RSS Log In*

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ამერიკული ოცნების საბჭოური ვარიანტი
გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან "ახალ წელთაღრიცხვამდე" საქართველოში და მთელ საბჭოთა კავშირში მოდაში იყო სომხურ რადიოზე ანეკდოტები. ერთი მათგანი ასე ჟღერდა: სომხური რადიო კითხულობს, ამერიკაში თუ ყველაფერი ცუდადაა და საბჭოთა კავშირში კარგად, რატომ არის ამერიკაში ყველაფერი კარგად და საბჭოთა კავშირში - ცუდად? იყო მეორე ანეკდოტიც, ოღონდ - ქართული: საბავშვო ბაღის მასწავლებელი ბავშვებს უხსნის: ბავშვებო ამერიკა ქიხია, საბჭითა კავშირი კაკა. ამერიკაში ზანგებს აწვალებენ, ამერიკელ ბავშვებს არა ყავთ ბაბუა ლენინი, არა აქვთ სათანაშოები, ბევრი კანფეტი, ბავშვებს იქ ყურებს უწევენ და კუთხეში აყენებენ. საბჭოთა კავშირში ბავშვებს აქვთ უღრუბლო ცა, ნათელი მომავალი, პარტია ზრუნავს მათზე, ჩუქნის ბევრ სათამაშოს და კანფეტს, ლამაზ-მლამაზ ტანსაცმელს, საბჭოთა ბავშვებმა მსოფლიოში ყველაზე მეტი ლექსი იციან და სხვა. უცებ ბავშვები იწყებენ ყვირილს - საბჭოთა კავშირში გვინდა!!! 

"საბჭოთა კავშირში" გვინდოდა ყველას. ეს იყო ჩვენი ამერიკული ოცნების საბჭოური ვარიანტი.

ოცნება უკვე ზრდასრულ ასაკში ავისრულე, საქართველოში დაწყებული აშშ სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების წყალობით. მე იქ ტურისტად არ წავსულვარ, ნამდვილი ამერიკული წესითა და კანონებით ვიცხოვრე და ვიმუშავე წელიწადნახევარი. იმ წელიწადნახევარში სავსაებით დავრწმუნდი, რომ ამერიკელებს, მათი ყოფილი პრეზიდენტისგან, რეიგანისგან, განსხვავებით მშვენივრად ცოდნიათ ქართული ანდაზები, აფორიზმები, შეგონებები, თანაც ისეთი, როგორიცაა დავით გურამიშვილის - სწავლის ძირი მწარე არის, კანწეროში გათკბილდების. ჩვენგან განსხვავებით, ამერიკელებმა ეს შეგონება კარგად ისმინეს და ბოლომდე შესვეს ქინაქინი. ახლა - ბადაგს გეახლებიან. ბადაგი იმდენი მოიწიეს, სწავლამოწყურებული ყოფილი საბჭოთაკავშირელებისთვისაც თავზეგადასასხმელად დარჩათ. უხვად გვინაწილებენ, მაგრამ იმ უმთავრესი შემადგენლის გარეშე, რითაც თავის დროზე თავად დაიწყეს - ქინაქინის. მწარეგამოუვლელი ბადაგი კი დიდი დოზით, როგორი დასალევია, ამის წარმოდგენას დიდი გამოცდილება და გამჭრიახობა არ სჭირდება. ძნელი დასალევია _ უთუოდ გულზე დაგადგება.

შორიდან მოვუარე და როგორც იქნა მივედი იმ ჭიასთან, რომელიც რა ხანია ტვინს მიღრღნის. ათვლა მინდა ისევ შორიდან დავიწყო, თან გონებაში კი არა _ ხმამაღლა. აბა დავითვალოთ, რამდენი ხანია, რაც სიტყვა "ამერიკული" ქართულში მხოლოდ "კარგთან" ასოცირდება! ამიტომ, კარგი და ტკბილია ყველაფერი, რასაც ამერიკა გვთავაზობს, ჭაშნიკი არ გაესინჯება.

ამას წინათ, კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს განვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენას მიეძღვნა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამერიკელი მეგობრებისა და ამერიკული პროგრამების გარეშე საქართველოში არავითარი ძვრები არ დაიწყებოდა. დაიწყო თუ არა მართლა ეს ძვრები და საით მივექანებით რეფორმებიანად, ეს კონფერენციაზე ცალკე მსჯელობის საგანი გახდა. უცხოელი კოლეგების დასკვნებით, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, რბილად რომ ვთქვათ, მხარი ევცალა. უეფექტო რეფორმების მიზეზი კი საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური ნების უქონლობაა.

