RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » თარგმანები

შეხვედრები გარიყულაში
ეს ხალხი გავიცანი, აი, თუნდაც ეს კაცი, სახელად _ ჰერკუსი. იგი ცნობილი ლიტველი მწერალია, მაგრამ მის შესახებ არაფერი მსმენია. მისი წიგნები არ წამიკითხავს, რადგან იმ ენაზე წერს, რომელიც მე არ მესმის. ამბობენ, ადამიანის გამოწვევა ეხერხება, არ სცნობს ლიტვური ლიტერატურის არც ერთ ტრადიციას და რომ ლიტველი ლუის ფერდინანდ სელინიაო. ჰერკუსი ლიტვაში მეპატიჟება, ქვეყანაში, რომელშიც არასოდეს ვყოფილვარ და სადაც ცივი და გრძელი ზამთარი იცის.

ჰერკუსს თან კიდევ ხუთი ლიტველი ახლავს: ორი მშვენიერი ქალი და სამი მამაკაცი. სევერია ინსირაუსკაიტე სახვითი ხელოვნების ოსტატია, თექაზე მუშაობს. მისი ულამაზესი ხალიჩები ამბებს ყვებიან. კიდევ, ბუმბულისაგან ფეხბურთის ბურთებს აკეთებს, რადგან "ფეხბურთის ბურთი ცაში დაფრინავს?!” – ამბობს იგი თავისი ნეტარი ხმით.
სევერიას ხალიჩები მის ფიქრებზე, მის სამყაროზე და აღქმებზე გვიამბობენ. აქ კიდევ ერთ კაცს, უფრო სწორად, ერთ ბიჭს შევხვდი. მას ოთარი ჰქვია, გვარად _ მახარაშვილი. უნდა, რომ მწერალი გამოვიდეს. მისი საყვარელი მწერლის, ვირჯინია ვულფის, შთაგონებით ერთი მშვენიერი მოთხრობა უკვე დაწერა ინგლისურად. ოთარი ლიტერატურაზე ისეთი აღტკინებით ლაპარაკობს, თავს უხერხულადაც ვგრძნობ, რაღაც-რაღაცეები რომ არ ვიცი.

და კიდევ, აი ეს კაცი გავიცანი _ თურქი ხელოვანი სერვეტ კოსიგითი, რომელიც ჩემსავით, მონტი პითონის `"მფრინავ ცირკზეა” შეყვარებული. სერვეტი ჰოლანდიაში ცხოვრობს, ჩემი სახლიდან პირველივე ჩასახვევში, თუმცა, არც ერთხელ შემხვედრია. იშვიათად თუ მინახავს ასეთი ზრდილობიანი და სათნო ადამიანი. ცალკე უნდა აღვნიშნო არუნას ვაიტკუნასი და არჩილ თურმანიძე _ ლიტველი მხატვარი და ქართველი გრაფიკოსი დიზაინერი. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მუშაობდნენ ერთად. იფიქრებდი, დიდი ხნის მეგობრები არიანო. “თავი არუნასის მესამე მკლავი მგონია” - მითხრა არჩილმა შუა მუშაობისას.

"ვილა გარიყულაში”, თბილისიდან სულ რაღაც 70 კილომეტრის დაცილებით მდებარე ერთ იდილიურ სოფელში, მე კიდევ უფრო დავუახლოვდი ამ ხალხს, 2005 წლის 7-14 მაისს, ამ საოცრად უცნაური და ამავე დროს ტრაგიკული ერთი კვირის განმავლობაში, რომელიც დაიწყო კვირა საღამოს ბევრი სასმელით და დასრულდა შვიდი დღის შემდეგ, შაბათს, არუნას ვაიტკუნასის სიკვდილით. ჩვენ “ვილა გარიყულაში” ევროპის ხელოვანთა საბჭოს მოწვევით ჩამოვედით. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები ლამაზ გარემოში შევკრებილიყავით, ერთად გვემუშავა, გვემსჯელა ჩვენი შემოქმედების, იდეების და მომავლის თაობაზე.

