"შიშველი ჯულიეტა" - თარგმანები - სტატიების კატალოგი - ერთად
RSS *
მთავარი » სტატიები » თარგმანები

"შიშველი ჯულიეტა"
დასაწყისი

ისინი ინგლისიდან მინეაპოლისში ფეხსალაგის სანახავად ჩამოვიდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტება ენიმ მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როცა შიგ შევიდა. გარდა იმისა, რომ კედლები ამ ღირსშესანიშნაობის დიდი მუსიკალური წარსულის აღმწერი წარწერებით იყო აჭრელებული, სხვა მხრივ ეს საპირფარეშო არაფრით განსხვავდებოდა მასსავით ბნელი, ნესტიანი, აყროლებული და უსახური სხვა ფეხსალალაგებისაგან. მართალია, ამერიკელებს კარგად ეხერხებათ თავიანთი ისტორიული ძეგლების ზეაღმატებულ ხარისხში წარმოჩენა, მაგრამ აქ ეგენიც კი ვერას გახდებოდნენ.
_ ფოტოაპარატი თანა გაქვს ენი? _შეფუცხუნდა დუნკანი
_ რისი გადაღება გინდა?
_ რა, არ იცი?
_ არა
_ რისი და ... აი, ამ ფეხსალაგის.
_ მაინც?.... რა ქვია ამ ჩასაფსმელებს?
_ ფისუარები
_ თავით ფისუარში ხომ არ გადაიღებდი სურათს?
_ ვითომ ვფსამ, არა?
_ როგორც გინდა.
დუნკანი სამი ცენტრალური ფისუარის წინ დადგა და დამაჯერებლობისთვის, ვითომ მართლა ვფსამო, ხელები წინ დაიწყო, თან კმაყოფილი ღიმილით გამოხედა ემის.
_ გადაიღე?
_ მგონი ფლეშმა არ იმუშავა
_ ერთიც სცადე, აბა ამხელა გზა იმისთვის გამოვიარეთ, რომ ერთი ხეირიანი ფოტოც ვერ გადავიღოთ?
 _ დუნკანი ახლა ერთ-ერთ ჯიხურში შევიდა და კარი ღია დატოვა. იქ უკეთესი განათება იყო. ენიმ უნიტაზზე მჯდომი კაცის მშვენიერი კადრი დაიჭირა. ხოლო, როცა დუნკანი უნიტაზიდან წამოდგაადგა, დაინახა, რომ სხვა უნიტაზების მსგავსად, კლუბის ეს უნიტაზიც ბინძური და გაჭედილი იყო. 
 _ წამო რა დროზე მოვხიოთ აქედან, ვიდრე ის კაცი არ შემოგვივარდა, ისედაც არ უნდოდა ჩემი აქ შემოშვება.
მართალი იყო. ბართან რომ კაცი იდგა, თავიდან გაიფიქრა, ეს ორი კაცების ტუალეტში ან გასაჩხერად ან საწერაოდ შედიანო, მერე კი, რა გულდამწყვტადაც უნდა ჟრერდეს, გადაწვიტა, რომ ამათ არც ერთის და არც მეორეს თავი არ ექნებაო.
დუნკანმა კიდევ ერთხელ გაიხედა საპირფარეშოსკენ და ამოიოხრა.
_ ეჰ, ფეხსალაგებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ!
 კიდევ კარგი რომ ამ ფეხსალაგს არ შეუძლია, თორემ რა გაუძლებდა დუნკანისადა მის დიალოგს მთელი ღამე _ ფიქრობდა ენი. 
