RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ნოდარ დუმბაძე და ამერიკა
1977 წელს ამერიკელი მწერლები საბჭოთა კავშირში ჩამოვიდნენ საბჭოთა მწერლებთან შესახვედრად და დიალოგის გასამართად თემაზე “თანამედროვე რომანი და მწერლის როლი დღევანდელ სამყაროში”. 1978 წლის 24 აპრილს საბჭოთა კავშირის მწერლები საპასუხო ვიზიტით ეწვივნენ ამერიკელ მწერლებს დაწყებული დიალოგის გასაგრძელებლად. შეხვედრას ამერიკელთა მხრიდან მასპინძლობდნენ: ჯონ აპდაიკი, კურტ ვონეგუტი, ვერა დანჰემი, არტურ მილერი, ედუარდ ოლბი, ჯოის ქეროლ ოუტსი, უილიამ ჯეი სმითი, ჰარისონ სალსბერი, უილიამ სტაირონი, ელიზაბეთ ჰარდუიქი და ლეო გრულიო. ხოლო სტუმრები იყვნენ: გრიგორი ბაკლანოვი, სერგეი ზალიგინი, იასენ ზასურსკი, იზაბელა ზორინა, ვალენტინ კატაევი, ალექსანდრე კოსორუკოვი, ფელიქს კუზნეცოვი, ფრიდა ლურიე, მიკოლას სლუცკისი, ნიკოლოზ ფედორენკო და ნოდარ დუმბაძე.
ნოდარ დუმბაძემ ამერიკაში 24 დღე იმოგზაურა და თავისი ამერიკული შთაბეჭდილებები მოთხრობაში “ოდისევსის დაბრუნება” აღწერა.
ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში უკვე გამოცემული იყო (1968წელს) ნოდარ დუმბაძის რომანი “მზიანი ღამე” (გამომცემლობა“washington Square Press ,INC . New York. წიგნი ერთდროულად გამოიცა აშშ-სა და კანადაში), რომელიც ინგლისურად თარგმნა ცნობილმა ქართველმა ემიგრანტმა და ქართული კულტურის მოამაგემ გიორგი ნაკაშიძემ. წიგნის რედაქტორია პატრიცია მინდლინი, ხოლო წინასიტყვაობა ეკუთვნის ამერიკაში ერთ-ერთ სახელმოხვეჭილ კრიტიკოსს, მთარგმნელსა და მწერალს, რობერტ პეინს. “მზიანი ღამე” ამერიკასა და კანადაში დაიბეჭდა “არალეგალურად”, ანუ არც მთარგმნელს და არც გამომცემლობას საბჭოთა კავშირის მთავრობისათვის და არც წიგნის ავტორისთვის რომანის თარგმნის უფლება არ უთხოვია, თუმცა აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად ყველა დანარჩენი წესი და კანონი ზედმიწევნით დაიცვა _ საავტორო უფლება გამომცემლობა Washington Square Press - ს მიანიჭა.