გამოძახილი მთებიდან
იმ პირველ საღამოს, გარიყულაში, თხუთმეტ მუსიკოსს, მწერალსა და მხატვარს ლიტვიდან, ჰოლანდიიდან და თურქეთიდან გულთბილად გვიმასპინძლა ხელოვნების ცენტრის “ვილა არტ-გარიყულას” დამაარსებელმა ყარამან ქუთათელაძემ. იგი დამტვრეული ფრანგულით ლაპარაკობდა და ამით ძალიან გვახალისებდა: “Comment ca va? Et cetera, tralala...” მისი წინაპარი, მხატვარი კირილ ზდანევიჩი, პარიზში პიკასოს მეგობარი ყოფილა. სადილის შემდეგ ყარამანმა ვილაზე ორი სოფლელი მუსიკოსი მოიყვანა. ისინი ქართულ ხალხურ სიმღერებს დოლისა და გარმონის თანხლებით მღეროდნენ. პროექტისთვის ასეთ წარმატებულ დასაწყისს ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რადგან ამ საღამოს დაიბადა ქართველ და ევროპელ მუსიკოსთა ერთობლივი შემოქმედების პირველი ნაყოფი: ქართველმა მუსიკოსებმა სამღერლად ჰოლანდიელი სოპრანო ჰენრიეტ შენკი გამოიწვიეს და მალე, მათ ერთად ფრანგული სიმღერა ‘Les Feuilles Mortes ’ შეასრულეს. საოცარი რამ მოხდა: მომღერლებმა მომენტალურად აიტაცეს იმ სიმღერის რიტმი, რომელიც ადრე არასოდეს გაეგონათ.

მეორე დღეს "გარიყულას სახელოსნოს” რამდენიმე ბინადარმა მუშაობა დაიწყო ჰოლანდიელი მხატვრის რიენკე ენგჰარდტის გეგმაზე: მოგვეხატა მის მიერ ჰოლანდიიდან სპეციალურად ჩამოტანილი იაპონური ფრანი. დავიწყეთ ბჭობა, იმაზე, თუ რა გაგვეკეთებინა. არუნასი და არჩილი გარიყულაში ჩამოსვლისთანავე ყველაზე ნაყოფიერ წყვილად ჩამოყალიბდნენ. თავიდან არუნასი ოსტატის როლში უფრო გვევლინებოდა, არჩილი – შეგირდის. მაგრამ, მალე, მათ შორის ზღვარი ისე წაიშალა, ერთმანეთს საკუთარი აზრების გამოხატვაშიც ეშველებოდნენ. პარალელურად, იქვე ვილაში, გიედრიუს სვილაინისი, ლადო ბურდული და ჰენრიეტ შენკი წერდნენ სიმღერებს, რომელიც ფრანის გაშვების დროს უნდა ემღერათ. მე და ოთარ მახარაშვილი ამ მომენტისათვის ვწერდით "ამბავს გარიყულაზე”. მოკლედ, "ვილა გარიყულა” მალე ერთ უზარმაზარ შემოქმედებით სახელოსნოდ იქცა, სადაც ხელოვნების ყველა დარგი ჩქეფდა და ყველა შემოქმედი რაღაცას ქმნიდა.

მეორე დილა ისეთი მშვენიერი და ლამაზი გათენდა, როგორიც მხოლოდ საქართველოში იცის ხოლმე. მზის სხივები მწვანე მთის ფერდობებზე აკიაფდნენ, სამი მხრიდან მონაბერი სუსხიანი ქარი გარიყულას სუფთა ჰაერით ავსებდა.

არუნასმა და არჩილმა გადაწყვიტეს საღებავი იქაური კლდის ნატეხებისგან, წყლისგან და ხის წებოსაგან დაემზადებინათ. არუნასს უნდოდა, საღებავი გარიყულაში მოპოვებული ნედლეულით მიეღო: საქართველოს ბუნების უშუალო ნაყოფი მოეპოვებინა. ამ დროს, ჰოლანდიელი რიენკე და თურქი სერვეტ კოსიგითი თავს დასტრიალებდნენ და მათ ყოველ ნაბიჯს ვიდეო ფირზე აღბეჭდავდნენ, რათა შაბათს, თბილისის კონსერვატორიაში, დასკვნით კონცერტზე გასაშვები მოკლე დოკუმენტური ფილმის პირველი ნაწილისათვის ვიდეომასალა მოეგროვებინათ.

