RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » წიგნები

ნუციკო ემხვარი
ჯემალ თოფურიძე

ნუციკო ემხვარი თვრამეტი წლის იყო. მწვანე თვალებს ბავშვური ნაპერწკლები ახლდა, ტანს და ხელებს ქალურობა უცნაური. შავი თმა აწეული ჰქონდა კისერთან. მსუბუქად დადიოდა. საოცრად მსუბუქად, დაფრინავდა თითქოს.
მეექვსე სკოლა დაამთავრა ნუციკომ. უნივერსიტეტის სტუდენტი, პოეზიით იყო გატაცებული. გვიან ღამემდე კითხულობდა ლექსებს, მერე სიზმრებს ხედავდა. ზოგჯერ არაფერს განსაკუთრებულს, მაგრამ რომ გაიღვიძებდა, სიამოვნებდა რაღაც, ძალიან.
ნუციკოს თეატრი უყვარდა, სცენის სუნიც კი. ბილეთს ყოველთვის სცენის ახლოს იღებდა. სპექტაკლის დროს თვალს არ აშორებდა მსახიობებს. შესვენებისას ქალებს უცქერდა, რომელთაც მდიდრული სამკაულები ეკეთათ, თეთრი მარაოებით ინიავებდნენ სახეს და ერთმანეთში დიდხანსსაუბრობდნენ.
ნუცას ბებია ზრდიდა. მამა არ ახსოვდა. ძალიან ჰგავდა ნუციკო დედას. დედამისი ახალგაზრდა და ლამაზი იყო. ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე. თხუთმეტი წლის იყო ნუცა, დედამისი უცებ რომ გარდაიცვალა, გულით. გარდაიცვალა ყველასთვის მოულოდნელად. არ გაწვალებულა. ბებია ზრდიდა მარტო დარჩენილს, უზარმაზარ სახლში, სადაც ძველი, წითელი ხის როიალი იდგა და ძველებური ავეჯი, მწვანე, ხავერდგახეხილი სავარძლებით. ფანჯრებზე სქელი და მძიმე ფარდები ეკიდა.
ნუციკოსთან ამხანაგები მოდიოდნენ ზოგჯერ. პირველ კურსელები ცდილობდნენ დიდებივით ესაუბრათ. მერე ნუცას თხოვდნენ, რამე დაგვიკარიო და ისიც, თავისი გამხდარი თითებით, რომელიღაც ძველ, რუსულ ვალსს ასრულებდა.
როცა ნუციკო სახლში მარტო დარჩებოდა, დედამისის ოთახის კარს ფრთხილად შეაღებდა, კარადას მიუახლოვდებოდა და კაბებს გამოაწყობდა, რომელთაც დედის სუნამოს თუ ტანის არომატი შერჩენოდათ ოდნავ. ჩაიცვამდა რომელიმეს ნუციკო, სარკესთან ჩერდებოდა. მაღალყელიანი ქალის სურათს უყურებდა, კედლიდან რომ უცინოდა. მოენატრებოდა დედა და იტირებდა ჩუმად.
ნუციკოს სილამაზეზე სტუდენტები ჯერხმამაღლა ლაპარაკობდნენ. მერე— აღარ. იმიტომ, რომ ნუციკო მათ მეგობარს შეუყვარდა.
ნუცასაც მოსწონდა გურამი, ყოველ შემთხვევაში, სხვებისგან არჩევდა. გურამი მაღალი იყო, ბავშვური სახე და შავი, სევდიანი თვალები ჰქონდა. გამოცდებს აბარებდნენ. ერთ საღამოს, უნივერსიტეტში მეცადინეობის შემდეგ, ნუცი კოგურამმა სახლამდე მიაცილა. მთელი გზა რაღაცას უყვებოდა, წუხდა, რომ ღელავდა და არეულად ლაპარაკობდა; უცებ, დიდ სადარბაზოსთან შეაჩერა, ლოყაზე აკოცა, ტუჩებთან ახლოს.
ახლა სიზმრებში ნუციკო გურამთან იყო სულ და კოცნიდა კიდეც. კარგახნისმერეცხადშიცკოცნიდა, რაღაცსირცხვილისადა სიამოვნებისაგან აწითლებული. გურამთან სახლში დადიოდა. ერთი ოთახი იყო, თეთრად შეღებილი კედლებით. რკინის საწოლი კუთხეში იდგა. გვერდით, პატარა მაგიდა, რაზედაც ხშირად ცარიელი ღვინის ბოთლები და სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე იდო. წიგნები იატაკზე ელაგა. გაფუჭებული კედლის საათი სულ თერთმეტს აჩვენებდა. ორი კედელი გურამის ნახატებით იყო სავსე. გამოირჩეოდა ვიღაც ფრანგი მხატვრის ნატურმორტი ყვავილებით, რომელიც გურამის ბაბუისთვის ეჩუქებინათ ადრე, საფრანგეთში.
