RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

საველე წერილი ზულეიკა ბენიას - ჩემს აფხაზ მამიდას
ზულეიკა მამიდა!

ჩემი ხმა ალბათ ვერც ახლა მოაღწევს შენამდე. ვწერ ისევ ჩემთვის და იმ ათასი გამწარებული ჩემნაირისათვის, ვინც უაფხაზეთობას კიდევ ვერ შეგუებია და სასოწარკვეთილებისგან დამძიმებულ თავს კვლავ უშედეგოდ უხათქუნებს ბეტონის კედელს. ვწერ, და სინამდვილეში, ისევ იმ ვიღაც ჩემნაირს ვაცოდებ თავს. იმედის ერთი პატარა ნაპერწკალი გამკრავს ხოლმე გულში: იქნებ ჩემმა სიტყვებმა მარცვალ-მარცვალ, თუნდაც ბგერა-ბგერა მაინც მოახერხონ ჩვენს შორის გადაჭიმული დამინული ტრამალის გადალახვა და ჩემი გულრიფშის მზიან ტალღებში მომაკვდავი მარგალიტებივით ჩაიფანტონ გადასარჩენად.

ამას წინათ სამეგრელოში ვიყავი – ჯვარში. იქაურებმა მითხრეს, მანქანით თუ ხართ, უმჯობესია მზის ჩასვლამდე აქედან გააღწიოთ, თორემ დაბინდებისას ყაჩაღებმა შესაძლოა მანქანა წაგართვან, სულ რაღაც წუთებში გადაიყვანონ აფხაზეთში და მერე ეძებე რამდენიც გინდაო. ამის გამგონეს, უპირველეს ყოვლისა საოცრად შემშურდა იმ გონებამახვილი და გამჭრიახი ყაჩაღების, რომელებსაც იმ ძალით მოგონილ საზღვარს იქით, თავისნაირებთან საერთო ენა და ინტერესი გამოუნახავთ. როგორც ჩანს, კრიმინალური სამყარო ჯერ-ჯერობით ის ერთადერთი გარემოა, სადაც აფხაზთა და ქართველთა შორის კონფლიქტი ურთიერთსასარგებლო გარიგებებით გვარდება.
ერთი გაფიქრება, ვიფიქრე, რა მოხდება იმ მანქანიანად მეც გადამათრიონ-მეთქი “საზღვარზე”. სხვა გზით უბრალო მოკვდავი სოხუმში ხომ ვეღარ მოვხვდება. ჩვენმა “შემრიგებელმა” საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზური და არა მარტო აფხაზური, კონფლიქტის მოგვარების ათასი ხერხი იციან. მსოფლიოს ასწავლიან, მათ შორის ჩვენც, და ხომ ხედავ, რა მშიდობა სუფევს მთელ დედამიწაზე საქართველოს გარდა. სამწუხაროა, რომ “ნიჭიერმა” ქართველებმა, კრიმინალების გარდა, ამ ათასი ხერხიდან ვერცერთი ვერ, აფხაზებმა კი _ არცერთი არ ისწავლეს. მთავრობათა დონეზე მოლაპარაკებებმა არ გაამართლა და ახლა “ხალხური დიპლომატია” შემოდის მოდაში. დაიწყო ორივე მხარის ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს შორის სამშვიდობო შეხვედრები. სოხუმში ერთი ასეთი შეხვედრა ნახევარი წლის წინ გაიმართა, თბილისში – სულ ახლახან. მე, სამწუხაროდ, არცერთ ამ შეხვედრას არ დავსწრებივარ იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩემი არც სოხუმელობა და არც ჟურნალისტობა არავის გახსენებია. არა და რა კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვისაც ყოველივე ეს ეხება, რომ პირადად ვიცნობ და თუ გნებავს, ძველი მეგობრობა მაკავშირებს იმათთან, ვისაც დღეს აფხაზი სეპარატისტები ჰქვია და აქედან ჩასულთა უმრავლესობა სათოფეზეც ვერ ეკარება. განა არ იციან, რომ მე, ჩემი ტკივილითა და ძველი ურთიერთობების წყალობით, ბევრად უფრო მეტ ადამიანთან მიმესვლება, ვიდრე სხვას და რომ მე იმ ადამიანებთან სალაპარაკო და გასარკვევი ბევრი მაქვს, გასაყოფი - არაფერი.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე აკი გითხარი, არ ვყოფილვარ-მეთქი. ეს იყო ქართველი და აფხაზი ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალიან წარმომადგენლობითი შეხვედრა-დიალოგი. მთელის გულისყურით ვადევნებდი თვალს ამ ღონისძიებას და მართალი გითხრა, ეჭვი შემეპარა, გამიზნულად ხომ არ აწყობს მეთქი ორივე მხარე ერთმანეთისთვის სრულიად არასაინტერესო, უცხო და ერთმანეთის მიმართ ინდიფერენტულად განწყობილი პიროვნებების შეხვედრას.