შუადღისას არუნასი და არჩილი ფრანის მოხატვას შეუდგნენ. იგი შუა საუკუნეების ქვის კედელზე იყო გაკრული. კედლის უსწორმასწორო კონტურები ფრანის ქსოვილზე იკვეთებოდა და არუნასი ამ კონტურებს სამზარეულოს ცოცხს აბერტყავდა. ამ დროს, ოთარი და მე ჩვენს ჩანაწერებს ვკითხულობდით "გარიყულას ცხოვრებიდან” იმაზე, თუ როგორ შევიყარეთ ერთად სხვადასხვა ქვეყნის, განსხვავებული მსოფლმხედველობის და მისწრაფებების ადამიანები... და უეცრად, ჩემს თვალწინ რუსთაველის `ვეფხისტყაოსანი” გაცოცხლდა. კედელზე აკრულმა ფრანმა კედლის რელიეფი შეიწოვა. ახლა იგი მართლაც იმ განთქმული ცხოველის მოწითალო ტყავს დაემსგავსა.

შემდეგი მოქმედება ფრანის ბალახზე გაწვენა იყო. არჩილს იგი შავად უნდა მოეხატა. ოთარი და მე კვლავ ჩვენს ჩანაწერებს ვკითხულობდით, არჩილი ტილოზე შავ ზოლებს ხატავდა. ზოლები და ლაქები არუნასის წითელი ვეფხის ტყავს შეუერთდა და ფრანი იმაზე შემზარავი გახდა, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ იყო. ახლა საქმეში მუსიკოსები ჩაერთვნენ. მათ ლიტვური ხალხური სიმღერა და ჰოლანდიური ‘Aan de Amsterdamse grachten’ დააგუგუნეს. უკეთესს კაცი ვერაფერს მოისმენდა, განსაკუთრებით, როცა ამ მშვენიერ ნაზავს ქართული და ლიტვური კუპლეტებიც დაემატა. პროექტის ორგანიზატორი ბერტ ჰოლვასტი მოგვიანებით შემოგვიერთდა და გვითხრა, თქვენი სიმღერა მდინარის გაღმა ისმოდა, იქაურებმა ხმაც კი აგიწყესო.

ოთხშაბათს ყველანი პირველ ექსპედიციაში გავემგზავრეთ, საქართველოს ერთი კუთხის დასალაშქრად. ჩვენმა ძალიან დახვეწილმა და ინტელიგენტმა მასპინძელმა რეზო გოგოლაშვილმა ამ საქმისთვის ყოფილი საბჭოთა არმიის სატვირთო მანქანა დაიქირავა. ამ მანქანით წავედით მთებში. ძარაზე `"გულაგში” მიმავალი ტუსაღებივით ვიდექით. გზაზე მეშვიდე საუკუნის მონასტერი მოვინახულეთ და კლდეზეც ავძვერით, ერთი ლამაზი, ლურჯფრესკებიანი ეკლესიის სანახავად. ასე გულისფანცქალით შევაბიჯეთ უძველესი ქრისტიანული კულტურის სამყაროში. შიგ ეკლესიაში სამარისებური სიჩუმე იდგა. არუნასის კმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა: "აქ ვეღარასოდეს მოვხვდები” – თქვა მან. ხედი იყო ულამაზესი, მწვადი – გემრიელი და ბალახი, რომელზეც ვიწექით – უმსუბუქესი.

ჩვენმა საბარგო მანქანამ ყველა მდინარე გადალახა, ყველა მთა დალაშქრა და თავი სკოლის ექსკურსიაზე მყოფ მოზარდებად გვაგრძნობინა. დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისათვის რეზოს.

უბრალო მოკვდავთა სხეული
იმ საღამოს, სადილობისას ხელოვანებმა პირველად წამოიწყეს საუბარი მათ ქვეყნებში ხელოვნებისა და ხელოვანთა მდგომარეობაზე. კაროლინა ჯეკაიტემ მითხრა, საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო კომისიები ლიტვური ხელოვნების ნიმუშებს სამხატვრო გალერეებიდან ყიდულობდნენ იმისათვის, რომ შემდეგ ისინი საწყობებში გამოემწყვდიათ და არავისთვის ეჩვენებინათო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლიტვის მთავრობას საკმარისი თანხები არ აღმოაჩნდა ამ ნამუშევართა შესასყიდად, რომ თანამედროვე ლიტვური მხატვრობა, შემდეგ, უცხოეთში უგზო-უკვლოდ არ გაფანტულიყო. აღვშფოთდი, მაგრამ კაროლინამ იქვე დასძინა, 2007 წელს ვილნიუსში თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი გაიხსნებაო და მეც გულზე მომეშვა.

