“მეოცე საუკუნე” “ახალ საუკუნეში” განაგრძობს ცხოვრებას - ჩემი სტატიები - სტატიების კატალოგი - ერთად
RSS *
მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

“მეოცე საუკუნე” “ახალ საუკუნეში” განაგრძობს ცხოვრებას
მე “XX საუკუნის ” მიმოხილვით 1999 წელს გამოვედი ჟურნალის მეათე ნომრის იუბილეზე. მაშინაც და ახლაც ძალიან სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. იქამდე, რომ ჩვემს ძველ მოხსენებასაც ჩავხედე და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერს რასაც მაშინ ვწერდი, სავსებით ვეთანხმები. მაგალითად: “პოლიტიკური ამბიციებისგან, ლიტერატურული დივიდენდების მოპოვებისკენ სწრაფვისა და ანგარებისგან სრულიად თავისუფალი “XX საუკუნე” ოთხმოცდაათიან წლებში ერთადერთ მოქმედ წმინდა ლიტერატურულ ჟურნალად მოგვევლინა. ფინანსური, იდეოლოგიური, სულიერი თუ სხვა კრიზისების ქაოსში ჟურნალს საკუთარი მრწამსისთვის არ უღალატია, ხელი არ ჩაუქნევია, როცა საზოგადოებისთვის საერთოდ საკითხავი იყო თანამედროვე ლიტერატურის ცნობის საჭიროება”.

ერთი ბრიტანელი მკვლევარი წერს “რამდენადაც მეტი ცვლილებებია, იმდენად ყველაფერი იგივე რჩებაო”. მე არ ვიცი ბრიტანეთში როგორაა, მაგრამ საქართველოსთვის რომ ეს სიტყვები ზედგამოჭრილია, ამას ბევრი კამათი არ უნდა. 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “XX საუკუნე” აღარ გამოსულა და რა შეიცვალა: მისი გამომცემლები კვლავ დაჟინებით სთავაზობენ მკითხველს მხოლოდ ლიტერატურას, არა სუროგატს, არა ხალტურას. ჟურნალი, რომ საკუთარ ღირსებაზე და მკითხველის პატივისცემაზე ზრუნავს ამაზე, დამეთანხმებით, მისი მარტო შეგთავსი კი არა გარეკანიც მეტეყველებს გურამ წიბახაშვილის მშვენიერი ფოტონამუშევრით.

გამოუცემლობის ამ წლებში, თაბუკაშვილები გია ჭანტურიასთან ერთად ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ. გამოსცემდნენ “ახალი საუკუნის” ინგლისურენოვანი ჟურნალს და უცხოელ მკითხველს შეძლებისდაგვარად კარგ ქართულ ლიტერატურას აწვდიდნენ. ეს იყო პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ცდა. და მე ამას განსაკუთრებულად ვუსვამ ხაზს, რადგან არაერთხელ მომისმენია, ამ კუთხით საქართველოში არაფერი გაკეთებულაო. ორი წელია, მართლა აღარაფერი კეთდება, იმოიტომ, რომ “ახალი საუკუნის” ინგლისური ვერსია აღარ გამოდის.

საბედნიეროდ, ტრადიცია მაინც გრძელდება, თაბუკაშვილები ფორმაში არიან და ძალიან კეთილი და ჭკვიანი ადამიანების ხელშეწყობით ქართული ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას განაგრძობენ. “ახალი საუკუნის” პირველივე ნაწარმოები დიდი რეზო თაბუკაშვილის “დაუვიწყარი სახელებით” იწყება. ეს, ფაქტობრივად, გაბრიელ ეპისკოპოსის, გრიგოლ ფერაძის და ქათევან წამებულის ცხოვრებაზე გადასაღები ფილმების დიქტოფონზე ჩაწერილი კონსტრუქცია და სამუშაო გეგმაა. მე ახლა არ გავკადნიერდები და რეზო თაბუკაშვილის დიდიოსტატობის მტკიცებას არ დავიწყებ, უბრალოდ, ჩემთვის გაკეთებულ პატარა აღმოჩენას გაგიზიარებთ. ვისაც გაინტერესებთ რეზო თაბულაშვილის ქარიზმის საიდუმლო, წაიკითხეთ ეს “კონსტრუქცია” და მიხვდებით, რომ ყველაზე პროზაული საქმე დედამიწის ზურგზე, “მენეჯმენტიც”, გენიოსის ხელში დიდ ხელოვნებად შეიძლება იქცეს.

