RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

საქართველოს ამბავი თაგორის ენაზე
25 დეკემბერის დილას კარებზე ზარმა დარეკა. არ მიყვარს, როცა შობასა თუ ახალ წლს მეკვლედ უცნობი შემოდის ხოლმე სახლში და ამიტომ კარი ფეხის თრევით გავაღე. ჩემდა გასაოცრად, კარებთან არავინ იყო, ზღურბლთან ერთი რაღაც დაკუჭული და გარეკანშემოფლრთილი ამანათი ეგდო. გამომგზავნის მისამართი ძლივს ამოვიკითხე _ კალკუტა, ჟურნალი "ბრომონი". რედაქტორი ამარენდრა ჩაკრავორტი. 

 დაახლოებით წლინახევრის წინ ქართული მედია საკმაოდ ფართოდ აშუქებდა საქართველოსა და მის კულტურაზე შეყვარებული, გამოჩენილი ბენგალელი მწერლისა და ჟურნალისტის ამარენდრა ჩაკრავორტის სტუმრობას ჩვენს ქვეყანაში. ჩაკრავორტი Mგაზეთების მსოფლიო ასოციაციის წევრი ჟურნალისტია და მე იგი რიო დე ჟანეიროში, რედაქტორთა მსოფლიო ფორუმზე გავიცანი. საქართველოში იგი ოფიციალური სტუმრის სტატუსით არ ჩამოსულა, მე და "დილის გაზეთი” ვიყავით ამ "თავზეხელაღებული” მოგზაურის პირადი მასპინძლები. ჩვენ და ჩაკრავორტიმ ქართული ოქროსფერი შემოდგომის ოც დღეში, თითქმის მთელი ამერ-იმერი გადავსერეთ. ცნონილ ქართველ ხელოვანებს, მივიწყებულ სოფლებში მოფუსფუსე უბრალო და მხიარულ მშრომელებს ვხვდებოდით. გზად, შემთხვევით შემხვედრ კეთილ ადამიანებს ვუმეგობრდებოდით, მათი სტუმართმოყვარეობით "ვსარგებლობდით” და მთელი ამ ხნის განბავლობაში არც ჩვენ და არც ჩვენს უცხოელ სტუმარს გაგვხსენებია, რომ ახლა სხვა დროა, ამდენ ხეტიალში შეიძლება ათას ხიფათს და უბედურებას გადავეყროდით. 

ამარენდრა ჩაკრავორტიმ საქართველოდან ორმოცზე მეტი ფოტოფირი და შთაბეჭდილებებით სავსე რამდენიმე დღიური წაიღო. მთელი წელი ბეჭდავდა იგი თავის "საქართველოში მოგზაურობას” ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ბენგალურ-ინგლისურენოვან სამოგზაურო ჟურნალ "ბრომონის” ფურცლებზე. 

დღეს, შობა-დღის პირველ დილას, ყველა ეს პუბლიკაცია ერთ კრებულად აკინძული, დაფლეთილ ძონძებში გამოხვეული უპატრონო ბალღივით ვიღაცას ჩემი ბინის კართან მიეგდო.

სათუთად შევხსენი ნაფლეთები და ბოლო ფურცლის თვალიერებასაც რომ მოვრჩი _"ვიშ, ეს რამდენი უწერია მეთქი” – უნებლიედ წამომცდა. არ გეგონოთ, უმადური ვიყო. ხელში ორმოცდაათზე მეტი დასურათებული გვერდი მეჭირა და შიგ რა ეწერა, სტრიქონსაც ვერ ვკითხულობდი. ეს იყო "ბრომონის” ბენგალურენოვანი გამოშვებები, ინგლისურენოვანი ჯერ არ გამოსულა.

 ზურიკელას ატესტატივით გულში ჩავიკარი "ბრომონის” პრიალა ფურცლებიდან ამაყად მომზირალი თამარ მეფე, დავით გურამიშვილი, გელათი, ბაგრატი, ჯვარი, იყალთო, ძველი თბილისი, მცხეთა, მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ახალციხელი გოგო-ბიჭები, სოფლის შარაზე მოსეირნე ფეხშიშველა ბავშვები, წყალწმინდის თევზის ბაზრობაზე მწყრებით მოვაჭრე წითური ქალები, გარმონზე მომღერალი თუში, თეთრი და შავი არაგვი, კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები, გურიის ნისლიანი ხეობები, შროშოს მექოთნეები, ქეთევან წამებული, გალაღებული სტუდენტები, საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია II, ახალგაზრდა მხარტვარი გოგონა ძველ გალერეაში, ნოდარ დუმბაძე, თავად ამარენდარა ჩაკრავორტი დინოზავრის ნაკვალევთან და ქართული შემოდგომის რამდენიმე პეიზაჟი, რომელთა მდებარეობაც, ბენგალური წერა-კითხვის უცოდინარიბის გამო ვერ გამოვიცანი. 

 ახლა კი თავს იმით გავიმხნევებ, რომ უკვე დღეს, საქართველოს კულტურისა და თანამედროვე ყოფის შესახებ ნამდვილ ამბავს თაგორის სამშობლოში წაიკითხავენ. ხვალ ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედება, ჩაკრავორტის მაგალითს სხვა მრავალი ღირსეული პიროვნებაც მიბაძავს და მერე ნახეთ, რამდენი ნამდვილი მეგობარი გაუჩნდება საქართველოს. აღარც მსოფლიო ბანკის კრედიტები დაგვჭირდება და აღარც სავალუტო ფონდის მომადლებული სესხები. თქვენ წარმოიდგინეთ, ვეღარც კორუფციით გონებადაბინდული და მომხვეჭელობით ღირსებადაკარგული ქართველები დაგვაკლებენ ვერაფერს. გონიერსა და წესიერ კაცს რა დალევს დედამიწის ზურგზე. 

მანანა დუმბაძე
2002

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-02-09)
ნანახია: 1920 | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]