როგორც ნებისმიერ, რიგით სამთავრობო შეხვედრზე, აქაც არავინ ამადლიდა ერთმანეთს მოზომილ, დიპლომატიურ ღიმილს, არავინ ისროდა გესლს და ტალახს, ყველაფერი ტრადიციული სტუმართმოყვარეობის ფარგლებში მიმდინარეობდა და
ბოლოს იცი რა თქვეს აფხაზებმა? საქართველოს რომ შევუერთდეთ, უნდა მოგვინდესო, გადააქციეთ საქართველო სასურველ ქვეყნად და ეგებ მოვინდომოთ კიდეც თქვენთან შეერთებაო. ამას ისინი მთელი აფხაზი ხალხის სახელით ლაპარაკობდნენ და შენ წარმოიდგინე, მე მათ გულწრფელობაში ეჭვიც არ შემპარვია. როდის იყო გამარჯვებულს ასამართლებდენ. გამარჯვებულს ხომ ყველაფრის თქმის უფლება აქვს, თანაც აღმატებულ ტონში. საქმე ისაა, რომ პირადად მე, სულ აღარ მჯერა, რომ საქართველო ოდესმე მათ “სასურველ ქვეყნად” გარდაიქმნება. სხვისი რა გითხრა, მე თვითონ, ვერანაირად ვეღარ გარდავიქმნები. გულრიფში მინდა-მეთქი “უზნეო” ბავშვივით დამიჩემებია და როგორც გინდა, ისე მოინდომე ჩემთან გაერთიანება ზულეიკა მამიდა, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად.

მე აფხაზეთში, საკუთარ ნათესავებთან და მეგობრებთან სალაპარაკოდ “ხალხური დიპლომატიის” კურსები არ მჭირდება, არც უცხოელი შუამავალი. არაფერი მესაქმება არც იქაურ და არც აქაურ მთავრობასთან. მე, როგორიც ვარ ისეთს, მინდა შენთან, როგორიც ხარ ისეთთან, ჩემო ზულეიკა მამიდა.

დღეს ქართული და უცხოური ფირმები რეკლამებით, შვეიცარიაში, ფლორიდაში და კანარის კუნძულებზე ნაკვეთების შეძენას გვთავაზობენ. მე, იმ ჩემს კუთვნილ 700 კვადრატულ მეტრიან ეზოს ნანგრავებში მინდა ჩაჯდომა და განა ამისთვის დიპლომატიაა საჭირო? ვის შორის: ჩემსა და შენს შორის? ჩემსა და დიმკა გულიას შორის? ჩემსა და გენა ალამიას შორის? – არა მგონია.

მე ნელი მამიდას მოდუღებული ყავა მენატრება, მამაჩემის და შენი გულისწასვლამდე კისკისი, კოკას და საშკას საფლავი, ჩვენი ბუხარი, ნავი “აჯიკა” – გახსოვს მამამ კოკას რომ აჩუქა - ერთი თვე არ დალიო და შენი იყოსო, ჩვენი ეზოს ჩეჩმა – “ლუქს #13” და იქვე, სხვათაშორის ამოსული პალმა, ბებიაჩემის ზღაპარი მენატრება სოხუმელ ბერძნებზე... ვკვდები, ისე მენატრება, შენ არა? აღრაფერი გაკავშირებს ჩემთან? – არა მგონია.

პაატამ მითხრა ზულეიკა მოსკოვში ვნახე და ასე მითხრა, ძალიანაც მაგრად ვართო, მერე ცერა თითი ასწია და გაიცინა _ აი, ზუსტად ასე მაჩვენაო. მეც მინდა ვნახო ეგ აწეული ცერა თითი, რომლითაც შენ თურმე “ძალიან მაგრად ყოფნას” გამოხატავ. დოდოს მოუწერია მამიდაჩემისთვის, ვბრმავდები და აქ ნუ დამტოვებთო. მჯერა, შენ არ გაგირბის. არასოდეს მიგიტოვებია გასაჭირში და რაღა “მაგრა რომ ხარ” მაშინ გაგიწყრება ღმერთი. დარწმუნებული ვარ, არ მიატოვებ. ამას რომ გეუბნები, თვალებში გიყურებ და ეჭვი არ მეპარება შენს სიმტკიცეში, თორემ, დაძაბუნებულ, არარაობად ქცეულ ქართველ დედაბერს, რომელიც მეთერთმეტე წელია ლანდივით დაფარფატებს სახლსა და ეკლესიას შორის და “გაგებაში არ არის, გარშემო რა ხდება”, ვინ არ გამოგვატანს.

თუ ხვდები მაინხც, რა ექაჩება დაბადებით სოხუმელ დოდოს, აქეთ? იგივე ხომ არა, რაც მე, დაბადებით თბილისელს - იქით? მეც ჩემი ცოცხალი სისხლისა და ხორცის მონატრება მტანჯავს, მე ჩემს გულრიფში მინდა - ჩემი სიცოცხლის საუკეთესო ზმანებების ნავსაყუდელში, მე ჩემი და შენი ბებიების ზღაპარში მინდა დაბრუნება, გიკვირს? არა მგონია. მაშინ, დაიყივლე ერთი და გადმოვეშვები შენსკენ, თუნდაც სიცოცხლის ფასად. და-მი-ძა-ხე!!!

მანანა დუმბაძე
2003

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-31)
ნანახია: 779 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 cnobismokvare  
0 Spam
megona tkivili miyuchda . . . turme sada xar? tavidan gamexsna iara, mtkiva . . .

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]