მთავრობისა არ ვიცი, მაგრამ საზოგადოებას რაც შეეხება, ამგვარი პრეტენზიის შესახებ არაფერი იცის. არც იცის და მართალი რომ გითხრათ, არც აინტერესებს, რა დიაგნოზს დაუსვამენ მათ ამჟამინდელ სულიერ მდგომარეობას ჩვენებური და უცხოელი ექპერტები. ქართველ საზოგადოებრიობას აღმშენებლობის ნება კი არ აკლია, ელემენტალურად არ სცალია აღმშენებლობისთვის, იგი ჯუნგლებშია და გადარჩენისთვის იბრძვის, ლუკმაპურის დათრევასა და ხვალინდელი დღის მშვიდობიანად გათენებაზე ოცნებობს. ეს კი მაშინ, როცა საერთაშორისო დახმარემბამ, ფინანსურმა, ტექნოლოგიურმა, თუ იდეოლოგიუმა ასტრონომიულ მაჩვენებლებს მიაღწია. საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ჭკუისმასწავლებელი ჩამოდის და მუხლჩაუდგმელად იღწვის ჩვენთან პოლოლიტიკური, ეკონომიკური თუ სიციალური სტაბილიზაციის დასამყარებლად. შედეგი კი სახეზეა. სტაბილიზაცი კარდა ხანია არქაულ ტერმინად იქცა და ქართულ განმარტების ლექსიკონში მას სასწრაფოდ თუ არ შევუცვალეთ ახსნა, მალე რუდიმენტად გადაიქვცევა.

რატომ არ ატყვია არცერთ სფეროს უცხოური ხელშეწყობის, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიონალთა შრომის კვალი? იმიტომ ხომ არა, რომ ეს მხოლოდ მათი ცოდნა და მათი გამოცდილებაა. ისე ხომ არ იღწვიან ჩვენი უცხოელი კოლეგები, როგორც სახლში ასწავლეს. რაც ასწავლეს ის იციან მხოლოდ და ჩვენ კი ნაკლებად გვესმის მათი? არა და ვერც მათ გაიგეს კარგად, ბოლოს და ბოლოს მაინც რა უნდათ ამ ქართველებს, ნუთუ მართლა იმ კახური ანეკდოტისა არ იყოს, მთელი ცხოვრება კაკლის ძირში წოლა და ძილი?

ზემოთ ხსენებულ კონფერენციაზე ერთმა მომხსენებელმა გაიხსენა, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულს, აეროპორტის ფოიეში შეერთებულ შტატებში მოსწავლე ახალგაზრდები შეხვედრია. ისინი ხნამაღლა საუბრობდნენ, იატაკზე ისხდნენ, "ამერიკულად” ეცვათ და მაქსიმალიურად ცდილობდნენ, საკუთარი თავისუფლების დემონსტრაცია მოეხდინათ. ისინი თურმე სრულიად უაქცენტო "ამერიკულს" ლაპარაკობდნენ, სამაგიეროდ, როცა ქართულზე გადავიდნენ, ზოგს ქუთაისური აქცენტი ჰქონდა, ზოგს მეგრული, ზოგს გურული, თბილისური ადა ასე შემდეგ. მთავარი ისაა, რომ ყოველი მათგანი თურმე ხმამაღლა ამბონდა, რომ საქართველოს ძალა შესწევს პროგრესულ ქვეყნად იქცეს. ამის იმედი რომ არ გვქონდეს, მაშინ რა ფასი აქვს სიცოცხლეს. პირადად მე, იმისიც მჯერა, რომ სწორედ ეს ბავშვები იქნებიან ვინც, უკან თუ არ გაიქცნენ ამერიკაში, საქართველოს პროგრესულ ქვეყნად გადააქცევენ.

დასკვნების კეთება ჯერ ადრეა, ახლა კითხვების დასმის დროა. და მეც ვკითხულობ, 75 წლის განმავლობაში, როცა ისეთ კულტურულ ცენტრებში, როგორიც იყო ლენინგრადი, მოსკოვი, კიევი, ბალტიისპირეთის ქალაქები, სადაც განათლება უფასო იყო და მგზავრობის ხარჯები - სიმბოლური, რატომ არ აგზავნიდნენ მშობლები მასობრივად თავიანთ შვილებს, რა მოხდა ახლა ასეთი, რომ ბავშვების სრულწლოვანებამდეც ვერ მოგვითმენია, არჩევანის საშუალებასაც არ ვაძლევთ ისე მივერეკებით მათ ოკეანეს გაღმა? თანაც ვერც კი ვაცნობიერებთ, დაგვიბრუნდებიან უკან თუ არა. რამდენი დედა ვიცი, ამ მშვიდობიან და წყნარ დროში შვილის მოლოდინში რომ დალია სული.