რომანისადმი ასეთმა “მიკერძოებულმა” დამოკიდებულებამ თავისი დადებითი ნაყოფი გამოიღო: ის, რის თქმასაც ნოდარ დუმბაძეზე და მისი ნაწარმოებების კრიტიკოსები ღიად ვერ ბედავდნენ ან თუ ბედავდნენ, სტრიქონებს შორის, ამერიკელმა კრიტიკოსმა ყველასგან მოურიდებლად ჩამოარაკრაკა. აქ გაანალიზებულია სტალინური რეჟიმისადმი ავტორის დამოკიდებულებაც, ნოდარ დუმბაძის რომანში ამერიკელის თვალით დანახული საბჭოთა უნივერსიტეტიც, საბჭოთა ახალგაზრდობა და მთლიანად საბჭოური ყოფა. პეინის სიტყვებით “მზიანი ღამე” არის “დღევანდელ საბჭოთა კავშირში საკუთარი მეს მაძიებელი ახალგაზრდობის ცხოვრების ამსახველი სრული და გონებიდან წარუშლელი სურათი”1
“დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დემოკრატიზმმა, რომელიც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის არსებობს – წერს ნოდარ დუმბაძე ამერიკაში მოგზაურომისადმი მიძღვნილ თავის ნაწარმოებში “ოდისევსის დაბრუნება” 1978 წელს, ანუ “მზიანი ღამის“ ამერიკაში გამოცემიდან ათი წლის შემდეგ. “აუდიტორიის მიღმა ყველანი თანასწორნი არიან, არავითარი დაძაბულობა, მხოლოდ უშუალობა, რაც რა თქმა უნდა, ზრდილობისა და ეთიკის დარღვევის ხარჯზე არ ხდება. პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები ერთად თამაშობენ სპორტულ თამაშობებს, ერთად ცეკვავენ და მღერიან საღამოს სტუდენთთა კლუბში და, სხვათა შორის, ყველა თავისებურად, საკუთარი გემოვნების მიხედვით იმოსება, ერთნაირად ჩაცმულ სტუდენტსა და პროფესორს ვერ ნახავთ”2
ნოდარ დუმბაძის წუხილი სტერეოტიპზე (გონებრივ და ფიზიკურ) და იმ უსაზღვრო გავლენაზე, რომელსაც “სტერეოტიპი” ახალგაზრდას სულიერ განვითარებაზე ახდენს, ზედმიწევნით ზუსტად აქვს დაჭერილი რობერტ პეინს და ამ კონცეფციას თავის წინასიტყვაობაში ერთი საკმაოდ მოზრდილ პასაჟსაც უძღვნის, ცდილობს რა ბოლომდე გახსნას ნოდარ დუმბაძის საერთო დამოკიდებულება საბჭოთა განანათლების სისტემის და კერძოდ, უნივერსიტეტის მიმართ.
მაგრამ ვიდრე ამ საკითხს ჩავუღრმავდებოდეთ, მინდა მკითხველის ყურადღება “მზიანი ღამის” ამერიკული გამოცემის წინასიტყვაობის შესავალ ნაწილზე გავამახვილო. რობერტ პეინი, როგორც ყველა პროფესიონალი მკვლევარი, “მზიანი ღამის ანალიზს” მისი მასაზრდოვებელი ფესვებიდან იწყებს და ამიტომ, ქართულ რომანს სრულიად საკაცობრიო ლიტერატურული საგანძურის ფონზე განიხილავს. რომანის განვითარების კონტექსტში ნოდარ დუმბაძეს პეინი მეცხრამეტე საუკუნის რომანისტიკის მიმდევრად და ლევ ტოლსტოისა და დოსტოევსკის ტრადიციების მემკვიდრედ მიიჩნევს, თუმცა იქვე დასძენს, რომ დუმბაძემ ტრადიციები ახალი განწყობილებებითა და თანამედროვე ხედვით გაჯერა.
წინასიტყვაობის შესავალი ნაწილი თითქმის მთლიანად მიძღვნილია მეცხრამეტე საუკუნეში კლასიკურ რომანში მომხდარი სახეცვლილებებისადმი და ამ პერიოდის ნოვატორ შემოქმედთა მიერ დანერგილი კონცეფციებისადმი. აღნიშნულია, რომ მეცხრამეტე სუკუნის რომანში ნიშანდობლივი გახდა ადამიანის “ცხოველური” (ყველა განზომილებით) ფენომენისგან დაშორება და მისი სულის გახსნის მცდელობა, სულის წიაღში მოგზაურობა და მისი ბუნებისა და სივრცის კვლევა.
რობერტ პეინის თქმით, ამ დროს ევროპის ყველა ენაზე ახალი ლიტერატურა იბადებოდა _ ადამიანის სული მაძიებელი ლიტერატურაო _ და სწორედ ამ კონტექსტში მოიხსენიებს იგი პირველად “ერთ პატარა” და ძალზე “შორეულ” საქართველოს, რომელმაც ცარიზმის უღელქვეშ საკუთარი ენის და დამოუკიდებლობისადმი დაუცხრომელი სწრაფვის შენარჩუნება შეძლო. მეტიც, საქართველომ მეცხრამეტე საუკუნეში მოახერხა თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს ზიარებოდა, სწორედ შეეთვისებინა ახალი ლიტერატურული ხერხები, მეთოდები და სრულიად ორიგინალური თანამედროვე ქართული ლიტერატურა შეექმნა.