ტარიელ ჭანტურიას ერთი “იმედგაცრუებული ფიქრი” აქვს დაწერილი, სადაც დაწვრილებით ჩამოთვლის ლექსისათვის საჭირო ყველა ინგრედიენტს: გული, ღვიძლი, ტყვია, წამალი, საწამლავი, ცოლი, მეორე ცოლი, ვიტამინი ... ბოლოში წერს: კარგად ვიცი, ლექსს რაც ჭირდება, აი ლექსი ვის ჭირდება, ის არ ვიციო. საქმე ისაა, რომ ეს დილემაა, რომელიც მთელი მსოფლიოს ჭეშმარიტ ლიტერატორთა ოჯახს ადარდებს. კარგა ხანია უკვე ზოგადსაკაცობრიო ტკივილად იქცა და მე ძალიან შემეშინდა ამ ტკივილის, როცა არჩილ ქიქოძის “წასვლა” წავიკითხე. ვისურვებდი, რომ ეს მოთხრობა მსოფლიოს ყველა ენაზე ეთარგმნათ, არადგან იგი იმ ერთეულ ნიჭიერ ქმნილებებს განეკუთვნება, რომელიც ძალიან ქართულია და ამავე დროს, საოცრად მსოფლიური. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობის გეოგრაფიული არეალი და სამეტყველო ენა ბოლომდე კუთხურ-დიალექტურია, ამ დიალექტზე გადმოცემული ვნებები მსოფლიოს ყველა საზღვარს ანგრევს.

სიამოვნებით ვაცხადებ, რომ “ახალი საუკუნის” ამ გამოშვებაში უხვადაა ჩადებული ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც ლექსსაც ჭირდება და ნამდვილი ხელოვნების სხვა ნიმუშსაც. ჰოდა, ახლა, ბადურ ბალარჯიშვილის მინდა მივულოცო ის უხვი მოსავალი, რომელიც ჟურნალის ამ გამოცემაშია წარმოდგენილი. მისი ლექსები ამაოებაზე და პარანოიაზე ისეთი მუხტითაა დაწერილი, იმდენად დინამიურია, რომ პირადად მე, სიცოცხლის ჟინით აღმავსებს და “თვითკმაყოფილი უნიჭობის პარადის” დაშლისკენ მიბიძგებს.

აბა რა უნდა ვთქვა თამაზ ბაძაღუაზე, რომელსაც ამ ქვეყანად ყველაზე მეტად უყვარდსა სიცოცხლე, ყველაზე წითელი ლოყები ქონდა, ყველაზე მჩქეფარე სისხლი, ყავდა ყველაზე ლამაზი ოჯახი და ამ ოჯახთან ერთად ყველაზე სასტიკი სიკვდილი გაიზიარა. სანამ წავიდოდა თავის შვილს დაუწერა: “მე ვარ მგელი, რომელიც კბილებით იცავს თავის ბუნაგსო”. იგი მართლა მგელი იყო, რომელიც თავის ოჯახთან ერთად, ქართული ლექსის დახვეწილ და მოქნილ სტრიქონებსაც იცავდა და მადლობა “ახალ საუკუნეს” ასე დაჟინებით რომ შეგვახსენებს ამ სახელებს. თუნდაც ქეთი ნიჟარაძე. რამდენი ინოვაციაა მის სახელთან დაკავშირებული ოთხმოციანი წლების ქართულ პროზაში. რამდენი მიძინებული შეგრძნება გააღვიძა, რამდენი ტაბუ მოხსნა. თავისი პატარა ყამირი გატეხა კი არა, სულ ყირაზე დააყენა და სამწუხაროდ, არც ის ახსოვს დღეს არავის “ახალი სუკუნის გარდა”. დღევანდელი თაობა არც მას იცნობს, რადგან ლიტერატურული წელთარიცხვა დღეს სულ სხვა კალენდარული სისტემით ხდება.

