RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

კულტურათა თანაცხოვრება კავკასიაში

რამდენიმე წლის წინ, საქართველოში, ოთხი ქვეყნის (საქართველო, ჰოლანდია, ლიტვა და თურქეთი) ორმოცდაათმა ხელოვანმა ჩაატარა ხელოვანთა თავყრილობა სახელწოდებით "ევროპა, ხელოვანები გაშლიან შენს გულს, როგორც ხალიჩას”. ამ პროექტის მიხედვით გადაღებული იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ცნობილი ჰოლანდიელი მწერლის მიშელ კრილარის ავტორობით დაიბეჭდა პატარა წიგნი 5 ენაზე. კრილარმა სხვადასხვა ეროვნების და სფეროს 18 ხელოვანთან ერთად 8 დღე ერთ ჭერქვეშ იცხოვრა "ვილა გარიყულაში” და თავისი ესსე ასე დაასრულა: "საქართველოში გატარებული დღეებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შემიძლია: დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანი ერთნაირია. ყველას უნდა რომ ვიღაც უყვარდეს, თავადაც ვიღაცას უყვარდეს, პატივს სცემდნენ, ტირიან, როცა საყვარელი ადამიანი უკვდებათ, ცოტა ყოფითი კეთილდღეობა სჭირდებათ, გარკვეული ამბიციების დაკმაყოფილება, უნდათ, რომ ზოგი ოცნება აუსრულდეთ”.

კავკასია თბილისის "იტალიურ” ეზოს მაგონებს, სადაც ამ სახელმწიფოს შემადგენელი სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და რელიგიური აღმსარებლობის რამდენიმე ოჯახი ერთ გარემოში ცხოვრობს. ყოველ მათგანს ამ ქვეყნის სრულუფლებიან წევრობაზე და საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაზე სრულიად კანონიერი და მართებული პრეტენზია აქვს.

დარწმუნებული ვარ, ყველას, გვაქვს ამ გარემოში ცხოვრების მეტ-ნაკლები გამოცდილება და ალბათ დიდ შეცდომად არ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ ეს გარემო კავკასიის რეგიონის მიკრო-მოდელს ჰგავს. პირადად ჩემი გამოცდილებიდან ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ ეზოში მეზობლებს შორის ურთიერთობაში მე ვერ ვიხსენებ ქართველი ოჯახების სერიოზულ კონფლიქტს სხვა ეროვნების ოჯახთან, კონფლიქტი, რატომღაც, უმეტესად ქართულ ოჯახებს შორის ხდებოდა ხოლმე. სხვა ეროვნების ოჯახების მიმართ ეზოს ქართველი ბინადრები ყოველთვის უფრო მოკრძალებული, დიპლომატიური და ანგარიშგამწევნი იყვნენ. ასე ხდებოდა და ახლაც ასე ხდება ასეთ ეზოებსა და უბნებში.

საქმე ისაა, რომ პოლიტიკის დონეზე ეთნიკური და კულტურათშორისი ურთიერთობების დაძაბულობა ნაკლებად თუ აისახება შიდა ადამიანურ და ოჯახურ ურთიერთობებათა დინეზე. თუმცა, განსაკუთრებული დაძაბულობების დროს იმის მომსწრენიც გავხდით, როგორ დაიცალა საქართველო სხვა ერის ოჯახებისგან. ისიც ფაქტია, რომ იგივე გამძაფრებული ურთიერთობების ნაყოფი, საკუთარ ტერიტორიაზე იძულებით გადასახლებული ათასობით ოჯახის სახით გვყავს თბილისსა თუ სხვა კუთხეებში.

ჩვენი რუბრიკის მიზანია, რომ ყველამ ერთად და მათ, ვისაც მართლა მოეკითხება ჭკუა, და არა მარტო კულტურათა თანაარსებობის საკითხებზე, იმსჯელონ იმ ურთიერთობებზე, რომელიც უბრალო მოკვდავებისგან დამოუკიდებლად, მათი სურვილის გაუთვალისწინებლად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ერთად შევეცადოთ გამოსავლის გზების ძიება და ჩვენი გულისთქმის მიტანა იმ ადამიანების ყურამდე თუ გულებამდე, რომლებსაც ამ ურთიერთობების დარეგულირება ევალება, ან უშუალოდ მონაწილეობენ ამ ურთულეს პროცესებში.

ჩვენი და მეზობელი სახელწიფოების მთავრობები თავის მხრივ და შეძლებისდაგვარად (ანუ როგორც იციან ისე) მუშაკობენ კულტურათა შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად. თითქოს ამაზე მუშაობს მთელი პროგრესული მსოფლიო თავისი საერთაშორისო ფონდებითა და ორგანიზაციებით, მაგრამ რამდენად სრულ და სწორ ინფორმაციას ფლობენ ისინი, რამდენად ბრძნულია ამ საკითხებისადმი მათი მიდგომა და რამდენად ნათელი _ მათი ხედვა, ამაზე ჩვენი, ფართო საზოგადოების, აზრის გამოხატვა, მოსმენა და მრავალგზის გამეორება არ აწყენდა არც ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ერებს და მათ მთავრობებებს, არც მათ არსებულ და პოტენციურ მეგობრებს და არც კულტურათა მრავალფეროვნებით დაღდასმულ იმ ჭრელ საზოგადოებას, რომელიც ერთ დიდ "ეზოში” კავკასიაში თანაცხოვრობს.

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-05)
ნანახია: 728 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]