რას ვთავაზობთ ჩვენს შვილებს? უკეთეს განათლებას, ცხოვრების უკეთეს წესს თუ "მოწყურებულ" თავისუფლებას. დიახ, ყველაფერი ეს იქ არის და აქედან ძალზე მიმზიდველადაც იმზირება. მაგრამ, რა წამს ფეხს დაადგამ იმ ელდორადოზე, მაშინათვე მიხვდები, რომ შენი არ არის, იმისია, ვინც თავად შექმნა, ვინც იმ მიწის ფესვებით იკვებება, სულ ორიოდე საუკუნის წინ თავად დაიწესა მისთვის მოსახერხებელი კანონები და დანარჩენი ყოველივე მას დაუმორჩილა. ჟამთა სვლას, უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, ამ კანონებზე არ უმოქმედია. ადრეულ ასაკში ადვილია უცხო წესების შეთვისება, მაგრამ, მერე, მათგან თავის დაღწევაა ძნელი. ბანალობაში თუ არ ჩამითვლით, იმ წრუწუნას ამბავს გაგახსევებთ, ჩიტობა რომ მოუნდა და ღამურად იქცა, ეტყობა იმ თაგუნას მშობლებიც თავის დროზე, ცაში თავისუფლად მოკიაფე შვილზე ოცნებობდნენ.

ახლა, ახალი ქართული გამოთქმები შემოვიდა მოდაში. მაგალითად "გადამზადება". ვინც იმ ასაკშია, საზღვარს იქით რონ ვერ გაიჭრება, იმათი გადამზადება დაიწყო. განსაკუთრებით ქალების. თურმე, ქართველი ქალი გადაუმზადებლად დემოკრატიული საზოდადოების სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი ვერ გახდება. ასევე დაიწყო სახელმწიფო მოხელეთა, ჩინოვნიკთა, ბუღალტერთა, მეცნიერთა და სხვათა და სხვათა გადამზადება საერთაშორისო სტანდართების მიხედვით, არ გადამზადდები და შიმშილით ამოგძვრება სული. არ აითვისებ ახალ სპეციალობას და არ დაიწყებ ახლებური სტილით აზროვნებას და ისე დაგწევენ უკან, ნათელი მომავლის ჰორიზინტსაც არ დაგანახებენ. ახლავე უნდა დაივიწყო შენი პირადი საქმეები და რომელიმე თემში გაერთიანდე (ეს ახლა ძალზე მოდაშია). თემი დაახლოებით იგივეა, რაც კოლექტივი, მაგრამ უფრო ამერიკული. ამასთან ერთად აუცილებლად უნდა ისწავლო გუნდური მუშაობის წესები (ესეც დაახლოებით კოლექტიური მუშაობის პრინციპზეა აგებული, მაგრამ ამერიკულად. განსხვავება ის არის, რომ გუნდური მუშაობის დროს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. გუნდის წევრები ვალდებული არიან ნაკლოვანებაზე მაშინათვე აიმაღლონ ხმა კოლექტივის თანდასწრებით, ვინც დაასწრებს, იმისი საქმე წინაა წასული). თუ ვერც თემში ვერ ჩაეწერე და ვერც გუნდში, არ უნდა შეშინდე, წამოგეწევა ისეთი საქველმოქმედო პროგრამები, როგორიცაა, "უპოვართა დახმარება", "კამპანია ტრეფიკინგის წინააღმდეგ" და შეიძლება გადარჩე.

არანაკლებ დიდი ძალიხმევა და ფინანსები იხარჯება საქართველოში ცივილიზებული არჩევნების ორგანიზებაზე. განსაკუთრებით ამომრჩევლების, ანუ როგორც ახლა გვიწოდებენ, ელექტორატის, ცნობიერების ამაღლებაზე. შედეგი აქაც სახეზეა. არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარზე ნაკლები იღებს მონაწილეობას, წამყვანი პარტია კი ყოფილი კომულისტური მაჩვენებლებით იმარჯვებს. რა დაგვემართა, ქართველები სულ იმას გავიძახოდით, ნიჭიერი ხალხი ვართო და რით ვერ ვისწავლეთ ეს დემოკრატია. ალბათ სწორად გვიჩივიან უცხოელები, ამისთვის პოლიტიკური და სოციალური ნება გაკლიათო.