ამ ქვეყანაზე ბევრი არ იცნობს მუსიკოს თაკერ ქროუს ცხოვრებასა და შემოქმედებას. კიდევ უფრო ნაკლები _ მისი მოღვაწეობის ბნელ პერიოდებს. ამიტომ ის რაც ამ შემოქმედს "პიტს-კლუბის” საპირფარეშოში შეემთხვა, ან არ შეემთხვა, უთუოდ აღნიშვნის ღირსია. ქროუ მინეაპოლისში შოუს მართავდა და "პიტსში” იქაური ბენდის, "ნაპოლეონ სოლოს” მოსასმენად შეიარა. ვიღაცამ თურმე მაგრა უქო (დუნკანის და თაკერ ქროუს სხვა ფანების კოლექციაში ამ ბენდის პირველი და უკანასკნელი ალბომი _ "ნაპოლეონ სოლო თავის სიმღერებს მღერის და უკრავს გიტარაზე” _ უთუოდ მოიძებნება). შუა კონცერტის დროს თაკერი ფეხსალაგში გავიდა. არავინ იცის, კერძოდ რა მოხდა იქ, შიგნით, მაგრამ ფაქტია, რომ იქიდან გამოსულმა თაკერმა ბარი დატოვა და პირდაპირ სასტუმროში წავიდა, იქიდან თავის მენეჯერს დაურეკა და დარჩენილი კონცერტები გააუქმებინა.

მეორე დილა თაკერის მუსიკალური კარიერის დასასრულით გათენდა. ეს მოხდა 1986 წლის ივნისში. მას შემდეგ თაკერის მუსიკაზე აღარაფერი თქმულა: არცერთი ახალი ჩანაწერი, არცერთი კონცერტი, არც რაიმე სახალისო ამბავი მისი პირადი ცხოვრებიდან, არც ინტერვიუ. თქვენც რომ ისე გიჟდებოდეთ თაკერზე, როგორც დუნკანი ან ათასობით მისნაირი მელომანი, მაშინ ამ საპირფარეშოს მიმართ არაერთი კითხვა გაგიჩნდებოდათ. მაგრამ, როგორც დუნკანმა უკვე აღნიშნა, ფეხსალაგი უტყვია და ამიტომ, თაკერის თაყვანისმცემლებს მისი სახელით უწევთ ლაპარაკი. ზოგი მათგანი ამბობს, რომ თაკეთ ქროუს იქ უფალი, ამ მისი რომელმე წარმომადგენელი გამოეცხადა. სხვები ამტკიცებენ, რომ თაკერმა იქ ზედმეტი დოზა გაიჩხირა და კინაღამ გაიპარა. ხოლო, თაკერფანების მესამე სკოლა იმ მოსაზრებას ემხრობა, რომ ფეხსალაგში თაკერმა თავის შეყვარებულს ბასგიტარისტთან შეუსწრო. ენის ეს ყველაზე სუსტ მოსაზრებად მიაჩნდა. მართლაც და, რომელ მუსიკოსს დაამუნჯებდა ოცდაორი წლით ოდენ იმის ხილვა, რომ მისი სატრფო ფეხსალაგში ბასგიტარისთთან წერაობდა? თუმცა რა იცი, ვისთვის როგორ და ენისათვის ასეთი ვნება საერთოდ უცხო იყო. ასეა თუ ისე, მთავარი ისაა, რომ იმ დღეს, პარარა როკ-კლუბის იმ აქოთებულ წერტილში მრთლაც რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საბედისწერო მოხდა. 

 ენის და დუნკანს თაკერ ქროუს ნაკვალევზე მოგზაურობის თითქმის ნახევარი ჩამთავრებული ჰქონდათ. ნიუ იუორკში მათ თაკერის სახელთან დაკავშირებული ყველა ბარი თუ კლუბი მოინახულეს. ამ ძეგლთა უმრავლესობა კარგა ხანია უკვე მაკდონალდსის ფილიალებად და ბუტიკებად გადაუკეთებიათ. იყვნენ თაკერ ქროუს მშობლიურ ქალაქ ბოუზმენშიც, მონტანას შტატში. იქ ერთმა ბებერმა ქალმა, ქროუების ყოფილმა მეზობელმა დუნკანს გაუმხილა, რომ თაკერი ბავშვობაში მისი ქმრის ბიუიკს რეცხავდა ხოლმე. ქროუებს პატარა და კოხტა სახლი ქჰონიათ. მისი ახალი პატრონი მცირე გამომცემლობის მენეჯერი იყო. მენეჯერი კინაღამ ჭკუიდან გადადგა, როცა გაიგო, რომ ენი და დუნკანი მისი სახლის სანახავად ინგლისიდან ჩამოფრინდნენ, თუმცა ეს საკმარისი საბაბი მაინც არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ შორი გზიდან ჩამოსული სტუმრები სახლში ფინჯან ყავაზე შეეპატიჟებინა.

