RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » თარგმანები

ჩემი თეთრი ცხენი
დასაწყისი იხილეთ სტატიების კატალოგის ფანჯარაში 

ერთელ, როცა ძროხები სადგომში დავაბინავე და ის-ის იყო ბალახით ხელდამშვენებულმა შადაპალისკენკენ გავსწიე, გზაზე მალიკის მსახური ბიშვამბარი გადამიდგა. 
_ რაჯა თავისთან გიხმობს, ახლავე უნდა წაგიყვანო! – თქვა მან.
რას ვიზამდი? არადა, შადაპალის ჭმევის დრო მოვიდა. ვიდრე რაჯას სასახლეს მივადგებოდით, ბიშვამბარმა მთელი ქალაქი მომატარა. მერე დარბაზისკენ გამიძღვა. რაჯა სავარძელში ნებივრობდა და ჩილიმს აბოლებდა. მისი ქალიშვილი ტუკტუკიც იქვე იყო. მე აივანზე ველოდებოდი. ხელები შევატყუპე და რაჯას იატაკამდე დავუკარი თავი. ვითომ, არც დავუნახივარ, ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის, ხმა არ გაუცია, ჩილიმის მოწევა განაგრძო. მე კი მხოლოდ ერთი რამე მიტრიალებდა თავში _ საბრალო შადაპალი, მშიერი დამრჩა, ალბათ როგორ ჭიხვინებს და მელის?
_ გავიგე, სახლში ერთი კვიცი გყოლია? – როგორც იქნა ამოღერღა რაჯამ და მუშტუკი პირიდან გამოიღო _ მართალია?
ელდა მეცა, ნეტავ რად მეკითხება-მეთქი, გავიფიქრე და თანხმობის ნიშნად თავი ძლივს დავხარე.
_ რამდენად მომყიდი?
_ არ იყიდება! _ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. მუხლი მომეკვეთა.
_ არ იყიდებაო?! ამით რისი თქმა გინდა? ტუკტუკს, ჩემს ასულს, შენი კვიცისთვის თვალი მოუკრავს და მას მერე, ერთი სული აქვს, ზურგზე როდის შემოახტება.

ამ სოფელში რაჯას სიტყვას ვერავინ გადავა, ვერც ვერავინ შეეკამათება. არ ვიცი, რა ძალამ გამაბედინა, მაგრამ მოკრძალებით ასე მივუგე:
_ კი მაგრამ, ჩემი კვიცი ჯერ ხომ ორი წლისაც არაა, რაჯას ასულს ზურგზე როგორ შემოისვამს?
_ ეგ რა შენი საქმეა ! _ თქვა რაჯამ, მუშტუკი მოქაჩა და კბილები მოუჭირა _ ცხენი არ არის? გაიზრდება. ახლა გვიანია, სახლში წადი და ხვალ, საძოვარზე წასლამდე, ცხენი აქ მომიყვანე. გზად ხაზინადარს უთხარი, ორმოცდაათი რუპია ჩაგითვალოს. ცხენისთვის მშვენიერი ფასია!
რაჯა წამოდგა. ფეხთით ჩავუვარდი.
_ ნუ დამღუპავ, რაჯა! _ შევევედრე _ ცხენს ნუ წამართმევ! მე იმის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!
_ რატომ? შენი ცხენი, ოქროს კვერცებს ხომ არ დებს? მომწყდი თავიდან! _ რაჯა გატრიალდა და გარეთ გავიდა.
ამ დროს დარბაზში ოჯახის დიასახლისი რანი შემოვიდა. ხელში რძით სავცე ჯამი ეკავა.
_ რამ დაგაღონა, ბიჯუ? – მკითხა მან.
ცრემლები წამსკდა. ზლუქუნ-ზლუქუნით ამოვილუღლუღე, ხვალ რაჯას ჩემი ცხენი მიჰყავს-მეთქი.
რანიმ თვალები დააბრიალა და იმ წუთას ქალღმერთ დურგას დაემსგავსა. თუ არ გინდა, ნუ მისცემ! _ თქვა მან _ რაჯას მე დაველაპარაკები.
_ რომ არ მოგისმინოთ?
_ რაჯა ცხენს ძალით ვერ წაგართმევს, ან როგორ უნდა იყიდოს, თუ ცხენი არ იყიდება?
რაჯას ასულმა რძიანი ჯამი, რომელიც დედამისმა მიაწოდა, ძირს დადგა და გამოაცხადა:
_ დიახ, დედა, მე ის კვიცი მინდა, ზურგზე უნდა შევაჯდე და გავაჭენო. შენ არ იცი, რა თეთრია! ულამაზესი!
_ მაგრამ, შენ გაქვს სასახლეები, _ ვეღარ მოვითმინე და ტუკტუკს პირში მივახალე _ დიდებული სასახლეები! ცხენებით სავსე უთვალავი თავლა! თვალუწვდენელი ბაღები! უძვირფასესი ტანისამოსი! სამკაულები! ოდესმე მითხოვია შენთვის რამე? მაშ, შენ რაღა გინდა ჩემი კვიცისგან? _ ძალა აღან მეყო და ღრმად ჩავისუნთქე _ ჩემს კვიცს თავს თუ დაანებებ, საოცარ რაღაცეებს მოგართმევ _ ტბიდან ჩემი ცხენივით თეთრ ლოტოსის ყვავილს მოგიტან, ლურჯ ფრინველს დაგიჭერ ტყეში, კიდევ უამრავ სხვა რამეს...

