპარა ბიჭმა, გაწითლდა და გაჩუმდა.
—¨ო,არა, შვილო?
— ¨ო. ჩვენა, აი, მედაის, ჩემი მეგობარი, სასტუმროში მოვეწყვეთ.
—მაიცა?!
—გეფიცები. მართალია, ცენტრიდან კარგა შორს იყო, მაგრამ მაინც. ტრი ვოსემდესიატ დევიტს,
მარტო ტაქსი სწერდა.
—სულ ტაქსით დადიოდი?
—სულ ტაქსით რომ მევლო, სამ დღეში დაგიბრუნდებოდი.
—ისე, ხო მაინც დადიოდი?
—მართალი რომ გითხრა, დავდიოდი. ისეთი ფართო ქუჩებია მამი, გაშლილი, გაჭიმული; მეორე დღესვე რესტორანში წავედით სამივე.
—მაიცა?!
—გეფიცები, თანაც როგორში...
—ჰო?..
—ტრიალებდა.
—როგორა, კაცო?!
—აი ისე, ტელევიზორის კოშკზეა და ტრიალებს, ნელ-ნელა წრეს ურტყავს კოშკსა. მთელ მოსკოვს დაჰყურებს ზევიდან, გაჩირაღდნებულს. მუზიკა უკრავს, მაგრამ რას უკრავს; ახლა,
რა ჩაცმულები მიდი-მოდიან, რა საჭმელები მოაქვთ. იმის მერე, ოთხი დღე, დღეში ერთხელა ვჭამდით. ისიც დილაზე, კიდევ რომ გვყოფნოდა ფული. მუზეუმშიც ვიყავით, განა მარტო რესტორნებში დავდიოდით.
—ხოო?
—მაშ! „ტრეწიაკოვსკაია" ჰქვია. ვინმეს თუ რამე დაუხატია, სულ იქ არის. სამი საათი დავდიოდით. იქიდან ისეთები გამოვედით, ძილის გარდა აღარაფერი გვინდოდა.
იმ მუზეუმშიც ისეთი გოგოები იყვნენ... წითელ მოედანს ნუღარ იტყვი. წითელი აგური,
ქვაფენილი, ღამე ანათებენ; ამ სინათლეზე თოვლი ნელა ეშვება დაბლა. დასეირნობ და არც გინდა სახლში დაბრუნება. სულ წყვი-ლები დადიან...
—„დაა,ნიჩევოო", — გაიმეორა თავისი საყვარელი გამოთქმა თედომ.
—ეჰ,ნიჩევო კი არა, პრეკრასნო, მამი, — გაეღიმა ბიჭს.
—ისე, გოგოები? — როგორღაც მოახერხა თედომ.
—ნუ იტყვი, აშოლტილები, ლერწმებსა ჰგვანან. ერთ იჩემი მეგობარი ვინმეს თუ გაიცნობდა,
გადაეკიდებოდა, გინდა თუ არა ქართულად თქვი, ბაყაყი წყალში ყიყინებსო. რომ ათქმევინებდა,
სიცილისაგან ვიხოცებოდით.
—ბაყაყი წყალში ყიყინებსო?
—ჰო.
—რათა?
—რავი, ქართულად თქვიო, ეუბნებოდა. ვერაფრით ვერ ამბობდნენ.
—რათა, შვილო?
—ყ-ს მაგივრად კ-ს იძახიან. ძალიან სასაცილოდ გამოსდით.
—მაშ ყ-ს ვერ იძახიან?
—ვერა.
ჩუმად იყვნენ.
—წავალ, დავწვები. —თქვა ბოლოს თედომ.
—კარგი, მამი.
—ძილი ნებისა, შენი ჭირიმე.
თენდებოდა, ის დანგრეული ქალაქი რომ დაესიზმრა თედოს. კვამლი ასდიოდა აქა-იქ სახლებს. ომი კი დამთავრებული იყო ვითომ. ზედ სასადილოსთან უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი ტრიალებდანელა. რბილ, წითელი ტყავის სკამებზე ხალხი იჯდა. მოხუცები,
ახალგაზრდები, ბავშვები. კაცებს სასმისები ეჭირათ ხელში დაერთმანეთს ომის დამთავრებას ულოცავდნენ. ყველანი იცინოდნენ და მღეროდნენ. დაბლა რამდენიმე კაცი იდგა და რაღაც
ძალიან სასიამოვნოს უკრავდა. თედო მიუახლოვდა ეშმაკის ბორბალს და ერთ თავისუფალ სკამზე დაჯდა. ნელა აჰყავდა ჰაერში უზარმაზარ წრეს. მაღლა აიხედა და ის პატარა გოგო დაინახა, მაშინ რომ შეხვდა ომში. „ვალია!"— დაუყვირა თედომ და ხელები ერთმანეთს შემჰკრა.