მონტანიდან მომლოცველები მემფისში გადაფრინდნენ, სადაც მათ კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა _ ძველი "ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდია” (დაიხურა 1990 წელს) ეგულებოდათ. ამ სტუდიაში გაგლეჯილმა მთვრალმა და გაბრუებულმა თაკერმა თავისი გამანადგურებელი ალბომი "ჯულიეტა” ჩაწერა. ეს ალბომი ენისაც ძალიან მოსწონდა. სანახავი დარჩათ ჯულიეტას სახლი ბერკლიში (კალიფორნია). სინამდვილეში ჯულიეტა ყოფილი მოდელი იყო, ფსევდონიმით ჯული ბიტი. ახლაც იქ ცხოვრობს. ჯულის სახლის წინაც იმდენ ხანს იყურყუტებდნენ, რამდენიც საჭირო იქნებოდა, ან იმდენს _ რამდენიც გამომცემლის სახლის წინ დასჭირდათ ანდა იმდენს, ვიდრე ჯული პოლიციას არ გამოუძახებდა. ასეთი რამ არაერთმა თაკერფანმა თავის თავზე უკვე გამოსცადა და ამის შესახებ დუნკანს მესიჯიც გაუგზავნა.

ენი მოგზაურობით უკმაყოფილო არ იყო. შტატებში ადრეც ყოფილა _ ნიუ იორკში, სან ფრანცისკოშიც, მაგრამ მაშინდელისგან განსხვავებით მოსწონდა, რომ დუნკანს იგი ისეთ ადგილებში დაჰყავდა, სადაც ვერასოდეს მოხვდებოდა. მაგალითად, ბოუზმენი, ეგზოტიკური დასახელების ქედებით გარშემორტყმული პატარა, კოხტა ქალაქი აღმოჩნდა. მწვერვალებს ერქვა "დიდი ქამარი”, "თამბაქოს ძირი”, "ესპანეთის პიკები”. ამ მწვერვალების არსებობა ადრე არც კი იცოდა. ერთხანს იბოდიალეს პატარა, არაფრით გამორჩეული სახლის გარშემო და მერე, ყინულიანი ჩაის დასალევად ერთ ეკოლოგიურ ღია კაფეში დასხდნენ. მზე კაშკაშებდა, ჰორიზონტზე ესპანეთის პიკი ან, შეიძლება, თამბაქოს ძირიც კი, ცივი ლაჟვარდოვანი ცის გახვრეტას ლამობდა. მერე რა, ენის ამაზე უარესადაც გაუტარებია დილა, თუმცა ამ არდადეგებისგან ცოტა მეტ სიამოვნებას ელოდა. ეს მოგზაურობა ენის თავისი მოულოდნელობებითა და გაუთვალისწინებელი მოვლენებით ხიბლავდა, თუმცა, დუნკანთან დილიდან საღამომდე თაკერზე ლაპარაკი უკვე ყელში ჰქონდა ამოსული: მისი ყოველი ნაბიჯის აწონ-დაწონა, მისი პირადი აზრებისა და ქმედებების სიღრმეების წვდომა. მაგრამ, უბედურება ისაა, რომ ენის სახლშიც თეკერ ქროუთი ქჰონდა ტვინი წაღებული. მონტანასა და ტენესიში თაკერის აზრების მოსმენას კიდევ გაუძლებდა კაცი, მაგრამ არა ინგლისის პატარა ზღისპირა ქალაქ გულენესში, სადაც იგი დუნკანთან ჭერსა და სარეცელს იყოფდა. 