ძალიან უყვარდა ნუციკოს ეს ნახატი. ხშირად მიდიოდა ახლოს კედელთან.
ხელს წაიღებდა ფრთხილად ნახატისაკენ, მერე, ისევ ჩამოუშვებდა პატარა ბავშვივით, რაღაცაზე ხელის მოკიდებას რომ აუკრძალავენ, ისე.
ასე რატომ მიყვარსო, — ჰკითხავდა თავის თავს. ის კი ახსოვდა, პირველად რომ აკოცა გურამს, — იმ ყვავილებს უყურებდა.
ღამე არ ეძინა. დილით მივიდა გურამთან, ჩუმად მიუახლოვდა საწოლს და აკოცასა ფეთქელთან. გურამის თვალებმა ნუციკო დაინახეს. წითელი კაბა ეცვა, დიდი, თეთრი საყელოთი. თვალები უბრწყინავდა. საწოლზე ჩამოჯდა. ყავა მინდაო,— უთხრა და მე თვითონ
გავაკეთებო, — დააყოლა. წამოდგა, ქურისკენ წავიდა. გურამმა თვალი გააყოლა გრძელ ფეხებს, ასე მსუბუქად რომ მიდიოდნენ.
ისევ დაბრუნდა საწოლთან, დიდხანს კოცნიდა. ხელები წითელი კაბის ღილებს ხსნიდნენ აჩქარებულად. ყავა გადმოვაო, ჩუმად თქვა ნუციკომ. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა და ვეღარ თქვა. ერთი ხელით საწოლის ცივ რკინას გრძნობდა; რცხვენოდა. მერე იმ ნახატს შეხედა, ასე რომ უყვარდა. ნახატი დაკარგეს თვალებმა. ისევ იპოვა. რამდენჯერმე დაირწა კედელზე, შორს წავიდა, დაპატარავდა, გაქრა. ქურაზე გადმოსული ყავის და სუნთქვის ხმა ისმოდა ოთახში.
ყველაზე კარგი, ნუციკო ემხვარის ცხოვრებაში, ერთი იანვრის საღამო იყო. თოვდა. მისი ფანჯრიდან ქუჩის სინათლეზე ჩანდა, როგორი დიდი ფიფქებით თოვდა. ისეთი სიმშვიდე იყო, თოვის დროს რომ იცის მხოლოდ. ნუციკო როიალზე რაღაცას აწყობდა. იგრძნო, ვიღაც უყურებდა. მრგვალ სკამზე შეტრიალდა. გურამს შავი პერანგი ეცვა, ყავისფერ ქურთუკზე საყელო გადაწეული. თოვლით ჰქონდა გათეთრებული თმა. იმწუთში იგრძნო ნუციკომ ყველაზე მეტად, რომ არ შეეძლო უმისოდ. კისერზე ჩამოეკიდა და აკოცა ლოყაზე. ესიამოვნა, ზამთრის სიცივე რომ დაჰყოლოდა ლოყას.
მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ ორივენი. ნუციკოს უნდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო, სულ ეცქირა შავი თვალებისათვის, ორივენი ასეთი ახალგაზრდები ყოფილიყვნენ.
მერე, ცოლი გახდიო ჩემი, — სთხოვა ისეთ დროს, სულ რომ არ ელოდა ნუციკო. გაეცინა, გურამიც აჰყვა. მერე, ზაფხულშიო, — გადაწყვიტეს.
ზაფხულში საშინელი სიცხე, მტვერი და ყვირილი იყო სადგურზე. ერთმანეთში ირეოდა ქალი, კაცი, ბავშვი, ფორმიანი და უფორმო. სატვირთო ვაგონები გავსებული იყო ჯარისკაცებით. ქალები ფარაჯებში გამოწყობილებ სკოცნიდნენ და ტიროდნენ. რადიოში, სასულე ორკესტრის ხმა, ვერ ფარავდა ხმაურს. ნუციკო ხის ბოძთან იდგა ამხანაგებთან ერთად. რამდენიმე ჯარისკაცი იყო მათ შორის. ერთი მისგვერდით იდგა. ყველაზე მაღალი იყო. თვალები
შავი ჰქონდა და ნაღვლიანი. ნუცა ჩუმად იყო, ხელი იმის ხელისთვის დაედო. — „По вагонам!“- ო, ვიღაცა ყვიროდა. ხომ დამელოდებიო, — ნუციკოს ეუბნებოდა, თვალებზე კოცნიდა, — თავს მიხედეო. მატარებელს შეახტა, მერე ბიჭებს ხელიგააშვებინა და ისევ ბაქანზეა ღმოჩნდა... სველ თვალებს აკოცა. ჩემთან გადადიო, —თხოვა, — რამე მითხარიო. მე თუ რაიმე მომივა, ჩვენს ნახატს გაუფრთხილდიო. ვიღაცამ ძალითა იყვანა. ათასი ხელიდან არჩევდა ნუციკო მისი მისამართით დაქნეულ გამხდარ ხელს. ჩუმად ტიროდა. მატარებელი მიდიოდა ნელა და მიჰქონდა ყველაფერი.
