ჯონ აპდაიკი (John Hoyer Updike (March 18, 1932 – January 27, 2009) - თარგმანები - სტატიების კატალოგი - ერთად
RSS *
მთავარი » სტატიები » თარგმანები

ჯონ აპდაიკი (John Hoyer Updike (March 18, 1932 – January 27, 2009)
ხეების დარგვა

ერთიღა დაგვრჩა - მითის გორგალი.
დედაჩემს ახსოვს ის დღე, როდესაც
ბავშვობაში ნაძვს გადაახტა.
ახლა ის ნაძვი ცად აზიდულა
და დაჰყურებს ქვის სახლს, რომელშიც
ჯერ კიდევ ცხოვრობს დედაჩემი.
მისი ნათელი, წარსული დრო ამ ხითაა
გამოხატული, მაღალი ნაძვი, -
ქარს და ფრინველებს რომ ექიშპება.

თავისსავე ჩაყრილ ხეხილის ბაღში,
სადაც მხოლოდ ტოტებშეჭრილი და ფუტურო ხეები
დარჩა, მოხუცი ფერმერი დადის
ბებრული, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით.
შინდი, დარგული ჩემი შობის აღსანიშნავად,
აპრილში უხმოდ იფეთქებს და აყვავდება.
ჩვენ ყოველ წელს ვიხსენებთ ხოლმე
მის ამბავს: წვიმიანი დღე და ყავარჯენზე
დაყრდნობილი უღონო ნერგი.

სანამ ცხოვრებას დავიწყებდით ჩვენს წილ მიწაზე
მე და ცოლმა მეტრიანი ორი ნაძვი გადმოვრგეთ -
ჩვენს სახლს პირქუშ დარაჯებად
მწვანე გნომები დავუყენეთ. აქედან ერთი
აბზინდასავით გაიცრიცა და კიდეც მოკვდა გაზაფხულზე,
ხოლო მეორემ - გაიხარა. და ის დღეც მოვა,
როცა მხრებს გაშლის იმ სივრცეში, რომელიც ჩემი
აღარ იქნება. ზანტად ჩამოჰყრის ბანჯგვლიან
ტოტებს, რომ თავისსავე გაფისულ მუცელს
კალთასავით გადააფაროს. ვთქვათ კვლავ დავბრუნდი -
მაგრამ ბებერი, გადამთიელი, გაოცებული
ვნახავ ჩემი და ჩემი ცოლის მოუსვენარ, გარდასულ
დღეებს გაუდგამთ ფესვი იმ ამბის მსგავსად
გამუდმებით რომ ჰყვებიან მთელ სამყაროში.

თარგმნა მანანა დუმბაძემ

კატეგორია: თარგმანები | დაამატა: მანანა (2011-03-20)
ნანახია: 229 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2016Website builder - uCoz