მერე არჩილი მიმიყვა, რა სირთულეების გადალახვა უხდება უცხოეთში გასამგზავრებლად და ხელოვანთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. "დღეს საქართველოს მთავრობას კულტურისათვის ფული არა აქვს” _ თქვა მან. საბჭოთა პერიოდში, თურმე, ასე თუ ისე, მაინც ყოფილა ამის საშუალება. თავად არჩილს სტამბოლსა და დამასკოში უმოგზაურია და ამ მოგზაურობას წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე . "დიდი სიამოვნებით წავიდოდი ბერლინში თანამედროვე გერმანელი ხელოვანების გასაცნობად” _ მითხრა მან. ჰერკუსი კი თავის ნაწარმოებებზე გვესაუბრებოდა. მისი წიგნები უკვე ესპანურ, რუსულ და გერმანულ ენებზეა თარგმნილი. ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ.

ხუთშაბათი, წესით, ჩვენი "ვორქშოპის” (სამუშაო შეხვედრის) ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო. იმ დღეს, მთის წვერიდან, სადაც პატარა ეკლესია დგას, ფრანი უნდა გაგვეშვა. ასე რომ, მოხეტიალე ცირკის მსგავსად, რომელიც მუდამ თან დაათრევს თავის ცხოველებსა და ინსტრუმენტებს, ჩვენც ავიკიდეთ ჩვენი გუდა-ნაბადი და აღმართს ავუყევით. ჩვენს დანახვაზე იქაური მწყემსები სიცილს ვერ იკავებდნენ.

მთის წვერზე რომ ავედით, არუნასმა პირველმა დაიწყო ფრანის თავზე დარჩენილი თეთრი ლაქის შავად მოხატვა. მუსიკოსები უკრავდნენ.
ჰენრიეტ შენკი ძველ იტალიურ არიას "კარო მიო ბენ”-ს (ჩემო კარგო ბენ) მღეროდა. დაასრულა თუ არა სიმღერა, ფრანი ცაში აიჭრა, თან სხვა მელოდიებიც გაიყოლია. "თოკი, ჩქარა, მეტი თოკი მჭირდება!” _ ყვიროდა რიენკე ენგჰარდტი, და წავიდა და წავიდა... ფრანი უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა ცისკენ, მოცეკვავე ვეფხვს ჰგავდა. არუნასი ბალახში იჯდა. "ამისათვის ჩამოვედი აქ!” _ თქვა მან. მომეჩვენა, რომ ამ წუთას, მასზე ბედნიერი კაცი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა.

შინ მისულებს, სახლში სტუმრები დაგვხვდა. ესენი იყვნენ ქართველი მომღერლები, რომლებიც ჩვენთვის მარანში ქართული საგუნდო სიმღერის შესრულებას აპირებდნენ. მათ მოსასმენად მზარეულებიც გარეთ გამოვიდნენ. კონცერტი ნასადილევს დაიწყო. ასეთი სულის შემძვრელი მუსიკა არც ერთ ჩვენგანს ცხოვრებაში არ მოუსმენია. მათი მოგუდული ბანები საქართველოს წარსულისადმი მოწიწების გრძნობით აღგვავსებდა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, რომ ასეთ გაჯერებულ ბანს უბრალო მოკვდავის სხეული გამოსცემდეს? რამდენიმე სიმღერის შემდეგ მუსიკოსები სადილად შემოგვიერთდნენ და ჰენრიეტს სთხოვეს, ახლა თქვენ გვიმღერეთ რამეო. ასე დაიწყო ახალი მუსიკალური გადაძახილი. სტუმრების თხოვნაზე ჰენრიეტმა კურტ ვეილის ინგლისური სიმღერა შეასრულა. ქართველ მომღერლებს ძალიან მოეწონათ და ეს რა ბუნებრივი და მსუბუქი ხმა გქონიათო _შეაქეს იგი.