ორმოცდაორი წლის სექტემბერი იყო, ნუცი კოემხვარმა მისი დაღუპვის ბარათი რომ მიიღო.
დრო გავიდა. ის ბავშვური ნაპერწკლები აღარ ჰქონდა თვალებს და სიმსუბუქე ტანს.
ნახატს ოთახში ისევ უყურებდა, მაგრამ არაფერი ესიზმრებოდა და არც უნდოდა გაღვიძებოდა.
მერე დიდი დრო გავიდა. ვიღაც გაიცნო— რუსეთიდან ჩამოსული ინჟინერი და გაჰყვა ცოლად. ერთი წელი ცხოვრობდა სხვა ქალაქში, მისთვის მაინც უცხო კაცთან. მერე ვეღარ შეძლო და დაბრუნდა იმ პატარა ოთახში.
ნუცა ემხვარზე იძახდნენ, უცნაურიაო. ვიღაცამ თქვა, იმ ბიჭის მერე ჭკუაზე ვერ მოვიდაო. სხვამ დააყოლა: კარგი რა, რამდენი ხანი გავიდა იმის მერე, გიჟია ნამდვილიო. მერე ნუცა ემხვარს სახელითა და გვარით არ იხსენიებდნენ და აი ის, მარტო რომ ცხოვრობს, ლამაზი, უცნაური ქალი რომ არისო, — ასე ამბობდნენ მასზე.
ორმოცდაათი წლის იყო. სავარძელში იჯდა თავის ოთახში. ერთ კედელზე საათი ისევ თერთმეტს აჩვენებდა. გვერდით ნატურმორტი იყო ყვავილებით. ეძინა და ვიღაცას სიბნელეში უთხრა, მალე მოვალო. ტკივილმა გააღვიძა გული. წამოდგომა სცადა, წამოდგა კიდეც. უცებ მოეხსნა ტკივილი და ძალა გამოელია ისე, რომ ესიამოვნა კიდეც. ყვავილებს მოჰკრა თვალი.
გაეღიმა დაღლილს. სავარძელში ნელა დაეშვა და მიხვდა, რომ ვერასოდეს ადგებოდა.
წვიმდა. გამურული იყო ცა. სველი, ყვითელი ფოთლები ეყარა მიწაზე. ნუცა ემხვარის სახეს და ტანს ნაცრისფერი ნაჭერი ფარავდა. თმები მოუჩანდა მხოლოდ. მესაფლავეებს სარეცლის ქვევიდან მოესწროთ თოკების გაყრა და თითქოს სტარტზე იდგნენ და ნიშანს ელოდნენო. ისეთი სიჩუმე იყო, მხოლოდ სასაფლაოზე რომ იცის. ვიღაც ქალის ტირილი ისმოდა შორიდან.
—გახსოვს მაინც, როგორ უყვარდა? — ჰკითხა მაღალმა, ჭაღარა კაცმა გამხდარ, ქოლგიან ქალს.
—Не говори! — თქვა ქალმა.
—Какая она выла красивая.— ისევ კაცმა თქვა. — Бедная Нуцико,— დააყოლა.
—Нет, она была ненормальная. Разве можно так без конца любить? — ღმერთო მაპატიე! — თქვა ქალმა და სრულიად მშრალი თვალები, ცხვირსახოცით მაინც მოიწმინდა.
ემხვარის ოთახში გრძელი სუფრა იდგა და ხის გრძელი სკამები ეწყო, გაზეთებგადაფარებული.
ქელეხი რომ დამთავრდა, მეზობლებმა დიდხანს უხსნეს ერთმანეთს სიყვარული. მერე დაიშალნენ. ღვინითა და სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ოთახში ერთი ნახატი დარჩა. მეზობლის ახალგაზრდა რძალმა კედლიდან ჩამოხსნა ნატურმორტი ყვავილებით, გარეთ გაიტანა; დიდი ბოქლომი დაადოე მხვარის ოთახს და—„ეს ოთახი ხო წამართვა, მარა ამ ნახატს მაინც არ შევარჩენ ვარდენ კიკაჩეიშვილსო“, — გაბრაზებულმა გაიფიქრა.

კატეგორია: წიგნები | დაამატა: მანანა (2011-04-15)
ნანახია: 1343 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 maiko jmukhadze  
0 Spam
zalian mainteresebs ara normalurad ratom natlaven adamianebi imas,risi gaketebac tavad ar sheuzliat. ratom aris warmoudgeneli ,rom samyaroshi giyvardes erti adamiani da is iyos shentvis mteli samyaro. didixania tvalidan cremli ar wamomsvlia ,vkitxulobdi da cremlebi momdioda am patara lamazi gogos cxovrebashi bavshvobidan ramdeni r\tragizmia .mere ki rogor nislivit auortqlda lamazi siyvaruli !!! madlobt tqven !!!!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]