RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ოთარ ჭილაძის “ჰაიავათას სიმღერა”

ამერიკული პოეტური შედევრი "ჰაიავათას სიმღერა” საქართველოში პირველად 1938 წელს გამოიცა. ავტორი ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოუ პოემას ინდიელთა ედა-ს ეძახდა. იგი ახალგაზრდობიდან სწავლობდა ჩრდილოეთი ამერიკის ინდიელთა კულტურას, ყოფას, შემოქმედებას, მაგრამ ის, რაც "ჰაიავათას სიმღერაში” დაიბადა ყველაზე სიღმისეული კვლევის და ცხოველი ინტერესის ფარგლებშიც ვერ შეიქმნებოდა, თუ არა ის "რაღაც” უხილავი მუხტი და ენერგია, რომელმაც ამ უმშვენიერეს მხატვრულ ტილოს ზედ გადაუარა. აქ ყველა სიტყვა მოძრაობს, მოსჩანს, ისმის, თავისი საკუთარი სურნელი ასდის. აქ ცოცხალ ინდიელებს წყალუხვი, ხმაური მდინარეების და უღრანი ტყეების პირას გაუშლიათ თავიანთი ვიგვამები და ჩვეულებრივ ცხოვრობენ პოეტურ სტრიქონსა და სტრიქონს შორის. 

 "მისი შემოქმედების საგანი ბურუსით მოსილი, ზეისტორიული და ლეგენდარული წარსული გახლდათ, რომელიც ამერიკული და ინგლისური ტრადიციების გასაყარზე გამოკრთოდა”. 1 _ ამბობს ლონგფელოუს მისამართით ამერიკული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი, პროფესორი ქეთრინ ვან სფენქერენი. ამიტომაც ინდიელთა ედას დასაწერად ლონგფელოუმ ამერიკული ლექსის სპეციალური საზომი შექმნა. მარტივ ხალხურ ამბავს მარტივი ხალხური რიტმიკა მიუსადაგა, წითელკანიან ტომთა ლეგენდები ერთ ციკლად შეკრა და მთავარ გმირს სახელად "ჰაიავათა” დაარქვა. იოლი, წყალივით მორაკრაკე პოეტური სტრიქონები ძალდაუტანებლად აღიბეჭდებოდა ნებისმიერი ამერიკელის ცნობიერებაში და ისე ერწყმოდა მის რთულ სულიერ სამყაროს, როგორც ამერიკის დაუდგრომელი ბუნება, ცა, მიწა, მთები და თვალუწვდენელი მდინარეები.

პოემა გაჯერებულია ველური ფერებთ, ბგერებითა და სურნელებით. უნივერსალურია იგი იდეური თვალსაზრისითაც. მასში მხატვრულად არის გადმოცემული კაცობრიობის ისტორია. იგი ადამიანის მაღალ ზნეობრივ თვისებეს: კაცთმოყვარეობას, სიკეთესა და მეგობრობას უმღერის. სწორედ ამ ნაწარმოებში გვევლინება ლონგფელოუ ჭეშმარიტ ჰუმანისტად და დემოკრატად, ამერიკული მწერლობის მოწინავე მიმართულების წინამორბედად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოემა დაწერილია ამერიკული ლექსისთვის არატრადიციული, სრულიად ახალი პოეტური საზომით (რვამარცვლიანი, ოთხტერფიანი ქორეი). ამ პოეტურ საზომს ლონგფელოუ "ძველი ფინეთის” პოეტებს დაესესხა და საკუთარ ღადარში გაატარა. შედეგად მიიღო მარტივი, თანაბარი ლექსწყობა, რომელმაც ფონეტიკური ოპერაციებისთვის ისეთი ფართო გასაქანი მისცა, რომ "პოლიფონიურობის” თვალსაზრისით ამერიკის ბუნების მრავალფეროვნებასა და მრავალხმიანობასაც გადააჭარბა.
იმისათვის, რომ მკითხველმა ნაწილობრივ მაინც იგრძნოს ის, რაც მთარგმნელმა განიცადა დედნის ზემოქმედებით, საჭიროა, ეს თარგმანი მთარგმნელის პოეტური მრწამსის, აღმაფრენისა და შესაძლებლობების კანონზომიერ ნაყოფს წარმოადგენდეს. ამგვარი განცხადება ერთობ პრეტენზიულად შეიძლება მოგვჩვენებოდა, ზემოთქმულის ნიმუშად, "ჰაიავათას სიმღერის” ოთარ ჭილაძისეული ქართული თარგმანი რომ არ მოგვეპოვებოდეს.