გოგომ მაღლიდან გადმოხედა—თედოო! — დაიძახა იმანაც, —ბაყაყი წყალში ყიყინეეებს! თედო იცინოდა. — ჩამოდი გოგო, ჩემს სკამზე ჩამოო! —ყვიროდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
—ვერა, თედო, ესე ვიტრიალოთ, ესეეე! — ექოსავით ესმოდა თედოს გოგოს ხმა.
თედო სიცილით კვდებოდა სიხარულისაგან. — მაშ, სულ ასეთი ზეიმი იქნება? —
ეკითხებოდა თავის თავს, — სულასეთი?
მაღლა იყო თედო, ცაში. ზევიდან გადახედა ქვეყანას. დანგრეული სახლები აღარსად ჩანდა. წითელი აგურით ნაშენი უზარმაზარი სახლები იდგა. ცოტა მოშორებით წითელი მოედანი და კრემლი ჩანდა. სწორედ ისეთი, „ატკრიტკებზე" რომ ენახა თედოს.
—მოსკოვში ვარ, ხალხო, მოსკოვში! — ყვიროდა თედო და ხელებს იქნევდა.
ხალხი ისევ იცინოდა. ფერადი ბურთები ეკავათ ხელში. ქვევით ისევ უკრავდა მუსიკა. წრე ატრიალებდა თედოს. ჯაჭვებს უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელები და ურფო ხმამაღლა დაიწყო სიცილი. უცებ, თავისი ხელები რომელიღაც ცხოველის ხელებს მიამსგავსა. სახეზე ხელიმოისვა და ბალანი იგრძნეს თითებმა.
—ვაიმე, შენ, ჩემოთავო! — თქვა და ახლა სხვებს გადახედა. ისევ იცინოდნენ, ისევ ეკავათ ფერადი ბუშტები, ისევ ყვიროდნენ და მღეროდნენ დანარჩენები. ისევ უკრავდნენ მუსიკას,
ოღონდ, ისინიც მაიმუნებად გარდაქმნილიყვნენ.
—ვალიაც? — გაიფიქრა თედომ და იქით გაიხედა. სკამის მისაყრდნობზე პატარა, ცისფერი მაიმუნი იჯდა.
—ვაიმე, ხალხო, რაღა გაზეიმებთ?! — ყვიროდა თედო. — რაღაგაზეიმებთ, ხალხო, რაღა გიხარიათ, თქვენი ჭირიმე, რასა ვგავართ, რა გვიხარია?!
მაიმუნები კი არც უყურებდნენ თედოს, განაგრძობდნენ სიცილს, ხარხარს და ხტუნვას.
ეშმაკის ბორბალი არ ჩერდებოდა.
—ვაიმეეე! — დაიყვირა თედომ და გამოაღვიძა თავისივე ხმამ.
—რა გაყვირებს, კაცო?! — ლოგინზე წამომჯდარიყო ნატო. თედოს თავისი გულისცემა ესმოდა.
—სიზმარი იყო? — იკითხა დამფრთხალმა.
—მაშ, რა იქნებოდა? აიღო შენმა ყვირილმა სახლი.
თედო ბალიშზე მიესვენა, გულისცემა ისევ ესმოდა და თავი სტკიოდა. მეორე დილას წავიდა ბიჭი თბილისში. მერე ორი თვეგავიდა. თედო ძველებურად შრომობდა. უფრო იშვიათად თუ ამოუტივტივდებოდა ოცნება და მაშინაც, ცდილობდა არ ეფიქრა ამაზე. ის სიზმარი კი კარგად ახსოვდა და ეშინოდა რაღაცის. რისი, თვითონაც არ იცოდა.