რობერტ პეინის აზრით, საქართველოს არ გაუმართლა მხოლოდ იმაში, რომ მისი ენა დასავლეთში ძალიან ცოტა ხალხს ესმის. იგი სავსებით იზიარებს სხვათა მკვლევართა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქართული ენა დახვეწილი, მდიდარი და მოქნილი ენაა, საქართველოს მეცხრამეტე საუკუნის მწერლებმა მალე აუღეს ალღო თამანედროვე ძვრებს ლიტერატურაში, მათ ადამიანის სულის ფანდშაფტზე, რომელსაც პეინი ამოუხსნელ აფრიკულ ნიღაბს ადარებს, საკუთარი აღმოჩენები გააკეთეს და რეფორმატორ რომანისტთა მთელ თაობას მისცეს სამოღვაწეო ასპარეზი, რითაც მკვდრეთით აღადგინეს თამარ მეფის შემდგომ ხანაში თითქმის ჩამკვდარი ქართული ლიტერატურა. “ამ მწერალთა სახელები დასავლეთისთვის თითქმის უცნობია, შუა საუკუნეების რომტიზმში მათ ახალი თემები შეიტანეს და ზედ ადამიანის ცნობიერების სიღრმეში დალექილი ყველაზე ადამიანური თვისებებიც დაურთეს”3 – ამბობს რობერტ პეინი.
“მზიანი ღამის“ ამერიკელი კრიტიკოსი მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის დამსახურებად მიაჩნევს, რომ საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი ქართველი მწერლები მშობლიურ ენაზე ახერხებდნენ წერას და ადამიანის სულის კვლევას საკუთარი მეთოდებითა და ხერხებით განაგრძობდნენ. “ქართველი მწერლები კაცობრიობას კავცასიის თოვლიანი მწვერვალებიდან ანარეკლ სინათლეზე ჭვრეტენ – დასძენს რობერტ პეინი.
ამგვარი წიაღსვლა ლიტერატურის ისტორიაში ამერიკელ მკვლევარს დასჭირდა იმისთვის, რომ, საბოლოოდ, ნოდარ დუმბაძის “მზიანი ღამის” მკითხველი, როგორც ამერიკაში, ისე მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირში, სწორ გზაგე დააყენოს, სწორი დასკვნების გაკეთებაში დაეხმაროს მას.
პეინის აზრით, ნოდარ დუმბაძე მეცხრამეტე საუკუნის ტრადიციების მატარებელია, მაგრამ ამავე დროს, ზედმიწევნით თანამედროვე. მისი მწერლური ინტერესი სულის, ღმერთის, სიყვარულის და სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოების გარშემო ტრიალებს. იგი ცდილობს ჩასწვდეს სულის არსს, მისი მოქმედების სივრცეს, გაიგოს საით მიემართება იგი და თუ არსებობს გადარჩენის რაიმე იმედი. პეინის თქმით ნოდარ დუმბაძეს სასწაულის სჯერა, ვინაიდან მისი ცხოვრება სასწაულებითაა სავსე. “მზიანი ღამის” გმირი თეიმურაზ ბარამიძე, ახალგაზრდა სტუდენტი, გულწრფელად ცდილობს საკუთარ სულთან ჭიდილს, რათა იცხოვროს ისე, როგორც მას ესმის და იყოს ისეთი, როგორიც არის. ცხოვრებაში იგი უდიდესი სასწაულის მოწმე ხდება: სტალინის ბანაკებიდან თორმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ დედა დაუბრუნდა. “არავინ ეკითხება დედამისს, რა გადაიტანა, რატომ არ დაბრუნდა მისი ქმარი, საკმარისია ისიც, თავად რომ “აღსდგა მკვდრეთით” და თავის ძველ ბუდეში დაბრუნდა დარჩენილი სიცოცხლის გასატარებლად. როცა დაიჭირეს მისი შვილი სულ ბავშვი იყო. ახლა _ დამოუკიდებელი კაცია და დედამისის “მომეტებული” მზრუნველობა აღიზიანებს კიდეც. ის არის პური და ღვინო, ის არის მკვდრეთით აღმსდგარი ხორცი”4. მკვდრეთით აღმსდგარი დედა, პეინის აზრით, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ღერძია. იგი არაფერს ითხოვს შვილისგან. ნაწარმოებში ბევრი არაფერია ნათქვამი მის ბუნებაზე, მისი არც პორტრეტია დეტალურად აღწერილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელ ნაწარმოებზე დედის ჩრდილი ისეა გადაფენილი, როგორც ნამეხარი, ბებერი მუხის ამწვანებული ტოტების ჩრდილი, სადაც სხვა პერსონაჟები თამაშობენ.