საქმე ისაა, რომ თარგმანი უშუალოდ დედნიდან არ არის შესრულებული. მას საფუძვლად ირაკლი კენჭოშვილის ბწკარედი უდევს. პირველად იგი გამომცემლობა ”ნაკადულიმა” გამოსცა 1974 წელს, და შემდეგ, 1984 წელს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ” ოთარ ჭილაძის ნაწარმოებთა სამტომეულშიც შეიტანა. 

"პროფესიონალი მთარგმნელისგან განსხვავებით, პოეტის მიერ თარგმნილი ნაწარმოები უფრო მას ეკუთვნის, ვიდრე კანონიერ ავტორს. მე მგონი, სწორედ პოეტის თარგმანებს გულისხმობენ ის კრიტიკოსებიცა და ლიტერატორებიც, რომლებიც დასაშვებად თვლიან სათარგმნელი ტექსტისადმი თავისუფალ მიდგომას, სხვა მხრივ, ჩემი ღრმა რწმენით, სათარგმნელი ტექსტის ნებისმიერი ადაპტაცია ბოროტმოქმედებაა და სხვა არაფერი. მთარგმნელს ასლი გადმოაქვს, პოეტი კი ქმნის. ხოლო შექმნა, თავისთავად უკვე თავისუფლებასაც გულისხმობს. ღმერთმა იცის, რომელი უფრო ძნელია. ერთი კია _ რაც მთარგმნელისთვის მიუტევებელია, პოეტისთვის შეიძლება აუცილებელიც იყოს, როგორც თვითგამომჟღავნების კიდევ ერთი გზა თუ საშუალება” .

აქედან გამომდინარე, ოთარ ჭილაძის თარგმანის კვლევა-ანალიზი განსაკუთრებით საიტერესო გვეჩვენება, ვინაიდან პოეტის მიერ სათარგმნი მასალის ჯერ ამორჩევის, და შემდეგ, მისი გადმოქართულების შესწავლის პროცესში გარკვეული შთაბეჭდილება გვექმნება თავად პოეტის გემოვნების, მისი სულიერი და ინტელექტუალუტი პოტენციალის, ნიჭიერების და, თუ გნებავთ, მსოფლიურობის ხარისხზე. 

ლონგფელოუს ჰაიავათა, არა მარტო სახეა ინდიელისა, არამედ იგი ანტიკური სამყაროს გმირთა და ღმერთების სახეცაა (ორფეოსი, ჰერკულესი, პრომეთე, დიონისე), და ამავე დროს, ევროპული ხალხური ეპოსის გმირების (ზიგფრიდი, ბეოვულფი) და ფინური "კალევალას” გმირების სახეც. ანტიკურ მითოლოგიასა და შუასაუკუნეების ევროპულ ეპოსს ჰარვარდელი პროფესორი ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოუ დაესესხა ალეგორიებს, სიტუაციებს, მეტამორფოზებსა და ბატალური სცენების აღწერის მანერას. ინდიელთა ენას _ მეტაფორულობას, ჰიპერბოლიზმს, შედარებათა განუსაზღველ სიუხვს, პათეტუკურ ტონალობასა და აფორიზმებს. ასეთი ეგზოტიკური ნაზავი, ბუნებრივია, მკითხველს სულიერ, ესტეტურსა და ფიზიკურ გრძნობებს ერთდროულად აუშლის. უცხო ენაზე თარგმნის დროს დედნის ასეთი სრულყოფილება მიღწეული თუ არ არის, მისდამი სწრაფვის მცდედობა მაინც უნდა იგრძნობოდეს. ზოგჯერ ესეც საკმარისია, მითუმეტეს, თუ მცდელობა თარგმნის ტექნიკის უზადო ცოდნითა და მაღალი პროფესიონალიზმით არის გაჯერებული.