ამ სიტყვებმა რაჯას ასული დააფიქრა. გული საგულეში აღარ მეტეოდა: შადაპალი მშიერი დარჩა, ვერც ბალახი მივუტანე და ვერ წყალი დავალევინე. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ყურში მისი სასოწარკვეთილი ჭიხვინი ჩამესმოდა.
_ თუ ასეა, კარგი! – თქვა ტუკტუკმა – ცოლად შემირთე და აღარ წაგართმევ მაგ კვიცს! მერე ხომ შემსვამ ზედ და ყოველდღე მაჯირითებ?
მართალია, თვალებზე ცრემლი მქონდა მომდგარი, მაგრამ ტუკტუკის სიტყვებმა სიამოვნებისგან მაინც გული ამიფართხალა. განა, თავად შადაპალი უარს იტყოდა, ეს პატარა მზეთუნახავი ზურგზე თუ შეაჯდებოდა? ერთი წამით წარმოვიდგინე კიდეც, როგორ მიაჭენებდა ტუკტუკი თეთრ რაშს აბიბინებული მწვანე მდელოდან ლურჯი ცისკენ. მაგრამ, ეს ხომ არასოდეს მოხდება? ტუკტუკი რაჯას ქალიშვილია, სასახლეში ცხოვრობს, ის სამფოს კარის თვალის ჩინია, მე ერთი უღირსი მენახირე ვარ, დღე და ღამე საქონელში ვასწორებ. რანიმ შეამჩნია, როგორ ავფორიაქდი ტუკტუკის სიტყვებზე, ტკბილად გამიღიმა და დამიყვავა:

_ ბიჯუ, ქორწინების ხსენებამ ხომ არ შეგაშინა?! შენ ჯერ ყველაფერი წინა გაქვს, გაიზარდე, ღირსეული კაცი დადექ და შესაფერ საცოლეს ყოველთვის იპოვნი. შენთვის კი, ჩემო ძვირფასო! – ახლა თავის ქალიშვილს მიუბრუნდა _ გათხოვებაზე ფიქრი ძალიან ადრეა, გიჯობს გაკვეთილებს მოხედო, თორემ დაგვიანდა!
რანი წამოდგა, მე თავი დავუკარი და კარისკენ გავემართე. ამ დროს დარბაზში რაჯა შემობრუნდა,
_ ამდენ ხანს სულ იმაზე ვფიქრობდი, ცხენს რა დავარქვა, –თქვა მან ჩემს გასაგონად და დააყოლა _ იცოდე, ხვალ დილასვე აქ მომიყვანე!
როცა სოფელს ჯერ კიდევ ღრმად ეძინა, როცა ტყეში ფრინველები ძილს მისცემოდნენ და მხოლოდ ვარსკვლავები ფხიზლობდნენ ცის კაბადონზე, მე და შადაპალი სოფლიდან გავიპარეთ.
გამთენიისას ტბის ნაპირს მივადექით. ცა ვარდისფრად შეფაკლუკუყო. ღამენათევი და დაქანცული შადაპალი წყალს დაეწაფა. სინათლე მკრთალად ანათებდა ტბის ზედაპირს. აქა-იქ ჩიტებმა შეიფრთხიალეს. შადაპალი წყალს სვამდა, მე მის ანარეკლს დავყურებდი. უეცრად უკნიდან უცნაური ხმაური შემომესმა. მოხედვაც ვერ მოვასწარი, რომ შუბებით შეიარაღებული რაჯას მცველები თავს წამოგვადგნენ.
_ ჰეი, შე უტვინო მენახირევ! არ იცი, რომ სიკვდილს უფრო ადვილად გაექცევი, იამასაც კი, ვიდრე მალიკპურის რაჯას?! _ დამიღრიალა ერთ-ერთმა მცველმა, მომვარდა, მკლავები გადამიგრიხადა და ზურგს უკან შემიკრა. დანარჩენებმა შაპადალს ალყა შემოარტყეს და სქელი ბაწრებით ისე გათოკეს, საბრალოს, დალურჯებული გვერდებიდან სისხლი წასკდა. მერე გაკოჭილები შუა მწკრივში ჩაგვაბეს და სოფლისაკენ გაგვრეკეს.

ამასობაში კიდეც გათენდა, ჩიტებმა ჟრიამული ატეხეს, ფოთლებზე ცვარი შეშრა, ტოტებიდან შემოჭრილ მზის სხივებს შუბის წვერები ისრებივით ირეკლავდნენ. მოულოდნელად ერთმა მცველმა თქვა:
_ რაჯამ ცხენის მოყვანა არ გვიბრძანა? მაშ, ეს მენახირე ვის დაკარგვია, თან რომ მივათრევთ? გაუშვი, წავიდეს! გესმის, შენ, მენახირევ, გასწი აქედან!

ესა თქვა, კისერში ხელი დამავლო და ეკლიან ბუჩქებში მომისროლა. ტკივილმა და საშინელმა დამცირებამ ერთად იფეთქა ჩემს გულში, თავზარი დამეცა. თვალები სიმწრის ცრემლით ამევსო. ზეცას ავხედე და აღმომხდა: "მაღლა ზეცავ! მოწმე იყავი! დაბლა ნიავო! შენც მოწმე იყავი, რომ რაჯამ უდანაშაულოდ, შადაპალი მომტაცა. მან, მალიკპურის რაჯამ, ჩემი სიცოცხლის წყარო დააშთო, ჩემი სახლიდან ფეხი მომიკვეთა, დამამცირა, ფეხქვეშ გათელა ჩემი ღირსება, არც შადაპალი დაინდო! გესმის, შენ, მაღლა ზეცავ და დაბლა ნიავო! მითხარით, როდესმე, დამიშავებია რამე მეზობლისთვის? გული მიტკენია ჩემი მშობლებისათვის? გესმით ჩემი, ზეცავ და ნიავო? სოფლიდან რომ ვიპარებოდი, ჩვენი პალმის რტოზე თორმეტი რგოლი იყო გამოსახული. ვფიცავ, ვიდრე თექვსმეტი დაგროვდებოდეს, რაჯას ქუჩის მტვერში ვაგორავებ!”