გიგი სულაკაურის ლექსი გრძელი და მოსაწყენიც მოყვარს და მოკლე და საკაიფოც. საერთოდ, გიგი მიყვარს თავფეხიანად, მთელი თავისი შემოქმედებითა და იუმორით. კაცი რომ მსოფლიო ლიტერატურული პერსონაჟების ჩამოთვლისას ლექსში დევიდ კოპერფილდს მოიხსენიებს და იქვე ფრჩხილებში მიუწერს, “ოღონდ არა ჯადოქარიო”, ხომ ხვდებით, რა კარგი წერმოდგენისაა თანამედროვე მკითხველზე.

დღეს კიდევ ერთ სასიამოვნო ფაქტს მინდა შევეხო. საქართველოში აშკარად გამოჩნდა ეგრეთ წდებული “ქალური” მოთხრობა. ეს დრომ მოიტანა და ძალიანაც კარგი, თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ წინა თაობის ქალი მწერლები ამას ვერ ახერხებდნენ, უბრალოდ, მაშინ მოდაში არ იყო ქალთა აუდიტორიაზე მუშაობა, ფემინიზმიც ჩვენში რაღაც ნაკლებად ტკბილი აკრძალული ხილი გამოდგა და ქართველი მწერალი ქალები იძულებული იყვნენ ეწერათ ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, უფრო კაცებისთვის და კაცებზე. დღეს ქალმა მწელებმა პროდუქტიულობით და პოპულარობით შორს ჩამოიტოვეს კაცები. ნობელის პრემიის შარშანდელი ლაურეატიც ფემინისტი ქალია, რომელიც თავისი გაბედულებით ერნაირად აღაშფოთებს და აღაფრთოვანებს მსოფლიო სალიტერატურო ოჯახს. და ეს ამხელა შესავალი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი უსაზღვრო სიმპათია გამომეხატა ანა კორძაია-სამადაშვილის იმ ექვსგვერდიანი, ძალიან ქალური მოთხრობის მიმართ, რომელსაც სახელად “ისტორიული მეხსიერება” ჰქვია. ამ მოთხრობის პეწი სწორედ იმაშია, რომ მასში აღწერილი ყველა ქალი თავისი “ამბებით და გაგებებით”, ძალიან რეალური და ცოცხალია: ისეთიც, რომელიც თავის უნიათობაზე ჩუმი იუმორით ქირქილებს და ისეთიც, ვინც თვითკმაყოფილი ფილოსოფოსობს, ნამდვილი ცხოვრება სიყვარულია, თუ არ გიყვარს არ არსებობო”. მეც მიყვარს ასეთი ქალები და ასეთი ქალური მოთხრობები.

კიდევ მომწონს გაგა ნახუცრიშვილის მთვარე, მისი ხეტიალი სართულებზე და სახლში შესვლისკენ ლტოლვა, რადგან ყველაფერი უკვე ნანახი და განცდილი აქვს, სიწყნარე, ვნება, ომი, დროშები, ოცნების კვდომა, მოცეკვავე ბოშები, ალერსი, ღალატი... ახლა რაღაც ახალია სათქმელი და მაშინ გაიღება სახლის კარი.

“მზეო არ ამოხვიდეო”, მიმართავს მზეს რეზიკო თაბუკაშვილი ცოდვებით დამძიმებული დედამიწიდან, სადაც ის და მისნაირი “ოროსნები” ჯერ კიდევ ებღაუჭებიან გადარჩენილ ფასეულობებს და თავად არ იციან სად უნდა დააბინავონ ისინი, ვის ანდონ, ან როდემდე ეყოფათ წინააღმდეგობის გაწევის “ოფსილა”. ეს ჭიდილი გაგრძელდება, ალბათ, მანამდე, სანამ კიდევ არსებობს ბნელ კუთხეში ერთი პარატა გამონათება კრებითი სახელით _ “ნათია”, რომელიც მართალია, ფიზიკურად და გონებრივად ნაკლულია, მაგრამ ცხოვრება უყვარს და ღმერთის არსებობით სიხარული შეუძლია. მთავარი და საიმედო ისაა, რომ მოთხრობის გმირი ნათიას გაურკვეველი ფერის, მაგრამ მაინც კეთილი შურით უყურებს, თან თავის “ოროსნულ” ცხოვრებას განაგრძობს.