"ჰიავათას სიმღერის” კლასიკურ რუსულ თარგმანად აღიარებულია ილია ბუნინის მიერ შესრულებული "Пეснь о Гайавате”. შემთხვევით არ ვამახვილებთ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ პოემის "კლასიკური თარგმანი” ეკუთვნის რუსული ლიტერატურის კლასიკოსს, დიდ ოსტატს და არა იმ მრავალ მთარგმნელესა თუ შემოქმედს, რომელთაც ლონგფელოუს შემოქმედებაზე და, კერძოდ, "ჰაიავათას სიმღერაზე” უმუშავია. 

შეიძლება თუ არა ოთარ ჭილაძის ქართულ თარგმანსაც კლასიკური ვუწოდოთ?
ვიდრე ამას გავარკვევდეთ, საილუსტრაციოდ შემოგთავაზობთ ერთსა და იმავე ნაწყვეტს ჯერ "ჰაიავათას სიმღერის” დედნიდან და შემდეგ, მისი რუსული და ქართული თარგმანებიდან (მთარგმნელები: ილია ბუნინი და ოთარ ჭილაძე):

 "Give me of your bark, O Birch-tree!

Of your yellow bark, O Birch –tree!

Growing by the rustling river,

Tall and stately in the valley!

I a light canoe will build me,

Build a swift cheemaun for sailing,

That shall float upon the river,

Like a yellow leaf in autumn,

Like a yellow water lily!”

"Дай коры мне о, Береза! 
Желтой дай коры, Береза!
Ты,что высишся в долине
Строирым станом над потоком!
Я свяжу себе пирогу,
Легкий челн себе построю,
Словно желтый лист осенний
Словно желтая кувшинка!”

ბუნინის თარგმანი, როგორც ვხედავთ, ზედმიწევნით ასახავს დედნის ფორმალურ-სტილურ და შინაარსობრივ ასპექტებს. თარგმანში გამოყენებული პოეტური ხერხები იმდენად ოსტატურად არის დედანზე მორგებული, რომ პოემა თავისუფლად თავსდება ინგლისურისგან სრულიად განსხვავებულ, მისთვის არამონათესავე ენის სტრუქტურულ ყალიბში და დასრულებულ, დახვეწილ პოეტურ ქსოვილს ქმნის. მიუხედავად ამისა, ბუნინის ეს თარგმანი, წმინდა რუსული პოეზიის ნიმუში მაინც არ არის. თავად ავტორმა "ჰაიავათას” ინდიელთა ედა უწოდა და ბუნინისეული თარგმანიც ზუსტად ამ ნიშნით აღიარა მრავალმილიონიანმა რუსმა და საბჭოთა მკითხველმა. აქვე აღვნიშნავთ, რომ თარგმანში ზედმიწევნითაა დაცული დედნის ყველა კომპონენტი: რითმი, რიტმი, პოეტური ზომა, იგი თავისუფალია კუპიურებისგან და კომპენსაციის მეთოდის ბოროტად გამოყენებისაგან, რაც თარგმანის კრიტიკოსს ნოყიერ ნიადაგს უქმნის იმისთვის, რომ თარგმანს "კლასიკური” უწოდოს.
ახლა ვნახოთ იგივე პასაჟის ოთარ ჭილაძისეული თარგმანიდანაც:

"ო, არყის ხეო, ლამაზო ხეო
ხეო ნათელო და ტანწერწეტავ,
მომეცი შენი მსუბუქი ქერქი
შენი მსუბუქი და ნაზი ქერქი,
მე შენი ქერქით ნავს ავაშენებ,
ნავს ავიშენებ და მდინარეზე
დუმფარასავით გავცურავ ლაღად.”4