ასე დავიფიცე ზეცისა და ნიავის წინაშე. შორიდან გავცქეროდი, როგორ ლაპლაპებდნენ მზეზე შადაპალის ირგვლივ აღმართული შუბის წვერები. ბეჩავი, ისე იყო გაკოჭილი, ვერ ტრიალდებოდა. მაგრამ, ერთხელ მაინც შეძლო ჩემსკენ კისრის მობრუნება, და მაშინ, მის თვალებში უსაზღვრო სასოწარკვეთილება დავინახე.

როგორც იქნა, თოკი კბილებით გავგლიჯე. ფეხებიდან სისხლი მდიოდა და ძლივს მივეთრეოდი. ბოლოს, რომელიღაც სოფლის ერთ განაპირა, ცარიელ ქოხს მივადექი, აივანზე ავფოფხდი და მშიერ-მწყურვალი იქვე მივეგდე. ვიწექი ჩემთვის და ვფიქრობდი დედაჩემზე, სოფელზე, შადაპალზე, ჩემს მომავალზე, ნეტავ, კიდევ რას უნდა მიმზადებდეს-მეთქი განგება?! ამ ფიქრებში ჩამეძინა.

შუაღამეს შადაპალის ჭიხვინმა გამაღვიძა. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, მაგრამ მაინც ბნელოდა. შადაპალის ჭიხვინი შორიდან მოისმოდა. მივაყურე, მაგრამ ამ დროს ქარმა მიმართულება შეიცვალა და ვეღარაფერი გავიგონე. მალე ქარმა ისევ მოიტანა შორიდან შადაპალის ჭიხვინის ექო. მერე _ ფლოქვების თქარა-თქური მომესმა. ფლოქვების თქარათქური და ჭიხვინი თანდათან უფრო ძლიერდებოდა და, აი, ჩემს წინ, სიბნელეში, გაქაფული შადაპალი აღიმართა. კისერზე შემოვეხვიე. ხელზე ძვირფასი ტყავის გაპრიალებული სალტეები და ლითონის ჯაჭვი მომედო. ჩემი შადაპალი შეუკაზმავთ!
_ ყოჩაღ შადაპალ! _ შევძახე და გავაზე მხნედ შემოვკარი _ ვერ მოუთაფლიხარ რაჯას ძვირფასი აღვირით და სასუსნავით! მითხარი, ქორფა ბალახით და წყაროს წყალით თუ გიმასპინძლდებოდნენ?
შადაპალმა თავი ასწია და თვალებში ჩამხედა. ცაზე მთვარე ქოქოსის გულის ნატეხივით ეკიდა. შადაპალს დიდი გზა ჰქონდა გამოვლილი და დილიდან არაფერი ეჭამა. მზრუნველად გადავუსვი შუბლზე ხელი _ ერთხელ, მეორედ. ადრე, შუბლზე ხელს რომ ვუსვამდი, გაიტრუნებოდა ხოლმე, ახლა _ მოუსვენრად ფრუტუნებდა და სახეს მკერდზე მიცვამდა.
_ რა მოგივიდა შადაპალ? _ ვკითხე მე.
პასუხის ნიშნად, შადაპალი კიდევ უფრო მომეკრა და მერე ისე გამკრა გვერდი, რომ აშკარად მთხოვდა, ჩქარა ზურგზე შემომახტიო. შადაპალი გაუხედნავი მყავდა, მის ხურგზე შეჯდომა არსასოდეს მიცდია, ეს პირველი შემთხვევა უნდა ყოფილიყო. ვფიქრობდი, ეგებ არა ღირს-მეთქი, მაგრამ შადაპალის თავალებში ამოვიკითხე, თუ არ იჩქარე, რაჯას მცველები წამოგვეწევიანო. ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია, შემოვაზტი და მას მივენდე. შადაპალი ყალყზე შედგა, ერთი მხიარულად დაიჭიხვინა და შურდულივით გაფრინდა ღამის წყვდიადში.

აღმოსავლეთის ცის კიდეზე მზე ამოწვერილიყო, როცა ერთ სოფელს მივადექით. სოფელი მდინარის სამ შენაკადზე იყო განლაგებული. ერთი-ერთის ნაპირას შევისვენეთ. ხელით ბალახი მოვგლიჯე, მდინარეში გავავლე და შადაპალს ვაჭამე. მერე პეშვით წყალი მივუტანე და დავალევინე. ცოტა გონზე რომ მოვედი, დავინახე, რომ ნაპირის გასწვრივ, ქალები და ბავშვები მუხლამდე წყალში იდგნენ და თევზაობდნენ. ასეთი გაძვალტყავებული ხალხი ცხოვრებაში არ მენახა. ერთი ჩია დედაბერი, აცახცახებული შიშველი ხელით თევზს იჭერდა. ჩვენ რომ დაგვინახა, წყლიდან ამოვიდა და მოგვიახლოვდა. დიდხანს გვიყურა ისე, რომ ხმა არ ამოუღია. მერე ცალი თვალი მოჭუტა და მკითხა:
_ საიდან ხარ, შვილო?
_ შორიდან! ჩემს სოფლამდე ფეხით სამი თვის სავალია.
_ არა მგონია?!
ნეტავი, რას გულისხმობს-მეთი ეს დედაბერი? - გავიფიქრე?
_ მართალს არ ამბობ! ის ქვეყანა, საიდანაც შენ მოდიხარ, ღმერთის რჩეული მხარეა. სხვაგან სად ნახავ ასეთ ცასავით უძირო თვალებს, ასეთი ღვთიური სითეთრის რაშს? ამ ხნის ქალი ვარ და მსგავსი სილამაზის არსება ჯერ არ მინახავს!