 ადგილი, რომელიც მათ მარშრუტში არ ეწერა ტაირონი იყო, პენსილვანიის შტატში. ამბობენ თაკერი საცხოვრებლად სწორედ ამ ქალაქში გადავიდაო. როგორც მოსალოდნელი იყო, თაკერიზმის მიმდევრებს შორისაც აღმოჩნდენ ერეტიკოსები, რომლებმაც დუნკანის აზრით ერთობ ყურადსაღები ჰიპოტეზა წამოაყენეს. მათი გამოთვლით, 90-იანი წლების დასაწყისში თაკერ ქროუ ახალ ზელანდიაში გადასახლდა. მარშრუტის შედგენისას ტაირონი არავის უხსენებია და ენი ხვდებოდა _ რატომაც. ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი თაკერფანი ტაირონს გაემგზავრა, შეისწავლა ქალაქი და როგორც იქნა, იმ ადგილს მიაკვლია, სადაც თაკერ ქროუს ფერმა ეგულებოდა. უკან დაბრუნებულმა გამხეცებული თოფიანი კაცის სურათი ჩამოიტანა, რომელსაც მიზანში ფოტოობიეტივი ქჰონდა ამოღებული. ენის ამ ფოტოს დანახვაზე უკვე გული ერეოდა. კაცს რისხვისა და შიშისაგან ღრანჭი ჰქონდა მოქცეული და ისე იყო შემართული, თითქოს ყოველივეს, რაც სიცოცხლეში შეუქმნია, რაზეც უოცნებია და სწამდა, ახლა ქენონის ღილაკის მაგიური დაჩხაკუნებისაგან იცავდა თავგამოდებით. დუნკანს თაკერ ქროუს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა მაინც და მაინც არ აღელვებდა, მაგრამ ემის აზრით, მის პატივმოყვარეობაზე აშკარად მოქმედებდა ის ზეპრუდერული (აბრაჰამ ზეპრუდერი, რომელმაც ჯონ კენედის მკვლელობის კადრები გადაიღო) აღიარება, რომელიც თაკერფანმა, ნილ რიჩმა, მოიპოვა. დუნკანი იმით იმშვიდებდა თავს, რომ თაკერ ქროუმ ნილ რიჩს "ნაბოზვარი” უწოდა. ასეთ რამეს თაკერისაგან თავად ნამდვილად ვერ გადაიტანდა. 

პიტს-კლუბის საპირფარეშოში ექსკურსიის შემდეგ ენი და დუნკანი დარაჯის რჩევით სასადილოდ იქვე, რივერფრონტის უბნის ტაილანდურ რესტორანში წავიდნენ. მინეაპოლისი თურმე მისისიპის სანაპიროზე მდებარეობდა. ნეტა თუ იცის ეს ვინმემ ამერიკელებისა და გეოგრაფიაში ხუთოსანი მოწაფეების გარდა? ან თუ აინტერესებს ვინმეს? ამასთან ერთად ენიმ კიდევ ერთი საკმაოდ გულდამწყვეტი აღმოჩენა გააკეთა: თურმე ნაკლებრომანტიკული მინეაპოლისის მდინარე დიდად არ განსხვავდებოდა მშობლიური ტემზისგან. დუნკანი აღგზნებული იყო და ენას ვერ აჩერებდა. ვერ დაეჯერებია, რომ ბოლოს და ბოლოს იქ ედგა ფეხი, იმ წმიდა ადგილზე, რომლისკენაც მთელი შეგნებული ცხოვრება მიილტვოდა, რომელსაც საკუთარი წარმოსახვისა და ენერგიის უდიდესი ნაწილი შესწირა.
 _ როგორ ფიქრობ, ფეხსალაგზე სალექციო კურსის წაკითხვა გამოვა? 
_ უნიტაზზე ამხედრებული აპირებ? სანეპიდსადგური დაგიბლოკავს.
_ ეგ არ მიგულისხმია.
კარგი იქნებოდა, დუნკანს, ხანდახან, იუმორის უკეთესი გრძნობა ჰქონოდა ან, უკიდურეს შემთხვევაში, სხვისი იუმორის გაგება მაინც შესძლებოდა, თუმცა ემი კარგა ხანია შეეგუა აზრს, რომ დუნკანისათვის იუმორში ვარჯიში უკვე დაგვიანებული იყო.