არჩევნების წინ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე საგაზეთო წერილის დასაწერად გორში გახლდით, ორგანიზაციას "ტონთიო" ქვია და მდგრადი ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაცია გორის ადგილობრივ და იქ განსახლებულ ახალგაზრდებს ბუნებაში ჰარმონიული არსებობის წესებს ასწავლის და საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ბუნების ღირსშესანიშნაობებს აცნობს. ჩემი თვალით ვნახე ლოყებაწითლებული, მზით გარუჯული და თვალებგაბრწყინებული ბავშვები როგორ ემზადებოდნენ ალპინიადაზე წასასვლელად. უფრო ლამაზს ვერაფერს ნახავდა კაცი. თბილისში ჩამოვედი და ერთი ჩვეულებრივი სტატია დავწერე, სამაგიეროდ სათაური დავარქვი იმ სტატიას მყვირალა - "ხმას ვაძლევ ტონთიოს!!!". არჩევნებზე კი საერთოდ არ წავსულვარ, ისე გამაღიზიანა საარჩევნო კამპანიების უზნეობამ. არადა, ვიღაცამ ხომ უჩურჩულა წამყვან პარტიას ყურში, ასეთი ავტორიტეტის პირობებში მარტო "გიხაროდენ" თუ გიშველისო. აკი უშველა კიდეც. ცოტა სხვა წახმარებებსაც თუ არ გამოვრიცხავთ.

ამბობენ რეფორმებს წყალივით სჭირდება მასმედიაო. ქართულ მედიას კი თავად სჭირდება წყალივით რეფორმა. ასზე მეტი საერთაშორისო პროგრამა ამუშავდა საქართველოში მასმედიის გასანვითარებლად. პირადად მე, ჯურნალისტთა იმ წრეს ვეკუთვნი, რომელთაც "გადამზადების" ინტენსიური კურსი გაიარეს შინ და გარეთ.
ამიტომ, სწორედ ჩემთვისაა ყველაზე მტკივნეული იმის ცქერა, რომ საქართველოში მასმედიის რეფორმა ძველის დემონტაჟით კი არა, მისი სრული ნგრევით დაიწყო. ქართულ ჟურნალისტურ ტრადიციებს რაც შეეხება, იგი სიტყვა "სტაბილიზაციის" მაგვარად დავიწყებას მიეცა და მისი ადგილი ღირსეულად დაიკავეს წმინდა ამერიკულმა სტანდარტებმა. ეს არ არის ტრაგედია, ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ შენ რომ გჭირდება იმით კი არა, სხვისი და სხვა ზომის სათვალით უყურო საკუთარ პრობლემებს. ცდომილება გარდაუვალია. სურათი - ბუნდოვანი, აზრი - საზოგადოებისთვის გაუგებარი. ასეთმა მიდგომამ ვერ გადაწყვიტა ისეთი ელემენტარული პრობლემაც კი, როგორიც გამართული ენაზე მოსაუბრე და მწერალი ჟურნალისტის აღზრდაა. საქართველოში დღეს თანამედროვე ჟურნალისტიკას ინგლისურ ენაზე ასწავლიან თარჯიმნის დახმარებით. რაც შეეხებას ყბადაღებულ ჟურნალისტურ ეთიკას, საქართველოში ასეთი რამ თურმე არც არსებობდა და არც არსებობს. არ არსებობს არც დახვეწილი კანონი ჟურნალისტური ეთიკის შესახებ. არადა როცა დაიხვეწება, ხომ არმოჩნდება, რომ ამიერიდან ეთიკაც უცხოური უნდა გვქონდეს?

ასე რომ არ მოხდეს, ვიდრე უცხოურ მეთოდოლოგიებს დავეწაფებოდეთ, ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა, ჩვენი უცხოელი პედაგოგებიც საქართველოს საჭიროებებისა და და მოთხოვნების შესაბამისად "გადაგვემზადებინა". ისინი თავისუფალი, ღია საზოგადოების უკომპლექსო შვილები არიან და არა მგონია რომ ითაკილონ ეს საქმე. თორემ, იმას რასაც აქ ხედავენ, სრულიად მიუღებლად მიაჩნიათ და გაუცნობიერებლად, ჩეხვის წესით, ამოძირკვას უპირებენ.