დანარჩენი ქალები და ბავშვები გარს შემოგვევლენ. მერე ყველანი ერთად სოფელში წავედით. მასპინძლებმა ერთ ეზოში, პატარა ადგილზე მიწა მორწყეს, მოხვეტეს, მოხვეტილ ადგილას ფარდაგი დააგეს და ზედ დამსვეს. ორი გოგონა პალმის რტოს მინიავებდა, სხვები მწვანე ქოქოსს ამტვრევდნენ. მე და შადაპალმა ტკბილი რძე მივირთვით. ჭამას რომ მოვრჩით, დედაბერმა თქვა:
_ ღმერთმა თქვენი თავი მხსნელებად მოგვევლინა, შენ გადაგვარჩენ! გევედრებით, იხსენი ჩვენი ბავშვები უბედურებისგან?!
_ ასეთი, მაინც, რა დაგემართათ? _ ვკითხე მე.
_ შვილო! არ გეგონოს, რომ მთელი ცხოვრება ასეთი უბადრუკები ვიყავით! _ თქვა დედაბერმა _ სულ რანდენიმე წლის წინ ჩვენი საძოვრები წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით იყო შეფენილი, ჩვენს მინდვრებს ჯანღონით სავსე ყმაწვილკაცები ხნავდნენ, უღელში ბუღა ხარები ჰყავდათ შებმული და "ჰეთ! ჰეთ!” ომახიანად გასძახოდნენ. მთელ სანაპიროზე ბრინჯის მინდვრები იყო გადაჭიმული.
ქალები ბრინჯს ფქვავდნენ, ცრიდნენ და ნელ ცეცხლზე ბოლავდნენ. შემოდგომაზე, რთველის დროს, ნავანას დღესასწაულზე ბრინჯის ნამცხვარს აცხობდნენ. ჩვენი ბეღლები ახალ-ახალი მარცვლეულით ივსებოდა. ყვავებისგან და სხვა ფრინველისგან მოსვენება აღარ გვქონდა. მაგრამ, ერთხელ, საქონელს რაღაც უჩვეულო სენი შეეყარა, ნახირი დაეცა, სასწაულით გადარჩენილები ძლივსღა დალასლასებენ, მაგრამ ნელ-ნელა ისინიც იხოცებიან. სოფელში გაქრა რძე და, რაც მთავარია, შეწყდა მიწის დამუშავება. იმ წელს ერთი მარცვალი ბრინჯიც ვერ მოვიწიეთ. ჩვენს შვილებს ბრინჯის გემო საერთოდ დაავიწყდათ! რა უნდა აკეთოს კაცმა სოფელში, ხვნა-თესვა თუ მოიშალა? ახალგაზრდობამ ბედის საძიებლად უცხოეთს მიაშურა. ვინც აქ დარჩა, გაპარტახდა, მთლად ჩამოხმა და ჩამოდნა. რა ვქნა, ამ ხნის ქალი დედაკაცებთან და ბავშვებთან ერთად ასე დილიდან საღამომდე ვთევზაობ. ღმერთმა უწყის, როდემდე გავძლებთ ცარიელ თევზზე, მწვანე ქოქოსის რძესა და ბალახბულახეულზე? წყალში დგომისგან მუხლებში სითხე ჩაგვიდგა და ფეხები დაგვისივდა. სოფლის ექიმებმა, ფაკირებმა და მკითხავებმა რა არ იღონეს, წირვა-ლოცვა არ დაგვიკლია, ყველა წესი აღვასრულეთ _ მსხერპლშეწირვაც. მაგრამ, ჩვენს გასაჭირს არაფერი ეშველა, ამ უბედურებას ბოლო არ უჩანს, ჩვენში აღარც ფური იწველება და ვეღარც მამრები დგებიან ფეხზე. ჩვენი ხსნა შენს თვალებში წერია, მე ვხედავ ამას!
_ ჩემო ქალბატონო! თქვენმა ნაუბარმა გული მომიკლა. ოღონდ კი თქვენი დახმარება შემეძლოს, თავს არ დავზოგავდი, მაგრამ მართლა არ ვიცი, რით გიშველოთ? მე ის არა ვარ, ვისაც თქვენ ელით, არც თქვენი ხსნის წამალი მაქვს გამზადებული, მაგრამ, რადგან არ იშლით, ვცადოთ! მაჩვენეთ დაავადებილი ხალხი და ცხოველები.

იმ დღიდან მე და დედაბერი კარდაკარ დავდიოდით. მე ჯერ ადამიანები მოვინახულე, შემდეგ საქონლის გასინჯვას შევუდექი. ვინ იცის, ბავშვობაში, რამდენჯერ განმიკურნავს ჩემი ძროხები სარეველა ბალახით, ფესვებითა და ტყის ნაყოფით?!

მე და შადაპალი მზის ჩასვლამდე ჯუნგლებში დავეხეტებოდი. სამკურნალო ბალახს ვაგროვებდი, მერე მდინარეში ვრეცხავდი, ვნაყავდი, ფაფას ვწურავდი და მიღებულ ნაყენს ძროხებს ვასმევდი. დილით ვაკვირდებოდი, როგორ იმოქმედა ცხოველებზე ჩემმა წამალმა. თუ შედეგი არ მომწონდა, ნაყენის შემადგენლობას ვცვლიდი.