_ მე პიტს-კლუბის ტუალეტზე სალექციო კურსის წაკითხვას ვგულისხმობ.
_ კარგი რა!
დუნკანმა გამომცდელად გახედა.
_ არ გამოვა-მეთქი.
_ მაგიჟებ?
 _ არა, გეუბნები, რომ თაკერ ქროუს ოცი წლის წინანდელი ვიზიტი პირს-კლუბის ფეხსალაგში საინტერესო არ იქნება. 
_ სხვა რაღაცეებსაც ჩავრთავ.
_ სხვა აღსანიშნავ ამბებს მსოფლიო ფეხსალაგების ისტორიიდან?
_ მაგალითად ელვის პრისლის ცხოვრებიდან. მის შემოქმედებაშიც არის საპირფარეშოსთან დაკავშირებული ერთი ვარსკვლავური ამბავი.
_ საპირფარეშიში სიკვდილი არ ითვლება. ეს შემოქმედზე არაა დამოკიდებული. თან ჯონ სმითერსმა ამის შესახებ ვებსაითზე ესსე უკვე გამოაქვეყნა. შემოქმედებითი სიკვდილი ვერსუს ბიოლოგიური. საინტერესო რამეა.
ენიმ კთითქოს აიტაცა კიდეც დუნკანის წამოწყებული თემა და თავიც დაუკრა, მაგრამ იქვე ინანა, ვაითუ სახლი დაბრუნებულმა ეს მაგარი ესსე ამომიბეჭდოს და დასაზებირებლად მაგიდაზე დამიდოსო.
_ ეს არდადეგებიც გადავაგოროთ და გპირდები, შევეშვები ამ თაკერს, _ უთხრა დუნკანმა.
_ შენ მაგაზე არ იდარდო, როგორმე გავუძლებ.
_ დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ.
_ ვიცი.
_ ნახავ, საერთოდ ამოვშლი ჩემი ცხოვრებიდან.
_ ეგ არ ქნა.
_ მართლა?
_ მაშინ რაღა დარჩება შენგან?
 ენის ნამდვილად არ უფიქრია დუნკანის შეურაცხყოფა. თხუთმეტი წელია, რაც ერთად არიან და თაკერ ქროუ თანდაყოლილი სენივით მარად თან სდევდა. თავიდან ამას ხელი არ შეუშლია დუნკანისთვის, ნორმალურად ეცხოვრა. შეეძლო თაკერ ქროუზე გამოუქვეყნებელი წიგნი დაეწერა, მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ლექცია წაეკითხა, ბიბისისათვის დოკუმენტური რადიოსიუჟეტი მოემზადებინა, გაემართა ამ თემასთან დაკავშირებული კონფერენციები... და მიუხედავად ამისა, დუნკანის ყოველ ასეთ მცდელობას ენი ცალკეულ ეპიზოდად ან სპონტანურ გამოვლინებად აღიქვამდა. ამასობაში ინტერნეტმაც მოუსწრო და ყველფერი ყირაზე დააყენა. სხვებისაგან განსხვავებით დუნკანმა ინტერნეტი მოგვიანებით აითვისა და რა გაუგო გემო, მაშინათვე ვებგვერდი შექმნა სახელწოდებით: "ვინმეს თუ ესმის ჩემი ხმა!” _ თაკერის ნაკლებად ცნობილი ციკლის ერთ-ერთი თრეკის სათაურის მიხედვით (ეს ციკლი თაკერის პირველი "ეიპი (EP) ალბომის სრული კრახის შემდეგ გამოვიდა).