ამ დროს, სევერიამ და კაროლინამ ეზოში ქართული მატყლისგან თექის ხალიჩის დამზადება დაიწყეს. არჩილმა ამ ხალიჩისათვის სპეციალური ორნამენტი დახატა: ჯვარი, თეთრი გულითა და მწვანე კონტურით. გვიანობამდე ზედ დასტრიალებდნენ ხალიჩას, დროდადრო ასველებდნენ. ბოლოს, თექის გასამკვრივებლად, მჭიდროდ დაახვიეს იგი. სერვეტი გადაღებულ კადრებს "ეპლში” ტვირთავდა და ფილმის ამ ნაწილს სამონტაჟოდ ამზადებდა. "შეუმოკლებელი ვერსია გინდათ თუ ის, რაც კარგია?” _ მოულოდნელად იკითხა მან. "მხოლოდ საუკეთესო ნაწილი, თუ საჭიროა, ყველაფერს თავიდან დავიწყებთ” – ვუპასუხეთ ერთხმად.

კრივზე
პარასკევი გარიყულაში ყოფნის ბოლო დღე იყო. საუზმის შემდეგ სევერია და კაროლინა ხალიჩის დამთავრებას შეუდგნენ: ცხელი, საპნიანი წყლით უნდა დაესველებინათ იგი, ჩვენ კი, ზედ უნდა გვეცეკვა, რათა თექა საბოლოოდ შეკრულიყო. რიენკე კინოს იღებდა. ყველა შემოქმედებით პროცესში ვიყავით ჩართული ბაყაყებისა და ბულბულების ჩათვლით.

მერე არჩილმა შემოგვთავაზა, ერთი ტრადიციული ქართული რიტუალი შევასრულოთო: ცარცის ნატეხით, რომელიც პირველივე ჯერზე ხელში მოგხვდებოდა, ხაზი უნდა გაგევლო ტილოზე, რომელიც მუხლზე დაჩოქილ არჩილს და ხაზის გამვლებ თითოეულ ჩვენგანს რიგ-რიგობით ხელში ეჭირა. ძალზე ინტიმური წუთებია, ყველა გულწრფელად ვასრულებდით ამ რიტუალს და შემდეგ, არჩილის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავს "მხატვრობაში ძმადშეფიცულებად” ვგრძნობდით.

ნაშუადღევს გარიყულაში ქართველ ხელოვანთა ერთი ჯგუფი და ლიტველი და ქართველი "არტ-აპარატჩიკებით” დატვირთული ავტობუსი ჩამოვიდა. ზოგ მათგანს იასირ არაფატივით ეცვა, ზოგს _ კოვბოისავით. იყო ერთი ცნობილი ხანდაზმული ქართველი მწერალიც, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ფრანგ მხატვარს ჰგავდა, გრძელი თეთრი წვერითა და ბერეტით გრძელ, თეთრ თმაზე. მრავალი სადღეგრძელო ითქვა, იყო ბჭობა ამერიკაზე, ევროპაზე, ქალზე, მეგობრობაზე, ხელოვნებაზე. ხალხი ისე დათვრა, როგორც მხოლოდ ქართველებსა და ლიტველებს შეუძლიათ. თავი ნიუ-იორკში მეგონა, კრივზე. პირადად მე, ფხიზელი, იქ ერთი კაცი ვნახე: ქართველი მწერალი და ფილოსოფოსი მამუკა დოლიძე, რომელმაც ბევრი მიამბო მისი და მისი მეგობარი მწერლების გაჭირვებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მამუკა წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდა თანხების მოძიებას საზღვარგარეთ სამოგზაუროდ და აკადემიური კონტაქტების დასამყარებლად.