ერთ დილას ძროხების ბღავილმა გამომაღვიძა. ბღავილს ქუჩაში ქალების და ბავშვების ჟივილ-ხივილი მოჰყვა. მთელი სოფელი გარეთ გამოცვივდა, ყველა კუთხიდან მხიარული ყიჟინა ისმოდა. ის დღე იყო და, რძედამშრალ ძროხებს ჯიქნები გაევსოთ, დავარდნილი ხარები ფეხზე წამოდგნენ და მინდვრებს მიაშურეს. მდინარის ნაპირი კვლავ ბრინჯის ყანებით აბიბინდა, ქალები თავიანთ საქმეს მიუბრუნდნენ და მოწეული ბრინჯის დაბინავებას შეუდგნენ. ახალი მარცვლეულის სურნელმა იმ მხარეს ათასი ფრინველი მოჰგვარა, დადგა რთველის დროც და ნავანას დღესასწაულს მთელი სოფელი ბრინჯის ნამცხვრით შეხვდა.
_ ძმაო! _ მომმართა სოფლის ერთმა ყველაზე წარმოსადეგმა კაცმა _ შენ შვენს სოფელს სიცოცხლე დაუბრუნე, შენი წყალობით ჩვენი მინდვრები კვლავ მწვანედ ბიბინებენ, ჩვენს ხალხს შენი სიკეთე არასოდეს დაავიწყდება, შენა ხარ ჩვენი რაჯა, ყოველი ჩვენგანი მზადაა, შენთვის თავი გაწიროს!
_ მაგრამ ამ საქმისთვის არ გამოვდგები! _ მივუგე _ მე თქვენი მეგობარი ვარ, ეს არის და ეს! ახლა, ჩემი ამბავიც მოისმინეთ! იქ სადაც მე ვცხოვრობდი, რაჯამ საკუთარი სახლიდან გამომაგდო, შადაპალი მომტაცა, შეურაცხყოფა მომაყენა, მაშინ მე დავიფიცე, რომ ოდესმე, რაჯას ქუჩის მტვერში ვაგორავებდი. თუ ამ საქმეში დამეხმარებით, სიკეთეს არც მე დაგივიწყებთ.
_ დაგეხმარებით! _ ერთხმად იგუგუნა სოფელმა და ათასი შეკრული მუშტი უმალ ზეცისკენ აღიმართა _ ჩვენ შენთანა ვართ! წამოდი, წავიდეთ!
_ დამშვიდდით! მალიკპურის რაჯას კბილებამდე შეიარაღებული ჯარი ჰყავს, მას შიშველი ხელებით ვერ მოერევით! _ მივმართე სოფელს.
_ იარაღი გვჭირდება! _ ისევ დაიგუგუნეს.
_ დამშვიდდით! ჩვენ ახლა საღი გონება უფრო გვჭირდება, როგორმე იარაღი უნდა ვიშოვნოთ. ჩემსა და რაჯას შუღლს მაშინ დაესმება წერტილი, როცა იარაღი გვექნება! _ დავასრულე მე.

თავად რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ჩემს მეგობრებს შევევედრე, ეგებ თქვენ მაინც იღონოთ-მეთქი რამე, მაგრამ ყველა ცდა ამაო გამოდგა. ასე გადიოდა ხანი, დღეები მისდევდნენ დღეებს, ღამეები _ ღამეებს. გავიდა ზამთარი. ჩრდილოეთის ცა გაზაფხულის ფერებით მოიხატა. ჩემს გულს მაინც არაფერი ეკარებოდა. მხოლოდ ერთი ფიქრი მიღრღნიდა ტვინს _ საიდან მეშოვნა იარაღი. გაზაფხულმაც ვერ დაბინდა ეს აკვიატებული აზრი. აღმა-დაღმა დავეხეტებოდი დაღონებული და ყოველ ღამე მესიზმრებოდა, როგორ ამტვრევდა თავლის კედლებს შადაპალი. იმედი დავკარგე, რომ დადებულ ფიცს ოდესმე აღვასრულებდი.

ერთ ბნელ ღამეს, გზაზე ხეტიალის დროს, ნაცნობი დედაბერი გადამეყარა.
_ ვიცი რაც გაწუხებს _ მითხრა მან _ ისიც ვიცი, როგორ ვუმკურნალო შენს გულისტკივილს, მაგრამ ადრე არაფერს გეუბნებოდი, რადგან მეშინოდა, ცხელ გულზე ფეხი არ დაგეკრა და რაიმე ხიფათს არ გადაყროდი. რა ვქნა, ძალიან არ მინდა, ჩვენი სოფელი რომ დატოვო, მაგრამ არც შენი საცოდაობის ცქერა შემიძლია გულგრილად. მე ვიცი, სად არის იარაღი, წამო, გაჩვენებ, ოღონდ ფრთხილად, არავინ გააღვიძო!

დედაბერმა ფეხაკრაფით ჩამიყვანა მდინარესთან. ფრთხილად მოიხედა სოფლისკენ, მერე ჩირივით გამხმარი თითი მდინარის გაღმა ნაპირისკენ გაიშვირა და წაიჩურჩულა:

_ აბა, კარგად მიაყურე, გესმის სალამურის ხმა?
გაღმა ნაპირიდან მოღწეული ხმა ჯერ ქარის სტვენა მეგონა, მაგრამ უფრო ყურადღებით რომ მოვუსმინე, მივხვდი, ეს სალამურის ჰანგები იყო, ათასი სალამურისა ერთად.
_ მთელი ღამე ასე უკრავენ, _ ჩაიჩურჩულა დედაბერმა _ მათი ისრები სალამურის ჰარგებზე შორს ფრენენ. ერთხელ, სულ ბავშვი ვიყავი, როცა ერთი ისარი მდინარის კალაპოტს გადმოევლო და აი აქ, ზუსტად ჩემს ფეხთან ჩაესო. ბაბუაჩემს შიშისაგან გული გაუსკდა. სოფლის უხუცესებმა დაასკვნეს, მდინარის გაღმა მცხოვრები ტომი რაღაცით შევაწუხეთო და ერთთვიანი დიდი იაინა გამოაცხადეს. მთელ სოფელში მოგროვილი რძისგან ერბო მოდღვიბეს. იაინას რიტუალი ისეთ ადგილას გამართეს, გაღმა ნაპირიდან მისი დანახვა შესაძლებელი რომ ყოფილიყო. ერბოსა და კვამლის სუნი ქარს იქითა ნაპირისკენ მიჰქონდა. ერთი თვის განმავლობაში მთელს სოფელში არცერთ ბავშვს პირში ერთი წვეთი რძე არ ჩასვლია. ბებიაჩემისგან გამიგია, გაღმა სოფლელებს მშვილდოსნობაში ბადალი არა ჰყავთო. მშვილდს თურმე ბებერი ლეღვის ხის დაკიდული ფესვებიდან თლიან, ლარს კი, გარეული ღორის მზეზე გამომშრალი ნაწლავებისგან ამზადებენ. ერთი ეგეთი მშვილდისარი რომ გაშოვნინა, რაჯაზე შურს იძიებდი და მოისვენებდი კიდეც. ოღონდ, გახსოვდეს, იმ ტომის ხალხი თავის ქვეყანაში უცხოელს ფეხს არ ადგმევინებენ. იქიდან ცოცხალი ჯერ არავინ დაბრუნებულა.

იმავე ღამეს ბამბუკის ტივი შევკარი და შადაპალთან ერთად მდინარეში შევცურე. შვიდი დღე და შვიდი ღამე მივცურავდით მეორე ნაპირამდე. ქვიშიან ნაპირზე გადმოვედით. ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო, ცოცხალ არსებებს მხოლოდ კუს ზომის კიბორჩხალები წარმოადგენდნენ. სანაპიროს ხშირი ტყე ესაზღვრებოდა. გულმა იქით გამიწია. შემოვაჯექი შადაპალს, ნაპირს ზურგი ვაქციეთ და ტყისკენ მიმავალ ბილიკს დავადექით. მაგრამ, სად იყო და სად არა, ჩვენსკენ ისრების კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ისრებმა გზა მოგვიჭრეს და ჩვენსა და ტყეს შორის ღობედ აღიმართნენ. შადაპალი უკან დავხიე, მოვატრიალე და მეორე ბილიკისკენ გავემართე, მაგრამ, წამში ზუსტად იგივე განმეორდა.
_ მიდი, შადაპალ, გადაახტი! _ ჩავჩურჩულე შადაპალს და სადავეები მოვქაჩე. შადაპალლი ისრების ღობეს გადევლო და ტყისკენ გაიჭრა, მაგრამ უეცრად დაიფრუტუნა, მერე მწარედ დაიჭიხვინა, უკანა ფეხებზე შედგა და მოწყვეტით დაემხო მიწაზე. მთელი ტანით ცახცახებდა. ისარმა კისერი ჰქონდა გაყრილი. ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა და მიწა წითლად მოეწყა. თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. თავად არ ვიცოდი, რას ჩავდიოდი. კისრიდან ისარი ამოვაძრე და ყელზე შემოვეხვიე. ნუ დამტოვებ-მეთი, ვევედრებოდი შადაპალს. მერე გამხმარი ფოთლების შრიალი და მწყობრი ნაბიჯის ხმა მომესმა. ავიხედე. ბრგე აღნაგობისა და მძვინვარე პირისახის ასობით მშვილდოსანი ჩემსკენ მოიწევდა. მომიახლოვდნენ თუ არა, მშვილდისრები თაყვანისცემის ნიშნად ფეხთით დამიწყვეს. შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა სისხლიანი ისარი აიღო და წითლად შეღებილ მიწას მოავლო. მეორემ ნაპირზე ბალახ-ბულახი მოაგროვა, ხელით მოსრისა, წვენი გამოადინა და სითხე შაპადალს ჭრილობაზე წაუსვა. სისხლისდენა მაშინათვე შეწყდა. შადაპალს ტკივილი გაუყუჩდა. აღარ აკანკალებდა. როცა ჩვენი მასპინძლები დარწმუნდნენ, ცხენს საფრთხე აღარ ელისო, საჭმელი მოუტანეს მას და ფეხებთან მოწიწებით დაუწყვეს. ამის მერე, მშვილდოსანთა რაზმს ერთი მეომარი გამოეყო. იგი დინჯად მიუახლოვდა შადაპალს და მის გვერდით დადგა. თავზე თეთრი ნიჟარის გვირგვინი ედგა, მკლავებზე ლოკოკინის ნიჟარების სამაჯურები, წელზე კიბორჩხალის ფალანდების ქამარი და კისერზე ფერადი ქვების მძივი ეკეთა. ეს ამ ტომის ბელადი იყო.
_ ვინა ხარ! საიდან მოდიხარ? _ მომმართა მან
_ ძალიან შორიდან, ერთი უბრალო მენახირე ვარ! _ მივუგე მე და თავი დავუკარი.
_ ყურადღებით მისმინე! _ დასძინა ბელადმა _ წინაპართა წესის თანახმად, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც ჩვენს მიწაზე ფეხს დადგამს, უნდა მოკვდეს. სიხარბისა და გაუმაძღრობის გამო ეტანებიან უცხოელები ჩვენს ქვეყანას, ქურდობის მეტი არაფერი აინტერესებთ. ამიტომა, აქედან ცოცხალს აღარავის ვუშვებთ. შენც მოგკლავდით, მაგრამ ცხენმა გადაგარჩინა. თეთრი ცხენი ჩვენი ღვთაებაა. მასზე ვლოცულობთ. უბედურება დატრიალდება ყველგან, სადაც ჩვენი ისარი დაეცემა. ჩემმა მეომრებმა ორჯერ გადაგიღობეს გზა. არ მოგკლეს, თუმცა შენც უცხოელი ხარ. ვიფიქრეთ, ცხენიდან რომ ჩამოვა, მერე ვესვრითთქო, მაგრამ შენ ბედმა გაგიღიმა და ღობეს ცხენზე შემჯდარი გადაახტი. შენმა ცხენმა შენთვის დამიზნებულ ისარს ისე ჭკვიანურად შეუშვირა კისერი, რომ თავად დაიჭრა, შენ კი სიკვდილს გადაგარჩინა. ეჭვი არ შეგეპაროს, კარგად დაგიმიზნეთ. ჩვენი ისრები მიზანს არ სცდება. ვისაც თეთრი ცხენი გადაარჩენს, ის არ შეიძლება მტერი იყოს. შენ ჩვენთან სიხარბე და ძარცვა-გლეჯის სურვილი არ მოგიყვანდა. ამიერიდან შენს მეგობრებად გვიგულე, გვითხარი, რას ეძებ, რით გინდა რომ დაგასაჩუქროთ? ჩვენ თეთრი ცხენის სისხლი დავღვარეთ, ვალდებულები ვართ, გამოვისყიდოთ!
_ თქვენო ბრწყინვალებავ! _ ვთქვი მე და ბელადს თავი დავუკარი _ ერთი მენახირე ბიჭი ვარ, შადაპალი ჩემი უახლოესი მეგობარია, მაგის მეტი, დედამიწის ზურგზე არავინ გამაჩნია. ერთად ვმწყემსავთ სამეფო ნახირს და, ასე, ბედნიერად ვეწევით საერთო ჭაპანს. ჩემი სოფლის რაჯამ შადაპალს თვალი დაადგა და წართმევა მოინდომა. ჯერ ფული შემომთავაზა, რომ არ დავთანხმდი _ მდევრები დამადევნა და სასტიკად დამსაჯა, არც შადაპალი დაინდო, იძულებული გავხდი, შადაპალთან ერთად ჩემს სოფელს გავცლოდი. მაშინ დავიფიცე, რაჯას დამცირებას არ შევარჩენ და ქუჩის მტვერში ვაგორავებ-მეთქი. თქვენ თუ მართლა გსურთ ჩემი დასაჩუქრება, რამდენიმე მშვილდისარი მომეცით. მეტი მე არაფერი მინდა!
_ ასი მშვილდისარი იყოს! _ თქვა ბელადმა _ სხვა რამე მთხოვე, დღეიდან შენ ჩვენი გმირი ხარ.
_ მაჰარაჯ! _ მივმართე უდიდესი მოწიწებით _ ვერასოდეს დავივიწყებ შენს გულუხვობას, მაგრამ, მეტი მართლა არაფერი მინდა!
_ შენთან დამეგობრება ჩვენთვის დიდი პატივია! წამომყევი სასახლეში და შესაფერის საჩუქარს თავად შეგირჩევ!