ინტერნეტის ხანამდე, თაკერ ქროუს ფანებიდან დუნკანთან ყველაზე ახლოს მანჩესტერ სიტიში, დაახლოებით 60-70 მილის დაშორებით ცხოვრობდა. დუნკანი მას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ შეხვდებოდა. სამაგიეროდ, ახლა, მისი თანამოაზრეები მის ლეფტოფში ცხოვრობდნენ, ასობით და ათასობით, მსოფლიოს ყველა კუთხეში. დუნკანს მთელი ქსელი ქჰონდა ავისებული და დღეს და ღამეს მათთან მიწერ-მოწერაში ატარებდა. საინტერესო თემები არ ელეოდათ. საითს "უახლესი ამბების” სექციაც ქჰონდა, რაც ემის მაგრა ახალისებდა. დუნკანისგან იცოდა, რომ თაკერ ქროუს უკანასკნელ წლებში აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობით თავი არ გამოუჩენია ("როგორც ჩვენთვისაა ცნობილი” _ დასძენდა ხოლმე დუნკანი). ამ სექციაში კი, ცხელ-ცხელი ამბები არ ილეოდა. მაგალითად ინფორმაცია ქროუსადმი მიძღვნილი საღამოს შესახებ რომელიმე ინტერნეტ-სადგურზე, ახალ სტატიაზე, ქროუს ბენდის ყოფილი წევრის ახალი ალბომის თაობაზე, ინტერვიუ მის ყოფილ ხმის ოპერატორთან და ა.შ. აქ ასევე ქვეყნდებოდა ანალიტიკური სტატიები ან დიალოგები თაკერის მუსიკაზე, ძირითადად იმ კუთხით, თუ ვის ბაძავდა თაკერი და რომელ მუსიკოსზე იქონია მან გავლენა. ხოლო, რაც შეეხება ქროუს უვადო დუმილს, ეს დაუსრულებელი, ურთიერთგამომრიცხავი, მწვავე კამათის საგანი გახლდათ. სულაც არ გვინდა იმის მტკიცება, რომ დუნკას თაკერ ქროუს გარდა ცხოვრებაში სხვა არაფერი აინტერესებდა. პირიქით, იგი ზედმიწევნით კარგად იცნობდა სამოცდაათიანი წლების ამერიკულ დამოუკიდებელ კინემატოგრაფს, კითხულობდა ნათანიელ უესტის რომანებს, ეიჩბიოუს (HBO) სატელევიზიო სერიებისთვის ნოვატორულ სიუჟეტებს წერდა, ტელესირიალ "მოსმენაზე” სალექციო კურსის მომზადებას ფიქრობდა. მაგრამ სად ეს და სად წვლილი, რომელიც დუნკანს თაკერ ქროუს ფენომენის შესწავლაში ჰქონდა შეტანილი. თაკერი მისი ცხოვრების განუყრელ მეგზურად იქცა. თაკერი რომ მომკვდარიყო _ სინამდვილეში _ არა როგორც ხელოვანი, დუნკანი მისი მთავარი ჭირისუფალი გახდებოდა _ პროცესიის წინამძღოლი (ნეკროლოგი უკვე დაწერილი ქჰონდა. დამწუხრებულმა ერთი-ორჯერ ისიც გაიფიქრა, ეგებ რომელიმე წამყვანი გაზეთის რედაქტორს ახლავე ვაჩვენოო, მაგრამ გაიფიქრებდა თუ არა ამას, მაშინვე გადაიფიქრებდა  _ ჯობს, საჭირო დროს დაველოდოო). 