“დედაზე საუბრისას ნოდარ დუმბაძე საბჭოთა ლიტერატურაში ახალი ნოტის შეტანას ცდილობს _ ეს არის ღრმა რელიგიური განწობილებების აღიარება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ოღონდ, აღიარება ლაღი და ინტელიგენტური. ეს არ არის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ხმამაღალი ქადაგება, არამედ ჰგავს უფრო ადრინდელი, მივიწყებული პრიმიტიული ეკლესიის ამოძახილს ნამდვილი, ყოვლისმომცველი და გარდაუვალი უბედურებების შესახებ, უბედურების, რომელის თავიდან აცილება დროსა და მოთმინებას ვერ ექვემდებარება”5 – დასძენს რობერტ პეინი და ამ სიტუაციას ზოგადსაკაცობრიო ჭრილში განიხილავს: “მზიანი ღამის პერსონაჟები, ახალგაზრდა სტუდენტები, მსოფლიოს ყველა სტუდენტების მსგავსად, ღამეებს სამყაროს არსისა და ღმერთის ბუნებაზე დაპარაკში ათენებენ. მათი დასკვნები ერთობ განსხვავდება კომუნისტი “ამხანაგების” დასკვნებისაგან. ისინი ღმერთზე გასაოცარი უშუალობით და ფამილიარობით საუბრობენ, ეს ერთის შეხედვით, გულისშემძვრელიცაა. მათ არაფერი აქვთ საერთო თეოლოგიასთან, უბრალოდ, სურთ გაიგონ, როგორ გადარჩნენ კომუნისტური დიქტატურის პირობებში ისე, რომ ღირსება და სოცოცხლის ხალისი შეინარჩუნონ. თემურის მეგობარი გურამი ტიპური ინტელიგენტია, თუმცა მიწიერი და თბილი, წესით, ფრიადოსანი უნდა იყოს, მაგრამ საშუალო მოსწრების სტუდენტია. ამაში ამერიკელი მკვლევარი ერთგვარ მეტაფორასაც ხედავს, რადგან “საბჭოთა უნივერსიტეტის ფრიადებზე სწავლა მხოლოდ მონსტრს თუ შეუძლია”.6
ნოდარ დუმბაძის სტუდენტები არაფრით განსხვავდებიან მსოფლიოს სხვა კუთხის სტუდენტებისგან. “მზიან ღამეში იმ ახალგაზრდების ამბავია მოთხრობილი, რომლებიც თვითგამორკვევას ცდილობენ. ხან ახერხებენ ამას, ხან – ვერა, უფრო ხშირად სასტიკად მარცხდებიან იმ უთვალავი წინააღმდეგობის გადალახვისას, წინ რომ ეღობებათ. წინააღმდეგობების დაძლევა კი საბჭოთა უნივერსიტეტში ძალიან ძნელია. ახალგაზრდებს გულქვა რექტორებთან და “შეუვალ” პედაგოგებთან უწევთ ურთიერთობა, ამას ზედ პარტიული აქტივისტებიც ემატება და ესენიც ღმერთის შექმნილნი არიან”7.