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თარგმანი შესრულებულია ბწკარედის მიხედვით და დავამატებთ იმასაც, რომ პოეტურ საზომად ოთარ ჭილაძეს არა ოთხტერფიანი ქორეი, არამედ ათმარცვლიანი ლექსი აქვს არჩეული, მაშინ, რა თქმა უნდა კითხვაზე _ "არის თუ არა ოთარ ჭილაძის თარგმანი კლასიკური?” _ ვუპასუხებთ, რომ _ არა! მაგრამ თუ თარგმანს იმ კუთხით შევხედავთ, როგორც ამას პოეტი ოთარ ჭილაძე უყურებს და იმასაც ვიკითხავთ, მაინც რა არის პოეტური თარგმანი, მაშინ ისეთი სწრაფი უარყოფითი პასუხი, როგორიც ზემოთ მოგახსენეთ, უსაფუძვლო და საკამათოა. ჩვენი აზრით, რაც უფრო ნიჭიერადაა შესრულებული (და არა პროფესიულად) გენიალური ნაწარმოების თარგმანი, მით უფრო არასასურველია მკვლევარისათვის მთელ რიგ, თუნდაც უხეშ დარღვევებზე საუბარი.

ოთარ ჭილაძემ, მწერალმა, რომელსაც არც ერთი თავისი წიგნისთვის წინასიტყვაობა არ დაურთავს, თავისი ლექსებისა და პოემების კრებულს "გახსოვდეს სიცოცხლე”, რატომღაც დაურთო "წინასიტყვაობის მაგიერ”. ეს ალბათ, სწორედ იმის განსამარტავად, რომ პოეტის მიერ თარგმნილი ნაწარმოები უფრო მას ეკუთვნის, ვიდრე კანონიერ ავტორს. სავსებით დავეთანხმებოდით პოეტის მოსაზრებას, საპირისპირო მაგალითებიც ბლომად რომ არ მოიპოვებოდეს მსოფლიო მთარგმნელობით ისტორიაში. შორს რომ არ წავიდეთ, ამის დასტურად ბუნინის მაგალითიც კმარა. 
ოთარ ჭილაძემ, ლონგფელოუს პოემა სტილურ-სტრუქტურული თვალსაზრისით მთლიანად დაუმორჩილა საკუთარ ხელწერას, ჩათვალა რა იგი დედნის მხატვრული ეფექტის ქართულად გამოხატვის ერთადერთ ოპტიმალურ საშუალებად. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ეს თარგმანი აღწევს კიდეც დასახულ მიზანს. იგი ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ ეზიაროს ქართული პოეზიის სასწაულმოქმედ ძალას, გაისიგრძეგანოს მისი უსაზღვრო პოტენციალი და, ამასთან ერთად, უცხო ტომის განსხვავებული აზროვნებისა და სულიერების ნაყოფი, საკუთარ, სისხლხორცეულ ფენომენად მიიღოს.

"ზევით ელავდა ნათელი ზეცა,
წინ კი მდუმარე გზა ცახცახებდა
და ტბის გულიდან ამოხტა თართი,
მზეზე გაბრწყინდა და გაიბრძოლა.
ტყე კი ამაყად იდგა ნაპირზე
და ტბის თვალებში ირეკლებოდა,
და ყველა ტოტის და ფოთლის ჩრდილი
წყლის უძრავ ფსკერზე გარკვევით ჩანდა”5

პოეტური თარგმანი ისევე, როგორც პოეტური ჰმნილება, პოეტურ ხატთა პატარ-პატარა შედევრების შექმნისათვისაა მოწოდებული და თუ ასეთი პატარ-პატარა შედევრები შეუიარაღებელი თვალითაც იოლად მოსჩანს, როგორც, მაგალითად, ზემოთ მოყვანილ ციტატაში _ "ტყე კი ამაყად იდგა ნაპირზე და ტბის თვალებში ირეკლებოდა” _ უნდა ვაღიაროთ, რომ თარგმანმა თავისი მისია შეასრულა, თუნდაც, ასლი ზედგამოჭრილი არ იყოს დედანისა და თარგმანში კომპენსაციის წესით იყოს შემოტანილი.
"უბრალო რითმა ზედმიწევნით მიესადაგა უბრალო ამბავს, ადვილი ლექსი უნებლიედ, სიმღერასავით იღვრებოდა მის მეხსიერებაში, ვინც პოემას კითხულობდა; ბუნების აღწერას აღფრთოვანებაში მოჰყავდა ყველა, ვინაც თვალი აახილა და ფეხი აიდგა ჩვენს, ამერიკულ ტყეებსა და მინდვრებში.”6

რარიგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიტყვაკაზმულობითა და არისტოკრატიზმით გამორჩეულ "ბრაჰმანელ პოეტთა სკოლის” ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოუს შემოქმედების მარგალიტის "ჰაიავათას სიმღერის” პოეტური რითმის გენიალობა სწორედ მის უბრალოებაშია. ეს ბევრ მის მთარგმნელს აცდუნებს ხოლმე და ლექსწყობის უკიდურესი გამარტივების გზაზე აყენებს. ლონფელოსეული უბრალოება იმ სისადავეს გულისხმობს, რომელი "სისადავითაც” არის დაწერილი "ვეფხისტყაოსანი”, "ილიადა”, "გიტანჯალი”... უთუოდ ამ სისადავეზე გვესაუბრება "ჰაიავათას” მკვლევარი, თორემ პოეტი ლინგვისტი და ჰარვარდის დამსახურებული პროფესორი "ჰაიავათას სიმღერის” დასაწერად ბერძნულ მითებში, ანტიკურ ჰეროიკულ პოეტიკაში და მსოფლიო კულტურის უძველეს საგანძურში არ დაიწყებდა ალუზიების ძიებას.

ოთარ ჭილაძის თარგმანი ამ მხრივაც იპყრობს მკვლევარის ყურადღებას. ქართული პოემის უბრალო, ჩამოქნილი, ზედმეტი აქსესუარებისგან დაწურული პოეტური სტიქონი მაღალმხატვრულობითა და იმ ზომიერებით, რომლის საშუალებასაც დედანი იძლევა, იოლი აღსაქმელია ქართველი მკითხველისათვის. იგი მხატვრული ტილოს მთლიანობაში დანახვის საშუალებას იძლევა, კულტურათა სხვაობის ზღუდეს ფაქიზად უვლის გვერდს და ძალდაუტანებდად ერწყმის ტრადიციულ ქართულ პოეტურ სივრცეს. და ყოველივე ამის მიუხედავად, ჭილაძის თარგმანის კითხვისას, ერთი წუთითაც არ გავიწყდება, რომ ეს მშვენიერი ამბავი ქართული არ არის, თუმცა, ღირსეული და შესატყვისი ქართულით არის ნათარგმანები. 

" მე თუ მკითხავენ, საიდან მოდის
ეს ლეგენდები და სიმღერები,
გაჟღენთილები ტყეთა სურნელით
და მდინარეთა სინოტივეთი,
წყნარი სოფლების ცახცახა კვამლით
და ჩანჩქერების აურზაურით _
მე ვუპასუხებ, რომ ტყეებიდან,
პრერიებიდან და მინდვრებიდან,
ოჯიბუხების თბილი მიწიდან
და ჩრდილოეთის დიდი ტბებიდან,
ჭაობებიდან და ტუნდრებიდან,
იქ სადაც ყანჩა და ყანჩის ჩრდილი
გარინდებული დგას ლერწმებს შორის,
მე ამ სიმღერებს ისევე ვმღერი,
ვით ნავადაჰა მღეროდა ადრე.”7