პროექტის ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა ორგანიზატორმა, სტერ ჰავერკამპმა, რომელიც გარიყულაში იმავე ავტობუსს ჩამოჰყვა, ცხელი ამბავი ჩამოიტანა, უზბეკეთში არეულობა დაიწყოო. "საქართველოსა და უკრაინის შემდეგ უზბეკეთის ჯერიც დადგა” _ თქვა რეზომ, მაგრამ ეს ახალი, რევოლუციური თემა მაშინათვე დაახშო ძველმა თემატიკამ იმაზე, რომ . . . მოკლედ, იმაზე, რაზეც მანამდე საუბრობდნენ. ამიტომ, ერთმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ, თავიდან გაგვეშვა ფრანი. ისევ დავუყევით მთისკენ მიმავალ გზას, მაგრამ წვერზე რომ ავედით, იქ ნიავიც არ იძროდა. რიენკეს დაჟინებული თხოვნით დავუცადეთ ქარს. დაახლოებით ერთი საათი ველოდეთ და უცებ საიდანღაც დაუბერა. დაუბერა და ფრანიც ცისკენ აიჭრა _ კიდევ უფრო შმაგად და ველურად, ვიდრე პირველ ჯერზე. ლიტველი კომპოზიტორი სარუნას ნაკასიც კი, რომლის ხმას იშვიათად თუ გაიგონებდი, ბედნიერებისაგან აღტაცებას ვერ მალავდა. უკანა გზაზე ცხენზე ამხედრებული აზერბაიჯანელი მეცხვარე შემოგვხვდა, ხურჯინში ახალშობილი ციკნები ჰყავდა, ოჯახში შეგვიპატიჯა თითო ჭიქის დასალევად. სახლში მისი თბილისელი ვაჟი დაგვხვდა, მან დიდ ჭიქაში “სლივოვიჩი” დაისხა და დაგვლოცა.

მამაცი ქალი
მეორე დილას, შაბათს, ყველანი თბილისის მწერალთა კავშირში შევიკრიბეთ, ევროპის ხელოვანთა საბჭოს კონფერენციის _ "ევროპა, ხელოვანები გაშლიან შენს გულს როგორც ხალიჩას” _ გასახსნელად. კონფერენციას ორმოცდაათზე მეტი ქართველი ხელოვანი ესწრებოდა. სესიის თემა იყო "ხელოვანის მდგომარეობა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ”. მომხსენებლებმა წაიკითხეს რამდენიმე რიტორიკული მოხსენება იმის თაობაზე, რომ ქართველები უცხოელ სტუმრებს გულს ხალიჩასავით უშლიან, ისაუბრეს სიყვარულის ენაზე, ხელოვნებასა და თავისუფლებაზე, მაგრამ ნამდვილი დისკუსია მაინც ვერ შედგა.

ამ სესიის ყველაზე საინტერესო ნაწილი საქართველოში ერთ-ერთი ინგლისურენოვანი გაზეთის, "ჯორჯიან მესინჯერის”, მთავარი რედაქტორის მოხსენება იყო. იგი საქართველოს მწერალთა კავშირის ამჟამინდელ უმძიმეს მდგომარეობას ასახავდა. მომხსენებლის თქმით, მწერალთა კავშირი სახელმწიფოსგან არავითარ სუბსიდიას აღარ ღებულობს. შესაბამისად, მწერალთა კავშირის წევრებსაც შეუწყდათ კავშირიდან ყოველთვიური დახმარება. ამასთან ერთად, მთავრობას უნდა, რომ მწერალთა კავშირის შენობას კონფისკაცია გაუკეთოს და იქ, "თუნდაც, კაზინო გახსნას”.

ამის შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადემიის პრორექტორმა ნინო გედევანიშვილმა გვიამბო საქართველოში ახალგაზრდა ხელოვანთა გაუსაძლის მდგომარეობაზე. ახალგაზრდებს სურთ ახალი მენტალობის დანერგვა, მაგრამ მათ არავინ უსმენს. მათი პრობლემები სრულიად განსხვავდება უფროსი თაობის ხელოვანთა პრობლემებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის ტყვეობაში არიან. ნინო გედევანიშვილმა ყველა შემოქმედებით გაერთიანებას მოუწოდა, მხარში ამოდგომოდნენ ახალგაზრდებს, რადგან საქართველოს მომავალი სწორედ ისინი არიან.