ჰოდა, სწორედ აქ ეკარგება ქართველ კაცს უცხოელ კოლეგებთან ერთად დემოკრატიის შენების ნება და ხალისი. აქ იკარგება ერთმანეთის პატივისცემა და, რაც მთავარია, ერთმანეთისადმი ნდობა. ამდენი უკანსვლის შემდეგ, ბუნებრივია, წინსვლის პერსპექტივაც აღარავის აღელვებს. ჩვენზე გულაყრილი უცხოელები ახლა მხოლოდ იმათთან თანამშრომლობენ, ვინც თავად გამოზარდეს, ვისაც თავად ასწავლეს აქცენტის გარეშე ამერიკულად ჟღურტული და აზროვნება. გაჩნდა ახალი, ამერიკელი ქართველების (და არა ახალი ქართველების) კასტა, თავისი სოციალური კატეგორიებით, რომელიც საბოლოო ჯამში არც ამერიკულია და აღარც ქართული. ამერიკული საზოგადოებისთვის გამოუდეგარი, ქართველისთვის კი, უცხო და ბუნდოვანი.

ჟურნალისტიკაში ფაქტის კონსტატირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. დაივიწყე შენი აზრი, მიეცი საზოგადოებას შიშველი ფაქტი და იმის საშუალება, რომ აზრი თავად გამოიტანოსო, ამით იწყება ქართველი ჟურნალისტების "გადამზადება". აზრის დავიწყება რომ შეძლო, ჯერ მისი ჩამოყალიბება და იმ შიშველი ფაქტის შეფასება უნდა ისწავლო. ჟურნალისტმა თუ საკუთარი ქვეყნის სატკივარი ზედმიწევნით არ იცის, როგორ გაარჩიოს მთავარი და მეორეხარისხოვანი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და მოჩვენებით მნიშვნელოვანი. მშრალ ფაქტებს ხომ საინფორმაციო სააგენტოებიც იძლევიან. ჟურნალისტმა ეს ფაქტი საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა გახადოს და გასაგებ ენაზე მიაწოდოს მას. ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ საზოგადოებაში იხარშება ამა თუ იმ ფაქტს სხვა პრიზმაში ატარებს, ხოლო ვინს ფუძეს მოწყვეტილია - სულ სხვა პრიზმაში. ოქროს კვეთი ამ ჟურნალისტების ერთმანეთისკენ და საკუთარი ხალხისკენ მიმავალი გზის გასაყარზეა. გლობალური პრობლემებიც ზუსტად იქ ძევს, სადაც ეს სამი ძალა ერთმანეთა ერწყმის. აქ იწყება გლობალიზაცია, რომელიც ასე მოდაში შემოვიდა დღეს და ცოტამ თუ იცის, რასთან ერთად იჭმევა. ქართველ ჟურნალისტებს კარგად რომ გვქონდეს წაკითხული (ან საერთოდ _ წაკითხული) "ვეფხისტყაოსანი" გლობალიზაციას უცხოეთიდან ყურით არ შემოვათრევდით და მისი განმარტებაც ახალ ლექსიკონებში საძებნელი არ გაგვიხდებოდა.

დასავლური გამოცდილების გაუზიარებლად ჩვენს ქვეყანას არასოდეს უცხოვრია და არც აწი იცხოვრებს. ეს ქართველის ერთ-ერთი საუკეთესო გენეტიკური თვისებაა. გაზიარების დოზა კი ჩვენივე დასადგენია. ერმა თვითონ იცის, რისი მიღება შეუძლია და რას ვეღარ მოინელებს. ქართველმა თავად თუ არ მოინდომა სახლის დალაგება, სხვას ნებით არ დაალაგებინებს.

ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისის მერიას საჩუქრად ლამაზი, გორგოლაჭებიანი სანაგვე ყუთები აჩუქა, მოძრავი სახურავით. ერთი ვერაზეს დგას, ჩემი სახლის წინ. ითამაშეს იქაურმა მაცხოვრებლებმა ერთხანს ამ ყუთით, მერე მობეზრდათ სახურავთან ჭიდაობა და ცელოფანის პარკში გახვეული ნაგავი იქვე ყუთთან მიაგდეს. ცუდი მაგალითია, იმედის ჩამკვლელი, მაგრამ, ნამდვილად ასეა. ასე გამოხატავენ ქართველები პატარ-პატარა პროტესტებს იმ წამოწყებების მიმართ, რაც საერთო გასაჭირს ვერაფრით შველის. საზოგადოების აღზრდა და მისი მხარდაჭერის მოპოვება რომ შეძლო, კიდეც უნდა შეისწავლო და შეიყვარო ის, პატივი სცე მის ღირსებას, თავმოყვარეობას, გამოცდილებას და მერე ეძიო იმის მიზეზი, თვალში ნაცარს რატომ არ გაყრევინებს.

მანანა დუმბაძე
 2000

კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: მანანა (2011-01-31)
ნანახია: 1876 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]