"რაც მთარგმნელისთვის მიუტევებელია, ის პოეტისათვის შეიძლება აუცილებელი იყოს, როგორც თვითგამომჟღავნების ერთი გზა თუ საშუალება. აქედან გამომდინარე, არც თარგმანების შეფასებისას მოველი რამეს” – წერს ოთარ ჭილაძე თავისი კრებულის წინასიტყვაობაში და თითქოს ხელს იბანს ყოველივე მიუტევებელისაგან, რაც მთარგმნელობითი თეორიის თვალსაზრისით მის თარგმანს შეიძლება მიეწეროს. აკი თავიდანვე განაცხადა, რომ პოეტის მიერ თარგმნილი ქმნილება მისი საკუთრებააო. ასე რომ არ იყოს, "ჰაიავათას სიმღერას” არ აიჩევდა იგი სათარგმნად. თარგმნის სურვილიც, უთუოდ, იმიტომ აღეძრა, რომ სისხლით და ხორცით მონათესავე აღმოჩნდა მისთვის ამერიკელი პოეტის ეს ქმნილება. დასტურად შეგვიძლია პატარა ნაწყვეტი მოვიხმოთ ოთარ ჭილაძის რომელიმე ლექსიდან, თუნდაც:

"მდინარის პირას, პატარა ტყეში
ხეს უხმაუროდ მოწყდა ფოთოლი.
ფოთოლი მოწყდა ხეს უხმაუროდ
მდინარის პირას, პატარა ტყეში.”8

ახლა გავიხსენოთ "თიხის სამი ფირფიტა (გილგამეშის მოტივები) ლეგენდა პროზად და ლეგენდა ლექსადად. პროზად დაწერილი ლექსი: "მე და ენკიდუმ შლეგი ხუმბაბა ავჩეხეთ ჩვენი მძიმე ცულებით და დავამშვიდეთ მონადირენი, შეძრწუნებულნი ხუმბაბას შიშით”. ეს სტროფი რომ ავიღოთ და ჭილაძისეული თარგმანის რომელიმე თავში, თუნდაც, "ჰაიავათას მეგობრებში” ჩავსვათ, მოუმზადებელი მკითხველი ვერც კი მიხვდება, რომ იგი იქ არ ზის, სადაც უნდა იჯდეს, და მეტიც, საერთოდ რომ არ მიეკუთვნება ამ პოემას. ოთარ ჭილაძემ "ჰაიავათას”, უნდა ითქვას, რომ ზედმიწევნით დახვეწილი მწკარედიდან, თავისი საკუთარი ბალადა, საკუთარი პირმშო შექმნა, ანუ საკუთარი პრინციპი დაიცვა ბოლომდე.

რადგან მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელოვანის ფანტაზიის უსაზღვრო თავისუფლებასთან და ოსტატობის ასევე უსაზღვრო ამპლიტუდასთან, ჭილაძისეული თარგმანი არა თუ კლასიკურად, არამედ გადასასინჯადაც შეიძლება ჩაითვალოს. თანაც, კვლევამ იმ დასკვნამდეც მიგვიყვანა, რომ ეს თარგმანი თურმე თარგმანი კი არა, ორიგინალური პოეტური ქმნილება ყოფილა. მაგრამ აქვე დავსძენთ, რომ დედნის იდეურ-მსოფლმხედველობითი პლანი თარგმანში ზედმიწევნითაა დაცული, ზემოთქმული მხოლოდ მის სტილურ ქსოვილს ეხება. 

დასკვნის მაგიერ:

თუ "ჰიავათას სიმღერას” კიდევ უწერია ქართულად თარგმნა, და მომავალი მთარგმნელი ინგლისური ენის ცოდნის, ასევე, მთარგმნელობითი თეორიისა და პრაქტიკის ყველა საჭირო ინსტრუმენტის ოსტატურად გამოყენების უნარის გარდა მაღალი პოეტური ნიჭითაც იქნება დაჯილდოებული, მაშინ შეიძლება ნამდვილად მივიღოთ ოთარ ჭილაძის თარგმანის დონის არა ორიგინალური ქართული ქმნილება, არამედ ლონგფელოუს "ინდიელების ედას” კლასიკური ქართული ორეული. ასეთი მაგალითები ქართულ მთარგმნელობით ისტორიაში მრავლად არა, მაგრამ თითო-ოროლა მაინც მოგვეპოვება.

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-14)
ნანახია: 2388 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]