ერთ საღამოს, სახლში ბრუნდებოდა დაღლილი. თავი სტკიოდა. ვანო გაახსენდა რაღაცაზე, სახელი კი ვერ მოიგონა. ჯერ გაიღიმა და თავი გააქნია. ცოტა ხანი რომ გავიდა, ის დღე მოაგონდა, ბარისა და ვაზის სახელი რომ დაავიწყდა. ნაბიჯს უმატა, ვანოს სახლისაკენ წავიდა; ეზოში თითქმის შეირბინა. აივანზე, ვანოს ცოლი სარეცხს ხსნიდა.
—რაიყო, თედო?
თედოს უნდოდა სახელით მიემართა. იმის სახელიც დავიწყებოდა. შერცხვა, მაგრამ უცებ გაუარა სირცხვილმა. შიშმა აჯობა.
—ერთი, შენი ჭირიმე, იმას დამიძახე.
ქალი სწრაფად შევიდა ოთახში. ვანომ კიბეზე ჩამოირბინა.
—რაიყო, თედო?
—ბიჭო, მოდი ერთი აქა! — თედომ ხელიმოკიდა და ეზოდან გადაიყვანა, თანაც კანკალებდა.
—რა მოგივიდა, თედო?
—ბიჭო! — უცებ ერთ ადგილას გაქვავდა თედო, — შენა, რა გქვიან?
—მაიცა, კაცო, — დამცინი?
—არა, ღმერთს გეფიცები, მითხარი ჩქარა!
—ვანოი, — ჩუმად თქვა ვანომ და შიში ჩაუდგა იმასაც თვალებში.
—როგორა?
—ვანოი, ვანუა.
—ჰო, ჰო, ვა...
—ვანო.
—ვანო, ვანო. შენს ცოლს?
—ლენა.
—ლე... —თედო გაჩერდა.
—ნა.
—ნა. — გაიმეორა თედომ.
—ლენა.
— ჰო, ჰო,ლენა.
წავიდა ისე, რომ არაფერი არ უთქვამს. ვანო გაშტერებული უყურებდა. ერთი ათი მეტრი ექნებოდა გავლილი, რომ დაიძახა რაღაცა. ვანო მივარდა, შემოატრიალა და შეაჯანჯღარა ორივე ხელით.
—ჩემს ცოლს და ბალღებს რა ქვიათ, ბიჭოო! — დაიღრიალა თედომ.
თბილისში დააწვინეს თედო. ერთიკვირა წამლები უკეთეს. მერე,ზოგმა ნატოს უთხრა,
არაფერიაო. ზოგმა თქვა, სიმსივნე აქვს თავშიო. ვიღაც პროფესორმა ნატოს უთხრა, ნამდვილად სიმსივნეა და საოპერაციო არისო.
—მაგის თავს როგორ გაგაჭრევინებთ, თქვენი ჭირიმე?! — თითქმის თავისთვის თქვა ნატომ.
—მაშინ, თუ საშუალება გაქვთ, მოსკოვში წაიყვანეთ, — თქვა პროფესორმა.
—ურიის ვალს ავიღებ და წავიყვან, — თვალებში შეხედა პროფესორს ქალმა.
იცოდათედომ, რომ მოსკოვში იყო. ისიც იცოდა, რომ ნატომ და ვანომ გადაწყვიტეს, ვანო გაყოლოდა თედოს. იცოდა, რომ იქ იყო ვანო, ოღონდ არ უშვებდნენ მასთან. „ Да вам повезло, сегодня один умер после операции, так что место есть"! — უთხრა ექიმმა ვანოს, თედო რომ ჩაიყვანა მოსკოვში, იმ დღეს. ვანომ ენა გადაყლაპა.
თედო ერთ პატარა და ნათელ პალატაში მოათავსეს, სადაც კიდევ ორი ავადმყოფი იწვა.
თავის ტკივილები აღარ ჰქონდა, სახელებს კი მაინც ვერ იგონებდა. ნერვები ეშლებოდა. ზოგი ისეთი რამ ახსოვდა, სულ რომ არ იყო საჭირო, მთავარი კი ავიწყდებოდა. წუხდა, ამათ ალბათ,
გიჟივ გონივარო.
რამდენიმე დღეში შეეგუა იქაურობას. პალატიდანაც გამოვიდა, სეირნობაც დაიწყო დერეფანში. დერეფნის შუაში მაგიდები და სკამები იდგა, სადაც ავადმყოფები იკრიბებოდნენ. ზოგი კარტს თამაშობდა, ზოგი ჭამდა, ზოგი საუბრობდა და ზოგს სულაც არ ესმოდა ერთმანეთის. აქ ქალებიც იყვნენ და კაცებიც, ბავშვებიც და მოხუცებიც.