სწორედ აქ მინდა გაგახსენოთ ნოდარ დუმბაძის “ოდისევსის დაბრუნებიდან” ზემოთ მოყვანილი ციტეტა: “დიდი შთაბეჭდილებბა მოახდინა ჩემზე დემოკრატიზმმა, რომელიც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის არსებობს”. “მზიანი ღამის” მთხრობელის დამოკიდებულება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, და საერთოდ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ ცინიკურ-კომიკურია, მეტიც, კარიკატურული, მაგრამ ეს უნივერსიტეტსადმი გულაცრუებული და იმედგაცრუებული ახალგაზრდის დამოკიდებულებაა მხოლოდ, იქვე უდიდესი სიყვარულია დაბუდებული იმავე უნივერსიტეტის და მისი უბრალო ბინადრების მიმართ. “იგივე გრძნობით აღვსილი ამერიკელი მწერალი აიღებდა და პირდაპირ დაწერდა, უნივერსიტეტი იმედგაცრიების ბუდეაო” – აღნიშნავს თავის წინასიტყვაობაში რობერტ პეინი.
“სხვათა შორის, ამერიკელი მწერლები საკუთარი ლეტერატურის ნაკლზე მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე ჩვენსაზე. ლაპარაკობდნენ მკაცრად და მოურიდებლად” – იხსენებს ნოდარ დუმბაძე “ოდისევსის დაბრუნებაში”. _ გამოუცდელი კაცისთვის ამერიკული სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია. იგი ძალიან გავს ფუშფუშა სამოსში გახვეულ შუა საუკუნეების ესპანელ ქალბატონს, რომელსაც, ვიდრე გააშიშვლებ ცხრაპირი ქვედაწელი უნდა გახადო. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ეს, გაგვიჭირდა კი არა, უბრალოდ, ვერ მოვახერხეთ. სამაგიეროდ, თვითონ ქალბატონმა ჯოის კეროლ ოუთსმა მოახერხა. მან ხელის ერთი მოხდენილი ჩამოსმით ცხრავე კაბა გახადა ამ მშვენიერ ასულს
_ ბატონებო, ამერიკაში თავისუფლება მხოლოდ იმათთვის არსებობს, ვისაც ბევრი ფული აქვს, - თქვა მან და მისი ნათქვამისთვის კომენტარი არავის გაუკეთებია” (“ოდისევსის დაბრუნება”, საბჭოთა საქართველო”, თბილისი. 1981, გვ,6 ).
ნოდარ დუმბაძე ყოველთვის აღიარებდა, რომ მასზე ამერიკულმა ლიტერატურამ დიდ ზეგავლენა იქონია, რომ საკუთარი ეროვნული ლიტერატურის გარდა იგი აღიზარდა ბიჩერ სთოუს, მარკ ტვენის, ფოლკნერის, ჰემინგუეის, უიტმენის, ო’ჰენრის, სტეინბეკის, საროიანის და სხვათა წიგნებზე, რომ კოლდუელის “ჯორჯიელი ბიჭი” მისი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” სტიმული გახდა... “ის, რაც მე მომწონს ამერიკულ ლიტერატურაში, ჩემად და მშობლიურად მიმაჩნია, ხოლო რაც არ მომწონს, იმას ვერავითარი მრგვალი მაგიდა და დიალოგო ვერ მიმაღებინებს. აი, მე ახლა ვზივარ ბატონ აპდაიკის გვერდით და მისი მხრის სითბოს ვგრძნობ. ეს სითბო ალბათ თან გამყვება საქართველოში და დიდხანს მეყოფა საგზლად” (“ოდისევსის დაბრუნება”, საბჭოთა საქართველო”, თბილისი. 1981, გვ. 9).