ასტეროიდი B-17 ლაშა თაბუკაშვილის ოსტატობის კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუშია. ლაშას ნაწარმოებებს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ. ისინი უმალ უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ არა კრიტიკოსებზე, არამედ ახალგაზრდობაზე, რომელიც, ფაქტობრივად, ლიტერატურული ღირებულების ყველაზე ზუსტი ბარობეტრია. ლაშას ლიტერატურული მეთოდის გასაღები ჩემი აზრით იმაშია, რომ იგი წერს მხოლოდ უტყუარ, ძვირფას და უკვდავ გრძნობებზე, მარადიულ ღირებულებებზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ვაჟკაცობაზე, სიხოცხლის ჟინზე, სიკვდილზე, მოკლედ, ყველა ამ ბანალურ და არამოდურ გრძნობაზე, ყველაზე თანამედროვე და მტკივნეული გამოცდილებიდან, გინდაც ამისათვის “ფენტეზის” ფორმა დაჭირდეს. ამ პიესაში დროის შესაბამისად ტრანსფორმირებული და დეგრადირებული რომეოსა და ჯულიეტასთვის სიყვარული და თავგანწირვა მაინც თანდაყოლილი გრძნობაა. ბუნება იგივე რჩება, ცხოვრების წესი, ჩვევები და გამოხატვა იცვლება მხოლოდ, მაგრამ ეს ხომ პოსტმოდერნია, თამაში, რაც მერე ხდება _ “ფენტეზი”: დედამიწის ბინადართა დაუფიქრებელი სამეცნიერო, სოციალური და პოლიტიკური ექსპერიმენტების წყალობით, ფუნდამენტური ღირებულებები მათ მიერვე გამოგონილ ასტეროიდს მიყვება თან. დედამიწა დარჩა ტვინდაბლოკილი ნუვორიშების ამარა. ასტეროიდი, სადაც ექპერიმენტგამოვლილი დეფექტიანი არსებები იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, ასე თუ ისე, კიდევ ატარებენ, მიწისძვრის შედეგად საკუთარ ღერძს მოწყდა და მზისკენ დაიძრა შესასკდომად. სწორედ ამ შუალედშია მომწყვდეული მთელი თანამედროვე “შექსპირიადა” და ადამიანები იქცევიან ზუსტად ისე, როგორც ეპოქას ეკადრება. “ქვეშაფსიები” თავის გადასარჩენად გარბიან, ნებაყოფლობით იბლოკავენ ტვინს, ასტეროიდელები კი შერჩენილი იუმორითა და ღირსების გრძნობით გავარვარებულ მზეში ითქვიფებიან. ამის შემდეგ, ალბათ, ყველაფერი დაიწყება თავიდან.

ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია “ახალ საუკუნეში” რუბრიკის “ჩემი საყვარელი მოთხრობა” გაგრძელება. ამ რუბრიკის ნიშნით დაბეჭდილი ნაწარმოებები ჟურნალის გამომცემლის მრწამსისა და გემოვნებაზე მეტყველებს და ჟურნალის თანამედროვე კონცეფციას განსაზღვრავს. შვიდი წლის წინ ეს შკალა ძალიან მაღალი იყო. იმედი მაქვს, დღეს იგი მაშინდელი ახალი თაობის მწერალთა უკვე ათას წნეხში გატარებული და ათას მკითხველზე გამოცდილი ნაწარმოებებით შეივსება. დიდ ბოდიშს მოვუხდი ბატონ კარლ გუსტავ იუნგს, თუ მისი ფსიქოანალიტიკური ლექციის შესახებ ვერაფერს ვამბობ, რადგან ამდენის აწევა, ნამდვილად აღარც მე, და ალბათ, აღარც თქვენ შეგიძლიათ.

დაბოლოს, თავს უფლებას მივცემ და ჟურნალის ერთ-ერთ ავტორს დავესესხები სტრიქონებით, რომლებმაც პირადად მე სამყარო ბევრად უფრო საიტერესო კუთხიდან დამანახა, თანაც თურმე ეს ყველაზე რეალური ხედვა ყოფილა: “უტაქტობაა და თან უაზრობაც: შეეკითხო ვეგეტარიანელს ან კანიბალს: ბოჩოლა ლამაზია, თუ გემრიელი? რა თქმა უნდა, პასუხი რადიკალურად განსხვავებული იქნება, მიუხედავად ჭეშმარიტებისა: ბოჩოლა ლამაზი და გემრიელია”.

2005

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-14)
ნანახია: 418 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Copyright MyCorp © 2016Website builder - uCoz