შემდეგ, საქართველოს მხრიდან კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მანანა დუმბაძემ შეგვახსენა, რომ დრო მოვიდა თბილისის სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში ექპედიციებზე წავსულიყავით. ზოგი "კავკასიურ სახლში” წავიდა, მეტად საპატიო დაწესებულებაში, სადაც მამაცი ადამიანები პოლიტიკურ “სიბეცეს” ებრძვიან და საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ეროვნებისა და კულტურის მატარებელი ერების გასაერთიანებლად ძალას არ იშურებენ. ისინი თარგმნიან და გამოსცემენ ამ ერების ლიტერატურას და საქართველოში მათი ცხოვრების ნამდვილ მატიანეს ქმნიან. კონფერენციის მონაწილეთა მეორე ჯგუფი, ბოლოს, კიდევ უფრო პატივსაცემ დაწესებულებაში _ "მომავლის სახლში” შეიკრიბა. იქ, სადაც რამდენიმე თავდადებული ქალი ბავშვთა დახმარების ცენტრს უძღვება. სწორედ იქ გახდა შეუძლოდ არუნასი. იგი შენობიდან გავიდა . . . და მას შემდეგ აღარაფერი უთქვამს ჩვენთვის. გულის შეტევით გარდაიცვალა, ქუჩაში, მარტო.

ყველას თავზარი დაგვეცა. არუნასი მოკვდა? როგორ, რანაირად? არუნასი, ფრანის ლიტველი მხატვარი? ის მორიდებული კაცი, რომელმაც მე თავისი შვილების სურათები მაჩვენა, თავისი ცოლის, სახლის და სამსახურის ამბები მომიყვა? რომელიც სულ ორმოცდარვა წლისა იყო და უამრავი სამომავლო გეგმა ჰქონდა დასახული? ეს კაცი მოკვდა?

კონსერვატორიის კონცერტი გადაიდო. იმ საღამოს ყველანი რესტორანში ვისხედით. სიჩუმე სუფევდა. ვილოცეთ. შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც თავს დაგვატყდა.

მწარე დასტური
მეორე დილას ყველამ დამძიმებული გულით გავიღვიძეთ: ერთი ჩვენგანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი იმ თხუთმეტიდან, ვინც ამ ხანგრძლივ და უცნაურ კვირაში მეგობრებად ვიქეცით. ყველამ თავისებურად მოახერხა ეს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი რამ კიდევ დარჩა გამოუცნობი.

თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მე მომწონს, როცა ხალიჩების მქსოველი ლიტველი სევერია, ჩვენი შეხვედრის შესახებ დაწერილი ანგარიშების ერთ კონად შესაკვრელად პატარა თასმებს ქსოვს. მე მიყვარს სერვეტთან მონტი პითონზე საუბარი და მასთან ერთად საქართველოს მოგზაურობიდან სასაცილო ამბების გახსენება. მიყვარს დინჯი და ჭკვიანი რეზოს მოსმენა. თითოეულ მათგანთან საუბარი მიყვარს, მათ გრძნობებში ფათური, იმის მოსმენა, თუ როგორ განსხვავდება ჩემი სამყარო მათი სამყაროსაგან და ამავე დროს, როგორ ჰგავს მას. დავხუჭავ თვალს, და წინ, მომღიმარი არუნასი მიდგას, ფრანის გაშვებისას რომ იყო, ისეთი.

საქართველოში გატარებული დღეებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შემიძლია: დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანი ერთნაირია. ყველას უნდა რომ ვიღაც უყვარდეს, თავადაც ვიღაცას უყვარდეს, პატივს სცემდნენ, ტირიან, როცა საყვარელი ადამიანი უკვდებათ, ცოტა ყოფითი კეთილდღეობა სჭირდებათ, გარკვეული ამბიციების დაკმაყოფილება, უნდათ, რომ ზოგი ოცნება აუსრულდეთ.

აი, ეს დამანახა "გარიყულამ”. სიცოცხლეს მართლა აქვს აზრი, როცა ხვდები არუნასის, სერვეტის, რიენკეს, ჰერკუსის, სევერიას, რეზოს, ყარამანის ნაირ ხალხს _ სხვა ქვეყნის, განსხვავებული კულტურის, ჩვევებისა და აზროვნების, მაგრამ ნაცნობი გრძნობებისა და მისწრაფებების ადამიანებს. არუნასის სიკვდილი ამის აშკარა დასტური იყო. მინდა, რომ ეს საანგარიშო ნაშრომი არუნასს მივუძღვნა, სადაც არ უნდა იყოს. ჩვენ მას არასოდეს დავივიწყებთ.

კატეგორია: თარგმანები | დაამატა: მანანა (2011-02-05)
ნანახია: 2005 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]