რობერტ პეინის აზრით, ნოდარ დუმბაძეს დასავლეთის მწერლებთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს: იგი განსაკუთრებული ქართული ტემპერამენტითაა დამუხტული _ ერთდროულად ლირიკული და მიწიერი, მეცნიერი და მგრძნობიარე, რომანტიკული და კლასიკური. მას შეუძლია ფუნჯის რამდენიმე ზუსტი მოსმით საკუთარ გმირს მაცოცხლებელი სული შთაბეროს. დედამისის დაპატიმრებას იგი სულ რამდენიმე ფრაზით აღწერს: დედა ორმა კაცმა წაიყვანა. ერთი შეშინებული ჩანდა, მეორე იღიმოდა და პირი ვერცხლის კბილებით ჰქონდა გამოტენილიო. ეს არის სტალინის რეპრესიების ბნელი ეპოქის ნათელი სურათი და ეს სრულიად საკმარისია. იგი ამბობს იმას, რაც უნდა თქვას _ ზედმიწევნით კლასიკური ფორმით. დაახლოებით ასეთ სტილურ კონტექსტში განიხილავს რობერტ პეინი “მზიანი ღამის” იმ პასაჟებაც სადაც დედის სიკვდილი, ქალის სიყვარული და მეგობრის სულიერი ტრადედიაა აღწერილი.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან ამერიკაში პირველად “მზიანი ღამე” გამოვიდა, შემდეგ მას მოჰყვა ისევ ქართველი ემიგრანტის, ლადო ბაბიშვილის, მიერ თარგმნილი მოთხრობები და რომანი “თეთრი ბაირაღები”, მაგრამ ვიდრე ზემოხსენებული ნაწარმოებები ამერიკის მზის შუქს იხილავდნენ, რობერტ პეინი ოკიანისგაღმელ მკითხველს ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვა დეტალებზეც ესაუბრება, ანუ უყვება მას, რაც მისთვის რკინის ფარდის მიღმა გამხდარა ცნობილი და ხელმისაწვდომი. ასე მაგალითად, პეინმა იცის, რომ, “მზიანი ღამე” ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, იგი 1966 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა, რომელსაც გრიგოლ აბაშიძე რედაქტორობს და თავისი ლიბერალიზმით “ნოვი მირს” ჰგავს. ნოდარ დუმბაძეს “მზიანი ღამის გარდა” დაწერილი აქვს რომანები “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და “მე ვხედავ მზეს, ორივე ნაწარმოები ეკრანიზებულია. რობერტ პეინი ამბობს, რომ მეტი ინფორმაცია ნოდარ დუმბაძის შესახებ დასავლეთში არ არსებობს, მაგრამ იქვე დასძენს: ” მერე რა, ასე ცოტა რომ ვიცით მის შესახებ. “მზიან ღამეში” მან ისე გადაგვიშალა საკუთარი სული, დამალული თითმის არაფერი დაიტოვა. მან დაგვანახა, როგორ ცხოვრობენ სტუდენტები თბილისში და ჩვენ, გაუცნობიერებელ დასავლელ მკითხველს, მან პირველმა მოგვცა უფლება საბჭოთა სტუდენტისათვის თვალებში ჩაგვეხედა. ნოდარ დუმბაძის მხატვრული ოსტატობის დამსახურებაა ის, რომ მის მომნუსხველ და დაუვიწყარ ამბის სიმართლეში ეჭვიც არ გვეპარება”8.

_________________________________________________________________________

1 Robert Payne. Nodar Dumbadze. The Sunny Night. General Editor and the author of the Introduction: Washington Square Press, INC. New York.p.5
2 nodar dumbaZe. “odisevsis dabruneba/werilebi.”sabWoTa saqarTvelo, Tbilisi 1981. gv. 35
1 Robert Payne. Nodar Dumbadze. The Sunny Night. General Editor and the author of the Introduction: Washington Square Press, INC. New York.p.5
2 nodar dumbaZe. “odisevsis dabruneba/werilebi.”sabWoTa saqarTvelo, Tbilisi 1981. gv. 35
3 Robert Payne. Nodar Dumbadze. The Sunny Night. General Editor and the author of the Introduction. Washington Square Press, INC. New York.p.2
4 Robert Payne. Nodar Dumbadze. The Sunny Night. General Editor and the author of the Introduction. Washington Square Press, INC. New York.p.3
5 Robert Payne. Nodar Dumbadze. The Sunny Night. General Editor and the author of the Introduction. Washington Square Press, INC. New York.p.3
6 Robert Payne. Nodar Dumbadze. The Sunny Night. General Editor and the author of the Introduction. Washington Square Press, INC. New York.p.6
7 Robert Payne. Nodar Dumbadze. The Sunny Night. General Editor and the author of the Introduction. Washington Square Press, INC. New York.p.5
8 Robert Payne. Nodar Dumbadze. The Sunny Night. General Editor and the author of the Introduction. Washington Square Press, INC. New York.p.8

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-02-10)
ნანახია: 4657 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]