რაჯა თავისი ამალით სასახლისკენ გამიძღვა. უკან მშვილდოსანთა რაზმი მოგვყვებოდა. იმათი სასახლის სილამაზემ შირიდანვე თვალი მომჭრა. ეს იყო ხის მოჩუქურთმებული შენობა, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მენახა. თვალს არ სჯეროდა, რომ ადამიანის ხელს ხისგან ასეთი მშვენიერების შექმნა შეეძლო.

დარბაზში თაფლი ხის ფიალებით შემოჰქონდათ, კამეჩის არაჟანი ნიჟარის ჯამებით. ამასობაში სალამურის ჰანგებიც გაისმა. მთელი ღამე უკრავდნენ. საოცარი რამ არის იმათი სალამური _ თან კვნესის და თან ამა სოფლის სატკივარსა და სიხარულს გიამბობს, ხალხის ოცნებებსა და ფიქრებზე გესაუბრება. ვუსმენდი და გული სიამით მევსებოდა.

მეორე დილას, რაჯა მდინარის ნაპირზე ჩამომყვა გასაცილებლად. მისმა მსახურებმა შადაპალი თეთრ ტივზე აიყვანეს და ფეხებთან ასი ისარი დაუწყვეს. მადლობის ნიშნად რაჯას თავი დავუკარი.
_ ძმაო ჩემო! _ თქვა მან _ მიიღე ჩვენგან სახსოვრად ეს სალამური! შეახებ თუ არა ბაგეს, შენს სანუკვარ ოცნებებსა და იმედზე, შენს დარდსა და სიხარულზე აკვნესდება, მარად გამარჯვებული ივლი.
აღმოსავლეთის ცის გავარვარებულ კაბადონზე მზე უხვად აფრქვევდა კაშკაშკაშა სხივებს და დიდხანს ანათებდა ნაპირს. მდინარე ლივლივებდა. ტივიდან ვხედავდი, როგორ კრთებოდა ნელ-ნელა თვალსაწიერიდან ქვიშიან ნაპირზე მდგარი ჩემი მეგობარი რაჯას სილუეტი და როგორ ერწყმოდა იგი ახალი დღის მკრთალ და ბუნდოვან კონტურებს.

