RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ბიძინა
ეს 27 იანვარიც მოვიდა – ბიძინა ხერხეულიძის დაბადების დღე. დღე, რომელსაც მთელი ახალგაზრდობა და შემდეგაც, განსაკუთრებულად ველოდი ხოლმე. წინასწარ ვემზადებოდი ამ დღისთვის, ყველა დანარჩენ საქმეს განზე ვდებდი, ვფორიაქობდი და მიხაროდა, რომ იმ საღამოს, ხერხეულიძეების ოჯახში ერთხელ კიდევ გავხდებოდი ყველაზე ლამაზი, მხიარული, სიცოცხლის გამახანგრძლივებელი და განუმეორებელი თავშეყრის მონაწილე.
ახლაც უცნაურ, მაგრამ სრულიად განსხვავებულ გრძნობას ვყავარ ატანილი. ვიცი, უნდა მოვიდე და დაბადების დღე მოგილოცო. მოვალ კიდეც, მაგრამ წინასწარი მზადებისა და ფორიაქის გარეშე. ვიცი, დღეს განსაკუთრებული აღარაფერი მოხდება შენს სახლში. შეიძლება ძალიანაც ვეცადოთ, მაგრამ ზეიმი აღარ შედგება. მორჩა ის 27 იანვარი. ადრე ადვილი იყო. ვიცოდით, რომ ჩვენს შორის ყველაზე ლამაზი და ყველაზე "მაგარი ბიჭი” სუფრის თავში იჯდებოდა. ახლა ვიცით, რომ ეს ყველაზე მაგარი ბიჭი ცოცხალი აღარაა. და მხოლოდ იმიტომ, რომ თავად არ მოისურვა. დაამთავრა უთანასწორო ომი ამ გამრუდებულ სინამდვილესთან, არავითარ გარიგებაზე არ წავიდა მასთან და სულის გადარჩენის ფასად საკუთარ თავთან ბრძოლაში დაღალული სხეული ნაფლეთ-ნაფლეთ მიუგდო ეშმაკს.
ღმერთმა ბიძინა ხელოვნების აღქმის მეშვიდე გრძნობით დააჯილდოვა. ზუსტად იცოდა გალაკტიონის, გოგლას, ანას, ბლოკის, პასტერნაკისა თუ სხხვათა და სხვათა შემოქმედებითი ჯადოს გასაღები. პოეზიის აბობოქრებული, აქაფებული ოკეანე მისი ნავსაყუდელი იყო, ხოლო ჩახლეჩილი ხმით წარმოთქმული ყოველი ლექსი – პოეზიის ოლიმპოდან მოტანილი ექო.
"ბიძინა რომ წიგნს დიაგნოზს დაუსვამს, იმას წყალი არ გაუვა”- მითხრა ერთხელ მხცოვანმა ხელოვანმა. "მეტრიაო” - ამბობდნენ მისი თანამედროვეები და რარიგ გულდასაწყვეტია, რომ მართლა წუთი გამოდგა მისი წუთისოფელი, წუთი, რომელშიც ერთი სტრიქონის დატოვებაც ვერ მოასწრო ქაღალდის ნაგლეჯზე. სამაგიეროდ, ამ ერთი წუთის განმავლობაში ვიღაც-ვიღაცეებს ფრანსუა ვიონის წაკითხვა მოანდომა, შეაგნებინა, რომ "მესაფლავე” გალაკტიონის პოეზიის მწვერვალი არ არის, რომ ჩვენი გიგი სულაკაური "გრძელ და მოსაწყენ ლექსსაც” "საკაიფოდ” წერს...
ბევრი, ძალიან ბევრი ჰქონდა გასაცემი და მარგალიტებს ხშირად ქუჩის მტვერსა და ჭუჭყში აბნევდა. ბუნებრივია, რომ ამ მარგალიტების ამკრეფი იქ არავინ იყო. თავად ყველაზე კარგად უწყოდა, ამ "ქვეყნისა” და ამ დროისთვის რომ არ იყო დაბადებული. ამას განსკუთრებულად დახვეწილი თვითირონიით გამოხატავდა, რომლის ტრაგიზმი და სიღრმე, თურმე, თავად ესმოდა მხოლოდ. და მიუხედავად ამისა, მაინც რაღაც მომნუსხველი ჟინით ეურჩებოდა ამ ცხოვრებას. მისი სახელის მატარებელი ყოველი ადამიანი, ნოვთიც კი, საოცარი სილამაზითა და სინატიფით გამოირჩეოდა. სამყარო, რომელსაც თავად აშენებდა, მაღალი გემოვნებით, დიდი სიყვარულით, მოუთოკავი იდეალებით, ხშირი იმედგაცრუებით, ჩუმი სევდითა და დაუმორჩილებელი ხალისით იყო გაჯერებული. იუმორი – მისი მუდმივი თანამდევი იყო.