თედო ერთმაგიდას მიუჯდა, სადაც ორი კაცი და ერთი ქალი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.
—Грузин? —ჰკითხა ერთმაკაცმა, რომელსაც თავი ჰქონდა შეხვეული.
—და, — უპასუხა თედომ.
—А что?—ჰკითხა ისევ იმან.
—„პამიატ", — თქვა თედომ.
—Ничего, сделают операцию, все пройдет,—თქვა თავშეხვეულმა.
— Грузин? —ჰკითხა ახლა ქალმა.
თედომ შეხედა. ორმოცს გადაშორებული იქნებოდა ქალი, ქერად ჰქონდა თმები შეღებილი.
—და, —გაიმეორა თედომ პასუხი.
—Знаю, там мандарины растут,— თქვა ქალმა და გაუცინა. რომ გაუცინა, თედო გაწითლდა და თავი ჩაღუნა.
მეორედღესაცნახაისქალი.
— Грузин!— დაუძახა ქალმა. თედო მისკენ წავიდა.
—ну как, память?
—ჩტო?
—У вас там виноград, есть?
—ჩტო?
—А, понятно. А как зовут?
—ია, თედო.
—Я Нина.
თედოისევგაწითლდა.
— А вы там хорошо живете в Грузии то, все двухэтажные дома строете.
—და ნიჩევოოო, — თქვა თედომ.
ექიმმა დაუძახა, ერთ ოთახ შიშეიყვანა. იქ სხვებიც ისხდნენ. კედელზე მსხვილად ეწერა რუსული ანბანის ასოები. მალე იქ ქერათმიანი ქალიც შეიყვანეს. გვერდით დაუჯდა.
—Как называется?—ჯოხი შ-ს დაადო ექიმმა და თედოს შეხედა. არ ახსოვდა თედოს. გადაუჩურჩულა ქერათმიანს, რა არისო.
—Я тоже не помню.— უპასუხა ქალმა.
— А это? — ჯოხი სხვაზე გადაიტანა ექიმმა.
არც ეს ახსოვდა თედოს. სხვებსაც ჰკითხა ექიმმა. ზოგმა უპასუხა, ზოგმა ვერა. მეორე დილითაც მაგიდებთან ისხდნენ ყველანი. ზოგი იცინოდა, ზოგი ლაპარაკობდა, ზოგს სულ არ ესმოდა ერთმანეთის არაფერი. მერე თედო ბნელ ოთახში შეიყვანეს, ცივ მაგიდაზე დააწვინეს, ხელები და ფეხები დაუბეს. ოთახი უფრო ჩააბნელეს და ყელში რაღაც გაუკეთეს. უცებ განათდა რაღაც მის წინ. ასეთი სინათლე, არც ენახა თედოს. მერე, ის ფერადი მაიმუნები დაინახა სიზმრიდან. ისევ იმ მრგვალ ეშმაკის ბორბალზე ტრიალებდნენ, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. თედომ იყვირა. სინათლე აანთეს და გაქრა ყველაფერი. თავი სტკიოდა ორი დღე. ქერათმიანი ქალი შედიოდა პალატაში. არ უნდოდა თედოს. ისევ გაუარა ტკივილმა, მაგრამ მაინც არ უნდოდა. მთელი დღე სკამზე იჯდა და სოფელზე ფიქრობდა. ყველაფერი ახსოვდა, ოღონდ სახელებს ვერ იგონებდა. ქერათმიანი არ შორდებოდა.
—სკაჟი პო ნაშემუ, „ ბაყაყი წყალში ყიყინებს", — უთხრა ერთხელ, გვიან ღამით თედომ ქერათმიანს. მთელი დღე ჩუმად იყო და მერე, სულ რომ არაფე რშუაში არ იყო, ისე უთხრა.
—Как, как?— გაეცინა ქერათმიანს.
—ბაყაყი წყალში ყიყინებს, — თქვა თედომ ძალიან მოწყენილმა.
—ბაკაკი წკალში კიკინებს, — თქვა ქერათმიანმა დასიცილი აუტყდა.
თედო ერთ ადგილს იყო მიშტერებული.
ქალმა მაგიდის ქვეშ შეაცურა ხელი დათედოს დაადო ხელზე. თედო ერთი შეტოკდა, მერე, გაყუჩდა. ქალი თვალებში უყურებდა. აღარ იცინოდა.