დღე და ღამე ნიჩბებს არ ვასვენებდი. ბოლოს, როგორც იქნა პატარა დედაბრის სოფელს მივადექი. ჩემს დანახვაზე ბრძენ მოხუცს სახე გაუნათდა, ხოლო ვაჟკაცებმა საომრად მზადება დაიწყეს. მდინარის თევზით, ახალი ბრინჯით, ქოქოსის წვენითა და შავი ფურის მსუყე რძით ვიკვებებოდით, თან დღე და ღამე მშვილდოსნობაში ვვარჯიშობდით. კარგად რომ გავიწაფეთ, ჩემი სოფლისკენ მიმავალ გზას დავადექით.

მშობლიური მინდვრების დანახვაზე, გული ამიფართხალდა. ნამეხარ და დანახშირებულ პალმასაც კი აღტაცებით შევყურებდი. კოდალა კი იჯდა რომელიღაც ხეზე და გამალებით უკაკუნებდა მერქანს.

გზა აღმოსავლეთისკენ ავიღეთ. მალე, რაჯას სასახლეს მივადექით და კარიბჭესთან ცოცხალი კედელი აღვმართეთ. შადაპალზე ამხედრებული წინ გამოვიჭერი, ყელი მოვიღერე და ერთი ომახიანად შევძახე:
_ მენახირე ბიჯუ დაბრუნებულა! რაჯა სად არის?! უსამართლობისა და ქედმაღლობისთვის პასუხი უნდა ვაგებინო! სად არის-მეთქი, რაჯა?! გარეთ გამოვიდეს!
სასხლის მცველებმა შუბები მოიმარჯვეს და საფრთხის აღსაკვეთად გარეთ გამოცვიცდნენ, მაგრამ, ორიოდ ნაბიჯში ასობით მშვილდმომართული მეომარი რომ დაინახეს, შუბმოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდათ.
_ ჰეი, არ გესმით?! მენახირე ბიჯუ დაბრუნდა-მეთქი! _ ვყვიროდი მე _ სად არის რაჯა? გამოვიდეს!
მალიკრაჯა უშველებელი შუბით ჭიშკრიდან გამობრძანდა. ჩემმა ერთ-ერთმა მეიმარმა ისარი შიგ გულში დაუმიზნა. რაჯა მაშინათვე მიწაზე განერთხა. შადაპალი მისკენ მივაგელვე, და მტვერში ამოგანგლული ფეხზე წამოვაყენე.
_ რაჯა! მე ჩემი ფიცი აღვასრულე! _ ვუთხარი _ იმ დღეს, შენ რომ მდევარი დამადევნე და შადაპალი მომტაცე, ზეცისა და ნიავის წინაშე დავიფიცე, რომ ქუჩის მტვერში ამოგსვრიდი. დანაპირები უკვე აღვასრულე, შეუბრალებლობისთვის გთხოვ, მომიტევო! დღეიდან ისევ შენი მორჩილი მენახირე ვარ!
_ პატიებას შენ კი არა, მე უნდა გთხოვდე! _ მიპასუხა რაჯამ და თავისკენ მიმიზიდა _ ბრმა ვიყავი და შენმა საქციელმა თვალი ამიხილა!
 მერე თავის ამალას მიუბრუნდა და უთხრა:
_ დაბლა დასწიეთ შუბები, გახსენით სამეფო დარბაზი და ყველას ამცნეთ, რომ ბიჯუ თავისი ძმებით სტუმრად გვეწვია. ამცნეთ ყველას, რომ ბიჯუ სახლში დაბრუნდა. მოწველეთ ძროხები, ჩაყარეთ მდინარეში ბადეები, მოკრიფეთ ხილი და მოდით, ბიჯუს დაბრუნება ერთად ვიზეიმოთ!

როცა ჩემი მეგობრები სამეფო დარბაზში კარგად მოეწყვნენ, რაჯამ გვერდზე გამიხმო და სასახლის შიდა ოთახებისკენ გამიძღვა. ერთ-ერთ ოთახში შესვლაც ვერ მოვასწარი, რომ გონგის ხმა და ჩემი ხილვით აღტაცებული ქალების შეძახილი ერთად გაისმა.
ქალბატონი რანი მომიახლოვდა და მითხრა:
_ ბიჯუ, შვილო, ხედავ, უკვე კაცი გამხდარხარ? ღირსეული კაცი! ჩამიბარებია შენთვის ჩვენი თვალის ჩინი _ ტუკტუკი! შემოისვი შენს თეთრ ცხენზე და აჯირითე რამდენიც უნდა!
ტუკტუკი იქვე იდგა. დედამისის სიტყვებზე სახე ვარდისფრად აელეწა. თმაში ჩაბნეული მარგალიტი შუბლთან თეთრად უბზინავდა. თვალს ვერ გაუსწორებდი, ისეთი ლამაზი იყო ბენარასის ნაზ სარში გამოწყობილი ტუკტუკი.
_ ბედნიერი ხარ, ტუკტუკ? – კითხა რანიმ.
თანხმობის ნიშნად, ტუკტუკმა თავი დახარა და შუბლზე მარგალიტი აუთამაშდა.

ერთ მშვენიერ დღეს ქორწილიც გადავიხადეთ. სანაის ჰანგების თანხლებით, ჩემი ტუკტუკი შადაპალზე შემოვისვი და მთელი სოფელი შემოვატარე. ხანდახან, თავად არ ვიცი რატომ, მოწყენილობის ჟამს, შემოვახტები ხოლმე შადაპალს, სადმე უკაცრიელ ადგილას განვმარტოვდები და ღია ცის ქვეშ ჩემს სალამურს ვაკვნესებ.

კატეგორია: თარგმანები | დაამატა: მანანა (2011-02-04)
ნანახია: 7153 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 tika  
0 Spam
dzalian momewona:*:*:*

2 cnobismokvare  
0 Spam
zalian visiamovne. tendeboda rom cavikitxe da iseti gancda mqonda,titqos mec am lamazi legendis erT erTi personaji vikavi.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]