ერთხელ მომიყვა: "მე და ჩემს ძმას ნარდის თამაშის დროს ტახტის ქვეშ კამათელი შეგვიგორდა. ბევრი ვეწვალეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, ძალიან ღრმად იყო შეგორებული. ბოლოს, მოვიფიქრეთ და კედლიდან ხერხეულიძეების საგვარეულო ხმალი ჩამოვხსენით. ძმები იატაკზე ვიყავით გართხმულები, მამაჩემმა რომ შემოგვისწრო. თავიდან ვერ მიხვდა, რას ვეწვალებოდით, მაგრამ, შემდეგ, ერთის ხელში ხმალი რომ დაინახა, ხოლო მეორეს ხელში - კამათელი, თავი გააქნია და მოგვაძახა: იმ ხერხეულიძეებს რა ვუთხარი, კედლიდან ხმალს ტახტის ქვეშ შეგორებული კამათლის გამოსაღებად რომ ჩამოხსნიანო.”
ბიძინას მამა ქიცა ხერხეულიძე, თავად გახლდათ ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი, მწერალი და მეცნიერი, თავისი თაობის მრავალი გამოჩენილი პოეტის მუზა და განუყრელი მეგობარი, სამოციანი წლების თბილისისა და ლიტერატურული თაობის ერთ-ერთი დაუვიწყარი, კოლორიტული ფიგურა. ბიძინა – მისი გვარისა და გენეტიკის კლასიკური ნაყოფი, უიღბლო შთამომავალი, რომელიც ვერა და ვერ მოერგო იმ გაუგებრობას, დღეს რომ საქართველოში ბოგინობს, ვერ აჰყვა "ქვეყნის მაჯისცემას”, ცრუ იდეალებს, სხვასავით მარდად ვერ აუწყო ფეხი "დემოკრატიზაციის”, "შოკური თერაპიის” და არანაკლები "შოკური რფორმების” პროცესებს, საჭიროებათა მიხედვით ვერ შეიცვალა სისხლი, ფერი, ენა, მამული, სარწმუნოება, მრწამსი, ხასიათი... დარჩა მარტო ქარის წისქვილების პირისპირ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაატანა მათ საკუთარი ცხოვრების ძვირფასი წამები. შემდეგ მობეზრდა ეს "უსასრულოდ გაწელილი” ომი, ერთ მუჭში მოიმწყვდია სოფლის მთელი ამაოება და ზედ შეაყარა იმ ქარის წისქვილებს. ყოველივე ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინ, მაგრამ ვერავინ გავუბედეთ ხერხეულიძეთა ორდენის უკანასკნელ სევდიან რაინდს გადმობირება.
რაღაც ვერ გამომდის ეს მოსალოცი წერილი, ბიძინ! ძნელია, როცა
თვალწინ კვლავ შენი გაბადრული, კეთილი ღიმილი მიდგას, ყურში _ შენი გულიანი და გადამდები სიცილი ჩამესმის. კვლავ მაგონდება:
ვაკეში, "მრგვალ ბაღში”, "პატარა უფლისწულის” ძეგლის გახსნაზე ბიძინამ უბნის ბიჭებს უთხარა: ეს ძეგლი ტყუილად ხომ არ დაგიდგეს, ახლა მაინც წაოკითხეთ "პატარა უფლისწულიო”. კი, აუცილებლად წავიკითხავთო - შეპირდნენ ისინი. ერთი-ორი კვირის შემდეგ კვლავ ჩაიარა მრგვალ ბაღთან და ბირჟაზე ჩამომსხდარ ბიჭებს გასძახა, რა ქენით, თუ წაიკითხეთო. იმათ მხრები აიჩეჩეს, ხელები გაშალეს და – აუ, ბიძინ, რა ვქნათ, ვერ მოვასწარითო - მიუგეს.
არ ვიცი, რამ გამახსენა ეს ამბავი? მაშინ კი ბევრი ვიცინეთ. კი არ გამახცენდა - ამეკვიატა. რატომღაც, შინაგანად მჯერა, რომ ის ვაკელი ბიჭები ახლა მართლა წაიკითხავენ "პატარა უფლისწულს”, თუნდაც იმიტომ, რომ შენ, ყველაზე სამაგალითო და "მაგარ” ბიძინა ხერხეულიძეს, სიცოცხლეში დანაპირები ვერ აგისრულეს. და რა წამსაც წაიკითხავენ, ძარღვებში პატარა უფლისწულის სუფთა სისხლი და მაცოცხლებელი სითბო ჩაეღვრებათ.
შენც ეგ არ გინდოდა, ბიძინ!

მანანა დუმბაძე
27 იანვარი 2001

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-02-05)
ნანახია: 2388 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 2
1 cnobismokvare  
0 Spam
gmadlob, manana, am cremlebistvis!

2 maiko jmukhadze  
0 Spam
monatreba adaminis romelic gulwrfelad giyvarda,wavida magram ,gulshi samudamod darcha!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]