—Я третий месяц здесь. говорили, что позно операцию делать — თითქმის ჩურჩულით თქვა.
თედო გაშრა.
—А меня не надо жалеть, я настояла. завтра делают, утром.— ქალი ცოტა ხანს ჩუმად იყო.
—Поцелуй!— თქვა მერე.
—ჩტო? —ჰკითხა თედომ.
— Поцелуй!
თედომ ვერ გაიგო. ქალმა ხელი მოუჭირა. მაშინ მიხვდა, ქალმა აკოცა. თედომ ვერ შეძლო. დილით ადრე გაიყვანეს. ბორბლებიან მაგიდაზე დააწვინეს და ისე გაიყვანეს.
—На операцию! — უთხრა თეთრხალათიანმა კაცმა.
—ბაიუს, — თქვა თედომ.
—Ничего, сделают укол, пройдет!
თედო წამოჯდა, ექიმს ხელი მოკიდა.
—პროსბა, — უთხრა მერე.
—Какая еще просьба?
—ია ზნაიუ, ონ ტამ, ვნიზუ.
—Друг то?
—და, და, შენი ჭირიმე!
—Во первых, еще рано, его там не вудет; а, во вторых, в цем дело?
—პუსტი კო მნე.
—Да вы цто?— გაიკვირვა ექიმმა.
თედომ ორივე ხელი მოხვია.
—ნუ, პროსბა.
—А цто еще?
—ბოლშე, ბოლშე...
—Не положено!
—ბოლშე, ბოლშე...
ექიმმა შეხედა. ბორბლებიანი მაგიდა შეაჩერეს.
—Ну черт с вами, зови! — სწრაფად უთხრა ექთანს.
ვანო მაგიდას მიყვებოდა. თედოს ხელი მაგრად ეჭირა.
—ნუ გეშინია, თედო.
—შენი ჭირი მე, შენი! — იმეორებდა ერთი და იგივეს თედო.
—დაწყნარდი, გენაცვა, დაწყნარდი.
—დავწყნარდი, დავწყნარდი.
—ჰო, დაწყნარდი.
—არა მგონია, თუ გადავრჩი, მაგრამ...
—ჰო,თედო.
—ერთ რამესა გთხოვ, გთხოვ.
—ჰო,თედო.
—არაფერი არ მინდა მე, ის გამახსენონ ოღონდ.
—ჰო,დაწყნარდი, შენი ჭირიმე.
—გამახსენონ, ოღონდ, თუ გადავრჩი.
—რა, შენი ჭირიმე?
—აი, იმისა, აი, მე რომ იმას ვუშვები კაცო, იქა!
—ჰო,თედო.
—ჩვენთან რო ხარობს, ბიჭო!
—ვაზი, გენაცვა?
—რა?
—ვაზი, ვაზი!
—ჰო,ვაზი, ვაზი, ვაზი! იმას ვენაცვალე, მეტი არაფერი მინდა!
ჩამოკიდებული იყო ხელზე.
—და კიდევ იმისა, კაცო!
—ჰო,გენაცვალე.
თეთრი მაგიდა რაღაც კარს უახლოვდებოდა.
—იმისი, ჩემი იმისა!
—შენი ქალისა?
—ჰო, ჰო,შენი ჭირიმე, ჩემი ქალისა.
—ჰო,გენაცვალე, ჰო.
—მეტი არა მინდა რა, ეგენი მხოლოდ.
—ჰო, შენი ჭირიმე.
—ისე მინდა, რო, იმასა ვკარგავ, აი, იმასა, — გაჭირვებით ამბობდა თედო. —აი, იმასა, ყველაფერს რომ ქვიან.
—ჰო,გენაცვალე.
—ჰო, ჰო, ჰო, ძალიან მინდა, შენი ჭირიმე, ძალიანა! ოცნებადა მაქვს გადაქცეული, ოცნებად!..

კატეგორია: წიგნები | დაამატა: მანანა (2011-04-09)
ნანახია: 1022 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 2.0/2
სულ კომენტარები: 1
1 gia  
0 Spam
ჯემალის შემოქმედებას უნდა იცნობდეს ახალი თაობა. იქნებ თეატრის ან კინოს რეჟისორები დაინტერესდნენ...აქ უამრავი მზა მასალაა ორივე სფეროსთვის...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]