 თაკერი თუ ქმარი იყო დუნკანის, ენის საყვარლის ადგილი მაინც უნდა შეხვედროდა, მაგრამ ასეც რომ არ იყო? სიტყვა "საყვარელი” ერთობ ეგზოტიკურად ჟღერდა და საერთოდ არ შეესაბამებოდა მათი დღევანდელი თანაცხოვრების სექსუალურ მხარეს. თუმცა ამ ასპარეზზე არც ადრე იკლავდნენ თავს. ხანდახან ენი დუნკანის საყვარლად კი არა, სტუმრად ჩარჩენილ თანაკლასელ გოგონად გრძნობდა თავს, რომელიც ოცი წლის წინ ესტუმრა არდადეგებზე და მერე იქიდან ვეღარ გააღწია. ორივე ერთდროულად გადმოვიდნენ საცხოვრებლად ინგლისის ზღვისპირა ქალაქში. დუნკანი დისერტაციაზე მუშაობდა, ენი _ სკოლაში ასწავლიდა. ერთმანეთი სერთო მეგობრებმა გააცნეს. მათი აზრით ეს წყვილი სხვა თუ არაფერი, კინოში მაინც ივლიდა ერთად, ლონდონში წავიდოდნენ სასეირნოდ, გამოფენებზე და კონცერტებზე ივლიდნენ. გულენესი ინტელეტუალური ადამიანის საცხოვრებელ ადგილად არ გამოდგებოდა. ერთი გოიმური ქალაქი იყო, არტ-ჰაუზების და გეი-კლუბების გარეშე. იქ უოთერსტოუნის წიგნის მაღაზიასაც ვერ ნახავდი (უახლოესი ჰულის გზატკეცილზე მდებარეობდა). ერმანეთის დანახვაზე შვებით ამოისუნთქეს და ძაიან იოლად ააწყვეს სიყვარული. საღამოობით ბარში დადიოდნენ დასლევად, შაბათ-კვირას ერთ ლოგინში წვებოდნენ. პერიოდული შეხვედრები ისე გადაეზარდათ ყოველდღიურ თანაცხოვრებაში, ვერც კი შენიშნეს. და ასე სამარადისოდ შერჩნენ ერთმანეთს. არც იქით და არც აქეთ, სადღაც შუა საასპირანტურო ასაკში გაეჩხირნენ. წიგნები და ფილმები მათ ცხოვრებაში ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე საჭირო და მიღებული იყო მათ ასაკში. 

 ბავშის არ ყოლა არამც თუ არ გადაუწყვეტიათ, წაყრუებასა და გადავადებაზე რომ არაფერი ვთქვათ, საკითხიც არ წამოუჭრიათ ასეთი. მათი თანაცხოვრება ამას არ ითვალისწინებდა. ემის დედად წარმორდგინა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ დუნკანის მამობა თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა. ამასთან ერთად, არც ემი და არც დუნკანი ურთიერთკავშირის გამყარებას ბავშვის ხარჯზე არ აპირებდა. ამ საქმისთვის არ იყვნენ გაჩენილი. ახლა ენის გული უგრძნობდა, რომ მასში სწორედ იმ გრძნობამ გაიღვიძა, რომელსაც სულ უწინასწარმეტყველებდნენ _ საოცრად მოუნდა შვილი. ეს გრძნობა უღიმღამო ყოფით მოტანილმა ბედნიერებამ და პატარ-პატარა, გაცრეცილმა დღსასწაულებმა გაუღვივა: შობამ, მეგობრის დაფეხმძიმებამ, ქუჩაში მომავალი ორსული ქალის დანახვამ... მოკლედ, ბავშვის გაჩენა მოუნდა ყველა იმ ზოგადი მიზეზის გამო, რომლის გახსენებაც შეეძლო. იმ მიმქრალი შეგრძნებებისგან განსხვავებით, რომელთაც დუნკანის გასახარად ძლივს უყრიდა ხოლმე თავს, ენის ახლა უპირობო სიყვარულის განცდა მოუნდა. უნდოდა. ვინმე რომ გულში ჩაეკრა თან ჩახუტების კანონზომიერებაზე არ ეფიქრა, აღარ ეკითხათ მისთვის ვინ, რატომ და რამდენ ხანს? სხვა მიზეზიც ჰქონდა: უნდოდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ბავშვის გაჩენა შეეძლო, რომ მის სხეულში სიცოცხლე გაიღვიძებდა. დუნკანმა იგი თითქოს მიაძინა _ მთელი თავისი ქალური თვისებებით. სულ რომ არაფერი, მიზეზად ისიც ეყოფოდა, რომ კაცების ტუალეტში ფოტოების გადაღებას, ბავშვის ჩასვრილი საფენების გამოცვლა ჯობია. რომ მათი ურთიერთობის ხანას უკვე კარგა ხანია "დეკადანსი” შეეპარა.

კატეგორია: თარგმანები | დაამატა: მანანა (2011-01-22)
ნანახია: 1494 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2016Website builder - uCoz